x
image
ხიზანიშვილი
ჯორჯიო არმანი
image- მილანთან ახლოს, ერთ იტალიურ ოჯახში ბიჭი დაიბადა - სხვებისგან არაფრით გამორჩეული ჯორჯიო. წამოიზარდა და ერთ ჩვეულებრივ უიღბლოდ ითვლებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ საქმე ასე დაუყენა: ან ექიმობა, ან იურისტობა. მან პირველი აირჩია. ორი წელი დადიოდა ლექციებზე, მაგრამ გულს ვერ უდებდა. ერთხელ კი, როცა გვამის გაკვეთაზე დასწრება გააპროტესტა, ყველა მიხვდა, რომ ჯორჯიოსგან ექიმი არ დადგებოდა. სწავლა მიატოვა და ჯარში წავიდა. ჯარის შემდეგ მილანის ყველაზე დიდ უნივერმაღში მუშად დაიწყო მუშაობა, მერე - ვიტრინების გამფორმებლად. შემდეგ კი მამაკაცის ტანსაცმლის სექციაში გადაიყვანეს, აქ უკვე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ათვალიერებდა ათასობით კოსტიუმს, შარვალს, პერანგს, მათგან ხარისხიანად და უხარისხოდ შეკერილების გარჩევას სწავლობდა. ღრუბელივით იწოვდა კერვის ხელოვნების საიდუმლოებებს. რამდენიმე წელიწადში დარწმუნდა, რომ "კმარა თეორია, პრაქტიკის დროა!"

- 40 წლის იყო, რომ საკუთარი მარკა შექმნა. მის პირველ ჩვენებას, სადაც მამაკაცის ტანსაცმლის კოლექცია გამოიტანა, მეორე მოჰყვა - კოლექცია ქალებისათვის. არმანის სავიზიტო ბარათად კლასიკური კოსტიუმი იქცა, რომელსაც ერთნაირი სიამაყით ატარებდნენ ქალებიც და მამაკაცებიც.

- მისით აღფრთოვანდნენ, მას აქებდნენ და ადიდებდნენ, მაგრამ ჰოლივუდში ვერ შეაღწია. ამერიკელი ვარსკვლავები არ რისკავდნენ, საკუთარი იმიჯი არმანისთვის მიენდოთ. ერთმა გარისკა: პოპულარული ამერიკული ჟურნალის გარეკანზე არმანის კოსტიუმში გამოწყობილი მიშელ ფაიფერი იწონებდა თავს. მაშინ კი მთელი ჰოლივუდი მიადგა არმანის თხოვნით - "ოსკარისთვის" რამე შეგვიკერეო. მალე ჰოლივუდის წითელი ხალიჩა არმანის კოლექციის პოდიუმს დაემსგავსა.

- ერთხელაც, 1982 წელს, ჟურნალ "თაიმის" ყდაზე არმანის ფოტო დაიბეჭდა წარწერით: "ყველაზე ცნობილი იტალიელი დიზაინერი". ცნობილმა ვალენტინომ კი არმანის სახელი მისი პირადი მტრების სიას მიაწერა და ხმამაღლა წამოაძახა: "ერთი ამ უიღბლო ექიმს დამიხედეთ! რა, მართლა ჰგონია, რომ ერთადერთია იტალიაში, ვისაც ტანსაცმლის კერვა შეუძლია?!"


- არმანისთან ურთიერთობა იოლი საქმე ნამდვილად არ ყოფილა. ვინც მისი ცივი ლურჯი თვალების გამჭოლ მზერას უძლებდა და ურთიერთობის გაგრძელებას ცდილობდა, მალე ხვდებოდა, რომ მის წინ იდგა სნობი, რომელიც იმის დამალვასაც არ ცდილობდა, რომ დიდი ხანია თავი მოაბეზრეს. თავად დიზაინერის თვითშეფასება ასეთია: "მშრომელჰოლიკი". და კიდევ: "ჰო, ბისექსუალი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ქალებიც იყვნენ და კაცებიც".

- მოკლედ უკომპლექსო ადამიანია, იმასაც აღიარებს, რომ, როდესაც ქუჩაში ნაცრისფერი ბრბოდან გამორჩეულად ჩაცმულ ადამიანს ხედავს, აედევნება და ათვალიერებს, რომ მერე ეს იდეა კოლექციაში გამოიყენოს.

0
112
9-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0