x
image
worldsport.ge
Pro D2-ში ქართველებმა ლელოები გაცვალეს

imageსაფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის მეთვრამეტე ტურში ორი ქართული ლელო გავიდა და ორივე ერთ შეხვედრაში. თავი “ლიონის” მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა და “ალბის” გარემარბმა სანდრო თოდუამ გამოიჩინეს.
ჩემპიონატის ლიდერი, გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი” ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” დაუხვდა და 32:25 იმარჯვა, მაგრამ ხუთის წილ სამი ლელო მიიღო და პრემიალური ქულის აღება აღება ვერ მოახერხა. მასპინძელთა რიგებში კოლელიშვილმა სრულად ითამაშა. მოედანს დაუბრუნდა პირველხაზელი კავთიძე და ის შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა. ტრავმა მოიშუშა და სტუმართა შორის სრულად ითამაშა გარემარბმა თოდუამ, ხოლო თეთრაშვილი ბრძოლაში 55-ე წუთიდან ჩაერთო და “ალბის” პრემიალური ქულის აღებაშიც დაეხმარა.
“ლიონმა” ანგარიში ჯარიმით გახსნა, მე-16 წუთზე კი, თოდუამ ფლანგზე სიჩქარეაკრეფილი მეორეხაზელი ვერ შეაჩერა და ლელო გავიდა. 21-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელოც გაიტანეს და 15:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ერთი ჯარიმისა და ლელოს გაქვითვა 15 წუთში შეძლეს. ტაიმის ბოლოს ზედ ჩათვლის მოედნის ხაზზე წარმოქმნილ რაქში ყველაზე უკეთ კოლელიშვილი გაერკვა, ლელო გაიტანა და “ლიონმა” ტაიმი 22:8 მოიგო.
ლიონელებმა მატჩის განახლებიდან ხუთ წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანეს, პირველ მათგანში აქტიური მონაწილეობა კვლავ კოლელიშვილმა მიიღო და ანგარიში 32:8 გახდა, მაგრამ მერე მასპინძლები მოეშვნენ და ამით სტუმრებმა იხეირეს. მე-60-ე წუთზე ფრთაზე ჩათამაშებული ბურთი თოდუამ მიიღო და ორ მცველთან კონტაქტის შემდეგ ლელო ალამთან გაიტანა, ხუთ წუთში მასპინძელთა შერკინება ვერ დადგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო 70-ე წუთზე “ალბიმ” ჯარიმა გაიტანა და პრემიალური ქულა მიითვალა. “ლიონი” სატურნირო ცხრილს 65 ქულით ლიდერობს, ხოლო “ალბი” 30 ქულით მე-13-ე პოზიციაზე რჩება.
კიდევ ერთ ქართულ დერბიში გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის “ბურგ-ან-ბრესს” 14:9 სძლია. სტუმართა შორის სრულად ითამაშეს გარემარბმა მჭედლიძემ და შუამარბმა შარიქაძემ. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად გაისარჯნენ მესამეხაზელი ჩხაიძე და მეორეხაზელი ნემსაძე, ხოლო პირველხაზელმა მირცხულავამ პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა. “ტარბმა” ლელოთი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ეს ხუთქულიანი ფორა ბოლომდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც მე-7 ადგილზე 46 ქულით გამაგრდა. “ბურგ-ან-ბრესი” 26 ქულით გასავარდნ მე-15 პოზიციამდე დაეშვა.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “ბურგონს” უმასპინძლა და 19:6 დაამარცხა. დათუნაშვილმა 4 ქულის აღებაში, რომელმაც მის გუნდს მე-8 ადგილზე აღზევების საშუალება მისცა (42 ქულით) 80-წუთიანი წვლილი შეიტანა.
ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” 28:16 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელები განაცხადში არ იყვნენ. “აჟენი” 61 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერს კვალში უდგას, ხოლო “ბეზიე” 35 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა. თორნიკე ლომიძის “ოშმა” ქართველი მორაგბის გარეშე “კარკასონი” 31:13 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და გასავარდნ ზონას თავი დაიღწია. ამ გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14-ე საფეხურზეა. ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” ასევე ქართველი ლეგიონერის გარეშე “დაქსთან” 9:12 დამარცხდა, 55 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.
Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 8-9 თებერვალს გაიმართება.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0