x
მტკნარი წყლის პრობლემა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთი იქ მიმდინარე პროცესების გამო ყოველთვის
მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რეგიონს ყოველთვის თან სდევდა პოლიტიკური დაძაბულობა,
რელიგიური ექსტრემიზმი, ბირთვული საფრთხე, ქალთა უფლებების შელახვა, ნავთობი, წყლის
რესურსების სიმცირე და სხვ.


რეგიონი, ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,
ყოველთვის განიცდიდა წყლის რესურსების სიმცირეს (მსოფლიოს წყლით ყველაზე ღარიბი 15
ქვეყნიდან 10 სწორედ ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს). ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა
(მოსახლეობის ზრდამ, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებამ, კლიმატის ცვლილებებმა)
რეგიონი ამ პრობლემით გამოწვეული აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა.

ისრაელში, იორდანიასა და ღაზას სექტორში
დაფიქსირებულია ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც ყოველწლიურად მოსახლეობის
ზრდის ფონზე კიდევ უფრო მეტად მცირდება. რეგიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის
მეურნეობაშია დაკავებული, მოხმარებული წყლის 85% სწორედ სასოფლო სამეურნეო საქმიანობებისათვის
იხარჯება. ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. წყალი აორთქლების გზით
იკარგება სარწყავი სისტემებიდან, წყალსაცავებიდან (სარკული ზედაპირის ფართობის გამო).
წყლის გაზრდილ მოხმარებას გულისხმობს რეგიონში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაც.


კალიფორნიის უნივერსიტეტის - ირვინის კვლევებმა, რომლებიც
ნასას სატელიტური მონაცემებზე დაყრდნიბით ჩატარდა აჩვენა, რომ 2003-2010 წლებში ოთხმა
ქვეყანამ (თურქეთი, ერაყი, ირანი, სირია) დახარჯა 144 კმ3 წყალი - დაახლოებით
მკვდარი ზღვის აუზში არსებული წყლის მოცულობის ეკვივალენტი.


მოსახლეობის ზრდის ტემპების გარდა რეგიონის წყლის რესურსებს
საშიშროებას უქმნის კლიმატური ცვლილებები. გლობალური დათბობის პირობებში ახლო აღმოსავლეთის
არიდული ჰავა კიდევ უფრო გამოშრება, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად 2050 წლისათვის
რეგიონში ტემპერატურა 3° ცელსიუსით
მოიმატებს.


ამ პრობლემების გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში წყლის
პრობლემა სამშვიდობო პროცესში პრიორიტეტული ხდება. აქ წყალი არა მხოლოდ სიცოცხლის,
არამედ მეზობელ ქვეყნებს შორის კონფლიქტების წყაროდაც გვევლინება. მტკნარი წყლის რესურსების
60% ტრანზიტული მდინარეების აუზებშია (იორდანე-იარმუქი, ტიგროსი-ევფრატი). მდ იორდანეს
აუზს ინაწილებს ისრაელი, იორდანია და პალესტინის ოკუპირებული ტერიტორია. ევფრატსა და
ტიგროსის აუზებს ინაწილებს სირია, ერაყი, თურქეთი. მდ. ევფრატი სათავეს თურქეთის ტერიტორიაზე
იღებს (ეს ფაქტი თურქეთს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს წყლის ის რაოდენობა, რაც მიედინება
სირიისა და ერყის ტერიტორიებზე), სირიის გავლით, ერაყში შესვლამდე უერთდება ტიგროსს,
წარმოიქმნება მდ. შატ ალ-არაბი, რომელიც სპარსეთის ყურეს უერთდება.


წყლის რესურსებს საფრთხეს უქმნის მდ. ტიგროსის აუზში
სარწყავი სისტემების გაუმართავობა და იწვევს დამლაშებას, მიწის ქანების დაშლას. მდ.
იორდანესაც დაახლოებით იგივე პრობლემები „აწუხებს“ - დამლაშება, დაბინძურება, ჭარბი
მოხმარება. კაშხლების გადაჭარბებული რაოდენობით მშენებლობამ და წყლის დინებების სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების სარწყავდ გადაგდებამ გამოიწვია მდ. იორდანეს ბუნებრივი დინების შეჩერება.
ბუნებრივი ნაკადის მხოლოდ 5-20 % აღწევს მკვდარ ზღვამდე. ეს ფაქტი კიდევ ახალ პრობლემას
ქმნის - ყოველწლიურად წყლის დონე მკვდარ ზღვაში იკლებს და სამომავლოდ მისი სრულიად
გაქრობის საშიშროება იქმნება.


დღეისათვის წყლის რესურსების ნაკლებობისაგან მომდინარე
პრობლემებმა რეგიონის ქვეყნები აიძულა სასოფლო-სამეურნეო, ინდუსტრიული და რეკრეაციული
მიზნებისათვის გამოეყენებინათ გადამუშავებული წყალი, რომელიც მავნებლურად მოქმედებს
ანთროპოგენულ მოვლენებზე. ერთის მხრივ, ამ დროს წყლის შემცველი ფენა „დაისვენებს“ და
მარაგს აღიდგენს. მეორეს მხრივ, ასეთი წყლის გამოყენება სოფლის მეურნეობაში რისკის
ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიუხედავად გადამუშავებისა ის
მაინც შეიცავს გარკვეული რაოდენობის ბაქტერიებსა და ვირუსებს.


პრობლემის გადასაჭრელად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების
მთავრობები საკვები პროდუქტების მასშტაბურ იმპორტს ახორციელებენ. რეგიონს ყოველწლიურად
12 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი შემოაქვს საზღვარგარეთიდან. მთლიანი იმპორტის
10-35 % საკვები პროდუქტების იმპორტს უკავია. ამ გზით სასოფლო-სამეურნეოს საქმიანობებში
დახარჯული წყლის წილი მნიშვნელოვნად მცირდება.


საფრთხის თვიდან ასაცილებლად ქვეყნებს შორის მიმდინარეობს
მოლაპარაკებები, ამავდროულად მიღწეულია შეთანხმებებიც, თუმცა ამის მიუხედავად წყლის
რესურსების სამართლიანი გადანაწილების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
რეგიონის ქვეყნებს შორის შეუთანხმებლობის პირობებში ქვეყნის მთაავრობები იძულებული
გახდებიან შეიმუშავონ ცალმხრივი პროექტები, მეზობელი ქვეყნების ინტერესებისა და საჭიროებების
გაუთვალისწინებლობა კი სავალალოდ აისახება წყლის საერთო ხარისხზე.


დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის გადაჭრისათვის
საჭიროა შესაძლო გამოსავლების კომბინირება. პრობლემის თავიდან აცილების რამდენიმე გამოსავალი
შეიძლება არსებობდეს: წყლის დანახარჯების მაქსიმალური შეზღუდვა, სწორი მენეჯმენტი,
პრიორიტეტების დასახვა, შემზღუდავი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება (მოსახლეობის რაოდენობის
ზრდის ტემპების შემცირების მიზნით), დამატებითი სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების
მოძიება წყლის ტრანზიტით. თუმცა მიმაჩნია, რომ წყლის დეფიციტის აღმოფხვრის, მასთან
დაკავშირებული პრობლემების მოგვარების წინაპირობა ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთთანამშრომლობაა.

0
330
შეფასება არ არის
ავტორი:სამეა
სამეა
330