x
image
ქეთი გაბინაშვილი
ქართულად დანახული იაპონიის ტრაგედია
image
წლები გავიდა, მსოფლიო კი ამომავალი მზის ქვეყანაში მომხდარ უბედურებას ვერ ივიწყებს. იაპონიის მიწისძვრამ თითქოს დედამიწის მოსახლეობის აზროვნებაშიც ძვრების მოახდინა. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა რომელმაც თვალებში შიში და უარესის მოლოდინი ჩასახა. ჩვენ ეკრანზე ვადევნებდით თვალს, როგორ ნადგურდებოდა ქალაქები და იღუპებოდნენ ადამიანები. მერე კი ჩნდებოდა განცდა, რომ სიკვდილი არც ისე შორს იყო, რომ ბუნების მრისხანებას თვალის დახამხამებაში შეუძლია, გაანადგუროს ყველაფერი, რაც ადამიანს საკუთარი ხელით უშენებია.ასეთ განცდებს სტოვებდა ტელევიზიით ნანახი კადრები.

აეროპორტები მგზავრების მომსახურებას ვერ აუდიოდა, მიდიოდა ყველა- არ ქონდა აზრი საით. მთავარია, რომ უკან იტოვებდა განადგურებულ იაპონიას. სტიქიური უბედურების დროს ქართველი სპორტსმენები იაპონიაში იმყოფებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და მათი ოჯახების მცდელობის მიუხედავად ისინი საქართველოში არ დაბრუნებულან. წლების შემდეგ სუმოისტ ლევან გორგაძეს (იგივე ტოში-ნოჩინი) იაპონიაში დავუკავშირდით და მიწისძვრის დროს განცდილსა და ნანახზე საუბარი ვთხოვეთ:

image

-არ ვიცი, საიდან დავიწყო: აქ სასწაული მოხდა. დღემდე ვერ ვახერხებ განცდილისა და ნანახის დავიწყებას. როდესაც მიწისძვრა და ცუნამი პირველად მოხდა, ტოჩინის რეგიონში ვიყავი, სწორედ იქ, სადაც მიწისძვრის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო. წამებში ჩვენს თვალწინ ნასახლარები გაჩნდა. ძნელია დავიწყება, თუ როგორ ინგრეოდა შენობები, როგორ ყვიროდა ხალხი...ეს საშინელება 14 წუთს გრძელდებოდა.გარე სამყაროსაგან მოწყვეტილები აღმოვჩნდით.არც შუქი იყო, არც-გაზი, არც-საკვები. მაღაზიებიდან ხალხმა პროდუქტი გაიტაცა. ტოკიოში დაბრუნება მხოლოდ მესამე დღეს შევძელით. ამ ხნის განმავლობაში, ყველას ეგონა, რომ დავიღუპეთ.


-მსოფლიო გააოცა იაპონელი ხალხის თავდაჭერამ. რა ხდებოდა სინამდვილეში?

-ალბათ შორიდან ასე ჩანდა. ძალიან ცივი ხალხია. გაოცებული ვიყავი მათი საქციელით. იმ პერიოდში სხვადასხვა რეგიონებში დაზარალებული მოსახლების გასამხნევებლად დავდიოდით. ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს:სახლი, ოჯახი, ახლობელი ადამიანები.ჩვენ შეძრული ვიყავით მათი ტრაგედიით, მაგრამ შვილმკვდარი დედები, დაობლებული ადამიანები მოდიოდნენ და ავტოგრაფს გვთხოვდნენ, ჩვენთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. შეიძლება, ეს ყველაფერი შორიდან ღირსებად აღიქმებოდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. იაპონია მიწისძვრის შემდეგ თავიდან დავინახე.

-როდესაც თავად იაპონელები სტოვებდნენ ქვეყანას, როდესაც საქართველოს საელჩო ძალას არ იშურებდა, რომ უსაფრთხოდ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, რატომ განაცხადეთ უარი ქვეყნის დატოვებაზე?

-წამოსვლა მინდოდა, შიშის გამო კი არა, ჩემი ოჯახის გამო. ძალა არავის დაუტანებია, სუმოს ფედერაციამ არჩევანის წინაში დაგვაყენა, თუ წავიდოდით, სპორტში დაბრუნებას ვეღარ შევძლებდით. ჩვენ დარჩენა გადავწყვიტეთ.

-სპორტი საკუთარ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?

-ჩვენი სპორტი ჩვენი სიცოცხლეცაა. ჩვენ ამით ვცოცხლებთ და მისი დაკარგვის ალბათობას ვერ დავუშვებდით. პანიკა ნამდვილად იყო, ალბათ ამის მიზეზიც არსებობდა. ტელევიზიები აცახდებდნენ, რომ ერთ თვეში მიწისძვრა განმეორდებოდა, რომელიც ქვეყნის 70 %-ს გაანადგურებდა. იყო უარესის მოლოდინიც, ბევრი სიმართლე იყო, რაღაცეები გააზვიადეს. გემი იძირებოდა, მაგრამ ჩვენ ვირთხები არ ვიყავით, რომ გავქცეულიყავით.

-იმ პერიოდში როდესაც იაპონია წყალს მიჰქონდა, თქვენ ვარჯიში არ შეგიწყვეტიათ, ემოციურად არ იყო ეს რთული?

-ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია ვარჯიში. ყოველ ნახევარ საათში მეორდებოდა ბიძგები. მაგრამ ყველაფერს მიჩვევა სცოდნია.

-ახლა როგორ ცხოვრობს იაპონია, დაუბრუნდა ცხოვრების ძველ რიტმს?

-მიწისძვრიდან ერთი თვის შემდეგ გასვლა გვქონდა ერთ-ერთი რაიონში, კილომეტრებს ისე გავდიოდით, შენობების ნაცვლად მხოლოდ ნაგვის გროვები იყო დარჩენილი. ლეშის სუნი მოწმობდა, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე იყო. ეს იყო იმდენად მძიმე სურათი, მიჭირს სიტყვებით გადმოვცე. უამრავი ადამიანი დაიღუპა, იაპონიიის დიდი ნაწილი ჩაყლაპა წყალმა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა საწარმო გაჩერდა, არც საკვები იყო, ყველაზე დიდ პრობლემას წყლის დეფიცეტი ქმნიდა. დაახლოებით ორი თვის მანძილზე უმძიმეს სიტუაცია იყო. ახლა უკვე დალაგდა ყველაფერი, ტოკიო განაგრძობს ძველ ცხოვრებას. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, მაგრამ იაპონია ძლიერი ქვეყანაა, მიუხედავად იმ ზიანისა, რაც მათ ეკონომიკას მიდგა, დარწმუნებული ვარ, ფეხზე მალე წამოდგებიან. მშრომელი ხალხია და ბრძოლას არ შეწყვეტენ.

-მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ შენს კარიერაზე გავლენა ხომ არ მოხდინა?

-ვინც ამ მიწისძვრას შეესწრო ყველამ უმძიმესი ტრამვა მიიღო. მიუხედავად ამისა, ჩემს სპორტულ კარიერაზე გავლენა არ მოუხდენია.მიწისძვრიდან ორი თვის შემდეგ ბაშოზე 13 შეხვედრიდან 12 მოვიგე და მებრძოლის წოდება მოვიპოვე.

ქეთი გაბინაშვილი

0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0