x
image
worldsport.ge
აფრიკიდანაც მუნდიალის ყველა ფინალისტი გაირკვა

imageგანამ და ალჟირმა წუხელ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს და უკვე სამშვიდობოს გასულ დასავლეთაფრიკულ ტრიოს - ნიგერია, კამერუნი, კოტ’დივუარი - შეუერთდნენ. საინტერესოა, რომ ეს ხუთივე ქვეყანა წინა, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო თასზეც მონაწილეობდა.
მართალია განა კაიროში ეგვიპტესთან დამარცხდა, მაგრამ პლეი ოფის პირველი მატჩი 6:1 ჰქონდა მოგებული და თავს მშვიდად გრძნობდა. სტადიონზე შეკრებილმა დაახლოებით 20 ათასმა მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო თამაში იხილა. “ფარაონებს” ხუთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებდათ და თავიდანვე მედგრად შეუტიეს. ანგარიში 25-ე წუთზე ქუვეითურ “ალ სალმიაში” მოთამაშე ამრ ჰასან ზაკი მანსურმა გახსნა, 84-ზე კი ინგლისური პრემიერლიგის ახალწვეულის, “ჰალ სიტის” შემტევმა მოჰამედ ნაგი ისმაილ აფაშმა, რომელსაც შემოკლებით გედოს ეძახიან, გააორა. მალევე სტუმრებმა ერთი საპასუხო გაიტანეს, თავი გერმანული “შალკეს” შუახაზელმა კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა. მოკლედ, “შავმა ვარსკვლავებმა” მსოფლიო ჩემპიონატებზე ზედიზედ მესამედ გააღწიეს, თუმცა ამ ტურნირზე მანამადე არასოდეს ეთამაშათ. კაიროში ჩარტერული რეისით ჩასული რამდენიმე ასეული მათი ქომაგის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა, მღეროდნენ და დოლებს აბრახუნებდნენ, ფეხბურთელები კი, როგორც აფრიკელებმა იციან ხოლმე, კარგა ხანს ცეკვავდნენ მინდორზე.
მეორე წყვილში საქმე უფრო რთულად იყო. პირველ მატჩში, 12 ოქტომბერს, უაგუდუგუში, ბურკინა ფასოს ალჟირისთვის 3:2 ჰქონდა მოგებული და ამიტომ “მელიებს” აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ. თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მასპინძელთათვის მატჩი ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქომაგებმა შვიდი საათით ადრე დაიწყეს ადგილობრივი სტადიონის ტრიბუნების შევსება. საკუთრივ თამაშიც ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი “გლაზგო რეინჯერსის” ყოფილი, ამჟამად კი ყატარული “ლეხვიას” ახმახი მცველის, მაჯიდ ბუღერას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
ეგვიპტე –განა 2:1 (1:0)
19 ნოემბერი. კაირო. “ალ-ქაირა.”
ეგვიპტე: ეკრამი, ფათი (რაბო 56), ნაჯიბი, აბდულ შაფრი, რაბია, ღალი, ემამი, აბო ტრიკა, სალაჰი, კაჰრაბა (გედო 40), ზაკი (შიკაბალა 62)
მწვრთნელი: ბობ ბრედლი (აშშ)
განა: დაუდა, აფული, აკამინკო, ოპარე, სუმაილა, ესიენი, მუნტარი (აგიემანგ-ბადუ 73), ასამოა, გაიანი, აიევი (მუბარაქი 58), ვარისი
მწვრთნელი: ჯეიმს კვასი აპია (განა)
გოლები: 1:0 ზაკი (25), 2:0 გედო (84), 2:1 ბოატენგი (89)
გაფრთხილება: რაბია (84), გედო (85); აკამინკო (39), ოპარე (44), მუნტარი (73), მუბარაქი (76)
მსაჯი: დესირე დუე (კოტ’დივუარი)
პირველი მატჩი – 1:6

ალჟირი – ბურკინა ფასო 1:0 (0:0)
19 ნოემბერი. ბლიდა. “მუსტაფა ჩაკერი.”
ალჟირი: ზემამუჩე, ბუღერა, ღულამი, მედჟანი, მოსტეფა (ტაიდერი 86), ბრაჰიმი (იებდა 68), ფეღული (კადირი 90), ხუალედი, ლაკენი, სუდანი, სლიმანი
მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი (ბოსნია)
ბურკინა ფასო: დიალიტე, პანანდეტიგირი, ბაქარი კონე, იაგო (ალან ტრაორე 78), კაბორე, ბალიმა, რუამბა (ბანსი 65), ჯაკარიჯა კონე, პიტროიპა, ნაკულმა, ზონგო (ბერტრან ტრაორე 64)
მწვრთნელი: პოლ პუტი (ბელგია)
გოლი: 1:0 ბუღერა (49)
გაფრთხილება: ბუღერა (45); კაბორე (53), იაგო (75)
მსაჯი: ბადარა დიატა (სენეგალი)
პირველი მატჩი – 2:3


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0