x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ვინ იყო იუდა ისკარიოტელი? - იუდას შეთანხმება ქრისტეს მტრებთან

image




იუდა ისკარიოტელი — ბიბლიური (სახარების) პერსონაჟი. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან (მოციქულთაგან) ერთ-ერთი. იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში წარმოსახავდნენ: ღალატის სცენას (იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს მასზე. აქედან გამოთქმა - იუდას ამბორი) და საიდუმლო სერობას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო . ძველი აღთქმის წინასწარმატყველებათა შესაბამისად იუდამ იესო 30 ვერცხლად გაყიდა. იუდას ცხოვრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მასალამ მოაღწია ჩვენამდე.
პოლონელების გადმოცემით იუდა დაიბადა 1 აპრილს რომელიც მათი რწმენით უბედური თარიღია.იუდას ბავშვობაზე იწერება ასევე იერონიმე - «იერონიმეს მოთხრობა იუდა გამცემელზე». ლეგენდის თანახმად მშობლები ნახულობენ სიზმარს, რომელიც აუწყებს რომ მათი შვილი იქნება მათთვის დამღუპველი. მშობლები კიდობანში სვამენ პატარა იუდას და უშვებენ ზღვაში. მრავალი წლის შემდგომ კუნძულ ისკარიოტიდან ბრუნდება იუდა და შურს ძიებს მშობლებზე. სინანულის შემდგომ მიღებული იქნა მოციქულთა რიგში. (ლეგენდის თანახმად, წლების მანძილზე პირში დაგუბებული წყლით ადიოდა მთის წვერზე და იქ უსხამდა ხის გამხმარ ჯოხს, სანამ არ აყვავდა იგი).აპოკრიფის «უფლის ბავშვობის არაბული სახარება» თანახმად, ეშმაკისგან შეპყრობილი იუდა ცხოვრობდა ერთ სოფელში სადაც ცხოვრობდა იესო.როცა მოიყვანე იესოსთან რათა მას განეკურნა იგი იუდამ გვერდზე უკბინა, რის შედეგადაც კრუნჩხვებში ჩავარდა მაგრამ განკურნებულ იქნა. ეს ის გვერდია სადაც შემდგომ ჯვარცმისას ლახვარი ჩასცეს ქრისტეს. სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა.


მათე მოციქული თავის სახარებაში წერს:
„და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა."



ლუკა მახარებელი სამოციქულოში კი:

„ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ."


-------------------------------------



იუდამ მიმართა და ჰრქუა: რა გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? პირდაპირ გააცხადა, რომ მას სურდა ფული და ფულის გამო მზად იყო, გაეცა თავისი მასწავლებელი. „იგი არ ითხოვს რაიმე განსაზღვრულ ფასს, რათა რაც შეიძლება მეტად გაეყიდა უფალი, - ამბობს ნეტარი იერონიმე, - არამედ ფასის დადებას უტოვებს მსყიდველთ, ისე თითქოს ყიდდა მონას საძულველს“. „ოი წყეული სიტყვა! -ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ დასცდა ის ბაგს? როგორ გაბედა ეს ენამ? როგორ არ გაუშეშდა მთელი სხეული? როგორ არ გადავიდა გონს?... „რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი“ - განა ამას გასწავლიდა შენ ქრისტე? განა არ გეუბნებოდა შენ: „ნუ მოიგებთ ოქროს, ნუცა ვერცხლსა, ნუცა რვალთა სარტყელთა თქუენთა“ (მთ. 10, 9). „რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მიგცე იგი“... როგორი უგუნურობაა! რისთვის ისურვე, მითხარი მე? რა ბრალისთვის, დიდისა თუ პატარისთვის გასცემ მასწავლებელს? იქნებ იმისათვის, რომ მან მოგცა უფლება დემონებზე? იქნებ იმისათვის, რომ მან მოგანიჭა შენ სნეულებათა განკურნების მადლი, კეთრისაგან განწმედის უნარი, მკვდრების აღდგინების ნიჭი? ან იქნებ იმისათვის, რომ მან მოგცა უფლება სიკვდილზე, ასეთი სიკეთეებისთვის ნუთუ ასე უხდი? ოი, უგუნურება, ან უკეთ თუ ვიტყვით: ოი ვერცხლისმოყვარებავ, - რამეთუ ყველა ბოროტება მისგან არის შობილი: მას დემონებზე უფრო მეტად მოყავს სული მძვინვარებაში, როცა ეუფლება, აიძულებს დაავიწყოს ყველაფერი - თავიც, მოყვასიც და ბუნების კანონებიც, ართმევს გონებას და კაცს სულელსა ხდის. მიუხედავად იმისა, რომ იუდა ხშირად ხედავდა, იესო როგორ გადიოდა ხალხის ბრბოში უვნებლად, აჩენდა უამრავ დამტკიცებას თავისი ღვთაებრიობისა და ძალისა, იგი ფიქრობდა გამოეჭირა იგი, და ისიც იმ დროს, როცა იესომ რამდენჯერმე გაუმეორა მას საშინელი და მშვიდი სიტყვები, რათა დაერღვია ბოროტი განზრახვა მისი“. ძნელია წარმოდგენა იმ ჯოჯოხეთური სიხარულისა, რაც დაეუფლა ქრისტეს მტრების გულს, როცა იხილეს გამცემელი. მისი წინადადება, მეტი რომ არ შეიძლებოდა, ისე პასუხობდა მათ სურვილებს, ამიტომ მაშინვე შეცვალეს თავიანთი თავდაპირვანდელი გეგმა. „ეშმაკმა სადუკეველმა კაიაფამ, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მაშინვე გაიაზრა თავის გონებაში, რომ ასეთი ადამიანის დახმარებით, როგორადაც მათ გამცემელი წარუდგა, შესაძლებელი იქნებოდა იესოს შეპყრობა ყოველგვარი შფოთის გარეშე, ისე, რომ ხალხს ვერც გაეგო. სასწრაფო გასამართლებითა და რომის მმართველობის ხელში გადაცემით, კაიაფას წარმოდგენით ამ უკანასკნელ საშიშროებასაც თავიდან აიცილებდა; ხალხი, - ფიქრობდა იგი, - ვერ გაბედავს რაიმეს ჩადენას რომაელების წინააღმდეგ, რადგან პასექის დროს განსაკუთრებით აძლიერებდნენ იერუსალიმში სამხედრო ძალას... დაუყოვნებლივ დგინდება გასაცემი თანხაც - ის ოდენობა, რომელიც მოსეს მიერ იყო დაწესებული უკანასკნელი მონის საფასურად, როცა ადამიანი ვინმეს მიერ მოიკვლებოდა უნებურად, ანუ ოცდაათი ვერცხლი“. ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. „მით უფრო გასაკვირია გამცემლის ანგარება, -ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - რომელსაც შეეძლო ამ მცირედითაც დაკმაყოფილებულიყო, ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა იესო ქრისტეს მტრები, სრულიად სარწმუნოა, რომ არ გაუძვირებდნენ არანაირ ვერცხლისმოყვარეებს“. ასე რომ, იუდა დათანხმდა და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაითა მისცეს იგი მათ, ხალხისგან დაფარულად.
დადო რა ასეთი სამარცხვინო პირობა, მორიგებული გამცემელი საიდუმლო გზებით დაბრუნდა კაიაფას სახლიდან იესოს კრებულში, რათა დრომდე თავი მოციქულად გამოუჩინა. - იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოხდა, რომ ასე დიდხანს ღვთის ძესთან იყო სიახლოვეში და კეთილად მაინც ვერ იქცა, არ მიიღო მისგან წმიდა სულის მადლი, - მოყავს ადამიანი განკვირვებასა და გაოცებაში. ცოდვილი ზრახვები ბობოქრობდა იუდას სულში. ჭეშმარიტად სატანა შევიდა მასში, ასევე ხსნიან იუდას მდგომარეობას წმიდა მახარებლებიც. „მართლაც, მხოლოდ სატანას შეეძლო მოციქული ექცია გამცემლად და დაღუპვის ძედ“ (მთ. ეპ. ინოკენტი). უნდა გვახსოვდეს, რომ კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლო ძე ღვთისას სიკვდილით, გაუგებარი დარჩა ბოროტი სულისათვის. ამ საიდუმლოს საფარველის ქვეშ ღვთის სიბრძნემ, დასცინოდა რა მტრის მზაკვრობებს, მოახდინა ისე, რომ მან უფალმა თავად მოაწყო თავისი დაღუპვა. სატანას სურდა ბოლო მოეღო მისთვის აუტანელი ქადაგებებისა და იესოს სასწაულებისთვის, იმის მსგავსად, როგორც მიყავდა მას მოწამეობრივ აღსასრულამდე წინასწარმეტყველნი, ასევე ცოტა ხნის წინათ არაწმიდა იროდისაგან რომ დაადუმა იოანე ნათლისმცემლის ბაგენი; ამ შემთხვევაში კი გამოუვიდა სრულიად საწინააღმდეგო: ძე ღვთისას სიკვდილით, რომელიც ადამიანთა მოდგმის მტერს ასე ძვირად უღირდა, ღვთის მიერ მოპოვებულ იქნა გადამწყვეტი გამარჯვება, ერთხელ და სამუდამოდ დაემხო უფლება ცოდვისა და სიკვდილისა. წმ. იოანე მიუთითებს, ასე ვთქვათ, იმ ხვრელზე, რომლითაც ძველი გველი შეძვრა იუდას სულში და შეუმჩნევლად შემოეხვია მის გონებასა და გულს. ესაა - ვერცხლისმოყვარების ვნება, რომელიც ადრიდანვე ჩაისახა მის სულში, თანდათან იწყო გაღვივება და ბოლოს აგიზგიზდა ჯოჯოხეთის ცეცხლად, რომელშიც, როგორც თავის საყუდარში, იჯდა და უფლებდა სატანა. ბეთანიაში ვახშმობისას, როდესაც იუდა წუხდა მირონის გამო, ეშმაკმა უკანასკნელი მოსაბმელი გამოსდო ვერცხლისმოყვარის სულს, რათა იგი ჯოჯოხეთში თან გაეყოლა. უფალი ყოველივეს ხედავდა, რაც ხდებოდა ამ უბედურის სულში, მაგრამ ამას შეგნებულად ფარავდა თავისი მოწაფეებისგან უკანასკნელ შესაძლებლობამდე: წინააღმდეგ შემთხვევაში რას არ მოიმოქმედებდა გულანთებული და თავგამოდებული პეტრე ასეთი უბედურების თავიდან ასაცილებლად. - „ასეთი დიდია ბოროტება ვერცხლისმოყვარებისა, -ამბობს წმ. ოქროპირი; მან აქცია იუდა გამცემელად. ისმინეთ ვერცხლისმოყვარენო, იუდას სენით დაავადებულნო! ისმინეთ და უფრთხილდით ვერცხლისმოყვარების ვნებას! თუკი ის, რომელიც იმყოფებოდა ქრისტესთან, ახდენდა სასწაულებს, სარგებლობდა მისი სწავლებით, მაინც ჩავარდა უბედურებაში იმის გამო, რომ არ იყო თავისუფალი ამ სენისაგან, მით უფრო თქვენ, რომელნიც არ ისმენთ წმიდა წერილისას, უფრო ადვილად არ იქნებით ძლეულნი ამ საშინელი ვნებისაგან, თუკი იქნებით უზრუნველად. ეს ვნება ყველაზე საშინელია ვნებათა შორის, აქედან ჩნდებიან მკვლელები, ამის გამოა ომები და არეულობანი, აქედან მოდის ყოველი ბოროტება, რომელიც უნდა დაასახელო.



0
822
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0