x
ხანდაზმულობა საქართველოში

ჩვენც დავბერდებით
საქართველოში საკმაოდ ბევრი ხანდაზმულია და მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარსაა მისული, ზოგიერთი მიტოვებულია ან მარტოხელაა, ზოგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა თავს მაინც მარტოსულად გრძნობს, რადგან ''ტვირთს'' წარმოადგენს ოჯახისთვის. საქართველოში ხანდაზმულობის ასაკად მიჩნეულია 65 წელი, სწორედ, ამ ასაკიდან ეწყებათ ძირითადად ადამიანებს მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, ასევე ფინანსური პრობლემებიც, რადგან 150 ლარი არათუ წამლებში, არამედ საკვებადაც არ ეყოფა ადამიანს მთელი თვის განმავლობაში, მით უმეტეს ხანდაზმულს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ხანდაზმულები ბავშვებივით არიან და ყველაფერს უფრო მტკივნეულად განიცდიან, ხშირად შეიძლება თავისი გულისნადები არც კი გაამხილონ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი პროგრამა არსებობს მათ დასახმარებლად. სახელმწიფოს დახმარება ძირითადად შემოიფარგლება პენსიის გაზრდით. თუ 2009 წელს პენსია იყო 75 ლარი, დღეს 150 ლარია, თუმცა ეს თანხა მაინც არაა საკმარისი, ვინაიდან დაეცა ლარის კურსი და მომიატა როგორც საკვების, ისე წამლების ფასმაც. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, თვეში 150 ლარი ხანდაზმულისთვის, რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს და რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ნამდვილად ცოტაა.

სოციალური პოლიტიკის ერთ–ერთი მიმართულებაა ხანდაზმულთა პანსიონატებისა და კათარზისების დაარსება. საქართველოში, სახელმწიფო სტრუქტურაში, დღესდღეობით არსებობს 2 პანსიონატი: “თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი'' და “ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი''. საქართველოს მოქალაქე ქალბატონი 60 წლის, ხოლო მამაკაცი 65 წლის შესრულების შემდეგ, შეიძლება ჩაირიცხოს ხანდაზმულთა პანსიონატში. იმისათვის, რომ ბენეფიციარი ჩაირიცხოს პანსიონატში, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:
1. არ უნდა ჰქონდეს მწვავე ინფექციური და კანის გადამდები დაავადებები;
2. არ უნდა ჰქონდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადება;
3. არ უნდა ჰქონდეს ტუბერკულოზისა და სიფილისის აქტიური ფორმა;
4. არ უნდა ჰქონდეს თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმა;
5. არ უნდა საჭიროებდეს სტაციონარულ მომსახურებას.
თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი უზრუნელყოფს ბენეფიციარებს უსაფრთხო საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. პანსიონატებში ბენეფიციართა მიღება შეზღუდულია, ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა მაშინ, როდესაც პანსიონატში საკმაოდ ბევრი არამიზნობრივად ჩარიცხული ბენეფიციარია. ბენეფიციარების ნაწილს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ფსიქიატრიულში გადაყვანას საჭიროებენ, რადგან სხვა ბენეფიციარებს უქმნიან საფრთხეს. პანსიონატში ასევე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი მხარდაჭერის ქსელი, ჰყავთ ოჯახი, აქვთ სახლი და პანსიონატში იმიტომ ცხოვრობენ, რომ ოჯახის წევრები არ შეაწუხონ მაშინ, როდესაც ამდენი უსახლკარო და ოჯახის გარეშე დარჩენილი ადამიანი ელოდება პანსიონატში ჩარიცხვას. უნდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულთა პანისონატი არ იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის მიღების თაობაზე, ამას წყვეტს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. არსებობს ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მზრუნველობას იჩენს ხანდაზმულთა მიმართ, მაგალითად: “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება'', მოხუცებულთა თავშესაფარი “ბეთელი'' და სხვ.

1990 წლიდან საქართველოში დემოგრაფიული დაბერების პროცესია დაწყებული და დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულთა რიცხვი საკმაოდ დიდია, მათ შეზღუდული აქვთ ესა თუ ის ფუნქცია, ამიტომაც ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოვეფეროთ მათ და მაგალითი მივცეთ მომავალ თაობებს, რათა ჩვენ თუ არა, მათ მაინც შეძლონ ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესება.


1
328
3-ს მოსწონს
ავტორი:მაყვალა გოგოლიძე
მაყვალა გოგოლიძე
328
  
2015, 10 თებერვალი, 23:34
რა ტბილი ფოტოა
0 1 1