x
image
worldsport.ge
ფანზონა “კოპაკაბანაზე”

imageრიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოება ჯერჯერობით ყველაზე მეტად ცნობილ პლაჟ “კოპაკაბანაზე” და მის მიმდებარე ქუჩებზე იგრძნობა. “კოპაკაბანა” გარდა თავისი სანაპიროსი და კომფორტული სასტუმროებისა, იმითაცაა ცნობილი, რომ ბავშვობაში იქ ქვიშაში არაერთ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია.
12 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ბრაზილიის ნაკრები ხორვატებს შეხვდება და ამისთვის ბუნებრივია “კოპაკაბანაზეც” ემზადებიან. იქ რიოს მთავარი ფანზონა იქნება, სადაც გულშემატკივრები უზარმაზარ ეკრანზე მუნდიალის მატჩებს ნახავენ. ადგილზე მისული უშუალოდ ფანზონის ტერიტორიაზე არ შემიშვეს, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო. ბრაზილიელებს ფანზონის მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ ხასიათიდან გამომდინრე საქმე ჯერ ბოლომდე არ მიუყვანიათ. ეკრანის გარდა, ფანზონაში დიდი სცენაც იქნება, სადაც მომღერლები გამოვლენ, ბრაზილიის კულტურის გასაცნობად. ასევე, გულშემატკივრების გასართობად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
სხვათა შორის, “კოპაკაბანაზე” ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრიცაა სამუშაოდ. მასში შესვლა, როგორც ფიფას მიერ აკრედიტებულ, ასევე, აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებსაც შეუძლიათ. თუმცა, მსურველებს მუნდიალის დაწყებამდე სპეციალური ანკეტა უნდა შეევსოთ მედიაცენტრში სამუშაოდ.
“კოპაკაბანას” მიმდებარე ქუჩები ბრაზილიის ნაკრების დროშებითაა მორთული. ბევრ ადგილას ბრაზილიის ნაკრების მაისურები, დროშები, შარფები და ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილი საყვირები იყიდება. სხვათა შორის, ამ საყვირებს ისეთი ხმა აქვს, რომ სატვირთო მანქანისას ტოლს არ დაუდებს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მაწანწალები და მათხოვრებიც ბლომად არიან. მათ მომრავლებას ტურისტების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ელიან. ჩემი თვალით ვნახე რამდენიმე მოზარდი მაწანწალა როგორ თავხედურად იქცეოდა. ჯერ იყო და ერთ-ერთ კაფეში მივიდნენ და მაგიდასთან მსხდომ კლიენტებს დასალევს სთხვდნენ. ამის შემხედვარე კაფეს მეპატრონე გამოვიდა და მაწანწალები არც მას შეეპუვნენ. შემდეგ, გზა გააგრძელეს და შუქნიშანზე გაჩერებული ავტობუსის მგზავრს შეურაცხყოფა მიაყენეს. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა ავტომანქანას კენჭიც ესროლა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ “კოპაკაბანას” ტერიტორია რიოში ერთ-ერთ დაცულად ითვლება და პოლიციელებიც მრავლად არიან. ბუნებრივია, 12 ივნისს უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული, რადგან საკმაოდ დიდი ფანზონის ტერიტორიაზე ფეხბურთის ქომაგების მოზღვავებას ელიან. მითუმეტეს, ბრაზილიის ნაკრები თამაშობს.
ბუნებრივია, ადგილობრივი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა მსოფლიო ჩემპიონატია. ყველა არხმა გააშუქა ხორვატიის მატჩის წინ ბრაზილიელთა თავკაცის ლუიშ ფელიპე სკოლარისა და გუნდის მთავარი იმედის ნეიმარის პრესკონფერენცია. სხვადასხვა ქალაქებიდან პირდაპირი ჩართვებიც იყო და აჩვენეს როგორ ემზადებიან ფანები ბრაზილიის ნაკრების მხარდასაჭერად.
ერთ-ერთმა არხმა არგენტინის ნაკრების ვარჯიშის ფრაგმენტები აჩვენა და ყურადღება გაამახვილა, რომ წვრთნის დასრულების მერე, ტრიბუნიდან ფანი გადმოხტა, რომელიც ლიონელ მესისთან მივიდა. ის ჯერ მუხლებზე დაეცა და მესის ბუცები გაუწმინდა. მერე სახსოვრად მაისურა გამოართვა და ოცნება რომ აისრულა მუხლებზე მეორედ დაჩოქილმა ბალახს აკოცა. მოკლედ, ვიდრე დაცვის სამსახური გაიყვანდა ამ კაცმა ბევრი მოასწრო.
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარის ფოტოები

worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0