x
გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში, ჯგუფის აზრის ფენომენი, დინამიკა და შეჭიდულობა

image გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის პოლარიზაციისაკენ გადაწევამ, როგორც ვნახეთ, შეიძლება ხელი შეუშალოს ზუსტი და ეფექტური არჩევანის გაკეთებას. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლარიზაცია, არ არის ერთადერთი პროცესი, რომელმაც შეიძლება მოგვცეს ისეთი ეფექტი, რომლსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღების ჯგუფი მიიყვანოს თუნდაც კატასტროფულ შედეგებამდე. მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ ჯგუფის აზრის ფენომენს.
ჯგუფური აზრი - საღი აზრით, ჯგუფის წევრებს შორის შეჭიდულობის მაღალი დონე პოზიტიური მოვლენაა. ბოლოსდაბოლოს, თუ ჯგუფის წევრებს მოსწონთ ძალიან ერთმანეთი, ღრმა თანხმობას გრძნობენ ჯგუფის მიმართ, შესრულების დონე მაღალი იქნება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მოსაზრება მცდარიც კი შეიძლება იყოს. როცა ჯგუფის შეჭიდულობის მაღალი დონე შეწყვილებულია სხვა პირობებთან (მაგ. დინამიური გავლენიანი ლიდერი) შეიძლება მოქმედებაში მოვიდეს ისეთი შემაშფოთებელი პროცესი, რომელიც ჯგუფური აზრის სახელწოდებითაა ცნობილი (ჟანის, 1982) ჯგუფური აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობ პირობებს შორის ასახელებენ შემდეგს:
•გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის მაღალი შეჭიდულობა;
• ჯგუფის გარედან ზეგავლენისაგან, ინფორმაციისაგან იზოლაცია;
• დინამიკური, დირექტიული ლიდერი;
• ალტერნატული აქტიობების პრო-/კონტრა - არგუმენტების განხილვის პროცედურების ნაკლებობა.
• მაღალი სტრესი გარეგანი მუქარისაგან, თანაც მცირე იმედი, რომ ნაპოვნი იქნება უკეთესი გადაწყვეტა ვიდრე შემოთავაზებულია ლიდერის ან სხვა მნიშვნელოვანი ინდივიდის მიერ.
ჩამოთვლილი პირობები ქმნის ე.წ. ჯგუფურ აზრს, რომელიც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. ასეთ კატასტროფულ გადაწყვეტილებადაა ჩათვლილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯ. კენედის და მისი მრჩევლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაამხონ ფ. კასტროს რეჟიმი კუბაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გაწრთვნილი 1400 კუბელი ემიგრანტების საშუალებით, რომელმაც სამარცხვინო მარცხი განიცადა.
ან კიდევ პრეზიდენტ ლ. ჯონსონის და მისი პოლიტიკური მრჩევლების (რომელიც პრეზიდენტის გუნდს ქმნიდა) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვიეტნამის მიმართ, რომელსაც მოჰყვა ვიეტნამის ომი და მისი ესკალაცია 1964-67 წწ. და რომელიც ასევე ამ პოლიტიკის სრული კრახით დამთავრდა.
ამავე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება ავღანეთის წინააღმდეგ ე.წ. შეზღუდული კონტიგენტით საომარი მოქმედების განხორციელების შესახებ, რომელმაც აგრეთვე სრული კრახი განიცადა.
თითქოსდა გაუგებარია, ასეთი მაღალი ინტელექტუალების და პროფესიონალებისაგან შემდგარი ჯგუფები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც კატასტროფულია ყველა ასპექტით. სწორედ ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ახსნაა ნაცადი ჯგუფური აზრის ფენომენით, პოლარიზაციის ფორმებთან ერთად.
ჯგუფური აზრი, რომელიც ყალიბდება გადაწყვეტილების მიღების ჯგუფში, ზემოთ ჩამოთვლილ პირობებში, ჩათვლილია რომ წარმოადგენს აზროვნების რეჟიმს, როცა გადაწყვეტილების ჯგუფში, კონსენსუსის ძიება იმდენადაა დომინირებული მაღალი შეჭიდულობის ჯგუფისათვის, რომ ჩნდება ტენდენცია უკუაგდოს მოქმედების ალტერნატიული საშუალებების რეალისტური შეფასება. ერთი სიტყვით ჯგუფი ფაქტიურად კარგავს კონტაქტს რეალობასთან. რაც მთავარია, რაკი ჩამოყალიბდება ასეთი ჯგუფური აზრი, მას ტენდენცია აქვს თვითგანმტკიცებისა და განვითარებისაკენ. ამიტომ ის გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს რეალობას. ამაში მას ხელს უწყობს მისთვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც ხელს უშლის რეალობასთან საღი კონტაქტის დამყარებას. ამ თვისებებს შორის გამოყაფენ შემდეგს:

1. არა მოწყვლადობის ილუზია - ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც არ აძლევს ჯგუფის წევრებს შესაძლებლობას დაინახონ საშიშროება. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, პრეზიდენტის ჯგუფი იღებდა რეალურ ინფორმაციას, მაგრამ არც ერთი მათგანისათვის სერიოზული მნიშვნელობა არ მიუციათ.
2. რწმენა, რომ ჯგუფი მთლიანად მართალია.
3. ჯგუფის ეთიკურობის ურყევი რწმენა.
4. ინფორმაციის, რომელიც ჯგუფის პოზიციის საწინააღმდეგოა, დისკრედიტაციის და ……..იგნორირების ტენდენცია.
55. ჯგუფური რაციონალიზაცია. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის შეხვედრებში ძირითადად მთელ …….დროს თავიანთი გადაწყვეტილების რაციონალიზაციას უთმობდნენ.
6. მოწინააღმდეგის აზრი შეხედულებების სტერეოტიპირება. ისინი იმდენად ბოროტი …….ხალხია, რომ არ ღირს მათთან მოლაპარაკება.
7. ჯგუფში ძლიერი დაწოლა კონფორმულობისაკენ. რაც არ აძლევს ინდივიდებს თუნდაც …..შენიშვნის გამოთქმის შესაძლებლობას.

ყოველივე ეს განსაზღვრავს უკიდურესად ცუდ გადაწყვეტილებასთან ერთად იმასაც, რომ ჯგუფი გადაწყვეტილების შემდეგ თავის თავს არწმუნებს უფრო და უფრო ინტენსიურად, რომ ის სწორია.
სამწუხაროდ, ჯგუფური აზრი ჩანს რომ არ არის იშვიათი ან არა ჩვეულებრივი მოვლენა. პირიქით, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ჯგუფი ხდება მაღალი შეჭიდულობის და აღმოჩნდება სტრესულ სიტუაციაში, სადაც საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და იმართება ძლიერი დინამიკური ლიდერის მიერ, იქმნება რეალური საშიშროება მრავალ კონტექსტში. შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება რომელიც კატასტროფული იქნება ყველა ასპექტში.

ჯგუფის დინამიკა: ნორმები, შეჭიდულობა და სოციალური შემსუბუქების თეორია;

ჯგუფის დინამიკაში განიხილება საკითხები თუ როგორ აქტიობს ჯგუფი, რა განსაზღვრავს ჯგუფის გავლენას მის წევრებზე, რას წარმოადგენენ ის ძალები, რომლებიც ცვლიან ინდივიდის კოგნიციას, მის აფექტურ და ქცევისეულ კომპონენტებს.
ჯგუფის სტრუქტურულად ფორმირებასთან ერთად იწყება ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბებები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯგუფის წევრებზე ზეგავლენის საქმეში. ამასთან, ჯგუფის დინამიკა განისაზღვრება იმითაც, თუ რამდენად მიიზიდებიან ერთმანეთისკენ ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯგუფის შეჭიდულობის, კოჰესიურობის სახელითაა ცნობილი, რომელიც ასევე ჯგუფის ფორმირების, მისი სტრუქტურის ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯგუფის წევრებზე.
ნორმები. ნორმები წარმოადგენენ თამაშის წესებს, იმპლიციურს ან ექსპლიციურს, რომელსაც აყალიბებენ ჯგუფები რათა მოახდინონ მათი წევრების ქცევების რეგულირება. ნორმები კარნახობენ ჯგუფის წევრებს როგორ მოიქცნენ ან როგორ არ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციებში. რადგან ჯგუფები ჩვეულებრივ დაჟინებით მოითხოვენ მისი წევრების ერთგულებას, როგორც ბაზისურ მოთხოვნას წევრებისათვის, არ არის გასაკვირი, რომ ინდივიდს, რომელსაც სურს შეუერთდეს ან დარჩეს ჯგუფში არსებითად უნდა მიჰყვეს 3თამაშის ამ წესებს4. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება აღმოჩნდეს ჯგუფის გარეთ.
შეჭიდულობა (კოჰესიურობა) ანუ ის, თუ რამდენად აქვთ ჯგუფის წევრებს მოცემული ჯგუფისადმი მიკუთნებულობის სურვილი. შეჭიდულობას განსაზღვრავს ყველა ის ძალა როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური, რომლებიც მიზეზობრივად განსაზღვრავენ ინდივიდის ჯგუფში დარჩენას. პოზიტიურ ძალებში განიხილება ჯგუფის წევრებს შორის მოწონება, კავშირი ინდივიდუალურ მიზნებსა და ჯგუფის მიზნებს შორის, ინდივიდისათვის ჯგუფში დარჩენის მაღალი ღირებულება. ნეგატიურ ძალებში იგულისხმება ჯგუფის წევრებს შორის დაბალი მიზიდვა, ცუდი კავშირი ინდივიდის მოთხოვნილებებსა და ჯგუფის მიზნებს შორის, დაბალი საფასური ჯგუფში დარჩენისათვის და სხვა ჯგუფის მოძებნის სურვილი.
თითქოსდა ნათელია, რომ როცა საკითხი ჯგუფების შეფასებას ეხება მაღალი კოჰესიურობა ყოველთვის განხილული უნდა იყოს როგორც დადებითი მოვლენა და ჩვეულებრივ ეს ასეცაა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მაღალი კოჰესიურობა ჯგუფის ეფექტური შესრულებისათვის ხელისშემშლელია. მაგ. მაღალი შეჭიდულობის გამო ჯგუფმა შეიძლება იმდენი დრო დახარჯოს სასიამოვნო სოციალური ურთიერთობისათვის, რომ ჯგუფის შესრულების დონე საფრთხეში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებენ, რომ შეჭიდულობის მაღალმა დონემ შრომით საქმიანობაში შეიძლება ხელი შეუშალოს ჯგუფის შესრულებას, როცა ჯგუფის წევრები გრძნობენ რომ მათი ძალისხმევა არ არის მხარდაჭერილი მენეჯმენტის მიერ. ასეთ სიტუაციაში მაღალი შეჭიდულობის ჯგუფმა შეიძლება მიიღოს ისეთი მიზნები რომელიც უგულებელყოფს ორგანიზაციის მიზნებს. ამ შემთხვევაში მაღალი შეჭიდულობის ჯგუფი ადვილად მოიგერიებს მასზე განხორციელებულ დაწოლას. მაღალ კოჰესიურობას აქვს დადებითი გავლენა ჯგუფის შესრულებაზე, ის ზრდის ჯგუფის გავლენას მის წევრებზე, მაგრამ აუცილებელი პირობაა ის, რომ ჯგუფის მიზნები უნდა ემთხვეოდეს ორგანიზაციის მიზნებს.
ჯგუფის გავლენა ინდივიდუალურ შესრულებაზე.
ადამიანები ზოგჯერ მუშაობენ მარტო. მაგ. როცა ინდივიდი გარკვეულ პრობლემაზე მუშაობს სახლში. ზოგჯერ მუშაობს სიტუაციაში როცა სხვა ადამიანებიც არსებობენ, მაგ. როცა ინდივიდი მუშაობს პრობლემებზე ბიბლიოთეკაში სადაც სხვა მკითხველებიც არიან. ზოგჯერ ადამიანები მუშაობენ სხვა ადამიანებთან ერთად, როგორც ჯგუფი რომელიც საერთო პრობლემებზე მუშაობს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ინდივიდებს ასეთ სიტუაციაში ჩვენს შესრულებაზე? გავლენა ალბათ განსხვავებული იქნება იმისდა მიხედვით, თუ რა ურთიერთობა გვექნება ჩვენ იმ სხვასთან. თუ ის უბრალოდ არსებობს ჩვენს სიტუაციაში მაგრამ არ მუშაობს ჩვენთან ერთად, გავლენა განსხვავებული იქნება ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ჩვენთან ერთად, როგორც ერთი გუნდის წევრები.
სოციალური შემსუბუქება (ფასილიტაცია).
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ნორმან ტრიპლიტმა შეამჩნია, რომ ველომრბოლელები, უკეთეს დროს აჩვენებდნენ რბოლაში შეჯიბრების დროს, ვიდრე ინდივიდუალური ვარჯიშის დროს. პირველი ექსპერიმენტები ამ პრობლნმაზე ალბათ ტრიპლიტს ეკუთვნის, როცა ლაბორატორიულ პირობებში მან ბავშვებს დაავალა ძაფის დახვევა რაც შეიძლება სწრაფად, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუფში. შედეგები განსხვავებული იყო. ამის შემდეგ უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს. კვლევითი შედეგები აჩვენებდნენ, რომ სხვისი არსებობა აუმჯობესებდა ინდივიდუალურ შესრულებას. მაგრამ ამის პარალელურად მიღებული იქნა საწინააღმდეგო შედეგებიც, სადაც აშკარა იყო, რომ სხვისი თანდასწრება აუარესებდა ინდივიდუალურ შესრულებას.
1960-იან წლებში ამ პრობლემით დაინტერესდა რობერტ ზაიონკი (Zaijonk, 1965) და სცადა ამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების ურთიერთშეჯერება. ზაიონკმა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები ახსნა ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი პრინციპით, რომ აგზნება აძლიერებს დომინირებულ რეაქციას. ამ პრინციპის გამოყენება ზემოთ მითითებული სოციალურ ფსიქოლოგიური ფენომენის ასახსნელად შემდეგნაირად ჟღერდა: აგზნების ამაღლება აუმჯობესებს მარტივი ან კარგად დასწავლილი ამოცანის შესრულებას - რომლებისთვისაც დომინირებულ რეაქციებს წარმოადგენს სწორი პასუხები. და აუარესებს რთული ან ცუდად დასწავლილი ამოცანების შესრულებას, სადაც დამინირებულია მცდარი პასუხები. შესაბამისად ზაიონკის მიერ შემოთავაზებული ახსნა ცნობილია სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორიის სახელწოდებით.
სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორია. ბაზისური იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს ზაიონკის თეორიას შეიძლება ასე დავალაგლოთ: სხვისი არსებობა ზრდის ინდივიდის მოტივაციას ანუ აღძვრის დონეს. ეს დებულება ეთანხმება ჩვენს არაფორმალურ გამოცდილებას, რომ ხშირად, სხვისი თუნდაც პასიური არსებობა სიტუაციაში, იწვევს იმას, რომ განვიცდით გარკვეულ აგზნებას, იწვევს აღძვრის ნიშნებს დაძაბულობის გრძნობას, აგზნებას. მაგრამ თუ როგორ იმოქიედებს აღძვრის ასეთი გაზრდა ჩვენს შესრულებაზე, ზაიონკის აზრით, ამას განსაზღვრავს ორი ბაზისური ფაქტი: პირველი, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში კარგად დადგენილი ფაქტია, რომ აღძვრის დონის ამაღლება ზრდის დომინანტური პასუხების გამოვლენას - ე.ი. იმ პასუხების გამოვლენას, რომლებისთვისაც ინდივიდი მზადაა შეასრულოს მოცემულ მომენტში. როცა აღძვრის დონე მაღალია, ტენდენცია შევასრულოთ ძლიერი დომინანტური პასუხები იზრდება; მეორე - ასეთი დომინანტური პასუხები შეიძლება იყვნენ როგორც სწორი ისე მცდარი.
როცა ეს ორი დაშვება კომბინირებულია დაშვებასთან, რომ სხვისი არსებობა არის აღმძვრელი, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ: (1) სხვების არსებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს (შეამსუბუქოს) შესრულებას როცა ინდივიდის დომინანტური პასუხები მოცემულ კონტექსტში არის სწორი; (2) სხვების არსებობამ შეიძლება ფაქტიურად ხელი შეუშალოს შესრულებას, როცა ინდივიდის დომინანტური პასუხები ამ სიტუაციისთვის მცდარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვისი არსებობა ხელს შეუწყობს კარგად დასწავლილი პასუხების გამოვლენას, მაგრამ ხელს შეუშლის ქცევის ჯერ კიდევ არა დაოსტატებული ფორმების შესრულებას. 1960-იან წლებში როგორც ზაიონკის და მისი კოლეგების ისე სხვების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ ამ ჰიპოთეზებს.
სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორია ემყარება ადამიანის ბუნების გარკვეულ გაგებას. კერძოდ ჩათვლილია, რომ ადამიანი თავისი ბუნებით უფრო კონკურენტულია ვიდრე თანამშრომლური და ეს განსაზღვრავს იმას, რომ სხვისი თანდასწრება, თუნდაც მინიმალურ სოციალურ სიტუაციაში ადამიანის შეჯიბრებითი ბუნების გამო შინაგანად უმტკიცებს სხვას თავის კარგ ბიჭობას, რაც იწვევს აღძვრის ამაღლებას. ერთი სიტყვით დაშვებულია რომ ადამიანის შეჯიბრებითი ბუნება განსაზღვრავს სოციალური შემსუბუქების დინამიკას.
იმის გასარკვევად, ადამიანი თავისი ბუნებით თანამშრომლურია თუ შეჯიბრებითი, საინტერესო კვლევები ჩატარდა ლაბორატორიული თამაშის გამოყენებით, სადაც ხდებოდა ყოველდღიური ურთიერთქმედების სიმულაცია. ამ გამოკვლევებს შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ორი ე.წ. ტვირთვის გადაზიდვის თამაში და პატიმრის დილემის თამაში. ამ კვლევების საერთო შედეგები იყო ის, რომ სუბიექტებს - საშუალო კლასის, თეთრ, ამერიკული კოლეჯის სტუდენტებს, უფრო ტენდენცია ჰქონდათ შეჯიბრისაკენ, მაშინაც კი როცა თანამშრომლობა მეტ მოგებას მოუტანდა მათ.





ავტორი: ვანო ჯანიაშვილი
05.07.2014

0
436
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვანო ჯანიაშვილი
ვანო ჯანიაშვილი
436