x
image
worldsport.ge
ექვსეულში ქართველთა კლუბები დაწინაურდნენ

imageსაფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში 19 ტური მიილია და საპლეიოფო ექვსეულში ქართველ ლეგიონერთა გუნდები დაწინაურდნენ. თუმცა, სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და რეგულარული პირველობის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების რეალურ შანსს ათი, ხოლო თეორიულს 13 კლუბი ინარჩუნებს.
განვლილ ტურში სამივე ლიდერმა მარცხი განიცადა და ამით უმალ ისარგებლეს მდევრებმა.
დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “გრენობლს” ეწვია, რომელიც მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ერთხელაც არ დამარცხებულა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 57 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ლელო არ დააფიქსირა. სტუმრებმა ტაიმი 10:9 მოიგეს, “კლერმონმა” 52-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ 68-ეზე შეტევაში ბურთი დაკარგა, კონტრშეტევაზე ლელო გაუშვა, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, “გრენობლმა” 16:13 იმარჯვა და მეტოქე პრემიალური ქულის ამარა დატოვა. მიუხედავად ამისა, “კლერმონმა” 55 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” პრემიალური ქულით (50:19) დაამარცხა, კონკურენტების წარუმატებლობით ისარგებლა და 53 ქულით მეოთხედან მეორე ადგილამდე აღზევდა. გორგოძე ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ჟღენტმა პირველიდან 52-ე, ხოლო ნარიაშვილმა 64-ე წუთამდე ითამაშა და დასკვნით სამ წუთში კიდევ მოუწია მოედანზე დაბრუნება.
ბრძოლა მხოლოდ საწყისი ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის ანგარიში 16:16 იყო, მერე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, ბოლოს ჯარიმაც შეასრულეს და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. “პერპინიანმა” ჯარიმა მატჩის განახლებისთანავე კი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდეევ ორი ლელო, ამდენივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაუშვა და დიდი სხვაობით დამარცხდა. “პერპინიანი” 38 ქულით მე-11 ადგილზე, საპლეიოფო ზონას 11 ქულა აშორებს და იქ მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 28:12 დაამარცხა და პარიზელებს მეორე ადგილი დააკარგვინა, თავად კი, პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრები ჯარიმით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მასპინძლებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს, 52-ე წუთზე კი, ლელო-გარდასახვით ლიდერობა მოიპოვეს და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.
პარიზელებმა 58-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი ლელო მიიღეს, აქედან ბოლო, მასპინძელთათვის პრემიალური ქულის მომტანი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე და სატურნირო ცხრილში 52 ქულით მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია კი, განაცხადში არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ასეიშვილმა და ის შველიძემ 48-ე წუთზე შეცვალა. “ბრივი” 40 ქულით მე-10 ადგილზეა.
“ჰაინეკენის თასის” მფლობელმა, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 19:13 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო. ახალგაზრდა პირველხაზელმა ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეორედ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 49 წუთი გაატარა. მასპინძლებმა ტაიმი 9:0 მოიგეს, დარჩენილი ქულები კი, გუნდებმა დასკვნით 20 წუთში აიღეს. ჯერ “კასტრმა” გაიტანა ლელო-გარდასახვა, სამ წუთში “ტულონმა” 9-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, ბოლოს კი, სამი ჯარიმა გავიდა. “კასტრმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა და ახლა ეს გუნდები 51-51 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.
ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” ქართველი ლეგიონერების გარეშე სტუმრად აუტსაიდერი “ბიარიცი” 16:6 დაამარცხა. ტულუზელებს 49 ქულა აქვთ და “გრენობლთან” მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” “ბაიონი” 18:8 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი მატჩში 68-ე წუთიდან ჩაერთო და მას შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს. “რასინგ მეტროს” 48 ქულა მოუგროვდა და მე-8 ადგილზეა. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” “ოინაქსთან” სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო. “ბორდო” 42 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
მიუხედავად იმისა, რომ 22 თებერვალს ევროპაში სანაკრებო მატჩებია დანიშნული, 22-23 თებერვალს Top 14-ის მე-20 ტურის შეხვედრებიც გაიმართება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

1
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
2014, 16 თებერვალი, 21:32
გორგოძე ალბათ არც რუსეთთან იქნება
0 1 1