x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები და უმუშევრობა

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ერთ-ერთ მწვავე
პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა,
რომელიც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დასაქმებას ხელს შეუწყობს. რეაბილიტაციის
კურსის გავლის შემდეგ ამ ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს საკუთარი თავის რეალიზაციას
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, თუმცა არსებული სტიგმა და სტერეოტიპები ზღუდავს
მათ შესაძლებლობებს. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი ერთ-ერთი ბენეფიციარი
ა.დ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მას უკვე 8 წელია, რაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.
„რთულია საქართველოში ამ სტატუსის ტარება. საზოგადოება ძალიან ცივია ჩვენს მიმართ.
სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი სამსახურის დაწყებას, თუმცა უშედეგოდ.
როგორც კი იგებენ ჩემს მდგომარეობას, მაშინვე უარით მისტუმრებენ. 45 წლის კაცი ვარ,
მყავს მეუღლე და 2 შვილი მათ რჩენა ხომ უნდათ? ამაზე ფიქრი კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს
მდგომარეობას. 1 წლის განმავლობაში უკვე მესამედ დამაწვინეს სტაციონარში“ - ამბობს
ა.დ.



ბატონი ა.დ ერთადერთი არაა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო უმუშევარია.
თითქმის ყველა ბენეფიციარი ამ პრობლემის წინაშე დგას. საქართველოში 2011 წლის მონაცემებით
90 000-მდე ფსიქიკურად დაავადებული პირია რეგისტრირებული. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრის სოციალური მუშაკი ლალი წულეისკირი ამბობს, ამ ადამიანების დასაქმების საკითხი
მათი უფლების დარღვევაა, რადგან სხვა შეზღუდვების მქონე პირთა დასაქმებას უფრო აქტიურად
განიხილავენ საქართველოში. „ფსიქიკური შეზღუდვის მქონე სულ რამდენიმე ადამიანი თუ არის
დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს მხარდაჭერა შესაბამისი პროგრამებით, ტრენინგებით,
არ აქვთ დამსაქმებლებს დაინტერესება, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი დაასაქმოს
თავისთან. ამიტომ ამ პრობლემის მქონე ადამიანები კარგავენ თავიანთ სოციალურ როლებს
(მაგ: ცოლი, ქმარი, დედა) საზოგადოებაში“ - აცხადებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის
სოციალური მუშაკი.



„მე ის იშვიათი გამონაკლისი ვარ, რომელიც
ჩემი დიაგნოზის მიუხედავად დასაქმებულია. ძალიან
ბევრი ვეცადე და მიუხედავად ბევრი უარისა და წინააღმდეგობისა, მიზანს მივაღწიე. არ
უნდა დაეცე და არ უნდა დაითრგუნო, თუმცა ჩვენს მდგომარეობაში ამის ძალა ყველას არ შესწევს.
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ვიბრძვი სწორედ ფსიქიკურად დაავადებული
ადამიანების უფლებების დასაცავად. ცოტა ხნის წინ ანგარიშიც გამოვაქვეყნეთ საქართველოში
არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემებზე, საჭიროებებზე და რეკომენდაციებზე“
-ამბობს 28 წლის კ.ო, რომელსაც მეოთხე კურსზე ყოფნისას დაეწყო ფსიქიკური პრობლემები.
წლების წინ მან ორჯერ გაიარა რეაბილიტაციის კურსი და მას შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სოციალური მუშაკის ქ-ნი ლალის თქმით, უცხოეთში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების
დასაქმება ხშირია. იქ არსებული სოციალური პროგრამები საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს
საკუთარი უნარ-ჩვევების საფუძველზე დასაქმდნენ სხვადასხვა ადგილას. საქართველოში არ
არსებობს სახელმწიფო ვალდებულება იმისა, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება და
შემდეგ მათი დასაქმება. ბოლო წლებია ჯანდაცვის სამინისტროში საუბარია ფსიქიკური პრობლემების
მქონე პირების დასაქმების აუცილებლობაზე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ საკითხთან
დაკავშირებით ჯერ არ გადადგმულა.



ამრიგად, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების დასაქმება დღემდე რჩება ერთ-ერთ
პრობლემად. როგორც საქართველოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“ გამგეობის
თავმჯდომარე, ფსიქიატრი მანანა შარაშიძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას აცხადებს,
გაჯანსაღება და სიმპტომების მოხსნა ამ ადამიანების საზოგადოებაში დასაბრუნებლად მხოლოდ
პირველი ნაბიჯია. მათი გადარჩენა ნიშნავს მოტივაციის გაჩენას, ფუნქციის შეძენას, იმის
დაჯერებას, რომ ისინი საჭირონი არიან.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მურაჩაშვილი
მარიამ მურაჩაშვილი
72