x
image
ჟანა გოგინაშვილი
როგორ აღმოჩნდა "შუა ქალაქის" სცენარისტი რეანიმაციიდან "ღამის შოუს სტუდიაში"

imageსერიალ "შუა ქალაქის" სცენარისტი გიორგი კაპანაძე პროფესიით ექიმია. როგორც თავად გვითხრა ამ სპეციალობით არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამგანაც კი მუშაობდა. თუმცა გადაწყვიტა სამედიცინო სფეროს სამუდამოდ ჩამოშორებოდა და მთლიანად იუმორისტულ გადაცემებისათვის დაეთმო დრო. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის რეანიმაციიდან "ღამის შოუს სტუდიაში" სცენარისტად.
"ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები. თანაც დეიდაშვილი ძალიან წარმატებული ექიმი მყავდა, რომელსაც ყველას დამხმარეს იმიჯი ჰქონდა. მისი საქმიანობა მეც მეამაყებოდა და პატარაობიდან მინდოდა მისთვის მიმებაძა.
ან ქურდობა უნდა მომდომებოდა ან ექიმობა, რადგან ჩემს ბავშვობაში ქურდებსაც კარგი იმიჯი ჰქონდათ. ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.
– უნივერსიტეტში როცა დაიწყე სწავლა მოგწონდა არჩეული გზა, თუ იყო იმედგაცრუება?
– იყო სასიხარულო მომენტებიც და იმედგაცრუებაც. არ იყო წესიერი წიგნები, რომლითაც უნდა მიგვეღო სრულფასოვანი განათლება. 2000 წელს ჩავაბარე და ინტერნეტიც არ იყო მაშინ ყველასათვის ხელმისაწვდომი. პირველი ორი კურსი, გამიჭირდა სწავლა. მთლიანობაში კარგი იყო ის პერიოდი რაც სწავლას დავუთმე.
– როგორც ვიცი, ბევრგან მუშაობდი ექიმად. სიამოვნებას განიჭებდა ექიმად მუშაობა, თუ ანაზღაურებას გამო აკეთებდი ამას?
– იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებს ნაკლები ხელფასი აქვს, მითუმეტეს დამწყებებს, სამგან ვმუშაობდი. გადაბმულად სამი დღე მორიგე ვიყავი ხოლმე.
როდესაც დავიწყე მუშაობა, თავიდან იყო სიამოვნება, რომელიც რამოდენიმე თვე გაგრძელდა, მაგრამ დრო რომ გადიოდა ისეთი სასიამოვნო აღარ იყო, როგორც თავიდან.
– სამედიცინო სფეროდან როგორ მოხვდი "ღამის შოუს სტუდიაში"?
– სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში, კავეინში ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას. პირველ რიგში ამან განაპირობა ის, რომ დავიწყე ხუმრობების წერა.
გავიჩინე მეგობრები, რომლებმაც მითხრეს, რომ `ფორტუნა პლიუსზე~ იწყებოდა ახალი პროექტი და მივსულიყავი და ბედი მეცადა. მანამადე კი რეკლამებსაც ვაკეტებდი. ასევე მონაწილეობასაც ბიღებდი ხოლმე. ხშირად ვუყურებდი ფილმებს.
რადიოში რომ მოვხვდი, იქ მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. რეანიმაციაში მუშაობას ნამდვილად სჯობდა. ერთ პროექტს მოჰყვა მეორე, მესამე და ა.შ. შემდგომ შემომთავაზეს რაღაც თანამდებობდა, რაზეც დავთანხმდი და ვცდილობდი ამ საქმიანობას ექიმობაც შემეთავსებინა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კერძო სასწრაფოში ვმუშაობდი. "არდი" ერქვა, რომელიც სამწუხაროდ დაიხურა. რომ არ დახურულიყო დღემდე ვიმუშავებდი, რადგან თვეში ორჯერ ან სამჯერ რომ მემორიგევა საკმარისი იყო. როგორც ექიმი ფორმაში ვიქნებოდი.
რეზიდენტურაშიც გავაგრძელე სწავლა, ისიც დავამთავრე. ბოლო სამი წელია მივხვდი, რომ სამედიცინო სფეროში რომ ვიყო, ამ სფეროში წარუმატებლობა უნდა განვიცადო, რაც ძალიან არ მინდა. აქ გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს. მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ. ანაზღაურებაც კარგი მაქვს.
ჩვენი თაობა რადიო 105-ზე გავიზარდეთ. იქ იყვნენ გოგიჩაიშვილი, კაკაბაძე და მათი მეგობრები. შემდეგ დაიწყეს რაღაც პროექტების განხორციელება. გახსოვთ ალბათ "რუსთავი 2"-ზე "ღამის შოუ" დავით გოგიჩაიშვილთან ერთად, მერე "შაბათის შოუ". სასიხარულო იყო ის, რომ გაჩნდა საქართველოში გემოვნებიანი იუმორისტული გადაცემები, რაც მანმადე არ იყო. როგორც მაყურებელი სულ ვუყურებდი და მსიამოვნებდა. ამ სფეროში, რომ მოვხვედრილიყავი შანსი ყოველთვის იყო, მაგრამ ექიმობის გამო ეს უკანა პლანზე იწევდა და მხოლოდ სურვილად რჩებოდა.
რადიოში მუშაობისას, ერთ-ერთი თქვენი კოლეგისგან გავიგე, რომ "ღამის შოუს სტუდია" აცხადებდა ქასთინგს სცენარისტებზე. მანამდე ტელევიზიით გავიდა გადაცემა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა "შუა ქალაქში". ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ნეტა მეც აქ ვმუშაობდა მეთქი. მოვედი ქასთინგზე. აქ დამხვდნენ თანამშრომლები, რომლებსაც კავეინიდან შორიდან ვიცნობდი და ერთადაც გვქონდა ნათამაშები. რამოდენიმე ტური გადავლახე, ცოტა ხნის განმავლობაში ვწერდი რაღაცეებს, რამდენიმე თვეში კი მთლიანად "ღამის შოუს სტუდიაში" გადმოვედი სამუშაოდ და რადიოდანაც წამოვედი.
– როგორ მიგიღეს ბიჭებმა? ალბათ თავიდან იყო გარკვეული სირთულეები.
– სიმართლე გითხრათ სულ სხვანაირად წარმომედგინა აქ მუშაობა და სულ სხვანაირი გარემო დამხვდა. თავიდან ყველას საკუთარი თავი ძალიან ნიჭიერი ჰგონია ხოლმე და ასე ვიყავი მეც. არც ისე ადვილი არ აღმოჩნდა სცენარის წერა. თუმცა ისეთ გამოცდილ ხალხთან მიწევდა მუშაობა, რომ მალე დავძლიე ყველა სიძნელე. დიდი კომფორტა სამსახურში კარგი თანამშრომლების ყოლა, ვისი დანახვაც ყოველ დღე გიხარია.
ასეთი სიტუაცია დამხვდა, შესაბამისად ყველა სირთულე მათი დახმარებით გადავლახე.
– არ ნანობ, რომ ექიმობას საბოლოოდ დაანებეთ თავის?
– არა, ამ გადაწყვეტილებას არასდროს არ ვინანებ. ამაზე თავის დროზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ოჯახი მყავდა უკვე და ჩემს მეუღლესთან ერთად გავაანალიზე ეს ნაბიჯი. ძალიან ძნელია საქართველოში ექიმი იყო. ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ მატერიალური მხარე მოიწესრიგო. ამას მოთმინება სჭირდება, მოთმინება კი ოჯახს არ შეუძლია. აქ იმდენად კარგად ავეწყვე, რომ ხუთი წელი კიდევ ექიმობისთვის დროის დათმობა უაზრობა იქნებოდა.
– გვითხარი, როგორ ქმნით სერიალისთვის სცენარს. რამდენად დატვირთულები ხართ?
– ძალიან დატვირთულები ვართ. როცა იღლები ყველანაირი საქმე რუტინა ხდება, მაგრამ რეანიმაციისგან განსხვავებით ეს რუტინა საკმაოდ იოლია. სახალოსოა სცენარის შექმნის პროცესი. ერთმანეთის ხუმრობაზე თუ ჩვენ არ გაგვეცინა ე.ი სხვასაც არ გაეცინება. თუმცა არც ისეა საქმე, რომ ამ დროს სცენარისტები განსაკუთრებით ვმხიარულობთ ხოლმე. ძალიან საინტერესო სამსახურია. მუდამ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
ბევრ რამეზე გვიწევს ხოლმე ფიქრი. როგორი უნდა იყოს ესა თუ ის სერია. ხანდახან ამისთვის სამი და ოთხი დღე გვიფქრია და ხან ერთ საათშიც დაგვიწერია. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი გრაფიკი, რომელსაც არ ვცილდებით.
– როგორც ჩანს სცენარისტობას მსახიობობასაც უთავსებ და ეპიზოდურ როლებშიც ხშირად ჩნდები ხოლმე.
– კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსახიობად არ ვარგივარ. ეპიზოდური როლების თამაში ბევრს შეუძლია, ამიტომ რთული ამაში არაფერია.
წინასწარ ვხვდები ხოლმე რა შეიძლება გამომივიდეს და რა არა. მივხვდი, რომ მსახიობობა არ გამომივიდოდა და ამ პროფესიაზე არც მიფიქრია.
– ფინანსური კუთხით რამდენად შემოსავლიანია თქვენი სამსახური?
– რახან ყველაფერი შედარებითია, კარგი შემოსავალი მაქვს. უკეთესიც შეიძლება.
– სიახლეებზეც რომ გვითხრა.
– დაახლოებით სამი თვეა აღარ ვმუშაობ "შუა ქალაქზე", რადგან რეჟისორი და სცენარისტი ვარ პროექტის "რომ გადახვალ გააჩერე". მთლიანად გადართული ვარ ამ საქმეზე. ცოტა ხანში სერიალს კვლავ დავუბრუნდები. აქ ასეა ყოველთვის, ყველა ყველაფერს ვაკეთებთ.
ჩვენ ისეთ სფეროში ვმუშაობთ, რომ სიახლე თუ არ შეიტანე არაფერი არ გამოვა. კონკრეტულად რაიმე ახალი ჯერჯერობით არ არის. ჩვენც მუდამ ძიებაში ვართ, რაღაცეები მოგვწონს ჩვენც, რაღაცეები არ მოგვწონს და ა.შ, თუმცა სულ ვცდილობთ ერთფეროვნება არ იყოს. რისკებზეც ხშირად მივდივართ, ექსპერიმენტებს ვატარებთ ხოლმე, ზოგი ამართლებს, ზოგი არა. მუდამ სიახლე თუ არ ეძიე ამ სფეროში საინტერესო აღარ იქნება და მაყურებელსაც მობეზრდება.
– პირად ცხოვრებაზეც მოგვიყევი. როგორც ვიცი მეუღლე და ორი შვილი გყავს. მათთან ყოფნის დეფიციტს ხომ არ განიცდი?
– ორი ბიჭი მყავს, ექვსი წლის და ორი წლის. ხანდახან სახლში მისული, შეიძლება ბავშვებისგან უფრო დავიღალო ხოლმე, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა. მათთან ყოფნის დეფიციტი მაქვს, კარგი იქნებოდა შვილებთან მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ამ ფაქტს შეგუებული ვარ.
ჩემს მეუღლეს რაც შეეხება იმ სფეროს კარგი შემფასებელია სადაც მე ვტრიალებ და მისი გემოვნებაც ყოველთვის მომწონს. შესაბამისად ბევრ რამეში მეხმარება.

0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0