x
სილამაზის საიდუმლო

imageსილამაზის სტანდარტის შესახებ წარმოდგენები დროთა განმავლობაში რადიკალურად იცვლება. სხვადასხვა კულტურა იდეალური გარეგნობის განსხვავებულ ეტალონს გვთავაზობს. თუმცა, ფიზიკური მომხიბვლელობისადმი ინტერესი არასოდეს ნელდება. სილამაზის ფენომენი ნებისმიერ ეპოქასა თუ ხალხში აქტუალობას ინარჩუნებს. როგორც ამბობენ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მართლაც, უამრავი ადამიანი ფულსა და ენერგიას არ იშურებს სასურველი გარეგნობის შესაქმნელად. მრავალი მათგანი ქირურგიულ ჩარევებსაც არ უფრთხის იდეალური ვიზუალის მისაღწევად. მოდით ერთად გავიგოთ, რა განაპირობებს მათ ამგვარ მისწრაფებასა და ძალისხმევას . პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოგვწონს ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები და სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში მათ მიმართ უფრო სიმპათიით განვეწყობით, ვიდრე ნაკლებად მომხიბვლელების მიმართ. გარდა ამისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კარგი გარეგნობის მქონე ადამიანებს მიეწერებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ინტელექტი, ჯანმრთელობა, დომინანტურობა. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები თავდაჯერებულები არიან და ურთიერთობის უფრო დახვეწილ ფორმებს ფლობენ, ვიდრე ნაკლებად მომხიბვლელი ინდივიდები. განსაკუთრებული, ყურადღება უნდა დავუთმოთ "სილამაზით დასხივების ეფექტს", რომლითაც მოხერხებულად სარგებლობენ სილამაზით გამორჩეულ ადამიანებთან დაახლოებული პირები. ისინი საზოგადოების მხრიდან გაცილებით უფრო მიმზიდველებად ფასდებიან, როდესაც კარგი გარეგნობის მქონე ადამიანების მეგობრებად აღიქმებიან, ვიდრე მაშინ როდესაც მათ ნაკლებად მომხიბვლელი მეგობრები ახლავთ თან. რა თქმა უნდა, რომანტიკულ ურთიერთობებშიც ამ უკანასკნელებს ენიჭებათ უპირატესობა. ლამაზი ადამიანები ხომ ძალიან სწრაფად ექცევიან ყურადღების ცენტრში.მრავალი კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ სილამაზე ძლიერი იარაღია კარიერული წინსვლის გზაზე, კარგი გარეგნობის მქონე ადამიანები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ცოდნითა და უნარებით მათი მსგავსი ინდივიდები, რომლებიც ნაკლებად მიმზიდველები არიან.
ამდენად, ვფიქრობ, დავრწმუნდით, რომ გარეგნობა დიდ როლს თამაშობს ცხოვრებისეული გზის წარმართვაში. ამ გადმოსახედიდან, სავსებით გასაგებია ადამიანთა სწრაფვა სილამაზისაკენ.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ადამიანები განსხვავებული გარეგნული მონაცემებით ვიბადებით... თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ " თუ უფრთოდ დაიბადეთ ხელი არ უნდა შეუშალოთ მათ გაზრდას" და
" სულაც არ არის საჭირო იდეალური იყოთ, იმისთვის რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეთ".
საკუთარი ძლიერი მხარისა და ნაკლის ცოდნა ადამიანს ეხმარება საუკეთესო კუთხით თავის წარმოჩენაში.ამიტომ მთავარია იცოდეთ რა უნდა გამოკვეთოთ და რა დაფაროთ საკუთარ გარეგნობაში. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ და ინტენსიურად ივარჯიშებთ თავად გახდებით სასწაულების მოწმე. გემოვნებიანად და გონივრულად ჩაცმა, შესაფერისი მაკიაჟი, უდავოდ, თქვენს სამსახურში იქნებიან. მაგრამ რაც მთავარია გაითვალისწინეთ, კოკო შანელის რჩევა :" სილამაზეზე ზრუნვა გულისა და სულის გალამაზებით უნდა დაიწყოთ, თორემ სასურველ შედეგს ვერასოდეს მიაღწევთ..."
და ბოლოს სტატია დავასრულოთ უმშვენიერესი ოდრი ჰეპბერნის სიტყვებით:" ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურასა თუ ვარცხნილობაში, ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობასა და სიყვარულში, რომელსაც ის გასცემს.და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება..."


0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0