x
სს სამკერვალო კომპანია „იმერი“-ს სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა
კომპანია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩა #119-ში.

კომპანიას გააჩნია თითქმის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც იწყება 1928 წლიდან. დაარსებისას ეს იყო სამკერვალო გაერთიანება, მასში გაერთიანებული იყო დასავლეთ საქართველოში არსებული (ზესტაფონის, ჭიათურის, ლენტეხის, ზუგდიდის) შესაბამისი დარგის საწარმოები. გაერთიანება არსებობდა მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე. მისი დაშლის შემდეგ ფუნქციონირებას განაგრძობდა, როგორც ქუთაისის სათაო საწარმო, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენდა სამხედრო ტანსაცმელი ე.წ „შინელი“ (სამოქალაქო ტანსაცმლის მცირე რაოდენობასთან ერთად). აღსანიშნავია ქარხნის იმჟამინდელი მნიშვნელობა, რამდენადაც იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოში ერთადერთს მსგავსი პროდუქციის წარმოებაში და გააჩნდა საკავშირო მნიშვნელობა საბჭოთა პერიოდში. 1989 წელს მოხდა ქარხნის გადაიარაღება. 1990 წლამდე ქ. ქუთაისში არსებობდა ბამბეულის, მაუდის (სპეციალიზირებული ქარხანა, რომელიც ამზადებდა შალის ქსოვილს „შინელის“ შესაკერად), ტრიკოტაჟისა და აბრეშუმის (საკავშირო მნიშვნელობის) ქარხნები, რომლებიც დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს. აღნიშნულ ქარხნებში იქსოვებოდა შესაბამისი სახეობის ქსოვილები, რომლებითაც მარაგდებოდა სამკერვალო ქარხანა. გარდა ამისა, ქარხანა ნედლეულს იღებდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების უმრავლესობისაგან, თუმცა ძირითადი მომწოდებლები ბელორუსია და რუსეთი იყვნენ. „შინელი“ სამკერვალო ქარხანაში იკერებოდა 1990 წლამდე.

ქარხნის მახლობლად აშენებულია საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც განკუთვნილი იყო მომუშავე პერსონალისთვის, ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი, რომლის მფლობელობაში იყო კურორტ ლესელიძეში არსებული დასასვენებელი კომპლექსი (ზაფხულობით ჩაჰყავდათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები). დღეისათვის ბაღი ისევ ფუნქციონირებს, თუმცა აღარ არის სამკერვალო კომპანიის საკუთრებაში. 1995 წლიდან სამკერვალო ქარხანა გადავიდა კერძო მფლობელობაში და ეწოდა სს სამკერვალო კომპანია „იმერი“, ამ სახელს იგი დღესაც ატარებს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ კომპანიას დაარსების დღიდან ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

რაც შეეხება კომპანიის თანამედროვე მდგომარეობას, მის მფლობელობაშა ორი, საკმაოდ დიდი ფართის მქონე კორპუსი (თითოეული დაახლოებით 5000 კვ. მ-ს აღემატება). სამკერვალოს სრული ფართი ათვისებული არ აქვს და იჯარით არის გაცემული მცირე ფართები სხვადასხვა კომპანიისა თუ მცირე საწარმოს მფლობელებზე. პირველ კორპუსში განლაგებულია ადმინისტრაციული
განყოფილება, დანადგარები, საკერავი მანქანები, აქვე მიმდინარეობს სამუშაო პროცესიც. პირველი კორპუსი ვრცელი დერეფნით დაკავშირებულია მეორე კორპუსთან, სადაც განთავსებულია საგამომჭრელო და მაღაზია. სამკერვალო კომპანია ქართველების მფლობელობაშია, საკონტროლო პაკეტს (83%) ინაწილებს 8 ადამიანი, ხოლო დანარჩენი 17% (მცირე პროცენტობით) გადანაწილებულია კიდევ რამდენიმე მეწილეზე. კომპანიაში დასაქმებულია 400-450 ადამიანი. მუშახელის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. დაახლოებთ 10%-ია მამაკაცთა რაოდენობა, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებენ (დაცვა, დისტრიბუცია, ტექნიკური სარემონტო სამუშაოები და სხვა). ანაზღაურება გამომუშავებითია, საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 250 ლარამდეა, ასევე მომუშავეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით. კონტინგენტის შევსება ძირითადად ხდება პროფესიული გადამზადების სასწავლებლების სტუდენტებისაგან (ერთ-ერთი ქ. ქუთაისში ფუნქციონირებს).
მუშაობის დაწყება შესაძლებელია 17 წლის ასაკიდან, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი რამდენიმე საკონკურსო ეტაპისა და ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის გავლაა საჭირო. კონტინგენტის საშუალო ასაკი დაახლოებით 35 წელია. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, მისი განახლება ყოველწლიურადაა აუცილებელი და ამისათვის დაახლოებით 100-120 ათასი ლარი იხარჯება.


უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია წარმატებულად მუშაობს, რადგან მოგებული აქვს უამრავი ტენდერი, დაკვეთებს იღებს როგორც სახელმწიფოსგან (სპეცტანსაცმელი), ასევე უცხოური ქვეყნებისაგან (გერმანია, იტალია, თურქეთი). დღეისათვის უკვე 15 წელია გერმანული კომპანია „LEBEK“-ისათვის ასრულებს დაკვეთებს, წელიწადში დაახლოებით 150-160 ათასი ნაწარმისათვის. წელი გაყოფილია ორ სეზონად - საზაფხულო და საზამთრო. შეკვეთა სრულდება ერთი სეზონით ადრე (ზამთარში იკერება საზაფხულო
ტანსაცმელი). შეკვეთა ძირითადად ითვალისწინებს ქალის ნებისმიერი სახის ტანსაცმლის შეკერვას (ქურთუკი, შარვალი, პიჯაკი, მაისური, კაბა და სხვა). 2006 წლიდან კომპანიას ურთიერთობა აქვს იტალიურ ფირმა „GI EFFE MODA S.P.A“ - სთან, რომლისთვისაც ასრულებს შეკვეთებს ძირითადად ბავშვის ტანსაცმელზე. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ბაზართან. დაახლოებით სამი წელია ადგილობრივ მოსახლეობას საბითუმო ფასებში აწვდის სამოქალაქო, ძირითადად საზამთრო ტანსაცმელს (ქალის პალტოს ღირებულება არ აღემატება 100 ლარს), რომელიც განთავსებულია კომპანიის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. კომპანიას ურთიერთობა აქვს ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძესთან. იგი დიზაინერისაგან წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის შეკვეთას ღებულობს. „იმერი“-ს ძირითადი კაპიტალი დღეისათვის დაახლოებით 650 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. სამკერვალო კომპანიას არსებული სიმძლავრით შესაძლებლობა
აქვს ყოველთვიურად აწარმოოს ნებისმიერი სახის შეკერილი პროდუქცია 35-40 ათასი ცალის ოდენობით.

კომპანიის უმთავრეს პრობლემად მიიჩნევა საქართველოში სანედლეულო ბაზის არ არსებობა. კომპანია მხოლოდ იმ უცხოური ფირმის დაკვეთას ასრულებს, რომელიც ნედლეულს მიაწვდის. სანედლეულო ბაზის ქვეყანაში არსებობის შემთხვევაში კი გაცილებით უკეთესი პირობები შეიქმნებოდა მსგავს სფეროში მომუშავე თითოეული საწარმოსათვის, შესაბამისად, საწარმოთა პროდუქტიულობაც გაიზრდებოდა. კომპანიის პროდუქცია კონკურენციას უწევს სხვადასხვა სახის საქონელს, რომლებიც უცხოური ბაზრიდან არის შემოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ საქონელი არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომხმარებელთა ­დიდი ნაწილი მაინც ეტანება. ამის უმთავრეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის დაბალი ფასები. შესაბამისად კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს რამოდენიმე ფაქტორი და მოერგოს ბაზრის პირობებს, რაც არც თუ მომგებიანია. როგორც წესი ხარისხის შესაბამისი ფასი მომხმარებლებს ძვირად მიაჩნიათ. ამავდროულად, რამოდენიმე წლის წინად ქვეყანაში შემოსული აღურიცხავი საქონელი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მსგავსი საწარმოებისათვის. დღეისათვის ეს პრობლემა თანდათან ქრება.

კიდევ ერთი პრობლემაა იპოვო ისეთი პარტნიორი, რომელიც გაითვალისწინებს კომპანიის პრობლემებს და ნაწილობრივ მაინც დაეხმარება მათ მოგვარებაში. ერთ-ერთი ასეთია გერმანული ფირმა „LEBEK“. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჩიხლაძე აღნიშნავს, ფირმა ითვალისწინებს არსებულ პრობლემას და ლავირებას ახდენს ისე, რომ კომპანიამ არ ნახოს ზარალი. სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს გარმანული ფირმისა და სამკერვალო კომპანიის თხუტმეტწლიან ურთიერთობას. მაგალითად, ერთ-ერთ თურქულ ფირმასთან კომპანიამ სულ რამოდენიმე თვეში გაწყვიტა კავშრი (ფირმის კაბალური პირობების გამო).

რაც შეეხება მომავალ პერსპექტივებს, კომპანია გეგმავს ადგილობრივ ბაზარზე საფუძვლიან დამკვიდრებას, ახალი უცხოური ბაზრების ათვისებას, პროდუქციის გატანასა და წარმოების გაფართოებას.

0
347
შეფასება არ არის
ავტორი:სამეა
სამეა
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0