x
image
worldsport.ge
ფეხბურთელები, რომელთაც ასაკი ვერაფერს აკლებს

imageამბობენ კონიაკი რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდებაო. ჩვენი დღევანდელი სტატიაც იმ ფეხბურთელებს მიეძღვნება, რომლებიც სწორედ კონიაკივით, ასაკის მატებასთან ერთად საფეხბურთო ასპექტით უფრო მშვენდებიან, იხვეწებიან, კლასი ემატებათ... ფეხბურთელებს, რომელთაც გამო ბევრმა ჩვენგანმა შეიყვარა სპორტის ეს სახეობა, იმ მოთამაშეებს, რომელთაც არაერთხელ მოვუყვანივართ აღტაცებაში.
ჩვენ მოგითხრობთ იმ 10 ფეხბურთელის შესახებ, რომელთაც უკვე მიაღწიეს 33 წელს, რაც ფეხბურთში ვეტერანობას ნიშნავს, თუმცა ეს ვეტერანები დღესაც კი ახალგაზრდებივით თამაშობენ და ასაკის მატების არაფერი ეტყობათ.
აღსანიშნავია, რომ აქ შეხვდებით ლეგენდებს, ლეგენდებს, რომელთაც არასდროს მოუგიათ “ოქროს ბურთი”, თუმცა მათ კარიერას ეს არ ჩრდილავს, პირიქით, ალბათ, მათი კარიერა ჩრდილავს “ოქროს ბურთს”...
იკერ კასილიასი - 33 წლის, “რეალი”, ესპანეთი
იკერ კასილიასი მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილია და მთელი თავისი კარიერა “ბლანკოსის” რიგებში აქვს გატარებული. კასილიასი “რეალში” 9 წლის ასაკიდან ირიცხება. კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან (კონფედერაციის თასის გარდა) ერთად მოგებული აქვს ყველა შესაძლო ჯილდო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ (2000, 2002 და 2014 წლებში). იკერი “სამეფო კლუბის” ნომერ პირველ მეკარედ 2002 წლიდან სტაბილურად ჩამოყალიბდა. ასე გრძელდებოდა 2013 წლის ზამთრამდე, ვიდრე ჟოზე მოურინიომ სკამზე არ დასვა. თუმცა რთული პერიოდი დაძლია და თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნა. იგი ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. კასილიასი ალბათ, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიყვანს აღფრთოვანებაში ქომაგებს თავისი სეივებით.
ანტონიო დი ნატალე - 37 წლის, “უდინეზე”, იტალია
ანტონიო დი ნატალე ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს მოურგია გრანდის მაისური, არასდროს ყოფილა ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდების თემა. ფეხბურთელი, რომელმაც სულ ახლახან სერია A-ში მე-200 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-7 პოზიციაზეა, იმ ჩემპიონატში, სადაც გოლის გატანა ყველაზე რთულია... ალბათ, სულ მალე ლეგენდარული რობერტო ბაჯოს გადასწრებასაც მოახერხებს, რადგან 5 გოლის გატანა მისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. დი ნატალე “უდინეზეში” 2005 წელს, 26 წლის ასაკში გადავიდა და 10 წლის განმავლობაში ფრიულთა კლუბის რიგებში 216 გოლის გატანა მოახერხა! შეფასებები თქვენთვის მოგვინდია, იმსახურებს თუ არა დი ნატალე ჩვენს ვეტარანთა შორის ყოფნას...
ჯანლუიჯი ბუფონი - 36 წლის, “იუვენტუსი”, იტალია
ჯანლუიჯი ბუფონი ბევრის მოსაზრებით, ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ბუფონი რეკორდსმენია ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, გარდა ამისა, იგი “სკუადრა აძურას” ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, ვისაც ეს ფორმა მოურგია (1997 წელს, 19 წლის ასაკში). 2001 წელს ბუფონი “პარმადან” “იუვენტუსში” გადავიდა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული მეკარე საფეხბურთო ისტორიაში და ამავდროულად “იუვეს” ყველაზე ძვირად შენაძენი ფეხბურთელი. 2006 წელს მოგებული და ფანტასტიკურად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ, ბუფონი “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში მხოლოდ თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა, თორემ ახლა “ოქროს ბურთის” მფლობელ ადამიანზე ვისაუბრებდით, თუმცა ვინძლო, “ოქროს ბურთით” არც განისაზღვრებოდეს ამა თუ იმ ფეხბურთელის კარიერა... ჯიჯი მალე 37 წლის გახდება, მაგრამ ასაკი სულაც არ ეტყობა და ისევ მყარად დგას “ბებერი ქალბატონისა” და იტალიის ნაკრების კარის ხაზზე. სტაბილურად ხვდება წლის 5 საუკეთესო მეკარეს შორის, თანაც დამსახურებულად.
ფრანჩესკო ტოტი - 38 წლის, “რომა”, იტალია
ფრანჩესკო ტოტი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს დაუკავშირა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით სარფიანი შემოთავაზებები არაერთხელ მიუღია სხვადასხვა გუნდებიდან. ტოტი ასაკის მატებას სულაც არ იტყობს და კვლავაც სტაბილურად ხვდება “რომას” ძირითად შემადგენლობაში. მანვე ახლახან საინტერესო რეკორდი დაამყარა, გახდა რა, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხუცესი გამტანი. “ჩესკომ” ჯერ “სიტის” გაუტანა ლამაზი გოლი და რაიან გიგზის რეკორდი დაამხო, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, უკვე ცსკა-ს კარიც დალაშქრა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.
ჩავი ერნანდესი - 34 წლის, “ბარსელონა”, ესპანეთი
ჩავიმ “ბარსელონასთან” ერთად 23 ტიტულის მოგება შეძლო, რასაც 3 სანაკრებო ტრიუმფიც დაურთო. კატალონიური კლუბის ისტორიაში მისი სახელი სამუდამოდ ამოიქარგა. კლუბიდან კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ, კი გუნდის კაპიტანიც გახდა. ამბობენ, რომ ეს მისი ბოლო სეზონია “ბლაუგრანას” შემადგენლობაში, მაგრამ იქნებ გადაიფიქროს...
სტივენ ჯერარდი - 34 წლის, “ლივერპული”, ინგლისი
სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” გული. ფეხბურთელი, რომელმაც “წითლებთან” პირველი პროფესიული კონტრაქტი 1997 წელს, 17 წლის ასაკში გააფორმა. 2003 წლიდან კი გუნდის კაპიტანია. ჯერარდს არასდროს დაუტოვებია “ლივერპული”, კლუბთან ერთად 2005 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი კაპიტანს მიუძღოდა. ჯერარდის მდიდარ კარიერას ნამდვილად აკლია პრემიერლიგური ოქროს მედალი, რომელთანაც ახლოს გასულ წელს იყო, თუმცა მისი მოგება ჯერჯერობით ვერ მოახერხა... არადა, მისი კარიერა ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო ინგლისურ მედალს, თუნდაც ერთს...
ჯონ ტერი - 34 წლის, “ჩელსი”, ინგლისი
ჯონ ტერი “ჩელსის” ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. 2001 წლიდან გუნდის კაპიტანი. ტერის კარიერის შავ ლაქად 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიიჩნევა, როცა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააცუდა, თუმცა 4 წლის შემდეგ, იგივე ჯილდოს მოგება მაინც მოახერხა, მაგრამ ფინალში ტერის არ უთამაშია. ჯონ ტერი კარიერის “არისტოკრატთა” რიგებში დასრულებას ალალად იმსახურებს.
ჩაბი ალონსო - 33 წლის, “ბაიერნი”, ესპანეთი
ჩაბი ალონსო “ლივერპულში” (2004-2009), “რეალში” (2009-2014) და ახლა “ბაიერნში” არ შეცვლილა. გუნდის ხერხემალი სამივე ზემოთ ხსენებულ გრანდში. მიუნხენელთა შემადგენლობას ალონსო ადვილად შეერწყა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე წარმოედგინათ. მის გარეშე “ბაიერნის” შუახაზი რთული წარმოსადგენია. ჩაბიმ წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულა და გზა ახალგაზრდებს დაუთმო, მაგრამ საკითხავია - თვითონ ვეტერანია?..
ანდრეა პირლო - 35 წლის, “იუვენტუსი”, იტალია
ანდრეა პირლო იტალიელი მაესტრო, მოცარტი, არქიტექტორი... სტანდარტულების უბადლო შემსრულებელი და მოედნის ცენტრის შეუმჩნეველი ბატონ-პატრონი. უცნაურად დაიწყო ანდრეას კარიერა, “ინტერმა” ფეხბურთელში დიდი მომავალი ვერ დაინახა და მრავალგზის განათხოვრების შემდეგ, 2002 წელს თანაქალაქელ “მილანს” “ხურდებში” მიჰყიდა. სწორედ აქედან დაიწყო პირლოს საფეხბურთო პროფესორად ჩამოყალიბება. უცნაურია თავად ის ფაქტიც, რომ ბოლომდე ვერც “როსონერიმ” შეირგო გენიალური მოთამაშე და 2012 წელს სრულიად უფასოდ გაუშვა. პირლომ კი “იუვენტუსი” აირჩია, არც შემცდარა. ანდრეამ ტურინულ კლუბში ცალკე ისტორია დაწერა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საფეხბურთო სამყაროს, რომ ანდრეა პირლოს სიკაშკაშე არ ჩამქრალა და არც აპირებს გაფერმკრთალებას...
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 33 წლის, “პარი სენ ჟერმენი”, შვედეთი
შვედი გიგანტი, გნებავთ ღმერთი (როგორც მან საკუთარ თავს უწოდა) ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იბრას სახელის გაგონებაზე პირველ რიგში ალბათ, გატანილი გოლები ახსენდებათ, რომლებიც, როგორც წესი ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს სცდება... ზლატანმა გამოიცვალა ბევრი გუნდი (“მალმიო”, “აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა”, “მილანი”, პსჟ), თუმცა ყველგან წამყვან პოზიციებზე იდგა, ყველგან ახერხებდა და ამახსოვრებდა გულშემატკივრებს თავს. იბრაჰიმოვიჩს ასაკის მატების არაფერი ეტყობა და კიდევ კარგა ხანს შეგვეძლება ვიყოთ მოლოდინში, გოლისა, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს სცდება...


გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0