x
დაიჭირე წამი

თანამედროვე ადამიანის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მღელვარება, სტრესი რაც თავის მხრივ, სხვადასხვა ნერვულ და ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.დასაფიქრებელია, რომ წარსულსა თუ მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებული გამუდმებული შფოთვა, ნერვიულობა და შიშები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცეულა. ხშირად გვაწუხებს განცდა იმისა, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის, ამიტომ სულ ვჩქარობთ და მაინც იმედგაცრუება გვიპყრობს, რადგან ვაცნობიერებთ, რომ "ვერაფერს ვასწრებთ"... ასე ცხოვრება უაზრო და უმიზნო გვეჩვენება. ჩვენ ხომ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი დავაფასოთ და გამოვიყენოთ თითოეული წუთი, მოვიცალოთ საკუთარი ბედნიერებისათვის... როგორც ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი დეილ კარნეგი ამბობს :" ჩვენ ყველანი ვოცნებობთ რაღაც ჯადოსნურ ვარდებით სავსე ბაღზე, რომელიც მოჩანს სადღაც შორს ჰორიზონტს მიღმა, იმის მაგივრად, რომ დავტკბეთ იმ ვარდებით, რომლებიც დღეს იზრდებიან ჩვენს ფანჯარასთან". მართლაც, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ ცხოვრების მოლოდინში... და რომ "ჩვენი მთავარი საქმეა იმას კი არ შევხედოთ, რაც ჩადებულია შორ მანძილზე დაბურულ ნისლებში, არამედ იმის გაკეთება შევძლოთ, რაც უშუალოდ ჩვენს წინაშე იმყოფება." ამდენად თუ გვსურს გავხდეთ უფრო პროდუქტიულები, წარმატებულები და ცხოვრებით კმაყოფილები უნდა გავაანალიზოთ, რომ "ცხოვრების არსი მდგომარეობს თავად ცხოვრებაში ყოველი დღისა და საათის რიტმში". სწორედ ამას ითხოვს სენტ–ეგზიუპერი ღვთისაგან " მომეცი ძალა ყოველი დღისათვის, მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება, დამეხმარე ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი." დროა, მივუჯახუნოთ წარსულს კარი, საშუალება მივცეთ მას საკუთარი თავის დასამარხად, გავემიჯნოთ გუშინდელი და ხვალინდელი დღის საზრუნავს და მთელი ინტელექტისა და ენთუზიაზმის კონცენტრირება მოვახდინოთ დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად. "მომავალი დღესაა, გადარჩენის დღე დღესაა..." როგორც ძველი რომაელები ამბობენ "ისარგებლეთ დღევანდელი დღით", " დაიჭირეთ წამი", " ბრძენი ადამიანისთვის ყოველდღიურად ახალი ცხოვრება იწყება"... მოგიწოდებთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა... ვფიქრობ, უკვე დავრწმუნდით, რომ წარსული მხოლოდ სიზმარია, რომელსაც ვერ შევცვლით მომავალი კი ბუნდოვანი ხედვა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დღეს კარგად ვიცხოვრებთ გუშინდელი ბედნიერ სიზმრად, ხვალინდელი კი იმედიან მომავლად მოგვეჩვენება, მაგრამ საინტერესოა რა უნდა გავაკეთოთ დღეს... ნუთუ საჭიროა ჩვენი ცხოვრების ყველა პრობლემა ერთ დღეში გადაიჭრას? რა თქმა უნდა არა... მაგრამ დღევანდელი დღე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, რათა დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ იბრძვით და ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას. და ბოლოს, სტატიას დავასრულებ ამონარიდით სიბილა ფ.პატრიჯის საოცარი მიმართვიდან : "1)სწორედ დღეს ვიქნები მე ბედნიერი. ეს ნიშნავს, რომ მე ვიხელმძღვანელებ აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით: " ადამიანთა უმრავლესობა სწორედ იმდენადაა ბედნიერი რამდენადაც მყარად გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ ბეფნიერები". 2)სწორედ დღეს მე ვეცდები იმ ცხოვრებას მივესადაგო, რომელიც გარს მახვევია, და არ შევეცდები ყველაფრის ჩემს სურვილებთან მისადაგებას. 3) სწორედ დღეს მე ვიზრუნებ საკუთარ ორგანიზმზე, მე გავაკეთებ ვარჯიშებს, მოვუვლი ჩემს სხეულს, სწორად ვიკვებები, ვეცდები არ მივაყენო ზიანი ჩემს ჯანმრთელობას, რათა ჩემი ორგანიზმი გახდეს იდეალური მანქანა ჩემი მოთხოვნების შესასრულებლად. 4) სწორედ დღეს მე ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვიქნები.მე ვეცდები, რომ გამოვიყურებოდე რაც შეიძლება უკეთესად, შეძლებისდაგვარად ჩავიცვამ იმას რაც ყველაზე მეტად მიხდება. წყნარი ხმით ვისაუბრებ, თავაზიანად მოვიქცევი, გულუხვი ვიქნები შექებაში, ვეცდები არავინ გავაკრიტიკო, შარი არავის მოვსდო და არ შევეცდები ვინმეს ხელმძღვანელობას და ვიღაცის გამოსწორებას.5) სწორედ დღეს მე ვიცხოვრებ დღევანდელი დღით და არ შევეცდები უცბად გადავწყვიტო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა. 6) სწორედ დღეს მე ნახევარ საათს სიმშვიდეში გავატარებ7)სწორედ დღეს მე შევეცდები ყურადღება დავუთმო ჩემი გონების განვითარებას.მე რაიმე სასარგებლოს შევისწავლი.მე არ ვიზარმაცებ, მე წავიკითხავ იმას, რაც მოითხოვს ძალისხმევას, გააზრებას და კონცენტრირებას.8) სწორედ დღეს მე არ შემეშინდება, განსაკუთრებით არ შემეშინდება ბედნიერად ყოფნის, სილამაზით ტკბობის, სიყვარულის და იმაში დაჯერების, რომ იმათ, რომლებიც მე მიყვარს მეც ვუყვარვარ."

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0