x
image
worldsport.ge
“ბორუსიას” ქომაგობის საიდუმლო

imageგერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები წელს განსაკუთრებულად გახარებულები არიან. მათ რასაკვირველია სიხარულის მიზეზიც აქვთ და მეტიც – გერმანული ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ მინიმუმ ერთი წელი წელში გამართულებმა იარონ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთბაშად ორი ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდის გასვლა უბრალო ამბავი ნამდვილად არაა და “ბუნდესქვეყნელთა” წარმატების დაჩრდილვას ვინც ეცდება, დიდი შანსია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდეს...
ჩემპიონთა თასს საბოლოოდ ”ბაიერნი” აღმართავს თუ “ბორუსია” – ეს რა თქმა უნდა, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფინალამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, პროგნოზების კორიანტელი უფრო და უფრო გვეყრება “თავ-პირში.”
ამასწინათ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გერმანულ ტოტალიზატორს გულშემატკივრებისათვის არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე შეუთავაზებია ფსონები, ფინალში მონაწილე კლუბების რომელი მწვრთნელი უფრო მეტ მანძილს დაფარავს მატჩის ცქერის თანმხლები ნერვიულობის დროს. უშუალოდ “ბორუსიასა” და “ბაიერნის” ქომაგები რასაკვირველია თავიანთ საყვარელ გუნდებს უგულშემატკივრებენ, მაგრამ ერთი რასაც დავაკვირდი და აღმოვაჩინე ისაა, რომ ნეიტრალური და გერმანული ფეხბურთის ნაკლებად მოტრფიალე ქომაგები უფრო მეტად “დორტმუნდისაკენ” არიან, რაც სულაც არაა გასაკვირი, თუკი ერთ მეტად საგულისხმო ზოგადგულშემატკივრულ ტენდენციას გავითვალისწინებთ.
მოდით, პირველ რიგში საკუთარი ემოციები და ფიქრები გავიხსენოთ და ისე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ ეყოლება “ბორუსიას” უფრო მეტი გულშემატკივარი, ვიდრე მის აშკარად უფრო წარმატებულ და ტიტულოვან მეტოქეს... როდესაც შენი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ვარდება, როგორც წესი, საგულშემატკივროდ ნაკლებად პოპულარულ და ე.წ. ”პატარა” კლუბებს ირჩევ. მიზეზი მარტივია. ადამიანებს როგორც წესი არ სურთ მარადიულ მეტოქეთა წარმატება. შედარებით პატარა და ნაკლებად სახელიანი კლუბების წარმატება კი საყვარელი კლუბის მარცხის ერთგვარი გამარლებაცაა. “იმწელს მარტო ჩვენ ხომ არ წაგვიგია?! აგერ, საერთოდ წარმოუდგენელი კლუბი გახდა ჩემპიონი” – ამ სიტყვებს საჯაროდ თუ არ იტყვი, მინიმუმ საკუთარ თავს მაინც გაუმეორებ არაერთხელ.
ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც ნეიტრალური ქომაგი ხარ და არც ერთ გუნდს განსაკუთრებულად არ გულშემატკივრობ, როგორც წესი, სუსტი გუნდისკენ ხარ (თუმცა საკითხავია რატომ შეიძლება ჩაითვალოს შესანიშნავად მოთამაშე “ბორუსია” სუსტ გუნდად) და ერთგვარ აზარტს სწორედ ის განიჭებს, რომ შეიძლება საკუთარი თვალით გახდე “დავითისა და გოლიათის” შერკინების მხილველი. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს დიდებული მწვრთნელის, იურგენ კლოპის ფაქტორი. დორტმუნდელთა ახალგაზრდა მესაჭეს უკვე ეძლევა აშკარა და ხელშესახები შანსი იმისა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი. იშვიათად მინახავს ქომაგი, რომელიც კლოპის ნიჭიერებას და განსაკუთრებულ მიდგომებს არ აღიარებდეს, მაგრამ მსოფლიოს ასალაპარაკებლად მხოლოდ გერმანიის ჩემპიონობა არ კმარა. თან როდესაც ფინალში ხარ და სანუკვარი ჯილდო ასე, ერთი ხელის გაწვდენაზეა, რა თქმა უნდა თავს არ დაზოგავ წარმატების მისაღწევად.
ჩემ მიერ ჩამოთვლილი სამი ფაქტორი მეტ-ნაკლებად ალბათ მართლა ხსნის, თუ რატომ ანიჭებენ ნეიტრალური ქომაგები უპირატესობას დორტმუნდის “ბორუსიას”, მაგრამ არაფერი გვითქვამს “ბაიერნის” მიერ წელს ან შარშან გამწარებული გუნდების გულშემატკივრებზე. მშრალი ანგარიშით და უშანსოდ დამარცხებები ყოველთვის ბადებს აგრესიას მოწინააღმდეგის მიმართ და აქედან გამომდინარე ჩნდება შენი გამაბაიბურებელის ”კედელთან დაყენების” დაუძლეველი სურვილი. “ბაიერნმა” კი ბოლო ორი წლის მანძილზე იმდენი თავმოყვარე გუნდი გაამწარა, რა გასაკვირია, რომ მიუნჰენური კლუბის მოშუღართა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდებოდეს...
მოკლედ, ერთ მხარეს დგას უნიჭიერესი იურგენ კლოპი თავისი გადარეული, ოქროსავით ბიჭებით და მეორე მხარეს კი დაბრძენებული და ტიტულზე მონადირე “ბაიერნი” თავისი დიდებული ვარსკვლავთკრებულით. ჩვენ წინ ისტორიული მატჩი გველის და იმედია სწორედ ისეთ ფინალს ვნახავთ, ამ ორ მშვენიერ გუნდს რომ ეკადრება!


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0