x
image
ჟანა გოგინაშვილი
ქართველი ექიმი რომელიც ამერიკელ კოლეგებს დაეწია

imageზურაბ გურული ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმია. ბავშვთა ქირურგი, ამერიკის მონტგომერის სახელობის კლინიკის, ანესთეზია-რეანიმაციის დირექტორია, ასევე, მისისიპისა და ლუიზიანის უნივერსიტეტების პროფესორი. როგორც თავად გვითხრა, სურვილი აქვს, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მოახმაროს.
დამეთანხმებით, ადვილი არ იქნებოდა ამერიკაში ექიმობის უფლების მოპოვება. ბატონი ზურაბი "სკაიპის" საშუალებით გვიყვება განვლილ გზაზე, ამერიკული ცხოვრების სიძნელეებსა და სასიამოვნო მომენტებზე.

- პირველად ამერიკაში 1995 წელს გავემგზავრე. მანამდე, საქართველოში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. დისერტაციაც დავიცავი, რის შემდეგაც, სრულიად შემთხვევით გაჩნდა იმის შანსი, რომ ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, ნიუ-ორლეანის საბავშვო საავადმყოფოში გამევლო პრაქტიკა. ვმუშაობდი სხვადასხვა კვლევაზე და პარალელურად, სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. სპეციალური ლიცენზიის გარეშე არ შეიძლებოდა, პაციენტთან უშუალო კონტაქტი მქონოდა.

- ალბათ დიდია განსხვავება ჩვენსა და ამერიკულ სამედიცინო განათლების სისტემებს შორის, არა?
- ნამდვილად. ამერიკაში ბაკალავრიატი ოთხწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში აგრძელებენ სწავლას. კონკურსი ძალიან დიდია. რეზიდენტურაში მოსახვედრად, მაღალი ქულების აღებაა საჭირო. მე ძალიან ძლიერ კონტინგენტთან მომიხდა შეჭიდება. სწავლის ამ საფეხურზე უკვე ხდება არჩევა იმისა, თუ რა კუთხით სურს ექიმს მუშაობის გაგრძელება. ბავშვთა ქირურგი გახლავართ. როგორც გითხარით, თავიდან 1 წლით გავემგზავრე ამერიკაში, რის შემდეგაც დავბრუნდი და იაშვილის კლინიკაში განვაგრძე მუშაობა. სურვილი იმისა, რომ ამერიკელებივით კარგი და ხარისხიანი განათლება მიმეღო, იმდენად ძლიერი იყო, რომ მერე ხანგრძლივი დროით გავემგზავრე და მიჩიგანის უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა.

- რამდენად გამოგადგათ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება?
- კარგი კითხვაა. იმ დროს, როდესაც საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, ამერიკა ამ სფეროში დაახლოებით, 30 წლით წინ იყო. ძალიან ბევრ განათლებულ ექიმს თანამედროვე მედიცინაზე მორგებული სახელმძღვანელოები ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ის წიგნები მოსკოვში უნდა დაბეჭდილიყო, ეს პროცესი კი, როგორც წესი, 15 ან 20 წლით იწელებოდა, ამასობაში მედიცინა წინ მიიწევდა და სახელმძღვანელოც ძველდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი სწავლის პედიოდში ლიტერატურის მოძიებაც რთული იყო. არ მიგვიწვდებოდა ხელი საერთაშორისო ბიბლიოთეკებზე - ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება ბაზისურ მეცნიერებებს, მაგალითად - ანატომიას, ყველგან ერთნაირად ისწავლებოდა. პრაქტიკის მიღების თვალსაზრისით, 25 წლით ჩამოვრჩებოდით ამერიკას. ჩასვლისთანავე, ძალიან ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა. გარდა ამისა, ამერიკელებს დაუნდობელი პრაქტიკული წვრთნის პროცესი აქვთ, ეს განსაკუთრებით ქირურგიულ სპეციალობებზე იგრძნობა. პირველად საოპერაციოში რომ შევედი და წვერგაუპარსავი, თვალებჩაცვენილი, მოუწესრიგებელი ახალგაზრდები დავინახე, შემეშინდა... ერთი თვის შემდეგ მეც ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი. ერთხელ, ძალიან გამოცდილმა და ასაკოვანმა ექიმმა მითხრა: ექიმად ჩამოყალიბებისთვის არ კმარა მხოლოდ სურვილი, - ამისთვის საჭიროა, მუშაობის რთულ პირობებშიც შეინარჩუნო აზროვნების სისხარტე და ფიზიკური გამძლეობაო. ოპერაცია ხშირად 13 საათს გრძელდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა გვიწევდა!.. დამოუკიდებლად მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის წვრთნა, რასაც რეზიდენტობის პერიოდში გავდიოდი. საქართველოში ასეთი მიდგომა არ არის. ჩვენში მრავლად არიან 22 წლის ექიმები, ამერიკაში კი ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ექიმობა არ არის ხელობა, ეს ხელოვნებაა. საჭიროა, პაციენტი ბოლომდე გაიხსნას; ხშირად ჩვენც გვიწევს "აღსარების ჩაბარება"... ამერიკაში ექიმი რომ გახდე, ამისთვის 16 წელია საჭირო. კიდევ ერთი პრობლემაა: საქართველოში არ არსებობდა ექიმის ხარისხის შემფასებელი კომისია. ამერიკაში ყოველი წლის ბოლოს, რეზიდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს, რამდენი ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობდა და რა შედეგით სრულდებოდა ისინი. როდესაც საუბარია რუსეთისკენ გეზის აღებაზე, ხალხმა უნდა იცოდეს - თუ ეს მოხდება, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა უკუსვლას დაიწყებს: რუსეთს ათეული წლები აქვს გასავლელი განვითარებული სტანდარტების მისაღწევად.

- ამდენი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ექიმებს თუ უზიარებთ?
- 2001 წლამდე არავის აინტერესებდა, რამდენი ექიმი ვიყავით წასული და რას ვსაქმიანობდით. ვაშინგტონში, ამერიკაში საქართველოს მაშინდელი ელჩის, ბათუ ქუთელიას ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია და სხვადასხვა შტატში მომუშავე ექიმებმა მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩამოვაყალიბეთ ამერიკულ-ქართული ასოციაცია, სადაც ექიმები გავერთიანდით. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. სამწუხაროდ, ძირეული ცვლილებები ვერ ხერხდება, მხოლოდ ერთჯერად დახმარებებს ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, კონსულტაციების სახით. თბილისში 2 საერთაშორისო კონფერენციაც ჩავატარეთ, რომელშიც ექიმები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ვაპირებთ შევადგინოთ სია იმ ქართველი ექიმებისა, რომლებიც რეგულარულად ივლიან საქართველოში ლექციების წასაკითხად. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს სიახლეების შესახებ. ეს პროცესი ახლა თუ არ დაიწყო, სასიკეთო შედეგების მიღწევა ძალიან დაგვიანდება. არ შეიძლება, სამედიცინო სფერო არაპროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული. პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთ ადგილებზე ფიქრობენ, პროფესიონალები კი ააშენებენ სისტემას, რომელიც წლების მანძილზე დაიხვეწება და ჩამოყალიბდება.

- მთავრობის წარმომადგენლებთან თუ გქონიათ საუბრები, კონსულტაციები?
- დიახ. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჯანდაცვის მინისტრთანაც მქონდა შეხვედრები. ჩემი სურვილია, საქართველოსაც ჰქონდეს ისეთივე საგანმანათლებლო სისტემა სამედიცინო სფეროში, როგორიც ამერიკელებს აქვთ და მის შექმნაში საერთაშორისო კლასის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ამისთვის, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ძალიან კარგი სამედიცინო დიასპორა გვყავს. ეს ხალხი 90-იან წლებს გაექცა, რათა საკუთარი პროფესია არ დაეკარგა. მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მოვახმაროთ. სახელმწიფოს ნების გარეშე ეს იცით, რას ჰგავს? - ადამიანს თავი რომ სტკივა და მხოლოდ გამაყუჩებელს ასმევ; არ ფიქრობ, გამოიკვლიო, რა იწვევს თავის ტკივილს... ჰო, კიდევ, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ რეზიდენტები კლინიკებში სწავლის საფასურს იხდიან. ამერიკაში სახელმწიფოა დაინტერესებული, ექიმმა ისწავლოს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ამიტომ თითოეული რეზიდენტისთვის სახელმწიფო კლინიკას წელიწადში 150 ათას დოლარს უხდის. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში დღესაც ისეთივე ქაოსია, რაც წინა მთავრობის დროს იყო. ჯიუტად ვცდილობ, მათ ვაიძულო, რომ საღი აზრი გაითვალისწინონ.

- რამდენად ხშირად უწევთ კონსულტაციებს ქართველებს? ალბათ ძირითადად, ბავშვებთან დაკავშირებით მოგმართავენ, არა?
- სოციალური ქსელები "დიდ პატივს გვცემს". "ფეისბუკის" წყალობით, ამერიკიდან ჩამოტანილი მედიკამენტებით ერთი ბავშვი სრულიად განვკურნე. შუამავლობას ხშირად ქართველი ექიმებიც გვიწევენ. ბავშვებში ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება. ხშირად გამიგონია, რომ სრულიად უიმედო პაციენტისთვის საქართველოდან სხვადასხვა კლინიკაში უზარმაზარი თანხები გაედინება: ვინაიდან საზღვარგარეთ პაციენტებს არავინ იცავს, ფულს უპრობლემოდ იჯიბავენ ექიმები და კლინიკები. ბევრი ექიმი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ხშირად არც ვიცით, რა კვალიფიკაციის მქონეა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ექსპერტად არ უნდა მივიჩნიოთ.

- თქვენს ოჯახზე მომიყევით. როგორც ვიცი, მეუღლე და 2 ვაჟიშვილი გყავთ. ისინიც თქვენთან, ამერიკაში ცხოვრობენ?
- ჩემი მეუღლეც ექიმი გახლავთ, გინეკოლოგია. ვიფიქრეთ, საქართველოდან 2 ექიმის წასვლა არ იქნებოდა კარგი საქციელი... მეუღლე საქართველოში მუშაობს. ცოტა ხნის წინ, დისერტაცია დაიცვა და დოქტორის წოდება მიიღო. გარდა ამისა, მისისიპის გინეკოლოგიის ფაკულტეტთან თანამშრომლობს. რაც შეეხებათ შვილებს, - გადავწყვიტეთ, საბაზისო განათლება საქართველოში მიეღოთ. უფროსმა ვაჟმა თბილისის ამერიკული აკადემია დაამთავრა და ახლა ამერიკაში, სამედიცინო კოლეჯში სწავლობს, მერე უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. უმცროსი ვაჟი საქართველოშია და ჯერჯერობით, სკოლის მოსწავლეა. ის ჩემთან ზაფხულობით ჩამოდის.

- როგორც მითხარით, ამერიკაში ექიმებს, ბევრი მუშაობა გიწევთ. შრომის ანაზღაურება შესაბამისია?
- ამერიკაში მომუშავე ექიმები შრომის ანაზღაურებით, ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებული მოსამსახურეების რიგში შედიან. როგორც გითხარით, პროფესიონალად ჩამოყალიბება ძალიან ძნელია, სტრესული სამუშაოა და კონკურენციაც დიდია. აქ გაჭირვებული ექიმი არ არსებობს. არც ისეთი ეკონომიკური კრიზისი ყოფილა, რომ ექიმს სამსახური დაეკარგოს. სოლიდური და პატივცემული სამსახური გახლავთ. ენთუზიაზმს ნაკვერჩხალივით მუდამ გაღვივება სჭირდება და ეს შესაბამისი ანაზღაურებით გამოიხატება. ყოველდღე საკუთარ თავზე ვმუშაობთ, სულ გამოცდებს ვაბარებთ. ლუიზიანისა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და სტუდენტების სწავლება მიხდება, ამიტომაც საჭიროა, ყველა სიახლე ვიცოდე. დიდ უფლებებს დიდი პასუხისმგებლობაც მოსდევს.


0
405
5-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0