x
image
natia.a
შეიძლება თუ არა 150 ლარად საქართველოს შემოვლა? - მარიამ საჯაიას ექსპერიმენტი დაიწყო...
24 წლის მარიამ საჯაია 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი მოგზაურობის დიდი მოყვარულია და მიზნად დაისახა 150 ლარით მთელი საქართველო შემოევლო. მოგზაურობის დეტალებს იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.


image


17 აგვისტო:


"პირადი ინტერესისთვის ნამოქმედარი, სოციალური ელემენტით:
მე ვარ მოგზაური (და არა ტურისტი). მიყვარს მოგზაურობა. ყველანაირი.
მოგზაურებს აქვთ ამოჩემებული ადგილები. იმდენად ამოჩემებული, რომ ყველაფერს ცდილობენ იქ მოსახვედრად. ასეთია ჩემთვის პორტუგალია, მაროკო, ინდოეთი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები... და აღარ გავგრძელდები.
მთელი მონდომებით ვეცადე და დავგეგმე, რომ ამ ზაფხულს ვნახავდი ლისაბონს, ნიცას და მარსელის გავლით. ბილეთიც მაქვს. 20-ში იქ უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი ის "დიადი" წამია, როცა აკანკალებული ხელით ვაუქმებ ამ ბილეთს. ყველაფერს მიზეზი აქვს.
ამგვარად, ვრჩები საქართველოში.
მაგრამ არ ვრჩები მოგზაურობის გარეშე.
ხვალიდან....
ვიწყებ ჰიჩჰაიკინგს. სამცხე-ჯავახეთის გავლით გადავალ მაღალმთიან აჭარაში და დავეშვები ზღვისპირეთში.
და მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ბიუჯეტი არ აძლევს საშუალებას: ვნახოთ არის თუ არა შესაძლებელი ამ პირობებში მოიარო, ნახო, იგრძნო, დააგემოვნო, შეიცნო.... ამიტომ გამიზნულად თან ვიქონიებ სულ 150 ლარს. დარწმუნებული ვარ გამოვა


მაქვს კარავი და აღჭურვილობა - დასახლებისთვის, ცერა თითი - მგზავრობისთვის, მათარა - წყლისთვის და საჭმლის თანხაღა რჩება საჭირო.
ჰოდა ამგვარად, დავტესტავ რამდენად არის ეს შესაძლებელი საქართველოში და რამდენად შევძლებ და გავქაჩავ მე. პირველი მცდელობაა ჰიჩჰაიკინგის, მარტო, უცხო მხარეში, საკუთარი თავის იმედად.
სადაც კი ინტერნეტი იქნება, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
sincerely, not yours
M.S."


18 აგვისტო:


"ახალციხემდე უცნაურად ვიმგზავრე. ნაცნობმა უცნობმა წამომიყვანა, ავტოსტოპი არ გამოვიდა. რაბათზე ამოვედი, რომ მოვმზადებულიყავი და კარგად დავათვალიერე (5 გელ). უცნაურობა ისაა, რომ ვინც კი შემხვდა, ქართველი არავის ვგონივარ, ქართულად რომ ვპასუხობ არის error )) თან ისეთი, ვაააა არ გვეგონე ქართველი, ხმამაღლა რომ გაიძახიან.
ახალციხიდან პირველივე ცერის აწევაზე გამიჩერა ბატონმა რეზომ, ვალეში მიდიოდა, ადიგენის გადასახვევთან ჩამომსვა და ბედნიერი მგზავრობა მისურვა. ცოტა ფეხით გავიარე და მეორე გაავტოსტოპებულმა მანქანამაც არ დააყოვნა. აქ არიან ვანო, ვანო და ლაშა. სოფელ უდეში მიდიან (ის ვანო აქ დაიბადაო - თუმცა არ ვუცნივართ). ამ სოფლიდანაა ანთიმოზ ივერიელიო, უძველესი სოფელიაო, ჩვენს წელთაღრიცხვამდეო. ვახ, მეთქი ზუსტად? უი გავიჭედეთ, ეგრე არვიცითო. ახლა სოფ. არალში ვარ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრები. მერე ადიგენში ადიან და ამიყვანენ"

image

"ესეც ვანო&ვანო და ლაშა. ჯერ იყო ნაყინები, მერე მწვადი, მერე ჭიქა არაყი, მერე მიპატიჟება აბასთუმანში, გზას არ გადავუხვიე, ვაგრძელებ ჩემს მარშრუტს თუმცა გულითად გამასპინძლებაზე უარი არ მითქვამს, წავუქეიფეთ ზარზმაში.

სად მუშაობო, თბილისში-მეთქი. ერთმა ვანომ ივარაუდა, სტუდენტი იქნებაო... ჩუმად ვარ,
ძლივს დავითანხმე, რომ გზას მარტო გავაგრძელებდი და ჩემს გამო არ წამოსულიყვნენ.
მისვეირნობ ზარზმის გზაზე. მიკროავტობუსი თვითონ მიჩერებს, ზარზმაში მოსაცდელია ერთგან, იქ მივდივარ წაგიყვანო. აზრი არ ქონდა. მადლობით და
უარით წავიდა. მეორე მიკროავტობუსმა გამოიარა, გამიჩერა. ნაყინის დიატრიბუტორი ვარო, გაგიმასპინძლდებიო. ნებისმიერი ბავშვის ოცნება იქნებოდა ალბათ კეთილი, შეჭაღარავებული "ნაყინის ბაბუ" რომ ბევრ ნაყინს გთავაზობს, მაინც უარი, მწვადი ჯერ კიდევ ახლადდაგემოვნებულია. მაგრამ სიკეთე მახარებს... ისიც მახარებს, რომ უკვირთ და გაოცებას ვერ მალავენ ქართველი რომ ასე დადის. პირველად ვხედავთო, რა სასწაულიაო, რა მაგარიაო!
მშვენივრად მიდის ყველაფერი, ერორიზაცია გრძელდება, სავსე ვარ ენერგიით"

image

"ბეშუმშიც ამოვედი. ზარზმიდან ასლანი მოდიოდა სატვირთო მიკროავტობუსით. უმუშევარ სოფელში საქმე გაიჩინა, სექტემბერში ბავშვს ელოდება, უყვარს აქაურობა და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საქმეც აქვს, მაინც აქ ურჩევნია.
გოდერძის უღელტეხილზე დავემშვიდობე, მე მწვანე ტბისკენ მივდიოდი.
გზაგასაყარზე აჭარელი კაცი დგას, რუსულად მეკითხება რუსულად თუ ვსაუბრობ.
- ქართველი ვარ, ქართველიი, შევძახე
- აბა რას იყენებ ამ უცხოურ ვიდს - მეჩხუბება ლამის, თან მიშლის ტბაზე წასვლას, შორიაო, საშიშიაო... 8 კმ ბევრი არაა-მეთქი და წავედი

მივდივარ გარემოთი აღფრთოვანებული, სულ გადამავიწყდა დრო, რომ მალე ავიდე/ჩამოვიდე და დავბანაკდე.
ქარია, სუფთა ჰაერი, კაშკაშა მზე, უფრო ლურჯი ცა, აბურდული ღრუბლები, მთა და დიდი სივრცე
ბედნიერება
ბედმაც არ დააყოვნა - დაივერები მიდიან მწვანე ტბაზე და წამომიყოლეს"

image

19 აგვისტო:


"გუშინდელი ამბის გაგრძელება: ბეშუმში დავბრუნდი და დავასრულე დაბანაკება. გავშალე კარავი და მოვეწყე.
უჰჰჰ...
მანამდე ბევრი ვიარე თუ ცოტა, კარგად თუ ცუდად, დაივერებთან ერთად მივადექი ტბას, რომელიც მწვანეა - მწვანე ტბას. ლამაზს, ზურმუხტს, სიმწვანეში ჩაფლულს, ირგვლივ გორაკებით.
მივუარე, მოვუარე, ავბობღდი, ყველა მხრიდან ვნახე, ყველა მხრიდან მომეწონა ☺
ოდნავ გვიან კი ავედით... თუმცა ჩამოსვლა უფრო დაგვიანდა. დაღამდა. დაბნელდა. შორს ყველანაირი ცივილიზაციისგან, თავზე ვარსკვლავებიანიცა რომ გახურავს თავზე და ირგვლივ რომ წყვდიადია. ფანრები ანათებენ - დაივერები აღჭურვილობას ალაგებენ.
მე კი ვფიქრობ, ვფიქრობ სად დავბანაკდე... ტბასთან ყველამ მითხრა მტკიცე უარი - მტაცებელი ცხოველების საფრთხის გამო. ისევ ვფიქრობ. ალბათ პირველივე შუქ-ანთებულ სახლთან ახლომახლო?!
წამოვედით. გზას ძლივს ვარჩევთ.
ვიპოვე სახლი. უცნაური. რაღაც ბოსლის სუნით. დავრჩე? არ შემიძლია... ქვევით სოფელში ჩავიდე? ყველას რომ ეძინოს და ნებართვა ვერ ვითხოვო სადმე ეზოსთან კარვის გასაშლელად? ... არა, წავალ ამ რისკზე.
და მე ხომ მიმართლებს. გზად საოჯახო სასტუმრო გამოჩნდა. დავემშვიდობე მეგზურებს და შევვარდი აწეწილ-დაწეწილი... შოკირებული თვალები დამხვდა ისევ. თხოვნები კიდევ უფრო უცნაური, მაგრამ არა-რთული. შეიძლება ეზოს ახლოს კარავი გავშალო? და უკაცრავად, ტელეფონს დამატენინებთ?
საბედნიეროდ პასუხები დადებითი.

ვაჰ! რა კარგია... შევძვრები ახლა კარავში და იმედია ჩავთბები. უხხ როგორ ცივა... მინდა შესვლა კარავში მაგრამ ვარსკვლავები მენანება... ახლოს არიან, ბევრნი არიან, ბრჭყვიალები, კაშკაშები. ვერ ველევი ყურებას.
უნდა შეველიო.
პირველი დღე დასრულდა."

imageimageimage


"ეს ბეშუმია. სახლებმა აკაკის "გამზრდელი" გამახსენა.
მთის მწველვალზე, ცის მახლობლადმერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;თვალთ ისარი, შენატყორცი, ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
ასეთი მერცხლის ბუდეებია აქ. სახასიათო და დამახასიათებელი. ყველა საოცარი ხედით, მთის წვერებს რომ ზემოდან დაჰყურებენ.
ზამთარში აქაურობა დაუსახლებელია. მოსახლეობა მხოლოდ დიდთივლობის გადასვლის შემდეგ ბრუნდება. ზამთარი აქ 5 თვეს გრძელდება, გზა კი იკეტება. საბაგიროს კეთება დაწყებულია, რაც აქაურობას მისცემს შესაძლებლობას მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლონ ტურისტებს"

imageimage

"წუხელ კარავი ზედ გოდერძის უღელტეხილის თავზე გამიშლია. სიბნელეში აბა რას გავარჩევდი, მხოლოდ დილით რომ გამოვყავი თავი, მერე მივხვდი - უმაგრესი ადგილი შემირჩევია.
თავისი უარყიფითი მხარეც ჰქონდა - მთელი ღამე ქარი მყინავდა... წინა დღეს დილის 6-ზე გაღვიძებულს და მთელი დღე ამდენ ნასიარულებს, მაინც რომ არ გაძინებს ისე ციოდა. თუმცა ძილის ძალა უფრო აღმატებულია, გონება გაითიშა, ფიზიკური შეგრძნებები დაადუმა.
თვალს ვახელ და თურმე გათენდა. კარავში თბილა, მზე ანათბს. თუმცა ძვლები გაყინული მაქვს, თითქოს ყველაფერი მტკივა. ძვლებში მამტვრევს, ადგომა მეზარება. მაგრამ... მაგრამ სხვა გზა არაა, უნდა ადგე, გზა განაგრძო. ძალა მოიკრიბე! გავაღე კარვის კარი და
უაააჰ... აღმომხდა.
დიდი და დიადი სივრცე წინ... მთის წვერები ჰაერის ლურჯ პერსპექტივაში ჩაფლული. დამავიწყდა ყველანაირი ტკივილი. გამოვცოცხლდი, მოვღონიერდი. აბა კარვიდან გავიდე...
უი, ფეხსაცმელი სადაა? ჰმმ, ალბათ ძაღლმა წაიღო. გადმოვიღე სათადარიგო და გამოვედი. კარვის თავზე დამხვდა შემოწყობილი. მერე დიასახლისმა მითხრა, ძაღლს მართლა წაუღია, თვითონ კი იზრუნა და მომიტანა.
საუზმით და "მოწესრიგების საშუალებებითაც" გამიმასპინძლდნენ, სანახაობებიც მიმასწავლეს. ვემშვიდობები მასპინძლებს, ერთერთი ვაშლატამებს მიწყობს ჩანთაში.
მოვუყვები გზას, ხანშიშესულ აჭარლებს სალამი შევძახე, კითხვაც მივაყოლე ხომ სწორ გზას ვადგავარ. მარტო რად დადიხარო, კეთილი გზაო, სიკეთეო, ბედნიერებაო.


მშვიდობით ბეშუმო, ჩვენ ისევ შევხვდებით"


imageimage

2
546
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
546
  
2015, 19 აგვისტო, 22:54
კარგად გადმოსცემს,სასიამოვნოდ იკითXება და დამაინტერესა
2015, 19 აგვისტო, 15:43
მეც გავაზიარე
0 1 2