x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ადამიანები, რომელთაც წარმოდგენაც არ აქვთ ცივილიზაციაზე ანუ ხუთი დაკარგული ტომი მსოფლიოში
საოცარია, მაგრამ ატომური ენერგიის საუკუნეში, ლაზერული იარაღისა და პლუტონის მეცნიერული კვლევის ეპოქაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ ცხოვრობენ პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც სრულიად არიან მოწყვეტილნი გარესამყაროს და წარმოდგენაც კი არ აქვთ ცივილიზაციაზე. ასეთი ტომები დედამიწის ყველა ნაწილში ცხოვრობენ, ევროპის გამოკლებით. ისინი სრულ იზოლაციაში არიან და არ იციან, თუ რა არის ტელევიზორი, ფოტოაპარატი, ტელეფონი და ელექტროენერგიაც კი. თუმცა არის ზოგიერთი ტომი, რომელმაც პირიქით, მშვენივრად იცის, რომ სხვა ორფეხებიც ცხოვრებენ მათგან მოშორებით, მაგრამ სრულებითაც არ ჩქარობენ მათთან კონტაქტის დამყარებას. არსებობს აგრეთვე მესამე, უკიდურესად უარყოფითად განწყობილი კატეგორია ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანებისა - ისინი მზად არიან ნებისმიერ უცხოტომელს სიკვდილით "გაუმასპინძლდნენ".


image


...და როგორ მოვიქცეთ მათთან შეხვედრისას ჩვენ - ცივილიზებული ადამიანები?- უნდა გავერიდოთ მათ თუ პირიქით, ვეცადოთ კონტაქტის დამყარებას? დავუმეგობრდეთ თუ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და დისტანცია დავიჭიროთ მათთან ურთიერთობისას?

ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო ხანებში - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ფაქტი, რომ პერუს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტაქტი დაემყარებინა ერთ-ერთ ასეთ გარიყულ ტომთან. აბორიგენებს გამოუჩნდნენ დამცველები, რომლებიც თვლიან, რომ გარესამყაროსთან კონტაქტი ამ ტომის ხალხისათვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს: ეს ადამიანები შეიძლება დაიღუპონ ჩვენთვის ჩვეული ნებისმიერი ავადმყოფობისაგან, რადგან მათ არ აქვთ გამომუშავებული ამ დაავადებების საწინაღმდეგო იმუნიტეტი, ასევე უცნობია, საერთოდ დათანხმდებიან თუ არა ისინი სამედიცინო დახმარებას.


მოდით ვნახოთ, რომელ ადამიანებზეა საუბარი და ცივილიზაციისაგან შორს მყოფი რომელი ტომები გვხვდება თანამედროვე სამყაროში.



1. ბრაზილია


image
სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს გარესამყაროსაგან მოწყვეტილი ყველაზე მეტი არაკონტაქტური ტომი. უკანასკნელი მონაცემებით, მათი რიცხვი 80-ზე მეტია, თუმცა ეს ტომები ძალიან მცირერიცხოვანია, თითოეული მათგანი მხოლოდ 20-30 კაცს ითვლის, მაგრამ ზოგიერთ მათგანში შეიძლება მოსახლეობის რაოდენობა 1000 -1500 - მდე იყოს. ისინი მთელი ბრაზილიის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ, თუმცა მიწის ფართობი, რომელზეც ისინი ცხოვრობენ, არც თუ ისე მცირეა და ის ბრაზილიის მთელი ფართობის 13 %-ია (მწვანე ლაქები რუკაზე)


image


იზოლირებული ტომების მოსაძებნად და მათ გამოსავლენად ბრაზილიის ხელისუფლება დროდადრო აწყობს ვერტმფრენებიდან ამაზონის გაუვალი ჯუნგლების დაკვირვებას. 2008 წელს პერუს საზღვართან სწორედ ამგვარად იქნა აღმოჩენილი მანამდე უცნობი ველური ტომი- თავდაპირველად ანთროპოლოგებმა თვითმფრინავიდან დაინახეს მათი წაგრძელებული, კარვისმაგვარი ქოხები,


image


ხოლო შემდეგ ნახევრადშიშველი ბავშვები და ქალებიც შეამჩნიეს, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ, განმეორებითი შემოფრენის დროს ქალებისა და ბავშვების მაგივრად უკვე მშვილდისრებით და ხის შუბებით შეაიარაღებული, თავიდან ბოლომდე წითლად შეღებილი მამაკაცები გამოჩნდნენ. სავარაუდოდ, მათ ვერტმფრენი ფრინველის ბოროტ სულად მიიღეს და საბრძოლო შეძახილებით დაუშინეს ისრები.


image


ამის შედეგ ეს ტომი დღემდე შეუსწავლელია. მკვლევარები თვლიან, რომ ის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და უზრუნველყოფილია: ვერტმფრენიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ისინი ჯანმრთელები და მაძღრები არიან.


image


ინდიელებს ჰქონდათ ლიანებისაგან დაწნული კალათები, რომლებიც სავსე იყო ხილითა და ბოსტნეულით. თვითმფრინავიდან მეცნიერებმა რაღაც ხილის ბაღებისმაგვარიც კი შეამჩნიეს. სავარაუდოდ, ეს ტომი უკვე 10 ათას წელზე მეტია აქ ცხოვრობს და მათ კვლავინდებურად პირველყოფილი სახე აქვთ შენარჩუნებული.



2. პერუ


image

ეს კი ის ტომია, რომელთანაც კონტაქტის დამყარება ასე ძალიან სურს პერუს ხელისუფლებას, კერძოდ, მაშკო-პიროს ტომის ინდიელები, რომლებიც ამაზონის ტყეების სიღრმეში ცხოვრობენ, კერძოდ, მანუს ნაციონალური პარკის ტეროტორიაზე. წინათ ისინი კატეგორიულად გაურბოდნენ სხვა ადამიანებს, მაგრამ ამ ბოლო წლებში უკვე ისეთი მფრთხალები აღარ ჩანან და გარკვეულ ინტერესსაც გამოხატავენ ცივილიზაციასთან შესახვედრად. გასულ წელს დაახლოებით 100 შემთხვევა აღირიცხა, როცა მათ დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და შორიდან აკვირდებოდნენ სხვა ადამიანების მოქმედებებს.


image


პერუში მიღებული ოფიციალური კანონი კრძალავს კონტაქტს დაკარგულ ტომებთან, რომელთა რიცხვი ამ ქვეყანაში დაახლოებით 12- მდეა, მაგრამ მაშკო-პირო უკვე სხვა შემთხვევაა. ისინი უკვე რამდენჯერმე დაეკონტაქტნენ ქრისტიან მისიონერებს, რომლებმაც მათ ტანსაცმელი და საკვები შესთავაზეს.


image


აღსანიშნავია, რომ ამ ტომთან დამყარებული კონტაქტის ყველა მცდელობა როდი დასრულდა მშვიდობიანად: 2015 წლის მაისში მაშკო-პიროს ტომელები ფარულად შეიპარნენ პერუს ერთ-ერთ სოფელში და თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ორი ჭაბუკი ამ შეტაკებას ემსხვერპლა. ისინი მოწამლული ისრებით მოკლეს ინდიელებმა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ კონტაქტის დამყარების შემდეგ ასეთ შემთხვევებს ადგილი აღარ ექნება.


image


ეს მამაკაცი კი მაშკო-პიროს ერთადერთი ცივილიზებული ინდიელია. ადგილობრივმა მონადირეებმა ის სულ პატარა იპოვეს ამაზონის ჯუნგლებში ნადირობის დროს და თან წამოიყვანეს. მას შემდეგ ის ამ სოფელში ცხოვრობს და ალბერტო ფლორესის სახელს ატარებს.



3. ანდამანის კუნძულები, ინდოეთი


image

ბენგალიის ყურეში, ინდოეთსა და მიანმას შორის მდებარე ამ არქიპელაგის ნამცეცა კუნძულებზე ცხოვრობენ გარესამყაროს მიმართ უკუდურესად მტრულად განწყობილი ინდიელები-სენტინელები. ისინი პირველი აფრიკელების პირდაპირი შთამომავლები არიან, რომელთაც კონტინენტი ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ დატოვეს. მას შემდეგ ეს პატარა ტომი დაკავებულია ნადირობით, თევზჭერითა და შემგროვებლობით. უცნობია ის, თუ როგორ აჩაღებენ ისინი ცეცხლს.


image


დღეისათვის იდენტიფიცირებული არაა, თუ რა ენაზე ლაპარაკობენ სენტინელები. ცნობილია მხოლოდ ერთი, რომ მათ ათასწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი გარესამყაროსთან. მათი ზუსტი რაოდენობაც კი არაა დადგენილი-სავარაუდოდ, აქ 100-დან 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ მტრად ეჩვენებათ ყველა უცხოტომელი, ასე მაგალითად, 2010 წელს მათ მოკლეს ორი მეთევზე, რომლებსაც ნავში ეძინათ და დინებამ სენტინელების კუნძულზე გამორიყა, ხოლო შემდეგ ისრების წვიმა დააყარეს მეთევზეების საძებნელად ჩაფრენილ ვერტმფრენს.


image


იყო მხოლოდ ორიოდე "მშვიდობიანი" კონტაქტი სენტინელებთან 1960-იან წლებში: ერთხელ მკვლევარებმა მათ დასანახად სანაპიროზე დააწყვეს ქოქოსის კაკალი -აინტერესებდათ, შეჭამდნენ თუ დარგავდნენ მას; ველურებმა ქოქოსი შეჭამეს. მეორედ კუნძულის სანაპიროზე მათ ცოცხალი ღორი დაუტოვეს - მათ ის მყისიერად მოკლეს და ...დამარხეს. ერთადერთი, რაც სენტინელებს სასარგებლოდ მოეჩვენათ - ეს პლასტმასის წითელი ვედროები იყო - მათ ისინი კუნძულის სიღრმეში წაიღეს, ხოლო მწვანე ვედროებს კი რატომღაც ხელი არ ახლეს.


image


მაგრამ იცით, რა არის ყველაზე უცნაური და აუხსნელი? მიუხედავად პირველყოფილობისა და უკიდურესად პრიმიტიული საცხოვრებელი პირობებისა, სენტინელები მთლიანად გადარჩნენ 2004 წელს წყნარ ოკეანეში მომხდარი მიწისძვრისაგან გამოწვეული საშინელი ცუნამის დროს. ამ მიწისძვრის დროს ხომ აზიის სანაპიროზე მცხოვრები 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, რამაც ის ყველაზე საშინელ ბუნებრივ კატასტროფად აქცია კაცობრიობის ისტორიაში.



4. პაპუა - ახალი გვინეა


image

ოკეანეში გადაშლილი ახალი გვინეის კუნძული ბევრ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს, მისი ძნელადმიღწევადი მთიანი ადგილები, დაფარული ხშირი ტყეებით, მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება დაუსახლებელი და უდაბური - სინამდვილეში აქ საკმაოდ ბევრი ტომი ცხოვრობს. ლანდშაფტის თავისებურების გამო ისინი მოწყვეტილნი არიან არამარტო ცივილიზაციას, არამედ ერთმანეთსაც: არის შემთხვევები, როცა ორ სოფელს შორის მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრია, მაგრამ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ ერთმანეთის არსებობაზე. ტომები იმდენად იზოლირებულად ცხოვრობენ, რომ ყველა მათგანს თავისი წეს-ჩვეულებები და ენა აქვს. აბა წარმოიდგინეთ-ლინგვისტები არჩევენ 600-მდე პაპუასურ ენას, ხოლო საერთოდ ამ ქვეყანაში 800 სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ.


image


აქაურ აბორიგენებებზე უამრავი შემზარავი ამბები დადის: იყო შემთხვევები, როცა ამ ადგილებში ჩასული ექსპედიციის წევრები, რომლებიც პაპუასების მოძებნას და მათი ყოფა-ცხოვრების გამოკვლევას ცდილობდნენ, უკვალოდ გაქრნენ. სავარაუდოდ, ველურებმა ისინი დაიჭირეს და შეჭამეს. ზუსტად ასე გაქრა 1961 წელს ამერიკის უმდიდრესი ოჯახის წევრი მაიკლ როკფელერი. ის ჯგუფს ჩამორჩა და როგორც ეჭვობენ, შეჭმული იქნა აბორიგენების მიერ.


image



5. აფრიკა


image

ეთიოპიის, კენიისა და სამხრეთ სუდანის საზღვრის გასწვრივ ცხოვრობს რამოდენიმე ტომი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 200 ათასამდეა. მათ ყველას ერთად სურმას უწოდებენ. ისინი მისდევენ მეცხოველეობას, მაგრამ არ არიან მომთაბარეები და აერთიანებთ საერთო კულტურა სასტიკი და უცნაური ტრადიციებით.


image


ერთ ერთი ასეთი ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცები გოგონას გულის დასასაკუთრებლად აწყობენ ბრძოლას წვეტიანი ჯოხებით, რომელიც ხშირად მათი დასახიჩრებით ან უფრო მეტიც, სიკვდილით მთავრდება, ხოლო გასათხოვარი გოგონები ჭაბუკებისათვის თავის მოსაწონებლად იძრობენ ქვედა კბილებს, იხვრეტენ ტუჩს და მასში ხის ან თიხის ფირფიტას იდგამენ. რაც უფრო დიდია ეს ფირფიტა, მით უფრო მეტ საფასურს იხდის გოგონაში ბიჭი, ამიტომ ქალიშვილები ერთმანეთს ეჯიბრებიან ტუჩის გაწელვაში და ზოგიერთ მათგანს 40 სანტიმეტრი დიამეტრის ფირფიტაც კი აქვს ჩადგმული.


უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ამ ტომების ახალგაზრდებმა, შეიტყვეს რა ცივილიზებული სამყაროს არსებობის შესახებ, უარი თქვეს "სილამაზის" ამ რიტუალის დაცვაზე, თუმცა ისინი სულაც არ ამბობენ უარს ფიგურული ნაიარევით სხეულის დაფარვაზე და ამ მორთულობით ძალიანაც ამაყობენ.


image


საერთოდ, სურმას ხალხების კონტაქტი ცივილიზაციასთან მეტად არამყარია: მაგალითად, ისინი დღემდე წერა-კითხვის უცოდინრები არიან, მაგრამ გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ველურებმა შესანიშნავად აითვისეს კალაშნიკოვის ავტომატების მოხმარება, რომლებიც მათ ხელთ ჩაუვარდათ სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს.


image


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი- პირველი ადამიანები გარესამყაროდან, რომლებთანაც სურმას ხალხებმა 1980-იან წლებში კონტაქტი დაამყარეს, იყვნენ რუსი ექიმები. აბორიგენები მაშინ ძალიან შეშინდნენ, რადგან ისინი გარდაცვლილების სულებად მიიღეს - მათ ხომ არასოდეს არ უნახავთ თეთრკანიანები.

4
1720
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1720
  
2015, 28 ივლისი, 20:48
ახლა წავაწყდი,რა კაი იყო :)))))))
აი ასეთი სტატიები "მკვებავს"
2015, 28 ივლისი, 18:03
მე მიყვარს ასეთი თემები...მასას-არა :)
2015, 28 ივლისი, 17:56
ძალიან მაგარია...ქართულ ჭორებს მილიონჯერ ჯობია ეს სტატია
0 1 4