x
image
worldsport.ge
გიორგი ონიანი: “5-6 წელი კიდევ ვაპირებ თამაშს”

imageსაქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გიორგი ონიანი ყოველდღიურად სულ უფრო უკეთ გრძნობს თავს. გიორგიმ “მსოფლიო სპორტთან” ხალისიანად ისაუბრა და ეტყობა, რომ საყვარელ საქმიანობაში დაბრუნების იმედი აქვს.
10 აპრილს ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “სიონი”-“ტორპედოს” შეხვედრის 93-ე წუთზე გიორგიმ ისეთი ტრავმა მიიღო, კარიერის გაგრძელებას ვინ ჩიოდა, სიკვდილს გადაურჩა. საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ პირით ხაზს იქით გადავარდა და ორ მეტრში რკინის ბოძს შეეჯახა. ექიმები კარგა ხანს დასტრიალებდნენ, შემდეგ კი საავადმყოფოში წაიყვანეს. კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
ეს 10 აპრილს, დღეს კი გიორგი კარგადაა და ექიმებთან ხშირად მისვლაც არ უწევს.
გიორგი ონიანი: 2 კვირაა, რაც ნორმალურად დავდივარ და ყოველდღიურად ვგრძნობ უკეთესობას. იმის აუცილებლობაც არაა, რომ ექიმებთან ხშირად ვიარო. წამლებსა და ნემსებს მოვრჩი, ახლა უკვე დროის ამბავია. დრო უნდა შეხორცებას. მე ხომ პლატინა მიდგას. სანამ ძვალი არ შეხორცდება, არანაირი დატვირთვები არ შეიძლება. გერმანიაშიც გავაგზავნე ჩემი მონაცემები და საშიში აღარაფერია, უბრალოდ, უნდა დაველოდო შეხორცებას.
- ალბათ, რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივი იქნება.
- ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მსუბუქი ვარჯიშის დაწყება შემეძლება. ახალი წლიდან კი სრული დატვირთვები და თამაშიც იქნება შესაძლებელი. წესით, პრობლემა არ უნდა იყოს. ვნახოთ, იმედიანად ვარ.
- გახსოვთ ყველაფერი როგორ მოხდა?
- ყველაფერი მახსოვს. გონება არ დამიკარგავს, ეგაა, კიდურებს ვერ ვგრძნობდი. კიდევ კარგი, როგორც გონებადაკარგულზე იციან, მოსასულიერებლად ხელების დარტყმა არ დამიწყეს. ამ დროს, შესაძლოა, უარესად დაზიანებულიყო ზურგის ტვინი და ექიმებიც კი ვერაფერს იზამდნენ. ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთი ტრავმა 100-დან 95 შემთხვევაში სიკვდილით, ან სამუდამო ინვალიდობით მთავრდება. ღმერთმა გადამარჩინა, ექიმებმა კი თავიანთი საქმე ხუთიანზე გააკეთეს.
- ყურადღება არ მოგკლებიათ. როგორც ვიცით, თქვენთვის უცნობი ადამიანებიც მოდიოდნენ საავადმყოფოში.
- ასეა. ამ დროს გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრს არც უშვებდნენ საავადმყოფოში. ყველას დიდ მადლობას ვუხდი. “ტორპედოც” მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის ხარჯი გაეღო, თანადგომას ვგრძნობდი, თუმცა სახელმწიფო დაფინანსებაში მოვხვდი. ანუ, სახელმწიფომ გაიღო ხარჯი.
- შეგვიძლია განვლილ სეზონზე ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით?
- “ტორპედო” სამეულში შევიდა, რაც პროგრამა-მინიმუმი იყო. თასზე კარგად ვერ გამოვედით, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს და არ დავიწყებ ლაპარაკს. “ტორპედოსთან” მაისის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი და ვნახოთ, “ტორპედო” იქნება თუ სხვა კლუბი, მთავარია ვითამაშო.
- წარმატებებს გისურვებთ და მსგავსი შემთხვევები ბოლო ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში.
- დიდი მადლობა. ჯერჯერობით რაც მითხრეს, პრობლემა არ უნდა იყოს თამაში. უბრალოდ, რეაბილიტაცია დიდ დროს წაიღებს. მთავარია, რისკთან არ იყოს დაკავშირებული თამაში. ყველანაირი საშიშროება რომ გამოირიცხება, ვერაფერი შემაჩერებს - ვითამაშებ. 5-6 წელი კიდევ ვაპირებ თამაშს. შიშის დაძლევის პრობლემაც არ მექნება. მოკლედ, რისკი უნდა გამოირიცხოს და მადლობა ღმერთს, ყველაფერი აქეთ მიდის.



ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0