x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
შეუძლებელი არაფერია

გადაცემა „ნიჭიერში“
ჟესტურ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფეხზე
დამდგარი დარბაზი და ჟიურის წევრები ემოციებს ვერ მალავდნენ. ნინოს და კოკას ჩანაფიქრი
წარმატებით განხორციელდა. სმენის პრობლემების მქონე ამ ორმა ახალგაზრდამ დაამტკიცა,
რომ შეუძლებელი არაფერია.


შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში აქტუალურ პრობლემად რჩება სახელმწიფოსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი სოციალიზაცია
და ჩართულობა, ეს საკითხი მაინც მწვავედ დგას. როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირები ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რაც მათ უფლებებს ლახავს,
თუმცა აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი პოზიტიურისკენ შეიცვალა.


ნინოს და კოკას
მსგავსად, საქართველოში მცხოვრები სმენადაქვეითებული ადამიანები ორგანიზაცია „საქართველოს
ყრუთა კავშირში“ არიან გაწევრიანებულები. მათი მიზანია შეიძინონ განათლება, ისწავლონ
ჟესტური ენა და დასაქმდნენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამ ადამიანების წინაშე ჯერ
კიდევ საკმაოდ ბევრი საკითხია მოუგვარებელი. ერთ-ერთი ასეთი სლკოლამდელი განათლების
პრობლემაა. საქართველოში სმენადაქვეითებულ ბავშვთა ორი სკოლაა, ერთი თბილისში, ხოლო
მეორე ქუთაისში. რაც შეეხება ბაგა-ბაღს, მხოლოდ თბილისშია ერთი ბაგა-ბაღი ასეთი ტიპის
შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის. ეს არის საქართველოში ერთადერთი სპეციალიზებული სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულება. ბაღებისა და სკოლების არ არსებობის გამო, ბავშვები ჩვეულებრივ
სკოლებში შედიან, სადაც ვერ ახერხებენ საფუძვლიანად განთლების მიღებასა და გარემოსთან
ადაპტაციას.


„საქართველოს
ყრუთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტის მაია მეტონიძის თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა ამ ადმიანებისათვის
ჟესტური ენის არცოდნაა. „ეს არის მათი ურთიერთობის ძირითადი საშუალება. ჩვენს გვერდით
არიან ადამიანები განსხვავებული საჭიროებებით, რომელთა უფლებაა კომუნიკაცია, ერთმანეთთან
ურთიერთობა. კომუნიკაციაში მთავარ როლს ენა თამაშობს, სმენადაქვეითებულთა შემთხვევაში
კი ეს არის ჟესტური ენა“ - ამბობს მაია მეტონიძე.


საქართველოში
მედია საშუალებებიც არ არის ადაპტირებული სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. მხოლოდ
ორი ტელეარხი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „ერთსულოვნება“ გადმოსცემს ინფორმაციას
ჟესტური ენის საშუალებითაც.


19 წლის ნიკას,
რომელსაც დაბადებიდან სმენის პრობლემები აქვს, ძალიან სურს სწავლის გაგრძელება და რაიმე
პროფესიის დაუფლება. მიუხედავად სირთულეებისა, ფიქრობს, რომ სწავლის მერე სამსახურსაც
უფრო ადვილად იპოვის და საკუთარ თავს დამოუკიდებლად არჩენს. რაც 18 წლის გახდა მას
შემდეგ ძალიან უნდა მართვის მოწმობის აღება, თუმცა იცის, რომ ამის უფლება არ აქვს.



მართლაც, ჩვენს
ქვეყანაში სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ შეუძლიათ მართვის მოწმობის აღება. ქართული
კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანს არ აქვს უფლება მართოს ავტომობილი, თუ ჩვეულებრივ
საუბარს ვერ აღიქვამს არანაკლებ 3 მეტრის დისტანციაზე, ხოლო ჩურჩულს არანაკლებ 1 მეტრის
დისტანციაზე ორივე ან ერთი ყურით. „ბუნებრივია, რომ სმენის დაქვეითება - ეს შეზღუდული
შესაძლებლობაა, რომელიც პრობლემად იქცევა მექანიკური ტრანსპორტის მართვისას, რადგან
მძღოლს მანქანის სამართავად ნამდვილად სჭირდება სმენა და არაფერია ამაში არაარგუმენტირებული“
- აცხადებს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი „ლიბერალთან“ საუბრისას.
თუმცა ამ მოსაზრების სისწორე წლებია უკვე ეჭვქვეშ დააყენეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
და ევროკავშირის ქვეყნებმა. ამ ქვეყნებში სმენადაქვეითებულ მოქალაქეებზე მართვის მოწმობას
ჩვეულებრივ გასცემენ. როგორც „საქართველოს ყრუთა კავშირში“ ამბობენ, ბოლო პერიოდში
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხის შესახებ და პოზიტიურ ცვლილებებსაც ელოდებიან.



ნინოსა და კოკას მსგავსად, კიდევ ბევრი ახალგაზრდა
ეუფლება ჟესტურ ენას „საქართველოს ყრუთა კავშირში“. ისინი სხვადასხვა წრეებზე დადიან,
„მღერიან“, ცეკვავენ, სწავლობენ და უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობენ. რაც მთავარია,
მიუხედავად სირთულეებისა მათ იციან და ჩვენც ამაში გვარწმუნებენ, რომ შეუძლებელი არაფერია.



0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
17