x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მცირედი ცნობები ფერების შესახებ

image

როგორ წარმოიქმნება ფერი?
ფერთა სამყარო მზეა, მისი სინათლის სპექტრში მოთავსებულია ყველა ის ფერი, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს.
მზის სინათლის სპექტრის ხილული გამოვლინებაა ცისარტყელა.
ძ. ბერძნები ცისარტყელას ღმერთების შიკრიკ, ქალღმერთ ირიდასთან აიგივებდნენ.
საგანთა ზედაპირი გარკვეულ სხივებს ირეკლავს, ზოგიერთს კი - შთანთქავს. არეკლილი სხივები ქმნის საგნის ფერს.
ფერთაგან გამოყოფენ ძირითადს და შედგენილ ფერებს. ძირითადებია ყვითელი, წითელი, ლურჯი. შედგენილი - მწვანე, ნარინჯისფერი, იასამნისფერი. იასამნისფერი მიიღება წითლისა და ლურჯის, მწვანე- ყვითლისა და ლურჯის, ნარინჯისფერი - წითლისა და ყვითლის შერევით. ჩვენს გარემომცველ სამყაროში ძირითადი ფერები მრავალი შუალედური ფორმითაა წარმოდგენილი, ნებისმიერი ფერი შეიძლება გამუქდეს შავის დამატებით, და პირიქით, გაღიავდეს თეთრის დამატებით. ფეთა გრადაცია მოცულობითობის შთაბეჭდილებას ქმნის.
ბუნებაში ფერები სიგნალებს გადმოგვცემენ, მათი საშუალებით მრავალფეროვანი ინფორმაცია გადაიცემა - ცხოველები ფერების საშუალებით მტაცებელს იგერიებენ, მოძმეებს აფრთხილებენ და ინიღბებიან. ფერის ეს თვისება ადამიანმაც გადმოიღო - მაგალითად შუქნიშანი და სხვა საგზაო ნიშნები.
ნებისმიერ საღებავის ძირითადი შემადგენელი ნაწილია პიგმენტი, ანუ ფერადი ნივთიერება. სწორედ ის ანიჭებს საღებავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ფერს. პიგმენტი ორგვარი არსებობს, ორგანული და არაორგანული. ორგანულია - ბუნების მიერ ნაბოძები, მაგალითად სეპია, რომელიც მიიღება ერთგვარი მოლუსკისგან, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოყოფს ღია ყავისფერ მელნისეებრ სითხეს, მისგან ძირითაად აკვარელის საღებავები მზადდება. არაორგანული პიგმენტებიდან ყველაზე გავრცელებულია, ყვითელი ჟანგმიწა (შეიცავს რკინის ზეჟანგს), წითელი ჟანგმიწა (შეიცავს რკინის ჟანგს), უმბრა (შეიცავს მარგანეცს), ულტრამარინი (ლაზურიტის დაფშვნით იღებდნენ), ლურჯი კობალტი (მიიღება ალუმინის ზოგიერთი ნაერთისგან), სიენა (მისი შემცველი მინერალები მოიპოვებოდა იტალიაში ქ. სიენასთან) და სხვ.
ფერმცოდნეობის კანონების მიხედვით, სინათლის სპექტრში მოქცეულ ყველა ფერს ქრომატული ფერი ეწოდება. არსებობა აქრომატული ფერებიც: თეთრი, რუხი, შავი. მარტივად რომ ვთქვათ, აქრომატული უფეროს ნიშნავს; ქრომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ფერს ნიშნავს; კოლორი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და აგრეთვე ფერს ნიშნავს (კოლორიტი - ფერადოვნება).
ფერი ემოციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მატარებელი საშუალებაა. ადამიანი ყოველ წუთს განიცდის რაიმე გრძნობას - ბედნიერებას, სიხარულს სევდას ტკივილს, აღშფოთებას, აღელვებას... მას შეუძლია ეს ემოციები დაშალოს, შეიკავოს, მაგრამ ასევე შეუძლია სიტყვებით თუ მხატვრული ხერხებით გაუზიაროს სხვას.
„წითელი და მწვანე ფერებით გამოვხატავ ადამიანში მობობოქრე ვნებებს“. - ამბობდა ვან გოგი
„ხელოვნების ყოველი ნაწარმოები თავისი დროის შვილია და, ამავე დროს, ხშირად ჩვენი გრძნობების მშობელია“, - კანდინსკი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმდინარეობის ექსპრესიონისტების წარმოდგენით, ხელოვნება პირველ რიგში გრძნობებს უნდა გამოხატავდეს და ინსტინქტური უნდა იყოს. ისინი თავიანთ ნამუშევრებში მკვეთრ, თვალშისაცემ ფერებს იყენებენ, ფორმებს კი - მარტივსა და სტილიზებულს.
კაცობრიობა ფერს ოდითგანვე სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა. მაგალითად, თეთრი სიწმინდესთან ასოცირდება, შავი - გლოვასთან, მეწამული - დიდებასა და ძალაუფლებასთან და ა.შ. ფერების დატვირთვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ხელოვნებაში, რომელიც მჭიდრო კავშირშია რელიგიასა და მითოლოგიასთან.

0
592
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0