x
image
ქეთი გაბინაშვილი
სვეტიცხოველი–ცაში ატყორცნილი „ლოდების სიმფონია“
...ისევ ძველებურად ჰყვავის წმინდა ნინოს მაყვლოვანი, ისევ რეკენ ზარები მერვე საუკუნეში აგებულ ანტიოქიის მონასტერში, ისევ იცავენ და ავრცელებენ ქრისტიანულ სარწმუნოებას სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში... მაგრამ სვეტიცხოვლის დიდებულება, მაინც ყველაფერს ჩრდილავს, ეს სხვა სიმაღლე და სხვა სიწმინდეა...

image

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შესამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, კვართი მოუქსოვა. ამ კვართმა უფლის ცრემლი, სისხლი და ადამიანთა მოდგმის მთელი ცოდვები შეიწოვა.


იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი საქართველოდანაც ჩავიდნენ. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ, მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ელიოზს თავისი და სიდონიაც ამავეს ევედრებოდა . მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა ელიოზის დედას თურმე მცხეთაში მოესმა . წამოუძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!“ - და მწუხარებისაგან სული იქვე დაულევია.



ეტყობა სიდონიას თხოვნა არ გაითვალისწინა ელიოზმა და უფლის წამებაში აქტიურად მონაწილეობდა, რადგან მაცხოვრის სამოსელის დანაწილებისას კვართი მას რგებია წილად. უფლის კვართი ელიოზს მცხეთაში წამოუღია. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის

კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში კვართი და გარდაცვლილა. ეს ამბავი მთელ მცხეთას მოსდებია. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრი უცდიათ, გარდაცვლილისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კვართითვე დაუკრძალავთ ლიბანის ნაძვებთან. რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა მოუნდომებია, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.

image

ოთხი საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის გასავრცელებლად იბერიაში წმინდა ნინო შემობრძანდა . ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მოწაფეებთან ერთად მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა. ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდანი მთელი ღამე ხელაპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული“.


სვეტი ცხოველი უამრავ სასწაულებს ახდენდა, რამაც ხალხი ააფორიაქა. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას. ხალხი ერთმანეთს თელავდა. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. მაგრამ საბურველმა სვეტიცხოველის მადლი ვერ დააბრკოლა ... მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა და მას სვეტიცხოველი ეწოდა.

სვეტიცხოველი საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა.


XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა.

სვეტიცხოვლის აგების ისტორია შესანიშნავად აღწერა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ”დიდოსტატი კონსტანტიენს მარჯვენაში”. სწორად ამ ნაწარმოების დამსახურებაა, რომ ტაძარში შესვლისას ისევ ეძებ ხარაჩოზე შემდგარ უტას და ყაყაჩოებითა და თავთუხებით ხელში მდგარ შორენას...

image

”ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია. დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.. .”


დგას ამაყად ”ცაში ატყორცნილი ლოდების სიმფონია” და ყველა თვალის შევლებისას გვახვედრებს მასთან შედარებით ადამიანები როგორი პატარები და უმწეობი ვართ.


....ძველი სატახტო ქალაქი თავის მეფურ იერს არ კარგავს. დგას ამაყად და შენც სიმშვიდით განგაწყობს. ”მეორე იერუსალიმად ” წოდებულ ქალაქში ყველაფერი ისეთია, ვერსად ნახო უკეთესი”. ”საქართველოს ცხელი გული” კი დაუღლელად განაგძობს ფეთქვას. არ შეიძლება მცხეთის ვიწრო და პატარა ქუჩებში დადიოდი და სამშობლოს სიყვარულით არ გევსებოდეს გული. აქ პომპეუსის ხიდთან ჩავლისას სისხლიც რაღაც სხვანაირად იწყებს ჩქეფვას. ყველაფერი ძველი და დიდებულია. აქ ძეგლს უდგავენ ადამიანს, რომელიც ”მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს.” აქ არაგვი და მტკვარი ერთმანეთს ეხვევიან, ჯვრის მონასტერი კი ზემოდან უთვალთვალებს ქალაქის ცხოვრებას, რომელიც ხაკისფერი სამოსით ფეხაკრებით შებურვილი მიიპარება.აქ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უფლის კვართი ისევ ლოცავს ქვეყანას. აქ ყველა ქუჩაზე შეიძლება ბერ-მონაზვნებს შეხვდე, აქ მამა გაბრიელის საფლავთან მთელი საქართველოდან მოდიან, აქ ბებრის ციხე წარსულს გვახსენებს. ამ ქალაქში ღირსეშანიშნაობებითა და ტრადიციებით ყველაფერი სხვანაირად დიდებულია. და ალბათ ამიტომაცაა, რომ ”სულ სხვა ფასი აქვს საქართველოის სადღეგრძელოს, მცხეთაში თქმულსა.”

ქეთი გაბინაშვილი

0
1744
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
1744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0