x
ფსიქო-სოციალური განვითარება ადრეულ მოზარდობასა და მოზრდილობაში, ერიკ ერიქსონის მიხედვით

imageერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი იყო, რომელმაც შექმნა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მან ცხოვრების ციკლის რვა სტადია გამოყო, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების მანძილზე. ყოველ ეტაპზე ადამიანის წინ დგას ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები, კრიზისები და კონფლიქტები, რომელთა გადაწყვეტაა საჭირო.მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კონფლიქტი არ ამოიწურება ბოლომდე, აუცილებელია ინდივიდმა საკმარისად გადაჭრას თითოეული მათგანი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომი სტადიების კონფლიქტებს. თუ ეტაპი წარმატებით არ შესრულდა, მაშინ შესაძლებელია წინა ეტაპზე გადაუწყვეტელი პრობლემები მომავალში ხელახლა დადგეს ადამიანის ცხოვრების წინაშე.


ერიკ ერიკსონის მიერ შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, ფოკუსირდება საკუთარ თავსა და სხვებზე ინდივიდის ორიენტაციაზე. სტადიები მოიცავს პიროვნების განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტებს, და ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კონფლიქტებს.

ჩვენ შევეხებით ერიკსონის მხოლოდ რამოდენიმე სტადიას, კრიზისს, რომელიც ადრეული მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.



image კომპეტენტურობა - არასრულფასოვნების წინააღმდეგ ( 6-12წწ)


ამ ეტაპისთვის ბავშვები უფრო შეგნებული ხდებიან, უფრო მეტად აცნობიერებენ სერიოზულ და აბსტრატულ საკითხებს. შეუძლიათ იშრომონ ბევრი, ბეჯითად, იმისთვის, რომ დაიმსახურონ პატივისცემა და იმისთვის, რომ გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ გაინაწილონ, იმუშაონ ერთად და ძირითადი გუნდური მუშაობის პრინციპები დააკმაყოფილონ. ამ პერიოდისთვის იგებენ დროის და სივრცის კონცეფციებს, არიან უფრო ლოგიკური აზროვნებაშიც და ქცევებშიც და უფრო პრაქტიკულები ამოცანების შესრულებისას. უკეთ ესმით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსებობის. სწავლობენ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს: წერას, კითხვას. უყალიბდებათ გარკვეული მორალური ღირებულებები.

თუკი ბავშვებს ექნებათ წახალისება კარგი საქციელის ჩადენისას, გარვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მაშინ მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო პროდუქტიულები იქნებიან, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით. ამ ეტაპზე ჯილდოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბავშვებისთვის ასაკის ამ დიაპაზონში ამ დროისთვის ვითარდება სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, ავითარებენ იმ შესაძლებლობებს რაც უკეთ გამოსდით. ხოლო თუ მოხდება მათი ხედვის არეალის შეზღუდვა, არ ექნებათ საშუალება გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს და სახეობებს, მათი მოტივაცია ქვეითდება, თვითშეფასება კი მცირდება. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ, ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარება და ხელშეწყობა.


ეგო-იდენტურობა - როლების აღრევის წინააღმდეგ (12-18წწ)


ამ ასაკისთვის ბავშვებში იზრდება იმის განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამ ასაკში ყალიბდება სექსუალური იდენტურობა, რომელიც მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობების და ემოციების ნაზავი. ამ პერიოდისთვის, ზოგ ბავშვს განსაკუთრებით უყვარს მანქანები, მუსიკა, ზოგი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში ერთიანდება. ერიკსონის ხედვით ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება საკუთარი იდენტურობის განცდა. თუკი მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტურობის განსაზღვრა, უვითარდება იდენტურობის კრიზისი.

ცხოვრების ამ ეტაპზე ხდება დიდი ბოლოგიური და ფიზიკური ძვრები ადამიანის ორგანიზმში, ხდება სქესობრივი მომწიფება და ეს ეტაპი ემსგავსება ხიდს ბავშვობიდან დიდობისკენ.

ერიკსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდსა აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს ვინ არის და რა უნდა. ამ დროისთვის ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებს და დიდებს შორის.

ერიკსონი აღნიშნავდა, რომ ზოგჯერ ადამიანებში იდენტურობის პერიოდი გაცილებით იზრდება და არ შემოიფარგლება 12-18 წლით.


ინტიმურობა - იზოლაციის წინააღმდეგ (19-40 წწ)


მთლიანობაში, ეს არის თაყვანისმცემლობის, ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების პერიოდი. ის მიმდინარეობს გვიანდელი ახალგაზრდობიდან ადრეული სიმწიფის განმავლობაში.
ამ განზომილების ერთ პოლუსზე იმყოფება ინტიმურობა, ხოლო მის საპირისპიროზე – იზოლაცია.

ერიკსონი გულისხმობს ინტიმურობას იმ სათუთ გრძნობაში, რომელსაც ჩვენ განვიცდით ჩვენი მეუღლეების, მეგობრების, და-ძმების, მშობლებისა და სხვა ნათესავების მიმართ. გარდა ამისა, ის საუბრობს ინტიმურობის შესახებ, როგორც უნარის “საკუთარი იდენტობის გაერთიანებისა სხვა პიროვნების იდენტობასთნ საკუთარ თავში რაიმეს დაკარგვის საფრთხის გარეშე”.

დადებითი თვისება, რომელიც ინტიმურობა – იზოლაციის კრიზისის დაძლევას უწყობს ხელს, არის სიყვარული.

ამ პერიოდისთვის ადამიანები მზად არიან ჩამოაყალიბონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ. აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით). თუ პიროვნება ვერ აყალიბებს ინტიმურ ურთიერთობას (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება) ხდება მისი იზოლაციაში მოქცევა.


ერიკსონი არ შეჩერდა გარდატეხისა და მოზარდობის ასაკის დასასრულთან და მან დინამიური ფსიქოსოციალური განვითარება განიხილა შემდეგ სტადიებშიც. მან ადამიანის ცხოვრების ეტაპები ერთ ციკლში გააერთიანა, სადაც ყველა ეტაპი ურთიერთდამოკიდებულია და ერთი ეტაპის წარმატებით შესრულება წინაპირობაა მომდევნო ეტაპზე წარმატებისა. საბოოოდ კი ადამიანი ცხოვრებისგან იღებს ჯილდოდ სიბრძნეს, ხოლო განვლილი ცხოვრებისგან თვითკმაყოფილების და სრულფასოვნების განცდას.






ავტორი: ვანო ჯანიაშვილი

0
657
2-ს მოსწონს
ავტორი:ვანო ჯანიაშვილი
ვანო ჯანიაშვილი
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0