x
შეიძლება თუ არა არსებობდეს ერი სახელმწიფოს გარეშე?
მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მოკლედ მიმოვიხილავ ერებისა და სახელმწიფოს მახასიათებლებს, შემდეგ კი შევეცდები ლოგიკურად განვმარტო ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. ერების ჩამოყალიბება და სახელმწიფოს წარმოქმნა ხანგრძლივი პროცესია. აქტუალურია და სადავო, შესაძლებელია თუ არა ერი არსებობდეს სახელმწიფოს გარეშე. როდესაც ერს ვახსენებთ, იგულისხმება ყველა ის ნიშანი, რაც მას ახასიათებს. ერის რამდენიმე განმარტება არსებობს, თუმცა ყველაზე მისაღები ენტონი დაგლას სმიტის განმარტებაა. სმიტი გამოყოფს ერის შემდეგ მახასიათებლებს, რომლებიც მას უნდა გააჩნდეს, ესენია: ეთნონიმი, საერთო მითები, საერთო ისტორია, საერთო მასობრივი კულტურა, გარკვეული ტერიტორიის ფლობა(სუვერენიტეტი), საერთო უფლებები და მოვალეობები, საერთო ეკონომიკა. ბოლო 4 მახასიათებელი თანამედროვე სახელმწიფოს ნიშანს წარმოადგენს. ერს ასევე, ახასიათებს ავტონომია, ერთიანობა და იდენტობა. ერის ავტონომიის მნიშვნელოვანი ფორმაა თვითმართვა და თვითრეალიზაცია ანუ საშიანაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ეროვნული ერთიანობა კი დაკავშირებულია ტერიტორიასთან. ტერიტორიული გაერთიანება ნაციონალიზმს ემყარებოდა. სწორედ საფრანგეთის რევოლუციის დროს გაჟღერდა და მას შედეგად მოჰყვა ის რომ, იქ მცხოვრებლებმა მოქალაქის სტატუსი მიიღეს. აქედან გამომდინარე, ერი შეიძლება ვუწოდოთ იმ ხალხებს ან ეთნოსს, რომელსაც სახელმწიფოებრიობა გააჩნია. სახელმწიფოებრიობის გარეშე კი შეუძლებელია ერის ფუნქციების შესრულება. ჩემი აზრით, მხოლოდ ის ეთნოსი შეიძლება, ჩაითვალოს ერად, რომელსაც საკუთარი ეროვნული დამოუკიდებლობა აქვს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში ან ქონდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ტერიტორია ერის უმნიშვნელოვანესი მახასიათელებალია. ერი უნდა ფლობდეს გარკვეულ ტერიტორიას, რომელზედაც მისი სუვერენიტეტი ვრცელდება. სახელმწიფო სუვერენიტეტს სათავე დაუდო ვესტფალიის ხელშეკრულებამ (1648წ.) ამ პერიოდამდე სახელმწიფო არ იყო ტერიტორიული მოვლენა. ვესტფალის ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული ის პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავდა სახელმწიფო სუვერენიტეტს- სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა; სახელმწიფო საზღვრების შეუვალობა; სახელმწიფოს უზენაესობა; სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელად განახორციელებს კანონების მიღებასა და აღსრულებას. ასეთ პირობებში, ერი ცდილობს დაიცვას საზღვრების შეუვალობა და სახელმწიფოს ფუნქციონირება, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ იცავს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს, მათ თავისუფლებას, ასევე ხელს უწყობს პიროვნების განვითარების შესაძლებლობის რეალიზაციას. უშუალოდ ჩემს პოზიციას, რაც შეეხება მიმაჩნია, რომ ერი იმ შემთხვევაში ითვლება ერად როდესაც ზემოთ აღნიშნულ კრიტერიეუმებს აკმაყოფილებს.

ებრაელების შემთხვევაში, ისინი ერს არ წარმოადგენდნენ, ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში ებრაელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიასპორაში ცხოვრობდა. ის, რაც მათ აერთიანებდათ იყო კულტურა და რელიგია. ადრე ისინი გაერთიანებულები იყვნენ კერძო პირის ძალაუფლების ქვეშ საერთო კულტურის გამო და ერად გადაიქცნენ მხოლოდ 1948 წელს, მას შემდეგ რაც შექმნეს სახელმწიფო. ამ პერიოდამდე ებრაელები, როგორც ერი ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც ერს უნდა ახასიათებდეს. ნაციონალიზმა წამოსწია ხალხის როლი და მას უწოდა ნაცია. აქედან გამომდინარე ძვ. ებრაელები არ იყვნენ ნაცია, ისინი იყვნენ უბრალოდ ხალხი.

შემომედავებიან, რომ არსებობენ ერები, რომელთაც სახელმწიფოებრიობა არ აქვთ, მაგალითად ქურთები. მათ საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი მეცნიერი მათ ერებად არ მიიჩნევს, რიგი მიზეზების გამო და ეს სწორიცაა. მაგალითად, მათ არ გააჩნიათ საერთო კანონმდებლობა, სუვერენიტეტი, ასევე საერთო კულტურული ღირებულებები, ისტორია და მითები. შესაბამისად ქურთებს, არ შეიძლება ეწოდოს ერი, რადგან არ აქვთ საკუთარი სახელმწიფო, შესაბამისდ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა. ასევე მათ შორის არის დაყოფა და დამოუკიდებლობის სურვილის განსხვავებული პოზიციები. ეს კი საბოლოოდ გამორიცხავს მათ ერად ყოფნას.

საკითხავია, რამდენად მიესადაგება ჩემი პოზიცია ბიეთნიკურ და მრავალეთნიკურ ქვეყნებს? მაგალითად, ბელგიაში დაახლოებით თანაბრად არიან წარმოდგენილები ვალონები და ფლამანდიელები. აქედან გამომდინარე, არსებობს ბელგიელი ერი და არა ვალონი ან ფლამდიელი ერები. ისინი ერები ვერ იქნებიან, რადგან მათ არ აქვთ დამოუკიდებლობა. ბელგიაში მცხოვრებს, პასპორტში უწერიათ რომ ისინი არიან ბელგიის მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარმომავლობისა. ასე რომ ვალონები და ფლამანდიელები ერს არ წარმოადგენენ. იგივე შეიძლება ითქვას ტიბეტელებზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მათ დამოუკიდებლობის შექმნის სურვილი აქვთ და რომ ადრე მათ დამოუკიდებლობა ჰქონდათ.


ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ ჭრილში პაკისტანის მაგალითის განხილვა. დღევანდელი თანამედროვე სახელმწიფო, პაკისტანი ადრე დიდი ბრიტანეთის ოსტინდოეთის კოლონიის ნაწილი იყო, მას შემდეგ რაც ბრიტანელებმა ინდოეთი დატოვეს, იგი რელიგიური ნიშნით ორად გაიყო, პაკისტანად და ინდოეთად. თვითონ სახელწოდება “პაკისტანი'' წარმოდგება პენჯაბის სიდჰის(პა), კაშმირისა(კი) და ბელუჯისტანისგან(ტან). დღეს კი პაკისტანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა დაყოფილია რამოდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ ეთნოსებად. მიუხედავად ამისა, არსებობს პაკისტანელი ერი და ხელისუფლება ხელს არ უწყობს მის ჩამოყალიბებას. მათი მიზანი იყო შეექმნათ სახელმწიფო, ერი და სახელი ერისთვის. პაკისტანი ნათელი მაგალითია, იმისა რომ ერი სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს.

საბოლოოდ, კითხვაზე არსებობს თუ არა ერი სახელმწიფოს გარეშე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ არსებობს. ამის დასამტკიცებლად დავახასიათე თანამედროვე ერი და სახელმწიფო, შემდეგ მაგალითების საშუალებით შევეცადე არსებული მოსაზრებები გამებათილებინა და დამემტკიცებინა ჩემი პოზიციის სისწორე. ერი, რომელსაც არ გააჩნია სუვერენიტეტი, იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციებს რომელსაც ახორციელებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. კონკრეტულად, აქ იგულისხმება გარკვეული ტერიტორიის ფლობა(სუვერენიტეტი), საერთო უფლებები და მოვალეობები, საერთო ეკონომიკა. აღნიშნული 4 მახასიათებლის გარეშე ერი უუნაროა და ვერ ახორციელებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას. შესაბამისად, მას ერი არ შეიძლება ვუწოდოთ. ყველა ზემოთ მოყვანილი და განხილული განსხვავებული მაგალითებიდან ფაქტია, რომ სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია არსებობდეს თანამედროვე ერი.


გამოყენებული ლიტერატურა:

გ. გოგსაძე. სივრცე, პოლიტიკა, იდენტობა.

0
197
3-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0