ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რუსეთის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს შეცვლილი საზღვრების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარი“ დროდადრო იცვლება. ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაკეთებული ბანერი წარწერით "Республика Южная Осети" საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა.
"IDFI" დაინტერესდა, საქართველოს მიერ ჯერ კიდევ კონტროლირებადი რომელი ტერიტორიები შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსი სეპარატისტული მთავრობის მიერ რომელი რუკის მიხედვით ხდება „მცოცავი ოკუპაცია“.
ამ ინფორმაციის მისაღებად, "IDFI"-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიმართა.
მიღებული ინფორმაციით, 1992 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის (მათ შორის ე.წ. სამშვიდობო ძალების) ხელშეწყობით, ოსი სეპარატისტების კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი: ცხინვალის რაიონის ძირითადი ნაწილი, ადმინისტრაციული ცენტრი ცხინვალი; ჯავის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი ჯავა;
ზნაურის რაიონი, ადმინისტრაციული ცენტრი ზნაური.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ახალგორის რაიონს (5 ოსური სოფლის: წინაგარის, ღდულეთის, ძუკათას, ორჭოსანის და აბრევის გარდა), ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებულ დიდი ლიახვის ხეობის სოფლებს და აღმოსავლეთით განლაგებულ პატარა ლიახვის ხეობის სოფლების ძირითად ნაწილს, ასევე ზნაურის რაიონის 6 სოფელს. გარდა ამისა, საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა ჯავის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მამისონის უღელტეხილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და ქართული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტებიდან გამოიდევნა და ოლქის ტერიტორია (მათ შორის, ახალგორის რაიონი და მამისონის უღელტეხილი) საოკუპაციო ძალების და ოსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ სრულად მოექცა. ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რეგიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა იყო შერეული - ქართულ- ოსური. აღსანიშნავია, რომ ის სოფლები, რომლებიც მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, თითქმის სრულად არის განადგურებული. შერეული სოფლებიდან ქართველები ძირითადად არიან გამოძევებულნი.
2008 წელს ოსმა სეპარატისტებმა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა ზნაურის რაიონის 6, ცხინვალის რაიონის 19 და ახალგორის რაიონის 110 დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების (საოკუპაციო ხაზების) განსაზღვრის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული რეჟიმები 1976-1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს იყენებენ. მეორე მხრივ, ოკუპაციის შემდეგ, კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაობის ეტაპობრივად შესრულების დროს, განაშენიანების გაუთვალისწინებლად და ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის რთული მოხაზულობიდან გამომდინარე, საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ე.წ. დემარკაციის შედეგად ქართული მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა იმ ტერიტორიებით სარგებლობის უფლება, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში. საერთო ჯამში, 2008 წლის შემდგომ საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით