x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ გადაუჭიმეს თეა ადეიშვილს მონაკოში ნახევარი სახე

image"P.S"-ის ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი, წლებია მაყურებელს საქართველოდან თუ მის ფარგლებს გარედან, საინტერესო სიუჟეტებით ანებივრებს. ამ ყველაფერს, ბევრი სირთულე, სიარული და დაღლა ახლავს თან. თეა თავად გვიყვება "ჩემოდნებით ცხოვრებაზე".
– პირველად სამოგზაუროდ სიუჟეტის გასაკეთებლად წახვედით თუ დასასვენებლად?
– მოგზაურობა სკოლის პერიოდში, მშობლებთან ერთად დავიწყე. თვალისა და ალერგიის პრობლემები მქონდა და ჩემი პირველი მოგზაურობა, ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება. მეოთხე კლასში ვიყავი, მოსკოვში წამიყვანეს. ჯერ იქ, შემდგომ პეტერბურგში, _ ალერგიის ინსტიტუტში ვმკურნალობდი. თეთრი ღამეები მახსენდება ძალიან კარგად. 1996 წელს დავტოვე პირველად პოსტსაბჭოთა საზღვრები, მაშინ 22 წლის ვიყავი, საქართველოს დღეები იმართებოდა პარიზში და მეც აღმოვჩნდი დელეგაციაში, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი. ვიყავი კამერის, მშობლებისა და ქმრის გარეშე. დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დავბრუნდი.
– რამდენ ქვეყანასა და ქალაქში ხართ ნამყოფი? რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– დაახლოებით 25 ქვეყანასა და 60 ქალაქი მახსენდება. ფრანკოფონი ვარ, მიყვარს საფრანგეთი თავისი კულტურით, ენით, ხალხით ურთიერთობებითა და სამზარეულოთი. ეს ქვეყანა ძალიან ჩემიანია, იტალიით კი მოჯადოვებული ვარ. არასდორს მომბეზრდება ვენეცია. სადაც მთელი ევროპული რენესანსი არხებიდანაა ამოზრდილი. პირველად იქ ოჯახთან ერთად ვიყავი და ჩავედი თუ არა დავთვერი ოღონდ, _ ალკოჰოლის გარეშე. ემოციებისგან თავბრუ მესხმოდა. დავდიოდი ხიდიდან ხიდზე, ქუჩიდან ქუჩაზე. რა თქმა უნდა დავიკარგე, მაგრამ ესეც სასიამოვნო იყო. ევროპა ის სივრცეა, რომელშიც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუმცა მაინტერესებს სხვა კონტინენტები და კულტურები, მხიბლავს _ აფრიკა თავისი ეგზოტიკით, ცივილიზაციის მიღმა არსებული ტერიტორიებით, სადაც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. აღმოსავლური უძველესი და მდიდარი და კულტურით გამაოცა ტაილანდმა და ჩინეთმა. არასდროს დამავიწყდება ყატარის დედაქალაქი _ დოჰა. იქ ტელეკომპანია “ალჯაზირას” ცენტრალური ოფისია. ეს არის დემოკრატიული მედიის ნამდვილი ნიმუში, ბევრი ექსკლუზივით და ძალიან საინტერესო მუზეუმით ტელევიზიის შესასვლელში. სადაც განთავსებულია მაგალითად მიკროფონი, რომელიც ჟურნალისტს ბინლადენის ჩაწერისას ეჭირა. აქვეა სხვადასხვა ცხელ წერტილებში დაზიანებული კამერები და ჯავშანჟილეტები.
– თვითმფრინავის შიში გქონიათ ოდესმე?
– არასდროს. ერთადერთხელ შემეშინდა, როცა დედაჩემი მარტო გაფრინდა. პატარა ვიყავი და ძალიან ვინერვიულე, მთელი სამეზობლო შევაწუხე გაეგოთ ჩავიდა თუ არა დანიშნულების ადგილას. ახლა ვხვდები, ერთმა ახლობელმა, იმის გამო რომ დავემშვიდებინე მომატყუა, _ კავშირები მაქვს მოსკოვთან და გავიგე ჩაფრენილაო. თვითმფრინავში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ. ეს პროცესი ჩემთვის სიახლესთან ასოცირდება.
– საზღვარგარეთ ყოფნისას დელიკატესები თუ გაგისინჯავთ?
– მოხრაკული ტარაკანა ან მუხლუხო არასდროს არ გამისინჯავს. საფრანგეთში ბაყაყი მივირთვი და ძალიან გემრიელი იყო. ლოკოკინა მშვენიერია. საერთოდ მიყვარს კულინარიული სიახლეები. სადაც ჩავდივარ, ვცდილობ ადგილობრივი სამზარეულო დავაგემოვნო. გურმანი ვარ, მაგრამ ყველაფრის ჭამას მაინც ვერ ვრისკავ. თევზი მიყვარს და საერთოდ ყველაფერი რაც დაცურავს. არასდროს დამავიწყდება მარსელში "ბუიაბესი" _ ტრადიციული ზღვის პროდუქტების სუპის გემო. ჩემს მეუღლეს არ უყვარს ზღვის პროდუქტები და მასში თუ რამე ასეთი მოიპოვებოდა სულ მე დამრჩა.
– უამრავი სიუჟეტის ავტორი ხართ. რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი რეპორტაჟი?
– მე საოცარი პროფესია მაქვს. შესაძლოა ერთ დღეს მონაკოში სიბერის საწონააღმდეგო მსოფლიო კონგრესზე აღმოჩნდე და მეორე დღეს სვანეთში, მიუვალ ადგილებში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გადავიღო. ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც ესაა _ მრავალფეროვნება, შენი ქვეყნისა და მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. ჩვენი პროდიუსერები ცდილობენ საინტერესო ადგლებში მოვხვდეთ, იქ სადაც მაყურებლისთვის საინტერესო ამბები ხდება. განსაკუთრებით საყვარელი სიუჟეტი არ მაქვს. ვდილობ ყველა საკითხს ერთნაირი სიბრთხილით და ინტერესით მივუდგე.მოგზაურობიდან კარგად მახსენედება რეპორტაჟი ფიზიკაზე, _ ცერნის ლაბორატორიიდან. იქაურებმაც ნახეს და მოეწონათ. მიყვარს სიუჟეტი პიერ კარდენზე, მადამ შინდლერზე და შეხვედრა სვაროვკის ოჯახთან. რეპორტაჟი ვენის მეჯლისიდან. ბუნებრივია არასდროს დამავიწყდება სტამბოლი, "უმანკოების მუზეუმი" და ორჰან ფამუქი...

ყველა ჩემი რესპონდენტი მიყვარს. ისინი ჯერ მე თუ არ შემიყვარდნენ, _ მაყურებელს არ შეუყვარდება. ჩემი მისიაა, სიუჟეტის გმირების საუკეთესო თვისებები ვიპოვო. მივუდგე ისე, რომ მაყურებლისთვის ახლობელნი გახდნენ. თითოეული რესპონდენტი, პატარა ბავშვებით დაწყებული, უხუცესებით დამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
განსაკუთრებულ ამბებს ვეძებ ჩვეულებრივ სიტუაციებშიც, არა აქვს მნიშვნელობა ეს საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ. აფრიკაში 2 დღით ვიყავი, სადაც უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდი. არ მავიწყდება ერთი ოჯახი, რომლებიც მუსლიმები იყვნენ და ქრისტიანულ დასახლებაში ცხოვრობდნენ. საკუთარი ხელებით, თიხით და ტალახით ამოყვანილი კედლები ჰქონდათ, ჩალით დახურულ სახლში ცხოვრობდნენ. ჩალითვე დაწნულ აკვანში ზრდიდნენ ბავშვს... სამზარეულო კი ღია ცის ქვეშ ჰქონდათ.
– სიუჟეტის მომზადებას, მითუმეტეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ალბათ ბევრი სიძნელე ახლავს თან. არა?image

– ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მონაკოდან, სიბერის საწინააღმდეგო მსოფიო კონგრესზე ვუყავი, სადაც უნდა გადაგვეღო ქართველების მიერ გამოგონებული "აპტოსის" ძაფები. აღმოგვეჩინა ექიმები და ქირურგები, რომლებიც აქტიურად ებრძვიან სიბერეს. სამსახურში გვითხრეს რომ, მხოლოდ ეს ერთი სიუჟეტი არ იქნებოდა საკმარისი, კიდევ უნდა მოგვეპოვებინა საინტერესო მასალები. როგორც იცით, მონაკო ჯუჯა სახელმწიფოა და ფრანგები "კლდეს" ეძახიან. უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს, ყოველ წელს უამრავი ტურისტი ჩადის და ტერიტორია არ ჰყოფნით. ამიტომ გადაწყვიტეს ზღვაში გააკეთონ ნახევარკუნძული, სადაც ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ. დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, პარალელურად აღმოვაჩინეთ, რომ მონაკოში არის ყველაზე ცნობილი რარიტეტული მანქანების გამოფენა. გაგვიმართლა, გადაღების უფლება მოგვცეს. ძალიან ბევრი ვიარეთ მე და ჩემმა ოპერატორმა. ქალაქიდან ქალაქში, ფეხით გადავდიოდით და ბოლოს ვეღარ დავდიოდი, ფეხები საშინლად დასიებული მქონდა. იმ მომენტში აზარტში ხარ და წვალობ, იღლები, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოა როცა იმას რაზეც ასე იშრომე, _ მაყურებელი ხედავს და გიფასებს. ამას წინათ, ქუჩაში ინტერვიუს ვწერდი. ორი ძალიან სანდომიანი მოხუცი ქალბატონი გაჩერდა და მითხრა: _ თქვენი სიუჟეტები ძალიან გვიყვარს, ღრმა და შინაარსიანიაო. ეს იმდენად სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩემთვის, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა. ამაზე მეტ ხელფასს, ნამდვილად ვერავინ მომცემს, მაყურებლის სიყვარულზე უფრო ძვირფასი არაფერია.
– საზღვარგარეთ დიდი ჩემოდნით მიდიხართ თუ პატარაც გაკმაყოფილებთ?
– მქონდა ჩემოდანი, რომელიც დიდებოდა და პატარავედებოდა. სამწუხაროდ ბორბალი გაუფუჭდა და გადავაგდე. ახლა წითელი, ძალიან ლამაზი ჩემოდანი მაქვს, მყარია და შიგნით ჩადებული პერანგი და პიჯაკი არ იჭმუჭნება. ყოველთვის ბევრი ტანსაცმელი მიმაქვს, არ ვიცი მეორე დილით როგორ ხასიათზე გავიღვიძებ და რისი ჩაცმა მომინდება. მერე ისე გამოდის, იქ ვყიდულობ ახალ რაღაცეებს და ხშირად ტყუილად დამაქვს ამდენი რამ. ჩემი გამოსწორება არ იქნება.
– აქვე შოპინგზეც გკითხავთ. როგორც მივხვდი გიყვართ ეს პროცესი. . .
– ეს პროცესი ჩემთვის თერაპიაა. არის მივლინებები, როცა არაფრისთვის დრო არ მრჩება. მაღაზიებს გარედან თუ შევავლებ თვალს. არის შემთხვევები, როცა ქვეყანა ძალიან ძვირია და ვიცი შოპინგის მერე, მშიერი უნდა დავრჩე, ამიტომ თავს ვიკავებ. საჩუქრის გარეშე არ ვბრუნდები ოჯაში და ეს ჩემი თავისთვისაც შოპინგთერაპია გამოდის.
– უამრავი კურიოზი გადაგხდენიათ ალბათ. მოგიყევით. . .
– ეს კითხვა უკვე თავადაც კურიოზად იქცა, გვემართება სასაცილო ამბები. ერთ-ერთი ჩემი ოპერატორის პირობაა, რომ უცხო ქვეყანაში ჩასვლისას პირველ დღეს ვახშამზე მეპატიჟება. ერთხელ ფლორენციაში ჩავედით და მითხრა: _ "დღეს ჩემი დღეა! აარჩიე რესტორანი"... მეც დავეთანხმე. რესტორანში ხელის დასაბანად, რომ გავიდა, უკან ისეთი სახით დაბრუნდა მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მენიუ რომ მოგვიტანეს უძირესი ფასები იყო, თურმე სადღაც ელიტურ რესტორანში შევსულვართ. ვუთხარი რომ, დღეს შენ არ დამპატიჟო, ამაში მონაწილეობას მეც მივიღებ-მეთქი. წინააღმდეგობა არ გაუწევია (იღიმება). მითხრა, წეღან შეწუხებული სახე იმიტომ მქონდა, საპირფარეშოში რომ შევედი, მივხვდი სასახლეში ვიყავითო. ბროლის ონკანები იყო და ოქროს უნიტაზებიო.
პიერ კარდენთან ინტერვიუზე რომ მივდიოდით, ისეთ სასტუმროში გავჩერდით, სადაც საუზმე არ შედიოდა. პარიზში, შანზელიზეზე ვიცი "წიგნის სახლი", სადაც უგემრიელეს ცხელ შოკოლადს ამზადებენ. გადავწყვიტეთ მე და ჩემი ოპერატორი იქ შევსულიყავით და გვესაუზმა. შეგიძლია გადაიხადო 20 ევრო და ამ ფასში, რაც გინდა და რამდენიცგინდა აიღო. ვიფიქრე, ამ თანხაში ორივე მუსბუქად ვისაუზმებდით. ფული გადავიხადე და მაგიდასთან საჭმელი მივიტანე. ოფიციანტი თავზე დაგვადგა, მითხრა რაც აიღე მხოლოდ თქვენ უნდა ჭამოთო. ვუხსნიდი, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ამას სულ მე შევჭამ თუ სხვაცთქო?! პრინციპულ უარზე იყო. "დამკვირვებელი" რომ გაიხედებოდა გვერდით, ჩემი ოპერატორი მაშინ ასწრებდა ჭამას (იცინის). როგორც გითხარით ბოლოს მონაკოში ვიყავით. დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები იქვე ტარდებოდა მითხრეს, რომ ხელსაწყოს ერთი საათი დამადებდნენ სახის ერთ მხარეს და ნაოჭები გამისწორდებოდა. შედგს ადვილად შევადარებდი სახის მეორე ნაწილთან. ასეთი რაღაც 1 საათში წარმოუდგენელად მიმაჩნდა და დავთანხმდი, დრო ცოტა მქონდა. ეს პროცედურა, ნახევარ სახეზე საჩუქრად გამიკეთეს. აღმოვჩნდი ერთ მხარეზე გადაჭიმული. იძულებული გავხდი კიდევ ერთი საათი დამეკარგა, ასე "ცალსახე" აჭიმული რომ არ მევლო.
– ოჯახთან ერთად დასვენებას რამდენად ხშირად ახერხებთ?image

– წელიწადში ერთხელ, აგვისტოს თვეში ჩვენი გადაცემა ეთერში არ გადის. ჩემი მეუღლე ძალიან ორგანიზებული ადამიანია და წინასწარ გეგმავს სად უნდა წავიდეთ. მთელი ოჯახი სიამოვნებით ვმოგზაურობთ საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. გასულ ზაფხულს ჩვენი ქვეყანა მოვიარეთ. 2 წლის წინ, ქორწინების 10 წლისთავზე მე და ჩემმა მეუღლემ სორენტო, პომპეი, ტაორმინა და სიცილია ვნახეთ, მოკლედ ცოტა უცნობ ევროპაში ვიმოგზაურეთ, ...
მეუღლე როგორ ეგუება თქვენს დატვირთულ გრაფიკს?
– ჩემი მეუღლე ძალიან ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. მგონი მე უფრო მაწუხებს ჩემი პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიური თავისებურებანი, _ ვიდრე მას. მისთვის წმიდათაწმინდაა ჩვენი პროფესია.
– რომელი ქვეყნის არქიტექტურა დაგამახსოვრდათ?
– ზოგადად მიყვარს სილამაზე და მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის ესთეტიკა იქნება ეს. მომწონს სტამბული თავის აივნებით და მინარეთებით. მიყვარს შუასაუკუნეების ევროპული ციხესიმაგრეებიც და რენესასნსის მაქმანებიანი ჩუქურთმებიც. მიყვარს კულტურა, ისტორია, _ ეს არქიტექტურაზე ყველაზე კარგად აისახება.
– რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
– სადაც ვიცხოვრებდი იქ ვხოვრობ, მაგრამ საფრანგეთშიც სიამოვნებით დავრჩებოდი რამდენიმე წლით.
– შემდეგი მოგზაურობა დაგეგმილი გაქვთ?
– არა, ასე არ ვგეგმავთ. შეიძლება პროდიუსერმა დამირეკოს უცებ და მითხრას, _ ამაღამ სადღაც მიფრინავო. მაგრამ არის ისეც, რომ რამდენიმე თვით ადრე ვიცით სად და როდის წავალთ.
– დროის გასვლასთან ერთად ხომ არ გბეზრდებათ მოგზაურობა თუ პირიქით?
– არის პერიოდი, როცა არ გინდა არსად წასვლა. ახლა მაგალითად ამერიკიდან მყავს სტუმრად ჩემი და და პატარა დისშვილი, მინდოდა სულ მასთან ვყოფილიყავი. ზოგადად, ჩემი ცხოვრების რიტიდან გამომდინარე, ტვინი მიეჩვია მუდმივ სიახლეს. ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება სულ მაქვს. ხანდახან ახალი რომ არაფერი ხდება აფორიაქებული ვარ... ინტერნეტში, გაზეთებსა და ჟურნალებში ვიქექები მუდმივად. ხანდახან ისე ვიღლები ვამბობ, _ წყნარი ცხოვრება მინდა-მეთქი. მაგრამ ეს დრო, როცა დგება, ვერ ვეჩვევი და ისევ აქტიურ მუშაობას ვიწყებ.
– რომელ ქვეყანაში გინდათ მოგზაურობა?
– იაპონიაში. იმედია ისე არ მოვკვდები ეს ქვეყანა რომ არ ვნახო. ყველა თავმოყვარე ჟურნალისტი ნამყოფია _ სტრასბურგში. მე არასდროს ვყოფილვარ მიუხედავად იმისა, რომ დიდ ხანს ვმუშაობდი პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. ძალიან მინდა ისრაელში წასვლა, იერუსალიმის ნახვა. მე და ჩემი ოჯახი აუცილებლად წავალთ.
ხშირად მიწევს მოგზაურობაზე საუბარი და ამიტომ მინდა ერთი რამ ვთქვა: ჟურნალისტის ღირსება და ღირებულება არ განისაზღვრება იმით, რამდენ ქვეყანაში იყავი, სად რომელ მუზეუმში შეხვედი ან რომელ მაღაზიაში რა იყიდე ... ღირსება ყველგან უნდა შეინარჩუნო, სადაც არ უნდა იყო, საქართვლოში თუ საზღვარგარეთ. მე ვემსახურები ჩემს მაყურებელს და ვცდილობ ვასიამოვნო. ვიცი რომ არასდროს უნდა მოვატყუო და არ უნდა შეურაცხვყო ადამიანები, რომლებიც ტელევიზორთან მოხვდებიან და თვალს მოკრავენ ჩემს რეპორტაჟს, ჩემთვის ეს არის მთავარი.




0
487
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0