x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ჩემი რუსული სისხლი, ქართულ მიწაზე მშვიდობაზე ოცნებობს" - იუნა შაფათავა მიმართვას ავრცელებს

imageსაზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, სკანდალური ქალბატონი, იუნა შაფათავა ამჯერად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მართალია, რუსული წარმომავლობა აქვს, მაგრამ მისი სამშობლო საქართველოა და ამ ქვეყნის მიმართ მის სიყვარულში არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი:


„იცით, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან ვისმენ, რომ რუსები მკვლელები, ბოროტები და მტრები არიან. ბევრჯერ, მე და დეა ატირებულები მივსულვართ სახლში და დედაჩვენს არგუმენტი არ ჰქონდა, დავეწყნარებინეთ. დიახ, მე რუსი ვარ სისხლით, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა, სათაყვანებელი და განუმეორებელი. თქვენგან ბევრს, დიდი ხანია დაგავიწყდათ, რომ ადამიანობა ეროვნებით არ განისაზღვრება. არასოდეს არავის მოუხდია ბოდიში ჩემთვის ამ შოვინიზმსთვის და ჩემი წარმოშობის ლაძღვისთვის. რაღაც პერიოდიდან, გაურკვეველი კითხვები ჩნდება-ეს რუსი რატომ იღებს ხმას საქართველოში? დიახ, მე რუსი ვარ სისხლით და ვამაყობ ჩემი წინაპრებით. მამის მამა რუსია, მამის დედა ქართველი. დედის დედა სომეხია, დედის მამა-რუსი უკრაინელ-პოლონელი. კიდევ ებრაული სისხლი მაქვს და ჩინური - მამის მამის მხრიდან. შაფათავა მამის დედა იყო, ბაბუაჩვენი, ლეონიდ ვასილის ძე მაკაროვი, სტალინის რეპრესების დროს, დასახვრეტად რომ გადაასახლეს, მაშინ შვილები მაკაროვიდან შაფათავას გვარზე გადაიყვანა ბებიამ, რომ გადაერჩინა. ჩვენი ბებიის ხსოვნაა ეს გვარი, ძლიერი ქალის. დიახ, გამოდის, რომ რუსი ვარ, მაგრამ ეს სრულებით არ მართმევს ჩემი სამშობლოს სიყვარულის უფლებას. ჩემი აზრის გამოხატვის უფლებას. მაგრამ არც არავის აქვს უფლება, მთლიანად ერი გალანძღოს და ეს პატრიოტიზმში ჩაეთვალოს. ეს ლანძღვა, სხვა არაფერია, ვიდრე შოვინიზმი. ნაციონალიზმი. თქვენ ცალკეული პოლიტიკური პერსონები ერში გერევათ. როგორც ყველა მუსლიმი არ არის მკვლელი, ისევე ყველა რუსი არ არის იმპერიალისტი. არც მე ვარ ტოლერანტობის მომხრე, როცა ეროვნულ ფასეულობებს ეხება საქმე, მაგრამ გამოდით და კიდევ ერთხელ მესროლეთ ქვა, რომ რუსი ვარ! არ მივიღებ! დიახ, მე რუსი ვარ და საქართველო ჩემი სამშობლოა! და დამიდექით ვინმე სამშობლოს სიყვარულში- ვერ მაჯობებთ! არ შეიძლება ერის სიძულვილი გახრჩობდეთ. არ შეიძლება რუსს ეუბნებოდე-მკვლელი ხარ, იმიტომ რომ რუსი ხარ! ეს არის დევნა, ნაციონალური ნიშნის მიხედვით და სხვა არაფერი. ფაშისტები ებრაელებს რომ კლავდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში, განა შორს ხართ ამისგან? საქართველო რომ ისეთივე დიდი იყოს, როგორიც რუსეთია და რუსეთი იყოს საქართველოსავით პატარა და დაუცველი, ასეთი სიძულვილით, წაშლიდით რუსეთს რუკიდან. და ფაშისტებზე უარესს ჩაიდენდით. მახსოვს, კლასელმა მითხრა 1989 წელს: მძულხარ, რუსული ცხვირი გაქვს. დღესაც მახსოვს, რა გავიფიქრე მაშინ, 13 წლის ბავშვმა: სიყვარულს მიხსნიდა ზაფხულში. ალბათ, ვუყვარვარ მაგრამ ასეთი დროა. „ ასეთი დროა". ხომ არასოდეს მითქვამს ეს თქვენთვის. ახლა გეუბნებით. დიახ, მე რუსი ვარ და ჩემი რუსული სისხლი, ქართულ მიწაზე, სამშობლოში, მშვიდობაზე ოცნებობს. ოჰ როგორ მესმის მსოფლიო ტირილის. რაც დავიბადე, ჩემი სისხლის მიმართ სიძულვილს ვხედავ. რა ბედნიერებაა, რომ ყველა არ არის ნაცისტი. მსოფლიო დაიღუპებოდა. ხშირად ვიმეორებ: ყველას რომ ნარევი სისხლი ჰქონდეს, ომი არ იქნება. პაციფისტი ვარ.


და კიდევ ერთი, არ დამავიწყდეს. ღმერთი ერთია, ქრისტიანი ხარ, მუსლიმი, კრიშნაიდი თუ ებრაელი - და ღმერთის ხმას ჩვენში უნდა ვუსმინოთ, რათა არ მოვკლათ ჩვენში მთავარი, რაც მან შექმნა, ღმერთმა. ადამიანი.
დიდი მადლობა, მე ეს უნდა მეთქვა“ - წერს იუნა შაფათავა.

0
240
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0