x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134639
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508834
საქართველოს არჩევანი - ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

ავტორები: ნიკა შეყელაძე
სალომე ონიანი


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალ საერთაშორისო სისტემაში წარმოიქმნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა და პოლიტიკური პლურალიზმის კვალდაკვალ სულ უფრო შესუსტდა სახელმწიფოს, როგორც უნიტარული, მთავარი აქტორის როლი სისტემაში და წინა პლანზე წამოიწია ისეთმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა თუ სხვა ტიპის გაერთიანებებმა, როგორებიცაა, ვთქვათ, გაერო, ნატო, ევროკავშირი. მათი როლი და ეფექტიანობა განსაკუთრებით ცივი ომის
შემდეგ გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო სისტემის ისეთ განვითარებას და გარდაქმნას, როგორიც დღეს გვევლინება. დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და
წარმატებულ გაერთიანებას. სწორედ მისკენ სწრაფვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პროდასავლური კურსისა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმოსავლეთ ნაწილში,
კერძოდ, რუსეთის ლობირებითა და ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული კავშირის იდეას, რომელიც 2014 წლის 29 მაისს ოფიციალურად გაფორმდა სამი სახელმწიფოს ლიდერის მიერ და
რომელიც ფუნქციონირებას 2015 წლის 1 იანვარს დაიწყებს. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ ევროპა საქართველოსთვის არ უნდა წარმოადგენდეს სასურველ მიზანს და რომ საქართველოს მომავალი ევრაზიული კავშირის წევრობაშია. მე
არ ვეთანხმები აღნიშნულ აზრს და შევეცდები არგუმენტირებული მსჯელობით დავასაბუთო იმ მოსაზრების სისწორე, რომ საქართველოს ლოგიკურ არჩევანს ევროკავშირი უნდა წარმოადგენდეს.

პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი, როგორც გაერთიანება და სისტემა, ბევრად უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე ახლად ჩამოყალიბებული საბაჟო კავშირი, რომელიც ცენტრალიზებულია და ძირითადად რუსეთის დიქტატით განხორციელებადია. ამაზე მეტყველებს ის გამოცდილება შეცდომების კუთხით, რაც უკვე არსებობს. მაგალითად შეიძლება ავიღოთ ნებისმიერი მცდელობა პოსტ-საბჭოთა სივრცის გაერთიანებისა, რომელთაგან თითოეულმა კრახი განიცადა, რაც გამოწვეული იყო ეთნო-პოლიტიკური თუ სხვა სახის კონფლიქტებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საგანგაშო პარამეტრებით, დემოკრატიის დაბალი ხარისხით, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ა.შ. რაც შეეხება ევროპას, მისი სტაბილურობის დამადასტურებელ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუნდაც, ის დრო და პერიოდი, რომელიც ამ ორგანიზაციის დაბადებასა და მის განვითარებას მოიცავს.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ევროკავშირმა მიიღო 2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. შესაბამისი განცხადებით ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელი, თორბიორნ იაგლანდი, ოსლოში გამოვიდა: „კავშირისა და მისი წინამორბედების ნაბიჯები უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში უწყობს ხელს ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გამყარებას“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს ამ ორგანიზაციის, მართლაც და, მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს.

კიდევ ერთი ფაქტორია ისიც, რომ ევროკავშირი, როგორც გაერთიანება, წარმოადგენს ბევრად უფრო დიდ და ფართო პლატფორმას ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი თავისუფალი საბაზრო სისტემითა და ხარისხზე ორიენტირებული რეგულირებული ბაზრით. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ ნაწილს სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს,
რის ფარგლებშიც არის გათვალისწინებული ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოსათვის. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების რეალური ეკონომიკური წინსვლის საწინდარი. მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 1, 7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 4, 3%-ით, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო იმპორტის 4, 4%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12%-ით, ხოლო იმპორტის 7, 5%-ით ზრდა - ეს ციფრები მოყვანილია
ECORYS და CASE-ის 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევიდან, რომელიც შეეხება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესაძლებლობის შედეგებს საქართველოსთვის. ამ მონაცემებზე დაყრდნობით
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც ევროკავშირი არის სწორი არჩევანი. ჩვენი ქვეყანა სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შეძლებს,
დანერგოს პროდუქციისა და მომსახურების ახალი სტანდარტები, უკეთესი ხარისხის მიზნით, დააინტერესოს ინვესტორები საქართველოთი, წაახალისოს ქართველი მეწარმეები და მისცეს
მათ საშუალება საკუთარი ხარისხიანი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანისა. რაღა თქმა უნდა, იმავეს ვერ ვიტყვით ევრაზიულ კავშირზე. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, მისი სახელიდან გამომდინარე, ძირითადად ეკონომიკურ ურთიერთობებს უნდა განაპირობებდეს, თუმცა მთავარი მიზანი რომ პოლიტიკურია, ამაზე მეტყველებს ის სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობასაც
გულისხმობს კავშირის წევრობა: უსაფრთხოებაში თანამშრომლობა და კოლექტიური თავდაცვა, ერთიანი პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე, საგარეო პოლიტიკის რუსეთთან კოორდინაცია და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ ეს კავშირი პოლიტიკურად ცენტრალიზებულია რუსეთის გარშემო. კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ კავშირი „ითვალისწინებს
წევრი სახელმწიფოებისათვის ერთობლივ საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით და არ გამოიყენება ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები, თუმცა აქვე არის დათქმა იმის თაობაზე, რომ ამ გაერთიანების წევრობა არ გამორიცხავს
სპეციალური დაცვითი, ანტიდემპინგური და კომპენსაციის ღონისძიებების გატარებას ქვეყნების მიერ.“ ამ რეგულაციის ფონზე მყარი არგუმენტი იქნება, თუ გავიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ
2006 წელს დსთ-ს მხრიდან ამოქმედებულ სავაჭრო ემბარგოს. „ეს კარგი მაგალითია იმის გასააზრებლად, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა არ არის საქართველოსათვის იმის გარანტია, რომ ჩვენი ქვეყნის პროდუქცია არ მოექცევა „სპეციალური დაცვითი“ სანქციების ქვეშ, რომელზეც საბაჭო კავშირის დოკუმენტებშია საუბარი, მეტიც, ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის დათქმები სწორედ საქართველოს
ტიპის ქვეყნებისთვის არის ჩადებული.“

ხაზი უნდა გაესვას იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორსაც, რომელსაც დასავლური ღირებულებების გავრცელება და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მიეკუთვნება. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ დასავლური ღირებულებების
გამავრცელებელი სახელმწიფოებია და თავად კავშირიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და აზრთა მრავალფეროვნებას ეფუძნება. ამ კუთხით, ევროკავშირი იმიტომ არის სწორი არჩევანი საქართველოსათვის, რომ
იგი ძირითად ღირებულებებად ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის კონსოლიდაციას და მხარდაჭერას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიის პროპაგანდას, მშვიდობის
შენარჩუნებას ასახელებს და ყველაფერს აკეთებს მათ დასაცავად. იმავეს თქმა არ შეგვიძლია ევრაზიულ კავშირზე. ცალსახაა რომ ევრაზიული კავშირი, ისევე როგორც ნებისმიერი წამოწყება რუსეთის მხირდან, არის და იქნება საშუალება სხვა სახელმწიფოების დამორჩილებისა და დამონებისა. ექსპერტი ეკონომიკური პოლიტიკის
საკითხებში, დემურ გიორხელიძე აღნიშნავს: „რუსეთს ამ საბაჟო კავშირით საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდა ყოფილი რესპუბლიკების რაღაც ფორმით დამორჩილება და გაერთიანება, მაგრამ არ შეიძლება ეს რაიმე ფორმით აღდგეს. ეს ეწინააღმდეგება დროს და განვითარების ლოგიკას“.

ზემოგანხილული არგუმენტებითა და მაგალითებით ცალსახად
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მყოფ გაერთიანებასთან.
ერთ მხარეს არის ევროკავშირი თავისი განვითარებულობით, ეკონომიკური წინსვლის მაღალი ტემპით, პოლიტიკური პლურალიზმითა და დემოკრატიულობით, სტაბილურობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით, საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპებით, სამართლიანობით, თავისუფლებით, ადამიანის
უფლებების დაცვით, მეორე მხარეს კი არის ევრაზიული კავშირი, კიდევ ერთი გაერთიანების სახელისა და სტრუქტურის ქვეშ ამოფარებული რუსული მექანიზმი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების
ძალით გაერთიანებისა და დამორჩილების მიზნით, „უფროსი ძმის“ ფენომენით განმსჭვალული ვითომ ეკონომიკური კავშირი პოლიტიკური სარჩულით და რომ ამ ორ გაერთიანებას შორის საქართველოსათვის მეტად ხელსაყრელი და წარმატების მომტანი იქნება ევროკავშირზე არჩევანის შეჩერება და იმ კურსით სვლა, რომელიც აღებული გვაქვს. უნდა გავითვალისწინოთ დროითი გამოცდილება, ეკონომიკურ სფეროში მიღწეული წარმატებები და წინსვა, პოლიტიკური სამართლიანობა და დემოკრატიული
ღირებულებები ევროკავშირისა და ერთხმად დავაფიქსიროთ საქართველოს არჩევანი - ევროკავშირი.


ბიბლიოგრაფია:


1. ტაბულა. 2014. რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსი ევრაზიის კავშირის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
Tabula online. ინტერნეტი. http://www.tabula.ge/ge/story/83747-ruseti-kazaxeti-da-belarusi-evraziis-kavshiris-xelshekrulebas-moatseren-xels; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


2. რადიო თავისუფლება. 2012. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს ერგო. Radiotavisufleba
online. ინტერნეტი. http://www.radiotavisupleba.ge/content/eu-nobel/24737909.html; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


3. აბაშიშვილი, გიორგი. 2014. ევროკავშირის ბაზარი - ახალი შესაძლებლობა და გარანტირებული შედეგი.
Forbes Georgia. ინტერნეტი. http://forbes.ge/ka/blog/19/evrokavSiris-bazari; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


4. EPRC. 2013. რატომ არა ევრაზიულ საბაჟო კავშირს. EPRC online. ინტერნეტი. http://www.eprc.ge/index.php?a=main&pid=437&lang=geo; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


5. EUMM. რა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა? EUMM online. ინტერნეტი. http://www.eumm.eu/ge/eu_in_georgia/what_is_eu_foreign_policy; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


6. ასანიძე, ჟანა. 2014. რა უფრო მომგებიანია საქართველოსთვის, ევრაზიულ საბაჟო კავშირში შესვლა, თუ ევროკავშირში?
ალია. ინტერნეტი. http://www.alia.ge/article.php?id=550; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.


7. შაიშმელაშვილი, გიორგი. 2013. ევრაზიული კავშირი: პოლიტიკური ალტერნატივა თუ სიმულაცია. ლიბერალი. ინტერნეტი. http://liberali.ge/ge/liberali/articles/116990/; ბოლო ნახვა, 2 ივნისი, 2014.

0
313
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნიკა შეყელაძე
ნიკა შეყელაძე
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0