x
image
პროფესორი
ეშმაკის მონოლოგი (დასასრული)

IV
კარის ჭრიალმა გააოცა სურხო. კვირაობით უფროსობა ციხეში არ იყო ხოლმე. კარი ყურთამდე გაიღო. შემოსასვლელში ისმაილი იდგა.
იგი მშვენიერი იყო. მხოლოდ ნატანჯ სახეზე ოდნავ მკრთალი ფერი ედო. პატიმარს თვალი ზედ შერჩა, მაგრამ გამოფხიზლებულმა გონებაში განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ასანთს გაჰკრა და მოწია.
ოფიცერმა სენაკში გაიარა და პატიმარს გვერდში მიუჯდა.-გამარჯობა, სურხო!
ოფიცრის ხმითა და მოქცევით გაოცებულმა ტუსაღმა განზე გაიწია, მაგრამ არა უპასუხა.
-მართალია. ჩემნაირებთან მისალმება არ ღირს. მაგრამ მინდა, რომ დამიჯერო. არა, არა, სურხო, მოიცა.
ყური დამიგდე…
იმ საღამოს გაგონილის დაწვრილებით მოყოლა დაიწყო. საათზე მეტს იტანჯებოდა ისმაილი, თავიდან განიცდიდა ყველაფერ იმას, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გადაიტანა. როდესაც იგი ყვებოდა, სახე სულიერი ბრძოლის აჩრდილებს ირეკლავდა. მას უმძიმდა. რამდენჯერმე იძულებითაც შეისვენა, ხელს მკერდზე აიტაცებდა-მძაფრი ტკივილი ხელს უშლიდა საუბარში. სახის გამომეტყველებით მონაყოლის საპასუხო გრძნობებს გამოხატავდა. ზოგჯერ ბავშვივით საბრალო და ნაწყენი იყო, ზოგჯერ მიამიტურად გაოცებული, ზოგჯერ კი მრისხანება კუნთებს უძაბავდა და იგიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით საუბრობდა, თითქოს ხმა მის მკერდში აგიზგიზებულ ჯოჯოხეთურ ბრდღვინვასაა გადარწყმულიო.
ძალაგამოცლილმა კედლისკენ გადაიწია, სადაც თანამემამულის ბალიში იყო.
-ესეც ყველაფერი, რაც ბებერი ეშმაკისაგან მოვისმინე. რას ფიქრობ?-რას ვფიქრობ?-წამოიყვირა პატიმარმა, რომელიც ორ ნახტომში მიეჭრა ისმაილს-რას ვფიქრობ?! შენ რას ფიქრობ? კმაყოფილი ხარ იმ როლით, რომელიც ტირანმა გაგიმზადა “დიადი საქმისათვის” მშობლიური მოდგმის გასანადგურებლად? ჰა?! იქნებ, თანამდებობაზე დაგაწინაურონ. როგორ იყო, რომ ამბობდა უფროსი ამის თაობაზე?… არაა პატარა მისია! მხოლოდ შენს მშობელ ერს რომ ანადგურებდეს, შენს ერს. აარრა! ყველა კავკასიელ ერს… ყველასათვის განაჩენია გამოტანილი: ჩრდილოელთათვისაც და სამხრეთელთათვისაც. შენგან შესანიშნავი ლაქია გამოვიდოდა გრიბოედოვის “დირექტორიიდან”.
ანთროპოლოგიური ნიმუში… აი, კოლონიის მოსახლეობიდან, შეხედეთ, იგი გამქრალი მოდგმის წარმომადგენელია, სუფთა სისხლის კავკასიელი, ვაინახური შტოდან. არ გინდა? მაშ, მეგზური იყავი. “სიძველეთა მოტრფიალეებს” დაატარებდე იქნება ჩვენი ხეობების საგვარეულო ციხე-სიმაგრეებში, რათა ჩვენი დამღუპველების მაძღარმა, გასუქებულმა და მოწყენილმა შთამომავლებმა შესძლონ “ველური ცივილიზაციით” ტკბობა. წმინდა ტაძრის ნანგრევებთან: ღმერთების ტახტზე, თებულოს-დღესასწაულის მთაზე შენ მათ კარვებს გაუშლი. პატივმოყვარეობით შეპყრობილნი უსირცხვილო გარყვნილებას მიეცემიან იმ სამხვერპლოებზე, რომელთანაც ჩვენი წინაპრები თვით ხმამაღალ ამოსუნთქვას ეკრძალებოდნენ. ისინი ამ ხეობებს ისე მოაშურებენ, როგორც გველები-თავიანთ ქორწილებს.
მათ შენი არ შერცხვებათ: შენ ხომ მხოლოდ მოსამსახურე ადგილობრივი მცხოვრები ხარ, რომელსაც მსახურების გარდა სხვა არაფერი უნდა გააჩნდეს. მოგთხოვენ რომელიმე ჰიმნის მღერას, რომელიც ასე უყვარდა შენს ერს. და თუკი კარგად შეასრულებ, თავიანთი ლოჟებიდან ტაშს დაგიკრავენ. საოცარი პერსპექტივაა!..
ისმაილის გულს სიტყვები ელვასავით უმოწყალოდ სცემდნენ. ისინი ტკივილებს იწვევდნენ, საშინელ ტკივილებს. მისი დასისხლიანებული სული შეწყალებას ითხოვდა, მაგრამ პატიება არ ჩანდა…
მოძღვარმა მიატოვა თანამემამულის რყევა. ჯერ კიდევ ცნობას ვერ მოსულმა, რაღაცნაირი გაუგებარი გაოცებითა და ინტერესით მოძმის ღაწვზე ჩამოდენილ ცრემლს დაუწყო თვალიერება.
თვალი გააყოლა სველ კვალს და როცა იგი ბაგეების კიდესთან დაიშალა, ხელი უშვა საყელოებს და სარკმლისკენ გაიწია. საკანში მკვდარი სიჩუმე ჩამოდგა. და უცებ, როგორც სასოწარკვეთილის ამოძახილი:-მაშ, ყოველგვარი იმედი გადაწურულია?-ეს ტირანის განაჩენია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ და ჩვენი სისხლი ჯერაც ფეთქავს!-რა უნდა გავაკეთოთ?-ვიბრძოლოთ!-უპასუხა მოძღვარმა და მყის შემოტრიალდა.-ბრძოლა… ბრძოლა! მართალია, -ბრძოლა! მე მეტი არაფერი შემიძლია. ან მე, ან ისინი… ან ჩვენ, ან ისინი, სურხო. წავიდეთ, მთებს მივაშუროთ, ტყეებს.
ჩვენ მათ ვუჩვენებთ…-არა, ისმაილ, ფირალების საუკუნე გავიდა. ამჟამად სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.-შენ იცი, რაა გასაკეთებელი, სურხო? მე შენთან ვარ. შენი ძმა! მე შენ გიპოვე!…
p.s. (ავტორისაგან)
დაიწერა საკონცენტრაციო ბანაკში, მცირე ზონაში, 1964 წელს: მორდოვია, იავასი, საფოსტო ყუთი-ჟხ. 385 (II, 7, 3), მაგრამ როგორ გადავიტანო აქედან “გათავისუფლების” შემდეგ? საკუთარი ანბანი, საკუთარი იეროგლიფები გამოვიგონე:
1967 წელს დიდ ზონაში დავბრუნდი. საკუთარი ხელნაწერი უმალ გადავიტანე ჩვეულებრივ გრაფიკაზე, საბეჭდ მანქანაზე გადავაწყვე და წაკითხვის მსურველებს გადავეცი.
მაშინ სოფლის სკოლაში მასწავლებელი გახლდით. სუკ-იდან “ამხანაგებმა” მომაკითხეს, პირდაპირ გაკვეთილიდან წამიყვანეს ნაზრანში.
ჩემთან საუბრობდა მოსკოველი “ამხანაგი”, რომელმაც იქიდან დაიწყო, რომ წინ “მონოლოგი” დამიდო და მეუბნება:-მცირე ზონა ხომ არ მოგენატრა?და ისე გაიცინა, როგორც მხოლოდ მათ შეუძლიათ.-ისა, მან, ვისაც შენ ეს გადაეცი გასაცნობად, არც წაუკითხავს, ჩვენ მოგვიტანა. კმაყოფილი ხარ?-ასი ცალი დავებჭდე, თქვენ კი მხოლოდ ერთი მოგიტანეს. თქვენ თუ ხართ კმაყოფილი?
შემდეგ, ჩვენ ვდუმდით. საუბარი არ გამოდიოდა.-გახსოვარ?-მეკითხება-არა.-მე თქვენს სასამართლოზე ვიყავი. სამნი ვიყავით: ერთი ცენტრალური კომიტეტის აპარატიდან, მე და ჩვენი გროზნოელი თანამშრომელი.
საქმე ისაა, რომ ეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში პირველი ღია გამოსვლა იყო სოციალისტური წყობის წინააღმდეგ. იქ შენ ჩვენი სისტემის მარცხს წინასწარმეტყველებდი… გახსოვს?-მახსოვს.-აღსრულდება?-კი.-საიდან იცი?-ვიცი ცაგენის* წესი.-და რას ამბობს “ცაგენის წესი”?-არ მოჭრა ტოტი, რომელზედაც ზიხარ.-და რომელ ტოტზე ვსხედვართ?-სახელმწიფოს კისერზე, და ამ კისერს გამუდმებით ხერხავთ. ნუ გეშინია, რევოლუცია არ იქნება. უბრალოდ, საკუთარი სიმძიმევე დაამხობს.-და რა იქნება შემდეგ?-არაფერი კარგი. ქაოსი.
დიდხანს, დიდხანს ქაოსი, მთელი თაობის განმავლობაში, სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ გაქრებიან ისინი, ვინაც პარტიულ ბილეთს ფლობდა…
მშვიდობით გამიშვა და ჩემი “მონოლოგი” გადმომცა. არ ვიცი, თუ რატომ გააკეთა ასე. ამოუხსნელ ამოცანად დამრჩა.
მთარგმნელი ვეკუა კონსტანტინე
* ადილ-გირეი დოლგიევი (1845-1886)-ერთ-ერთი პირველი ინგუში განმანათლებელი, საზოგა-დო მოღვაწე. დაპატიმრებული იყო პეტერბურგის პეტრო-პავლოვსკის ციხეში.
* სემუელ სმაილზი (1816-1903)-ინგლისელი მწერალი, მორალისტი
* ბურო-ქალაქ ვლადიკავკაზის ინგუშური სახელმწოდება
* დიალა (დელა) -ღმერთი, “წინაპართა ჩვენთა უფალი ღმერთი” ვაინახურ ენაზე.
* ცაგენი-მოლა ნასრედინი ინგუშურ ენაზე.image

1
139
8-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
139
  
2015, 20 ოქტომბერი, 0:53
:))
0 1 1