x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
უმუშევრობის სოციალურ - ფსიქოლოგიური ასპექტები

imageუმუშევრობა კაცობრიობის პრობლემაა, რომელსაც დიდი ხანია ებრძვის საზოგადოება. ეს საკითხი სხვადასხვა მკვლევრისა თუ მეცნიერის მსჯელობის საგანი არაერთხელ გამხდარა. იძიებენ წარმოშობის მიზეზებსა და აქტიურად ცდილობენ სხვადასხვა ემპირული დასკვნების საფუძველზე ოპტიმალური გამოსავლის პოვნას, თუმცა უმუშევრობა ყოველი ეპოქის მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად მაინც რჩება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა იმ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, რომელთა რიგებში საქართველოც მოიაზრება.

უმუშევრობას ძირითადად განიხილავენ ეკონომიკური კუთხით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უმუშევრობასთან და ხელს უშლის საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას.

უმუშევრობა ძალიან ბევრს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში და საგრძნობ

ზიანს აყენებს ადამიანთა მატერიალურ, სოციალურ თუ ემოციურ მდგომარეობას. უმუშევრობა ბევრად მეტია ვიდრე ეკონომიკური სიძნელეები, ის შეიძლება გადაიქცეს ფსიქოლოგიურ კატასტროფად როგორც უმუშევრებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. უმუშევრობა არ არის ადვილი, უმუშევრებს გარდა ფინანსური სიძნელეებისა ახასიათებთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც მეტად პროგრესირებადია უმუშევრობის ხანგრძლივობასთან ერთად. როდესაც უმუშევრობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, მეტია ალბათობა იმისა რომ უმუშევრის თვითპატივისცემა დაეცეს და მე-კონცეფცია დაირღვეს. რეაქციები, რომელსაც ამ დროს ადამიანები განიცდიან იწყება საშინელი, თავზარდამცემი ინფორმაციის მიუღებლობით, გრძელდება ბრაზით, პროტესტით და ემოციური გამოხატვის სხვა ფორმებით, გართულების შემთხვევაში კი შესაძლებელია გადაიზარდოს დეპრესიასა და სოციალური კონტაქტებისთვის თავის არიდებაში.



უმუშევრობა შემდეგი სახის მდგომარეობებს იწვევს:


თვითპატივისცემის დაცემა - კვლევათა უმრავლესობა ცხადყოფს, რომ უმუშევრებს არ ჰყოფნით თვითპატივისცემის განცდა, მათ არ სტოვებთ აზრი რომ არიან წარუმატებლები, უიღბლოები, მათ უყალიბდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. შესაძლებელია უმუშევრობა არ შეეხოს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ზოგადად, მაგრამ მისი ცალკეული კომპონენტები, როგორიცაა პირადი ღირსება და საკუთარი მნიშვნელოვნება როგორც წესი, ზარალდება.


აპთია - უმუშევრობი ხასიათდებიან მოშვებული, მოდუნებული ცხოვრებით, განსაკუთრებით, თუ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი დროის ორგანიზებას. შეასამჩნევია რომ ისინი ხშირად მოძრაობენ ნელა, ამაში ვლინდება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგური აქტივობის დაქვეითება.


ინფანტილიზმი - დამახასიათებელია უმუშევართა იმ ნაწილისათვის, რომელნიც სკოლის შემდეგ ვერ პოულობენ სამუშაოს, ეს ნიშნავს დარჩნენ განვითარების იმ დონეზე, რომელიც სკოლაში სწავლისას ჰქონდათ.


უმუშევართა ამგვარი მდგომარეობა გამოწვეულია არა მარტო მატერიალური მდგომარეობის გაუარესებით, არამედ იმ დამოკიდებულებებით, რომელიც საზოგადოების მხრიდან იჩენს თავს უმუშევართა მიმართ. დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში უმუშევრობა ასოცირდება წარუმატებლობასთან, ის გამოდის როგორც სოციალური სტიგმა, როგორც გადახრის ფორმა. საზოგადოების მხრიდან უმუშევრების შეფასებები ხშირად კრიტიკულია, უმუშევრები მიაჩნიათ ზარმაცებად, არაკვალიფიციურებად, აღიქვამენ ისეთ ადამიანებად, რომელთაც ურჩევნიათ სხვის შემწეობაზე ყოფნა "ხელის განძრევას". საბოლოოდ ეს დამოკიდებულება უმუშევრებში ავითარებს არასრულფასოვნების კომპლექსს და რთულ ემოციონალურ პროცესებს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ერთნაირად მწვავედ არ რეაგირებს უმუშევრობაზე. ხანგრძლივი უმუშევრობის შედეგად ზოგი ერგება ახალი ცხოვრების სტილს, ზოგიერთი კი დეგრადირებას განიცდის. დიდ ხანს ატარებს ლოგინში, კლავს დროს, წყვეტს სამუშაოს ძიებას, საათობით უყურებს ტელევიზორს.


ის თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი უმუშევრობას დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე :


1. შრომის აუცილებლობის გაცნობიერება - ის ვინც თვლის რომ შრომა აუცილებელია ცხოვრებაში და პიროვნების ღირებულება შესრულებული სამუშაოს ღირებულებით განისაზღვრება უფრო მძიმედ აღიქვამს უმუშევრობას.


2. უმუშევრობის პერიოდი - სასოწარკვეთილება განსაკუთრებით ძლიერია პირველი თვეების განმავლობაში, შედეგ განცდა სტაბილური ხდება. დიდი ხნის უმუშევრობა ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს შუა ხნის ასაკზე.


3. ასაკი და სქესი - ზოგადად მამაკაცები უფრო განიცდიან უმუშევრობას, ვიდრე გათხოვილი ქალები, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე მარტოხელა ქალები. თუმცა ზოგადად საშუალო ასაკში უფრო მძიმედ გადააქვთ სამუშაოს დაკარგვა, რადგან ამ ასაკში სამუშაოსთან დაკავშირებულია იდენტურობის დიდი ნაწილი.

რაც უფრო დიდია ადამიანი, მით მეტად ალბათურია წააწყდეს ასაკობრივ დისკრიმინაციას სამუშაოზე აყვანისას და როგორც წესი თუკი ახალი სამუშაოს მოძიება ხდება ის უფრო დაბალანაზღაურებადია და ნაკლები სტატუსის, ვიდრე წინა.


4. სოციალური მიკუთვნებულობა - მიუხედავად გავრცელებული აზრისა რომ მუშათა წრიდან გამოსული ადამიანები მიჩვეულნი არიან "იმედგაცრუებასა და სიძნელეებს", დამტკიცებულია რომ ისინი უფრო მეტად განიცდიან სამუშაოს დაკარგვას, ვიდრე საშუალო კლასის წარმომადგენლები. ეს უკანასკნელნი უფრო ახერხებენ თავიანთი დროის ორგანიზებას და ნაკლებად უდგებათ ფინანსური პრობლემები.


5. სოციალური მხარდაჭერა - უმუშევრობის ნეგატიური ზემოქმედება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ბედნირების აღქმაზე შედარებით სუსტია თუ უმუშევარი იღებს საგრძნობ სოციალურ მხარდაჭერას მეუღლესაგან, ოჯახისა და მეგობრებისაგან,

მაგრამ უმუშევრებს, როგორც წესი, აქვთ დაბალი კვალიფიკაცია და მეტი ფსიქოლოგიური პრობლემები, სუსტი მეგობრული კონტაქტები, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები და არამდგრადი ოჯახური ურთიერთობები.


თუმცა უმუშევრობა საგრძნობ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, არსებობს უმუშევართა კატეგორია, რომელთათვისაც უმუშევრობა ბედნიერების წყაროა. ამ კატეგორიაში მოიაზრება ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ახერხებენ საკუთარი დროის ორგანიზებას, დაკავებული არიან საყვარელი საქმიანობით და უფრო მეტი სოციალური კონტაქტების დამყარებისთვის იყენებენ თავისუფალ დროს. ასევე უმუშევრობა დადებითი კუთხით განიხლება მაშინ, როცა უმუშევარი ცდილობს შეინარჩუნოს კვალიფიკაცია საკუთარ სახლში ოფისის ან სახელოსნოს მოწყობით. ეს დადებით გავლენას ახდენს მათი მე-ს ხატზე და ავსებს თავისუფალ დროს. ზოგიც ერთვება "ჩრდილოვან ეკონომიკაში", რაც თუმცა არაკანონიერია, მატერიალურად ეხმარება მათ და ქმნის სოციალური კავშირების სისტემას. უმუშევრობა ნაკლებ საზიანოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ მოსწონთ თავს მოხვეული იერარქიული დამოკიდებლებები და ურჩევიათ თავად აირჩიონ მიზნები საკუთარი ღირებულებითი ორიენტაციის შესაბამისად.

თუმცა უმუშევრობა პოზოტიური მხარეებითაც ხასიათდება, იგი მაინც მძიმედ აისახება საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელზე, როგორც არაკვალიფიციურ ისე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მომუშავეებზე. უმუშევრობის ეს მასობრივი სახე მცირედით არბილებს უმუშევრობასთან დაკავშრებულ უარყოფით განცდებს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა თავის თავს აღიქვამს და სხვებისგანაც შეფასებულია იმ სამუშოს ფარგლებში, რომელსაც ის ასრულებს.

როგორც ჩანს, უმუშევრობა საკმაოდ მძიმედ აღიქმება და მხოლოდ ერთეულები აღწევენ დაკმაყოფილებას ამ მდგომარეობთ. ამიტომ აუცილებელია არ მივეცეთ დეპრესიას და აპათიას, გაქცევის ნაცვლად გავაცნობიეროთ პრობლემის რეალური არსი, ვიზრუნოთ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულყოფასა და განვითარებაზე, რაც საბოლოოდ შესაძლებლობას მოგვცემს ვისარგებლოდ მუშაობის იმ ფარული უპირატესობებით, როგორიცაა დროის ორგანიზება, სტატუსის გარკვეულობა, იდენტიფიკაციის შეგრძნება, სოციალური კავშირების მრავალფეროვნება და საკუთარი თავი ხატის მნიშვნელოვანი კომპონენტების შენარჩუნება.







0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0