x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508849
ვინ იყო ვიქტორ ჰიუგო?

image


ვიქტორ-მარი ჰიუგო - ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი. საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.




ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყოშატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში. დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.


1827 წელს გამოქვეყნებული კრომველის შესავალში ჰიუგო კონკრეტულად აყალიბებს რომანტიზმის პრინციპებს. იგი ბრძოლას უცხადებს კლასიცისტურ ერთიანობებს, გამოთქვამს ჭეშმარიტების დახატვის სურვილს და ხოტბას ასხამს შექსპირს.
„უძველესი პრიმიტიული ხანა ლირიკული იყო, ანტიკური - ეპიკური, თანამედროვე კი - დრამატული. ოდა უსასრულობას უმღეროდა, ეპოპეა – ისტორიას, დრამა კი ცხოვრებას ხატავს. შექსპირის დრამა შემდგარია გროტესკისა და ამაღლებულისგან, ტრაგედიისა და კომედიისგან.“ აქედან გამომდინარეობს აზრი ჟანრების აღრევის შესახებ, რადგან თავად ცხოვრება ასეთივე ნაზავს წარმოადგენს.




ჰიუგოს მიაჩნია, რომ თანამედროვე ხანა ქრისტიანობიდან იწყება. ქრისტემ გვასწავლა ადამიანის გაორება სულსა და სხეულს, სუბლიმურსა და გროტესკულს, ზეცასა და მიწას შორის. ამ ორ ნაწილს შორის დიალოგი არის თანამედროვე ადამიანის მორალური ცხოვრების ძირითადი არსი. თეატრშიც ეს ორივე უნდა იქნას წარმოდგენილი. დრამა ერთადერთი ჟანრია, რომელსაც ეს ძლუძს. დრამა სრულყოფილი ჟანრია, რადგან შეიცავს ლირიზმსა და ეპოპეას. ტრაგედიიდან კი გაძევებულია პოეზია. მართალია დრამა თავისუფალი ჟნრია, მაგრამ მაინც ხელოვნებაა და ამიტომ გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც გვაქვს საქმე. ეს შეზღუდვაა ლექსის ფორმის ხმარების აუცილებლობა. ჰიუგო წინააღმდეგია პროზაული დრამისა და ალექსანდრინის გამოყენებას მოითხოვს. თუმცა აუცილებელია დარღვეულ იქნას ამ ფორმის მონოტონურობა და საჭიროების მიხედვით გამოყენებულ იქნას ლირიკული, ეპიკური, ამაღლებული გრძნობები. ლექსი უნდა იყოს თავისუფალი, გულწრფელი, უნდა გაბედოს თქვას ყველაფერი შიშის გარეშე, უნდა გადადიოდეს კომიკურიდან ტრაგიკულში, არტისტულიც უნდა იყოს და ნამდვილიც.





მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, „ბუგ-ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელი“ კი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით, ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისა“ და „კლოდ გეს კლასიფიცირება“. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხება „საბრალონიც“, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი. 1874 წელს დაწერილი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.











0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0