x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
შიზოფრენიის სიმპტომები

ფსიქოზური აშლილობებიდან ყველაზე რთული ბუნების შიზოფრენიაა.შიზოფრენია ბერძნული სიტყვაა და ფსიქიკის გახლეჩას (Schizo-გახლეჩა, phrene-ფსიქიკა, გონება) ნიშნავს. შიზოფრენია, რომელიც ხანგრძლივი ფსიქიკური აშლილობაა, განაპირობებს ადამიანის შემეცნებითი და ემოციური სფეროს ფუნდამენტურ ცვლილებებს და გავლენას ახდენს მეტყველებაზე, აზროვნებაზე, აღქმაზე, სელფზე ანუ თვითობაზე. სიმპტომების მრავალფეროვნების გამო, ისინი პირობითად დაყოფილია პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებად. სიმპტომთა ორივე ჯგუფი გულისხმობს ნორმალური ფუნქციონირებიდან გადახრას, იმ განსხვავებით, რომ პოზიტიური სიმპტომები ასახავენ „პათოლოგიურ გადაჭარბებას“, ხოლო
ნეგატიური სიმპტომები ასახავენ „პათოლოგიურ დეფიციტს“.

პოზიტიურ სიმპტომებს მიეკუთვნება ბოდვები, ჰალუცინაციები, დეზორგანიზებული მეტყველება, დეზორგანიზებული აზროვნება,
დეზორგანიზებული, კატატონური ქცევა. შიზოფრენიის ნეგატიურ სიმპტომებს მიეკუთვნება ემოციური გაღარიბება, მეტყველების
შეუძლებლობა, ასოციალურობა, ყურადღებისა და მოტივააციის დაქვეითება. იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს სიმპტომების არსი დეტალურად განვიხილავ თითოეულ მათგანს.

ბოდვები შიზოფრენიით დაავადებულების 90% აქვს. ესაა დამახინჯებული და გაზვიადებული აზროვნების ან მცდარი ინტერპრეტაციების შედეგად ჩამოყალიბებული რწმენები. ბოდვები ძირითადად უკავშირდება ალოგიკურ, უცნაურ იდეებს და ფანტაზიებს. შიზოფრენიით დაავადებულის ბოდვები მოიცავს: პარანოიდულ ბოდვებს, როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ სხვა ადამიანები მათ დამორჩილებას და მათთვის ზიანის მიყენებას
გეგმავენ; მითითების ბოდვებს- ამ დროს ადამიანები ნეიტრალურ გარემო-პირობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ,
მაგალითად, სჯერათ, რომ ტელეკომუნიკაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მათთვის კონკრეტული მესიჯის მატარებელია; კონტროლის ბოდვებს, როდესაც ადამიანებს
ჰგონიათ, რომ მათი ფიქრები და ქცევები სხვა ადამიანების მიერ იმართება; სომატურ ბოდვებს- ესაა რწმენა იმის შესახებ, რომ რაღაც უცხო და საშინელი მოძრაობს ადამიანის სხეულში, ან რაიმე სერიოზული დაავადება სჭირს და ბოლოს, განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის ბოდვებს, როდესაც ადმიანებს სჯერათ, რომ
ზებუნებრივ ძალებს ფლობენ ან ცნობილი და გამოჩენილი ადამიანები არიან.

ჰალუცინაციები წარმოადგენს დამახინჯებულ ან გაზვიადებულ აღქმას, რომელიც რეალური ობიექტის გარეშე აღმოცენდება და პიროვნების მიერ განიცდება, როგორც ობიექტის სინამდვილე. არსებობს სხვადასხვაგვარი ჰალუცინაციები. შიზოფრენიით დაავადებულებში ყველაზე ხშირად გამოხატულია სმენითი
ჰალუცინაციები, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ პრაკუზია (paracusia). პაციენტთა დაახლოებით 60%-90% აღენიშნება ეს სიმპტომი და ამ დროს ადამიანებს ესმით ისეთი ხმები, რომლებიც სხვა ადამიანებს არ ესმით, ესმით ხმაური, ბგერები, სიტყვები, საუბრები, რომლებიც შინაარსობრივად შესაძლოა იყოს გამაფრთხილებელი, მუქარის, წინასწარმეტყველური და ა.შ. ხშირად არ შუეძლიათ იდენტიფიცირება, თუ ვინ საუბრობს. არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი ხმები ესმით, თითქოს საკუთარ ფიქრებს, აზრებს ახმოვანებენ და საკუთარ ქცევებს ხმამაღლა განიხილავენ; საუბრობენ წარმოსახულ ადამიანთან ან ხმასთან,
ივიწყებენ გარემომცველ სამყაროს და უეცრად სიცილით ან ბრაზით რეაგირებენ. შიზოფრენიით დაავადებულებში ასევე ხშირად აღინიშნება ვიზუალური ჰალუცინაციები და ის პაციენტთა დაახლოებით 16%-72% აღენიშნება. ვიზუალური ჰალუცინაციები გამოიხატება გარეგანი სტიმულის გარეშე ვიზუალური
გამოსახულების აღქმით. გამოსახულება შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული და მკვეთად გამოხატული, მაგალითად, ადამიანი-(შეიძლება წარმოიდგინოს ოჯახის წევრები, წმინდანები, ცხოველები) ან შეიძლება იყოს უფორმო, მაგალითად, სინათლის გაელვება.
ვიზუალური ჰალუცინაციები ძირითადად ღამით ან დღის კონკრეტულ პერიოდებში ვლინდება. მას ძირითადად თან ახლავს სხვადასხვა მოდალობის ჰალუცინაციები. არსებობს ყნოსვითი
ჰალუცინაციები და გამოიხატება იმით, რომ ადამიანი შეიგრძნობს ისეთ სუნებს, რომელთაც ფიზიკურ სტიმულთან კავშირი არ აქვს. ყნოსითი ჰალუცინაციები ასევე ცნობილია, როგორც ფანტოსმია (phantosmia). გემოს ჰალუცინაციების დროს ადამიანი
საკვების ან სასმელის უცნაურ გემოს შეიგრძნობს,
მუდმივად გამოეყოფა ნერწყვი და აქვს წყურვილის შეგრძნება. ტაქტილური ჰალუცინაციები გულისხმობს მდგომარებას, როდესაც
ადამიანი სხეულის ზედაპირზე ან კანქვეშ უცხო საგნების შეხებას შეგრძნების სახით განიცდის, თითქოს ტანში ჟრუანტელი უვლის. და ბოლოს, სომატური ჰალუცინაციები, რომელიც ხასიათდება სხეულის პათოლოგიური შეგრძნებით, მაგალითად, პაციენტი ჭამის
დროს გრძნობს, რომ თითქოს მუცელი არ აქვს.

დეზორგანიზებული აზროვნებას ახასიათებს აზრებს შორის ასოციაციური ჯაჭვების გაწყვეტა, ინკოჰერენტულობა ანუ აზრების გრამატიკული და ლოგიკური დაკავშირების უუნარობა, შიზოფრენიით დაავადებულებს არ შუძლიათ მიზანზე ორიენტირებული აზროვნება.
დეზორგანიზებული აზროვნება გავლენას ახდენს მეტყველებაზე, რაც შიზოფრენიით დაავადებულებში ვლინდება დეზორგანიზებული მეტყველების სახით, შუსაბამო, ალოგიკურ თემებზე საუბრით; უთავბოლო მონოლოგებით; საკითხებს შორის კავშირის დარღვევით ხასიათდება. შიზოფრენიით დაავადებულები წინადადებას
იწყებენ ერთი საკითხით და ასრულებენ სრულიად განსხვავებული საკითხით; საუბრობენ ნეოლოგიზმებით, -(სიტყვებით, რომელთა
მნიშვნელობა მხოლოდ მათ ესმით); ერთი და იმავეს რამოდენიმეჯერ იმეორებენ; საუბრისას იყენებენ მნიშვნელობის არმქონე რიტმულ ფაზებს.

დეზორგანიზებული ქცევა/კატატონური ქცევა იწვევს პიროვნების
უუნარობას, წარმართოს ყოველდღიური ცხოვრება ჩვეული ტემპებით; აქვეითებს ინდივიდის ფუნქციონირებას; ადამიანის ქცევა აგრესიული, განმეორებადი და სტერეოტიპულია; ადამიანს არ შეუძლია იმპულსური ქცევების შეკავება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა; ყურადღებას იქცევს ინდივიდის გარეგნული იერი და ჩაცმულობა.

მეტყველების შეუძლებლობა, რომელიც შიზოფრენიის ნეგატიურ სიმპტომებს მიეკუთვნება, გულისხმობს მეტყველების შინაარსობრივ გაღარიბებას ანუ ალოგიას, რაც გამოიხატება მეტყველების გამართულობისა და პროდუქტიულობის შემცირებით,
პასუხებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობის გაზრდით, აზრებისა და სიტყვების გაწყვეტითა და ბლოკირებით.

ემოციური გაღარიბება მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა გამომსახველობითი მოძრაობების სიღარიბე, სახის გახევებული გამომეტყველება (ამიმია), მზერითი კონტაქტის სიმცირე, ემოციების გამოხატვის უუნარობა, აფექტური რეაგირების არარსებობა და კონტექსტისთვის შეუსაბამო ემოციური რეაგირება.

შიზოფრენიის ნეგატიური ასპექტები ასევე გულისხმობს თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვის შეუძლებლობას, ადამიანებთან
ურთიერთობების დარღვევასა და სოციალურ იზოლაციას, ძილისა და კვებით პრობლემებს, მოტივაციისა და კონცენტრაციის ნაკლებობას, სექსუალური ინტერესების დაქვეითებას, ფიქრების, ქცევებისა და გრძნობების ინტეგრაციის უუნარობას.

0
6407
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა თოფურია
ანა თოფურია
6407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0