x
image
worldsport.ge
გია ცეცაძე: “მეტოქემ აშკარად გვაჯობა”

imageლიტვაში მიმდინარე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში სერბეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ განაცხადა, რომ სერბები გამარჯვებას იმსახურებდნენ. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
გია ცეცაძე: “გუნდმა ვერ ითამაშა. ეს ფაქტია და ყველაფრის პასუხიც. თუმცა, სანამ მიზერული შანსი მაინც გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ეს კონცენტრაცია არ დაიკარგოს. რეალურად რომ შევხედოთ, საფრანგეთის თამაშიდან დაწყებული და ამ თამაშით დამთავრებული, რაღაც მეც დავაკელი და ბიჭებმაც. რაღაც არ გამოვიდა. ელიტრაუნდში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მიზეზი მხოლოდ ჩვენშია. გუნდმა წააგო, ე.ი. ყველამ წააგო.
თითქოს ძალიან იოლი და ბანალური გამონათქვამია: ფეხბურთია და ხან წააგებ და ხან მოიგებ, მაგრამ მართლა ასეა. ის, რაც ელიტრაუნდში კარგად გამოგვდიოდა, აქ აღარ გამოვიდა. მეტოქემ აშკარად გვაჯობა. სერბებმა თავისი კოზირები ბოლოდე გამოიყენეს. ჩვენ კი, საკუთარი თამაში ვერ ვითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ თამაში საფრანგეთთან უფრო გამოგვივიდა, ვიდრე სერბებთან - განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბიჭებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინ რა ვერ გააკეთა და ვის რა არ გამოუვიდა. სამომავლოდ, მათთვის ეს კარგი მაგალითი და გაკვეთილი იქნება.
ჩვენ რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ევროპის ჩემპიონატებზე ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ასე ვთქვათ, კარგად ვიყოთ გაშინაურებულები, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, უფრო კონკრეტულ რაღაცებზე გველაპარაკა.
ბოლო თამაშში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა თუ არაფერი, პრინციპის საკითხია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში მოვიგოთ. ფრეც გვქონდა, წაგებაც და ახლა, მგონი გამარჯვების დროც მოვიდა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით.
ბიჭები საოცრად დამწუხრებულები და სევდიანები არიან. გასახდელში რომ გენახათ, ცრემლები წამოგივიდოდათ, მაგრამ მათ თვალებში იმედი ჩანს, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც. ამიტომ, ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა ქნას, ცოტათი მაინც გაგვიმართლოს”.
სერბების თავკაცმა ლიუბინკო დრულოვიჩმა თქვა, რომ ბოლო ტურში ფრანგების წინააღმდეგ თავის გამოჩენის საშუალებას, სათადარიგო ფეხბურთელებს მისცემს.
ლიუბინკო დრულოვიჩი: „ჩემმა გუნდმა ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შედეგად, უკვე ნახევარფინალში ვართ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ძალიან კარგად ვიცნობ. საქართველო მართლაც გამორჩეული და სიმპათიური გუნდია. თუმცა, დღეს ძლიერები ჩვენ აღმოვჩნდით. ბოლო მატჩში, საფრანგეთის ნაკრებთან შანსს აუცილებლად მივცემ სათადარიგო მოთამაშეებს, რადგან ისინიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ამას იმსახურებენ”.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0