x
image
მანჩო 777
ოთხი ფოტოსურათი და მსუბუქ - ღიმილიანი აღწერა დღისა
პირველზე ფრაუ ანგელაა გამოხატული – ამერიკულმა ჟურნალმა "TIME"-მა ანგელა მერკელი წლის ყველაზე ცნობილ ადამიანად, წლის პერსონად დაასახელა დღეს და სამი მიზეზით დაასაბუთა არჩევანი – ევროკავშირის შენარჩუნება საბერძნეთის შეკავებით ევროზონაში (არადა, ყველაფერი პირიქით იყო), ლტოლვილებისთვის ჭიშკრის ფართოდ გაღება (980 ათასამდეა ასული მათი რაოდენობა გერმანიაში), პარიზის ტერაქტის შემდეგ არ-შეშინება და პირიქით, ომახიანი დაპირისპირება ხალიფატისადმი (ჰანოვერის მატჩი რომ შემდგარიყო და იქ ებუთქა „ომოხიანად“ ბომბს, მერეღა ვნახავდით უშიშრობას). იქნებ, გაგიკვირდეთ ეს არჩევანი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზემოთ ხსენებული ჟურნალის წლიური რჩეული სულაც არ ნიშნავს პლანეტის საუკეთესო ადამიანს – მაგალითისათვის, მეორე ადგილზე ISIS–ის ბელადი, სისხლისმსმელი აბუ ბაკარ ალ ბაღდადია (თურქეთში, რეჯებ აღას ქალიშვილის ჰოსპიტალში ჭრილობებ–მოშუშებული), მესამეზე კი – დღეს აშშ–ს ახალ ფიურერად მონათლული ("მუსულმანებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ შესვლა აშშ–ში"–განაცხადა მან საჯარო გამოსვლისას), ულტრამილიარდელი და აშშ–ს რესპუბლიკელთა პარტის კანდიდატი, ჟღალთავა დონალდ ტრამპი.


image



მეორე ფოტოგრაფია პუტინისაა, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ყველანაირი მისვლა–მოსვლა (ჩარტერული რეისებიც კი) აკრძალა თურქეთთან და საფეხბურთო კლუბებს თურქ ფეხბურთელებთან კონტრაქტების დადება აუკრძალა, დღეს კიდევ ერთი თავზარდამცემი განცხადება გააკეთა – "იმედია, ამ დღეებში ეგეოსის ზღვაში შესულ ჩვენს წყალქვეშა ნავს ატომური იარაღის გამოყენება არ დასჭირდება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ – ბოლო–ბოლო ტერორისტები არიან და ისედაც მოვაშთობთო!" – ესღა აკლდა სირიის ცოდვით გაალისფრებულ ცას – ატომური "სოკოთიც" დამშვენდეს და ... მერე ნახავთ ლტოლვილებს, თუ ნახავთ...


image




მესამეზე სან–ბერნანდინოული ჟლეტვის ავტორი ცოლ–ქმარია აღბეჭდილი, რომელთაც, ფედერალური ბიუროს დღევანდელი ცნობით, 2013 წლიდან, ჯერ კიდევ ნიშნობამდე ჰქონდათ ურთიერთობა ხალიფატთან და სავარაუდოდ, ცოლმა, სწორედ 29 წლის პაკისტანელმა ტაშფინ მალიკმა (ქმარი, საიდ ფარუკი აშშ–ში იყო დაბადებული) მოახდინა ზეგავლენა 14 სრულიად უდანაშაულო ადამიანის ამოწყვეტაზე.


image



მეოთხე ფოტო და პოზიტივი (ბოლოს და ბოლოს) იაპონელი კომიკოსის მასაჰირო სეჰარასია, რომელმაც, თავისი შვილების კვახისათვის მიმსგავსების მცდელობაში, საკუთარი ხელები მათ სახის გარშემო შემოუწყო და ფოტოსურათიც გადაუღო – მათი „ტვიტერში“ ატვირთვის შემდეგ იაპონიაში საგიჟეთია დაწყებული და „კვახობანას“ არა მარტო ბავშვებზე, არამედ საკუთარ თავზე და შინაურ ცხოველებზეც კი თამაშობს ყველა და დიდი საფრთხეა, ეს სენი მთელ მსოფლიოს არ მოედოს!


image



p.s. აი, სულ ესაა და თუ არ გაგეღიმათ, ან ბევრი არაფერია საღიმილო დღევანდელ სამყაროში ან... მთხრობელი არ გივარგათ!!!

0
180
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0