x
image
worldsport.ge
საქართველოს ჩემპიონმა ახალწვეულები წარადგინა

imageდღეს, "დინამო არენას" მედია დარბაზში საქართველოს ჩემპიონმა ახალწვეულები წარადგინა. თბილისის "დინამოს" ხუთი ახალი ფეხბურთელი ჰყავს: რადეკ დოსოუდილი, რაფა ჯორდა, რაფა გარსია, ლაშა თოთაძე და გიორგი ჩირგაძე. პრესკონფერენცია მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა, “დინამოს” დირექტორმა ლევან ზუხბაიამ და სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ გამართეს. სანამ ფეხბურთელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ, მანამდე ჩეხი სპეციალისტის კომენტარს შემოგთავაზებთ.
მიხალ ბილეკი: "ჰოლანდიაში მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილნი ვართ. ორკვირიანი შეკრება ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე იყო გათვლილი. ამხანაგური მატჩები მეორეხარისხოვანი იყო. ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. განვლილ მატჩებში რამდენიმე ტაქტიკური სქემაც დავამუშავეთ და გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადაა. მოსამზადებელ ეტაპებზე გამოიკვეთა, რომ გუნდი გაძლიერებას საჭიროებდა. ლაშა თოთაძე საქართველოს ჩემპიონატში ძლიერად თამაშობდა და ვფიქრობ, დაცვის ხაზს, ქართველთან ერთად, ჩეხი დოსოუდილი აშკარად გააძლიერებს. ესპანელი ფეხბურთელებიც ძალიან ძლიერები არიან და გიორგი ჩირგაძეც მათთან ერთად, გუნდის შეტევებს უფრო გააძლიერებს.
- "დნიპროსთან" ბოლო წუთზე წაგებულ მატჩში (1:2) გუნდს კონცენტრაცია აკლდა...
- მოგეხსენებათ, ბოლო წუთზე გოლი გავუშვით, მაგრამ ვფიქრობ, ეს გოლი სათამაშო თემიდან ამოვარდნილი იყო და უფრო უიღბლობას მივაწერ. იმ მატჩში გუნდმა კარგად იასპარეზა, კონცენტრირებაც არ აკლდათ. უბრალოდ, დაცვაში ფეხბურთელების როტაცია მიმდინარეობდა და ამან უფრო იქონია გავლენა წაგებულ მატჩში.
- მომავალმა მეტოქემ ყაზახეთის ჩემპიონატში დიდი ანგარიშით წააგო, თუ გაქვთ მათზე რაიმე ინფორმაცია?
- "აკტობეს" გარკვეული პრობლემები აქვს, ბოლო მატჩში მათ 7 გოლი გაუშვეს და ვთვლი, რომ მათი წაგება, მხოლოდ ერთმატჩიანი ჩავარდნა იყო და გუნდი ჩვენთან დაპირისპირებამდე მობილიზებას მოახდენს. ვაკვირდებით მათ თამაშს და ჩვენ სიძლიერე მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.
პრესკონეფერენციაზე "დინამოს" დირექტორმა ლევან ზუხბაიამ განაცხადა, რომ მწვრთნელს გუნდის გაძლიერებაში ხელი შეუწყვეს: "აღნიშნულმა შეკრებებმა დაგვანახა, რომ სხვადასხვა პოზიციები გასაძლიერებელი იყო. ჩვენ ბილეკს ხელი არ შევუშალეთ, მივეცით თავისუფლება, რათა თვითონ გადაეწყვიტა და აერჩია ფეხბურთელები. გუნდმა კარგი შეკრება გაიარა და ვფიქრობთ, მომავალი მატჩისთვის უკვე მზად ვართ."
ახლა კი "დინამოში" ჩარიცხული ახალწვეულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ.
25 წლის მცველმა ლაშა თოთაძემ, რომელიც სხვადასხვა პერიოდში საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", უნგრულ "დიორ ეტოსა" და გორის "დილას" შემადგენლობაში გამოდიოდა, გასული სეზონი ბოლნისის "სიონში" გაატარა. ფეხბურთელმა ახალ კლუბში 3 ნომრიანი მაისური მოირგო.
"კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც ახალი, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და მან კარგად იცის "დინამოს" პლიუსები და მინუსები. ამხანაგურმა თამაშებმა ბევრი გვასწავლა და იმედია შედეგი არ დააყოვნებს." - განუცხადა "მსოფლიო სპორტს" თოთაძემ.
ერთ-ერთი სერიოზული დანამატი "დინამოსთვის" ჩეხი ცენტრალური მცველი რადეკ დოსოუდილია. 31 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ბოლესლავის" ღირსებას იცავდა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა. დოსოუდილი, 5 წლის განმავლობაში სლოვაკეთში თამაშობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ "პეტრჟალკას", ხოლო შემდეგ ბრატისლავის "სლოვანში" გახდა. "დინამოს" ახალწვეული პრაღის "სპარტას" აღზრდილია, რომლის მაისურითაც ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. რადეკი ერთი პერიოდი თურქულ "დენიზლშიც" თამაშობდა. 2003 წელს, მან ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა. ჩეხი ფეხბურთელი "დინამოში" 29 ნომრიან მაისურს მოირგებს და მაისურზე შემოკლებით "დოსი" ეწერება.
"დინამო" ძალიან კარგი კლუბია. ჰოლანდიაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და გუნდი მომავალი მატჩისთვის უკვე მზადაა." _ განაცხადა ჩეხმა მცველმა.
28 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა რაფა გარსიამ კარიერის დიდი ნაწილი "რაიოში" გაატარა. 2012/13 წლების სეზონში, იჯარის წესით ხერესში თამაშობდა. გასულ სეზონში კი სეგუნდა დივიზიონის "ლუგოს" ღირსებას იცავდა. რაფა გარსია თბილისში დღეს ჩამოფრინდა და კლუბში 27 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბილეკის გადაწყვეტილებით, კლუბი 30 წლის ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა. რაფა ჯორდამგანვლილი სეზონის მეორე ნახევარი "სიენაში" გაატარა. ესპანელმა საფეხბურთო კარიერა "ვალენსიას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და ამის შემდეგ "ნუმანსიას" ღირსებას იცავდა. ჯორდას "დინამომდე" ბევრი კლუბი გამოუცვლია: "ბენიდორმი", "ალიკანტე", "ერკულესი", "ლევანტე" და ჩინური "გუიჩჯოუ ჟენხე". აზიურ კლუბში, ესპანელი თასის გათამაშების გამარჯვებული და ბომბარდირი გახდა. რაფა ჯორდას "დინამოში" 11-ნომრიანი მაისური ერგო.
საქართველოს ჩემპიონმა ქართველი ფორვარდი გიორგი ჩირგაძე რუსთავის "მეტალურგიდან" დაიმატა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა აშშ-ში "რედ ბულში" დაიწყო. 23 წლის ფეხბურთელს 23-ნომრიანი მაისური ერგო.
"ჰოლანდიაში ფიზიკურად ძალიან კარგად მოვემზადეთ და "აკტობესთან" მატჩისთვის უკვე მზად ვართ. რთული მატჩი გველოდება, თუმცა იმედიანად ვარ განწყობილი. "დინამო" ჩემთვის ახალი გამოწვევაა." - განაცხადა ჩირგაძემ.
პრესკონფერენციაზე "დინამოს" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა. ლევან ზუხბაიას განცხადებით, 16 ივლისს, დილიდან, "დინამოს აკადემიაში" ფან-შოპი გაიხსნება, სადაც კლუბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ სასურველი აქსესუარები იყიდონ.
შეგახსნებთ, რომ "დინამო" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას "აკტობეს" წინააღმდეგ, 16 ივლისს, ოთხშაბათს, "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.


გიორგი ბალახაძე

ბადრი კეთილაძის ფოტო

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0