x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
პოლონური მითები და ლეგენდები
პოლონელებს სხვა ერების მსგავსად აქვთ საკუთარი მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელთა შემადგენელი ნაწილია უთვალავი მითები და ლეგენდები. ისინი ერის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომლებიც ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას და მხოლოდ მოგვიანებით ჩაიწერა. ზოგიერთი მათგანი ათასობით წელსაც კი ითვლის.

შევეცდები, რომ წარმოგიდგინოთ სამი საკმაოდ საინტერესო ლეგენდა : ლაგოუს სასახლის ქალბატონი, მეფე ბოლესლოუ და მისი რაინდები და პოლონელთა რობინ ჰუდი.

ლაგოუს სასახლის ქალბატონი



პოლონეთი მრავალფეროვანი ისტორიის, ლეგენდებისა და მითების ქვეყანაა. ლაგოუ ერთ-ერთი იმ სასახლეთაგანია, რომელიც გერმანელმა ტევტონმა მეფეებმა ააშენეს მეთოთხმეტე საუკუნეში. ამ პერიოდში ლაგოუს მიწები და, მათ შორის, სასახლეც აღმოჩნდა მძვინვარე პოლონელი მეფის, მარეკის, ხელში, რომელიც ცოლის სიკვდილის გამო საშინლად იტანჯებოდა და ამიტომ მარტოსული გახდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს არ მოსწონდათ მარეკი, მაგრამ უყვარდათ მისი მშვენიერი და სასიამოვნო გარეგნობის და - დოროთი.

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბრძოლის დროს, მეფემ შეიპყრო პრუსიელი პრინცი ბორისი. პრინცი ღრმა, ბნელ და ნოტიო დილეგში ჩააგდეს, სადაც მხოლოდ სიმღერა შეეძლო ნორმალური ფსიქიკის შესანარჩუნებლად. თანდათან ხმა ტკბილი და ხავერდოვანი უხდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ქალაქის მოსახლეობა დილეგთან იკრიბებოდა, რათა მოესმინათ მისი მშვენიერი სიმღერისათვის. მოხდა სასწაული და დოროთს თავდავიწყებით შეუყვარდა ბორისი, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ ხმის პატრონი.იმდენად იყო ამ სიყვარულით შეპყრობილი, რომ მცველი მოქრთამა და დოროთი და ბორისი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენიმე ასეთი ფარული შეხვედრის შემდეგ მათ უკვე აღარ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება და გადაწყვიტეს დაქორწინება.

მარეკს არაფრის გაგონება არ სურდა. მას უნდოდა, რომ საკუთარი და მოსაზღვრე ქალაქის ასაკოვანი მეფისათვის მიეთხოვებინა. დოროთს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და ძმას დაემორჩილა.

ქორწინების ცერემონიალის დროს ბორისი დილეგიდან ამოიყვანეს და შეკრებილი სტუმრებისათვის სიმღერა სთხოვეს. შეყვარებულმა პრინცმა უარი განაცხადა. მარეკმა მისთვის თავის მოკვეთა და სხეულის მდინარეში გადაგდება ბრძანა. ამ საზარელი სცენის თვითმხილველ დოროთს გული გაუსკდა.

ამბობენ, რომ მისი თავგზააბნეული სული დახეტიალობს მდინარის ნაპირას, სასახლისა და ქალაქის გარშემო, საიდანაც საღამოობით, მომღერალი ბორისის ხმა ისმის.


ბოლესლოუ და მისი რაინდები


მეფე ბოლესლოუს გარდაცვალებით დაკარგეს მარჯვე და მამაცი მმართველი, რომელმაც გააერთიანა და ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ქვეყნად აქცია პოლონეთი.

ლეგენდის თანახმად, ბოლესლოუ და მისი რაინდები მტერთან საბრძოლველად გიევონტის მთაში წავიდნენ. ეს მთა ტატრას მთათა სისტემის ნაწილია და, თუ გარკვეული მხრიდან შევხედავთ, თავის ფორმებით მძინარე მეფის თავს მოგვაგონებს.

მთის შიგნით უზარმაზარი ბნელი გამოქვაბულია, სადაც მეფესა და მის ბრწყინვალე მეომრებს სძინავთ. ისინი ცხენებზე არიან ამხედრებულნი და მახვილით, მშვილდითა და შუბებით შეიარაღებულნი.

ლეგენდა გვამცნობს, რომ თუკი პოლონეთს მათი დახმარება დასჭირდება, ისინი აღდგებიან, რათა გადაარჩინონ მშობლიური ერი, მაგრამ ერთხელ თუ აღდგნენ, ვეღარასოდეს დაბრუნდებიან უკან.

საინტერესოა, რომ ეს ლეგენდა ძალიან წააგავს ლეგენდას ინგლისელთა მეფე არტურზე.


პოლონელთა რობინ ჰუდი


იანო იანოსიკი მძარცველი იყო, რომელიც მეგობრებთან ერთად ძარცვავდა და წვავდა მდიდართა სახლებს, მაგრამ არასოდეს დაუზარალებია ღარიბები. პირიქით, მათ ფულსა და საჩუქრებს აძლევდა. რობინ ჰუდის მსგავსად, ართმევდა მდიდარს და აძლევდა ღარიბს. ხალხური ლეგენდები იანოსიკს არაბუნებრივი შესაძლებლობების მქონე გმირად წარმოგვიდგენს, რომელსაც ვერაფერს აკლებდა ვერც ისარი და ვერც ტყვია. ჭრილობებს კი ბალახით ირჩენდა, რომელსაც მუდამ ჯიბით დაატარებდა. მას შეეძლო, რომ გადაადგილებულიყო ერთი ადგილიდან მეორეზე იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მოკვდავისთვის იყო შესაძლებელი. ერთი ხელის დარტყმით ტოვებდა ანაბეჭდს ქვაზე.

ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იანოსიკს ეს ძალა სამმა გრძეულმა ქალმა უბოძა, რომელთაც ახალგაზრდობაში შეხვდა. ერთხელ შემთხვევით დაინახეს მისი არაჩვეულებრივი გამბედაობა და გადაწყვიტეს, რომ გაეხადათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მძარცველი. ამისათვის კი სამი მაგიური ნივთი უბოძეს: ალპენშტოკი, პერანგი და ქამარი. სწორედ მათი დახმარებით აღწევდა მძარცველი თავს ყველა დაგებულ მახეს. მისი დატყვევება მხოლოდ გოგონას ღალატით მოხერხდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა იანოსიკი. გოგონა საჩუქრებით მოქრთამეს, მან კი ეს სამი ნივთი მარჯვედ დაამტვრია და უმწეო იანოსიკი ჯარისკაცებს გადასცა.


მარიამ ტუხაშვილი (07.02.2014)

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ტუხაშვილი
მარიამ ტუხაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0