x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა

ყველა
ადამიანი აფასებს საკუთარ თავს, ზოგი მეტად, ზოგიც კი ნაკლებად. თვითშეფასება ეს არის
ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, საკუთარი პიროვნული თვისებებისა
თუ გარეგნობისადმი, წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა
და თვითმიღების ხარისხსაც. თვითშეფასება შეიძლება იყოს სწორი (ადეკვატური), როდესაც
ადამიანის აზრი საკუთარ თავზე სინამდვილეს შეესაბამება და არასწორი, როდესაც ადამიანი
არაობიექტურად აფასებს საკუთარ თავს, მისი წარმოდგენები არ ემთხვევა სხვების აზრს.
ძლიერ ან სუსტ პიროვნულ მახასიათებლებზე არაადეკვატური წარმოდგენა კი ხელს უშლის ფსიქიკური
ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას. თავისმხრივ, არაადეკვატური
თვითშეფასება შეიძლება იყოს გადაჭარბებული, აღმატებული ან დაწეული, შემცირებული. ერთიც
და მეორეც შემაწუხებელი და საზიანოა, ადამიანს ცხოვრებას ურთულებს და აბრკოლებს პიროვნების
განვითარებას. თვითშეფასების
ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. მისი განვითარება ბავშვობის ასაკიდან
ხდება და ხშირად განსაზღვრვს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებას, რადგან თვითშეფასებას
შეუძლია გავლენის მოხდენა როგორც თავად პიროვნებაზე და მის პიროვნულ მიღწევებზე, ასევე
კარიერულ და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე.


ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაღალი ან დაბალი
თვითშეფასება. ჰარმონიული და ბედნიერი გრძნობების განცდისათვის მნიშვნელოვანია საკუთარ
ღირსებებსა და ძლიერ მხარეებზე ხაზგასმა. საგულისხმოა, რომ თითოეულ ადამიანს სხვადასხვა
უნარი, შესაძლებლობა გააჩნია. ეს უნარები აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ჩვენში და მისი
რეალიზების რწმენა მოვიპოვოთ. ყურადღების გამახვილება პოზიტიურ მხარეებზე გავლენას
იქონიებს პიროვნებაზე და მას დაბალი თვითშეფასებისგან დაიცავს. დაბალი თვითშეფასება
არ შეიძლება იყოს რეალისტური, ადეკვატური. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეულ პიროვნებას
აქვს ის დასაფასებელი უნარები, რომლებიც არ შეიძლება მისი მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას
იმსახურებდეს. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანი თავს გრძნობს მნიშვნელოვნად
და საჭიროდ, ფიქრობს, რომ მისი არსებობით სამყარო უკეთესია და მისი ქმედებები არაჩვეულებრივია.
მას სწამს საკუთარი შესაძლებლობების, დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღების უნარიანობის, მიზანშეწონილი ქცევის განხორციელების. იგი საკუთარ
თავსა და შესაძლებლობებში ღრმად დარწმუნებულია და ძალიან დადებითად აფასებს საკუთარ
თავს. ასეთი პიროვნება სულდგმულობს იმედითა და რწმენით. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში
დგება რთული პერიოდი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. დროთა განმავლობაში
ხდება ამ პრობლემების გადაჭრა, მოგვარება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, თუმცა
ამას ყველა მარტივად ვერ აკეთებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოვრებისეული კრიზისის
დროს, როდესაც ცხოვრება მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, პიროვნება დეპრესიაში ვარდება,
არ იცის რა გააკეთოს, განიცდის დაღლილობას, უარყოფითი ემოციური ფონით დატვირთვას, დათრგუნულობას.
ჰგონია, რომ ვერაფერს შეძლებს, პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან ღრმადაა დარწმუნებული,
რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია. საკუთარ თავს ძალიან სუსტად აღიქვამს და უჭირს რაიმეს
გაკეთება, რადგან თავდაჯერებულობა აკლია. თუმცა, ადეკვატური თვითშეფასების მქონე პიროვნება
ამ დროებით გრძნობას აღიქვამს, როგორც მიმდინარე კრიზისის ბუნებრივ შედეგს. მას შეუძლია
აღიაროს თავისი წარუმატებლობები, ცხოვრებისეული სირთულეები და საკუთარ თავში იპოვოს
მათი გადაწყვეტის ძალა. ადეკვატური თვითშეფასების მქონე პიროვნება არ უარყოფს პრობლემების
არსებობას და არ ატყუებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს. ასეთი აღიარება კიდევ უფრო
ეხმარება წინააღმდეგობებთან გამკლავებაში. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი ვერ ართმევს
თავს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების ამოცანას, რაც ხშირად ნეგატიურად აისახება
ხოლმე მათ ცხოვრებაზე. დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს როგორც მის პიროვნულ, ასევე
კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე. ასეთი თვითშეფასების მქონე ადამიანი ყოველთვის
ამჯობინებს ჩრდილში დგომას, ერიდება წინსვლებს, თავის გამოჩენას, ყურადღების ცენტრში
ყოფნას. ამის გამო იგი ხშირად შეუმჩნეველი მისი შრომა კი დაუფასებელი ხდება, რადგან
იმის შიშით, რომ მისი ნამუშევარი მოწონებას არ დაიმსახურებს, ხშირად არც გააქვს სააშკარაოზე
ან სხვისი სახელით ავლენს მას. ასეთი თავდაუჯერებლობა კი მას, რა თქმა უნდა, კარგს
ვერაფერს მოუტანს, მასზე ნაკლებად „უნარიანი“ ხალხი კი უფრო გამოჩნდება და წინ წაიწევს
როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. საგულისხმოა ისიც, რომ დაბალი თვითშეფასების მქონენი
გარშემომყოფებისაგან მუდმივად ელიან დაცინვას, ტყუილს, შეურაცხყოფას, ხდებიან აპათიურები
როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლების მიმართ, მათი ცხოვრების თანამგზავრი ხდება შიში,
რაც მარტოობასა და იზოლაციაში ყოფნას განაპირობებს. უნდა აღინიშნოს, რომ არც ზედმეტად
მაღალი თვითშეფასებაა სასარგებლო. საკუთარ შესაძლებლობებთან შეუსაბამო, არარეალისტური
იმედების შემთხვევაში მარცხი ძლიერ მტკივნეულად განიცდება და ჯანსაღი ფსიქიკისათვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.


თვითშეფასება მრავალგანზომილებიანი ცნებაა.
მაგალითად, ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება პიროვნებათშორის ურთიერთობებში
და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევდეს საკუთარ წარმატებებს სწავლის სფეროში.თვითშფასება არის ადამიანის მენტალური
სურათი, რომელსაც ხედავს საკუთარი თავის შესახებ. თვითშფასება საკუთარი თავის ხედვაა
და მარტივად პასუხობს შემდეგ კითხვას: „როგორ გგონია, რას ფიქრობენ ადამიანები შენს
შესახებ?“ ადამიანებს ხშირად უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, რისი მიზეზიც არის ადამიანის
მიმართ ხშირი კრიტიკა, დაცინვა, შეურაცხყოფა და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ბავშვობაში განცდილი სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმები. დაბალი თვითშეფასება არ არის
მხოლოდ სხვების გავლენით გამოწვეული, ზოგჯერ მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით პიროვნებაშია,
მიუხედავად იმისა, რომ სხვები შეიძლება აღნიშნავდეს პიროვნების: სილამაზეს, გონიერებას,
ნიჭიერებას და ა.შ. უარყოფითი თვითშეფასების მიზეზი შეიძლება იყოს პერფექტიონიზმიც,
ანუ ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გამუდმებით ისწრაფვის სრულყოფისკენ, არასდროს
არ მოსწონს თავისი გაკეთებული საქმე, ნაფიქრი, ქცევა და ა.შ. დაბალი თვითშეფასება ზოგჯერ
არის ძალადობის შედეგი. სხვადასხვა სახის ძალადობის შედეგად ადამიანებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ
რწმენა, მათი სისუსტის, უუნარობის, უკონტროლობის, პასიურობის, უნუგეშობის და პესიმიზმის
შესახებ. ხშირად მსხვერპლს ახასიათებს დანაშაულის, სირცხვილის, საკუთარი თავის დადანაშაულების
გრძნობა და ხშირად არიან ასეთი ადამიანები
დეპრესიულები. რაც შეეხება გადამეტებულ თვითშეფასებას, ასეთი შემთხვევები უფრო
გავრცელებულია გარდატეხის ასაკში, ძირითადად მაშინ, როცა ფიზიკური, მენტალური ან მატერიალური
შესაძლებლობები აჭარბებს ადამიანის ქრონილოგიურ ასაკს. ასეთი გადამეტებული თვითშეფასება
ხშირად გავრცელებულია კაცებში ვიდრე ქალებში. ზოგჯერ ასაკის მატებასთან ერთად თვითშეფასება
ხდება დარეგულირებული და ის არ ცდება ნორმის კალაპოტს.


დამტკიცებულია, რომ სიყვარული, სითბო,
და მიმღებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი თვითშეფასების გასავითარებლად. გარემოსადმი
ნდობის ჩამოყალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას.
თვითშეფასების ფორმირების არსებითი ფაქტორია ოჯახის გავლენა. ბავშვი საკუთარი თავის
მიმართ დამოკიდებულებებს იყალიბებს იმ შეფასებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ოჯახის წევრები
გამოთქვამენ მის მიმართ. ბავშვისთვის ეს ის გარემოა, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს
და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების აზრია მის მიმართ ვისთანაც ურთიერთობა
უწევს და ვის მიმართაც სიმპათიას გამოხატავს. სკოლაში წასვლის შემდეგ კი უკვე სხვები
ემატებიან იმ სიას, ვისგანაც ბავშვი გარკვეულ შეფასებებს მოელის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
თანატოლების აზრი და ისინი ხშირად ძალიან დიდ როლს თამაშობენ ბავშვის თვითშეფასების
განვითარებაში. ჯანსაღი თვითშეფასება შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ისეთ ატმოსფეროში,
სადაც აღიარებენ ნებისმიერ ინდივიდუალურ განსხვავებას, ღიად გამოხატავენ სიყვარულს,
არსებობს გულახდილი ურთიერთობები, პატივისცემა პიროვნების დამოუკიდებლობისა და პატიოსნების
მიმართ და შეცდომები კი ემსახურება ახალი გამოცდილების შეძენას. ასეთ ოჯახებში ბავშვები
თავს გრძნობენ საჭირო პიროვნებებად, იზრდებიან ჯანმრთელები და ჭკვიანები. ჯანსაღი ოჯახური
გარემოს ჩამოყალიბება კი დიდწილად განპირობებულია თავად მშობლების თვითშეფასებაზე.



ვფიქრობ, რომ თვითშეფასების ამაღლების საშუალება
ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მისი ფორმირება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს.
უნდა ვეცადოთ ბევრი პოზიტივი ვიპოვოთ საკუთარ თავში, ყურადღება გავამახვილოთ კარგ თვისებებზე
და უფრო მეტი თავდაჯერებულობა გამოვიჩინოთ ჩვენი თავის მიმართ. ვაღიაროთ ჩვენს მიერ
კარგად შესრულებული სამუშაო, მივიღოთ ქება და დავრწმუნდეთ, რომ ეს საქმე მართლაც ჩინებულად
გამოგვივიდა. თვითშეფასების გაუმჯობესება ზრდის თავდაჯერებას და გვადგმევინებს პირველ
ნაბიჯებს ბედნიერებისა და უკეთესი მომავლისაკენ. მისი შეძენა კი ხდება იმის შეგნებით,
რომ უნიკალურები ვართ და შეგვიძლია ყველაფრის დაძლევა. ადამიანს თავი საკმაოდ კარგად
უნდა მიაჩნდეს იმისათვის, რომ ცხოვრება გააგრძელოს და პროდუქტიული იყოს. ეს ისევე ითქმის
ბავშვის, როგორც ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში. ყველა ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია
დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში იმისათვის რომ იყოს კმაყოფილი და დატკბეს ცხოვრების
გამოცდილებით. ჩემი აზრით, თვითშეფასებაზე ზრუნვით დაკავება არასდროს არაა გვიან, ჩვენ
შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი უკეთესობისაკენ და ამისთვის კი უნდა მოვინდომოთ
და ყველაფერი გავაკეთოთ. დავასრულებ ფსიქოლოგ ვირჯინია სატირის სიტყვებით: „ყოველთვის
არსებობს იმედი, რომ თქვენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ყოველ წუთს თქვენ
შეიცნობთ რაღაც ახალს.“[1]










[1]


სატირი, ვ. (1978). "როგორ შევქმნათ საკუთარი თავი და ოჯახი".

0
913
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
913