x
რუსეთი ნიდერლანდების კომისიის დასკვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამოძიების განახლებას ითხოვს

რუსეთი ნიდერლანდების კომისიის დასკვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამოძიების განახლებას ითხოვს.
ნიდერლანდების კომისიის ანგარიშის თანახმად, მალაიზიური "ბოინგ MH17" უკრაინის აღმოსავლეთიდან, რუსული წარმოების "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. კერძოდ, თვითმფრინავის მიმართულებით გასროლილ იქნა 9N314M მოდელის რაკეტა, რომელსაც რუსულ არმიაში იყენებენ. რუსულმა მხარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ კომისიამ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტის ელემენტებია ნაპოვნი.
თავის მხრივ, დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ანგარიშს "პოლიტიზირებული და ანგაჟირებული" უწოდეს.
"როსავიაციის" ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ სტორჩევოის თქმით, მოსკოვს ასევე მიაჩნია, რომ ნიდერლანდების კომისიამ რაკეტის ტრაექტორიის შესახებ მცდარი ინფორმაცია წარადგინა.
"კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, საბრძოლო ავიაციის გამოყენებისას, საჰაერო სივრცე არ დაკეტა, რაც საერთაშორისო საავიაციო წესებითაა გათვალისწინებული", - განაცხადა სტორჩევოიმ.
"ბიბისი"-სთან საუბარში დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ე.წ. რესპუბლიკის სამხედრო ძალებს "ბუკ"-ის სარაკეტო დანადგარი არ გააჩნია.
ავიაკატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. კომპანია Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიემგზავრებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.
მიმდინარე წლის ივლისში გაერო, ავიაკატასტროფის გამოძების მიზნით, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა რუსეთმა აღნიშნული რეზოლუციის პროექტი დაბლოკა. image

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0