x
image
ჟანა გოგინაშვილი
"რა? სად? როდის?"-ის მოთამაშეების სპონტანური და სახალისო შეუღლება

imageირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი ორ წელზე მეტია რაც შეუღლდნენ და ოთხი თვის ლეას მშობლები არიან. ორივე ინტელექტუალურ თამაშის _ "რა? სად? როდის?" მონაწილეები არიან. ირაკლი ჩემპიონ გუნდში _ ბაჩანა შენგელიას ექვსეულში თამაშობს. მარი კი მათე მაყაშვილის გუნდის წევრია. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ერთმანეთი თამაშის დროს გაიცნეს. როგორც ირაკლიმ გვითხრა მარიმ პირველივე თამაშის დროს მოუგო.
ინტელექტუალური წყვილი, საკმაოდ სპონტანურად და სახალისოდ შეუღლდა.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
ირაკლი:
– ერთმანეთი "რა? სად? როდის?-ში" გავიცანით. არის ასეთი თამაში "ჯეოპარდი". მონაწილეები ერთმანეთს ინდივიდუალურად ხვდებიან და დასმული კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. პირველივე შეხვედრისას მომიგო მარიმ. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ თამაშით მომხიბლა, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
მარი:
– მე და ირაკლის საერთო სამეგობრო გვყავს. რა თქმა უნდა "რა? სად? როდის?"-ის მონაწილეები. ყველგან ერთად დავდიოდით, ერთად ვერთობოდით. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა.
ირაკლი:
– წარმოშობით ბათუმიდან ვარ და თბილისში მარტო ვცხოვრობდი. გარდა იმისა, რომ თამაშებზე ვხვდებოდი მარის, პიკნიკებზე დავდიოდით ერთად. ჩემთან სახლშიც ხშირად იკრიბებოდნენ მოთამაშეები და რამდენჯერმე მარიც მოხვდა.
– მარი, გახსოვს ირაკლიმ სიყვარული როგორ აგიხსნა?
მარი:
– კი, როგორ არ მახსოვს. სხვათაშორის სულ მაბრაზებს, სიყვარული პირველმა შენ ამიხსენიო, თუმცა ასე არ ყოფილა. ერთ-ერთი მორიგი პაემნიდან სახლში მივყავდი. მანქანიდან, რომ გადავდიოდი ყურში ჩუმად მითხრა ძალიან მიყვარხარო.
– მეგობრებს ალბათ გაუხარდათ თქვენი ამბავი.
ირაკლი:
– მათ როგორც მაშინ გაუხარდათ, ახლაც ისევე უხარიათ ჩვენი ერთად ყოფნა. მე და მარის იგივე ურთიერთობა გვაქვს ახლა, როგორც შეყვარებულობის დროს გვქონდა. არ ვართ ერთფეროვანი ცოლ-ქმარი.
მარი:
– ჩვენი ცხოვრება, რომ არ გადაიზარდა ოჯახურ უღელში და ვალდებულებებში, ამას საერთო ინტერესების ქონა განაპირობებს. საერთო სამეგობრო წრე გვყავს. ასევე უამრავი ერთნაირი ჰობი. არ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა და უბრალოდ ბავშვის გაზრდა. სასაუბრო თემა, არასდროს გველევა ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენი არასდროს გახდება. ერთად ვერთობით და სახლსაც ერთად ვალაგებთ.
ირაკლი:
– ჩვენი არც ერთი დღე არ არის ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაცია. ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს წაყენებული აუცილებელი პირობები. ერთადაერთი მარი ვერ იტანს, როცა სახლს ალაგებს და მე ვკითხულობ. სულ ცდილობს ხელი შემიშალოს. არ მიყვარს კითხვის დროს რომ მაწუხებენ. ამაზე გავქვს ჩხუბი. (იღიმება) თითქმის ორი წელია ერთად ვართ და ვერ მივაღწიე იმას, კითხვის დროს ხელი რომ არ შემიშალოს. არადა თვითონ, როცა დაკავებულია მე სულ ვცდილობ არაფრით შევაწუხო.
– თქვენი ამბავის შესახებ მშობლებმა როგორ შეიტყვეს? როგორი რეაქცია ჰქონდათ?
მარი:
– ჩემი ოჯახის ყველა წევრთან ძალიან ვმეგობრობ. ირაკლი, რომ მომწონდა ეს მანამდე იცოდნენ, სანამ ირაკლის ვეტყოდი (იცინის). ირაკლის გამოჩენამდე არასდროს არავინ მომწონებია. ჩემებს უკვირდათ, როგორც იქნა ვიღაც მოეწონაო. ირაკლი მანამდე ჰყავდათ ნანახი, სანამ შეყვარებულები გავხდებოდით. "რა? სად? როდის”-ის მონაწილეები ჩემთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ და ირაკლიც მოდიოდა.
ირაკლი:
– საქართველოში ერთი წლის ჩამოსული ვიყავი. დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში მომიწია ცხოვრება. ჩემს დაოჯახებაზე სახლში საუბარი საერთოდ არ გვქონია მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ვიყავი. იცოდნენ, რომ როდესაც შემიყვარდებოდა ცოლს მაშინ მოვიყვანდი. შოკი იყო მათთვის, როცა უცბად განვუცხადე ცოლი მომყავს-მეთქი.
თავიდან ოჯახის შექმნა მე და მარის ძალიან შორეულ პერსპექტივად გვეჩვენებოდა. დროის გასვლასთან ერთად ვხვდებოდით რომ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და აუცილებლად ერთად უნდა გვეცხოვრა. თუმცა დაოჯახებაზე საერთოდ არ ვსაუბრობდით მანამ, სანამ ერთ დღეს ცოლობა არ შევთავაზე.
– მარი გაიხსენე, როგორ გთხოვა ცოლობა?
მარი:
– ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება დაუგეგმავად და არასტანდარტულად. მახსოვს პარასკევი იყო. დაბადების დღეზე მივდიოდით და მეგობრებს ველოდებოდით. ფეხები მანქანიდან ჰქონდა გადაყოფილი, წამოწილილი იყო და მეუბნება ცოლად ხომ არ გამომყვებოდიო (იცინის). მეც მაშინვე ვუთხარი რატომაც არა-მეთქი. ირაკლის და, ელჩის მეუღლეა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. იმ დროს კი ჩამოსული იყო და მითხრა მოდი კვირას ნიშნობა გვქონდეს რახან ჩემი დაც აქ არისო. წარმოიდგინეთ არავინ არაფერი არ იცოდა და ღამის 11 საათზე სახლებში ვრეკავთ ზეგ ნიშნობა გვაქვსო. ჩემი ოჯახისთვის შოკი იყო. ირაკლი მაშინვე, ღამის 12 საათზე ჩემთან ამოვიდა და ხელი ითხოვა. დედაჩემი გაგიჟებული იყო როგორ მოვასწრო სამზადისი ზეგამდეო. მამაჩემი მუდამ ჩემი მხარდამჭერია და დედაჩემს ეუბნებოდა ყველაფერს მოვასწრებთო (იცინის).
ირაკლი:
– მარის არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. ადრე ვკითხულობდი ხოლმე სახალისო ანეგდოტებს სიდედრებსა და სიმამრებზე. სულ ვამბობდი, რომ მე ისეთები შემხვდებიან არ მექნება სიდედრის დახრჩობის სურვილი-თქო. მარი, რომ გავიცანი დარწმუნებული ვიყავი, ასეთ ადამიანს ცუდი მშობლები არ ეყოლებოდა. მათ ისე კარგად მიმიღეს, არც კი ავღელვებულვარ.
– მარი, დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
მარი:
– ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, საოცარი ხალხია. ყველაფერში ხელს მიწყობენ და გვერდში მიდგანან. სულ უნდათ, რომ ჩვენ რამეს მივაღწიოთ, რამე გავაკეთოდ. ამისთვის კი მუდამ გვეხმარებიან. მათთან თავს ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ.
– დაქორწინების შემდეგ ალბათ იყო გარკვეული დაბრკოლებები. როგორ გადალახეთ?
ირაკლი:
– დაბრკოლება თავიდან იყო ის, რომ ქორწილი არ გადავიხადეთ. მთელი ჩვენი საახლობლო და სამეგობრო გვეუბნებოდა, რომ ქორწილი უნდა გადაგვეხადა. თავიდან მარისაც ჰქონდა ამის სურვილი, თუმცა მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი. ძალიან არ მიყვარს პომპეზურობა.
მარი:
– იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ვიცნობდით, თუმცა ჩვენს ქორწილში იქნებოდნენ. როგორიც გვინდოდა ისეთი არ გამოდიოდა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ არ გვქონოდა. ჯვარი დავიწერეთ, ესეც არასტანდარტულად. თამაშების გამო ვერ ვახერხებდით და დრო გამოვნახეთ თუ არა, საღამოს ცხრა საათზე წავედით ტაძარში ჩვენ და მეჯვარეები. 12-ზე კი საქორწინო მოგზაურობაში, პრაღაში გავემგზავრეთ. იქაც ოცი დღით ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ ორ კვირაში დავბრუნდით, ისევ თამაშების გამო.
უპრობლემო წყვილი არ არსებობს. ქორწინების პირველ ეტაპს ცოტა სირთულეები ახლავს თან. ორივე ცდილობს ერთმანეთის ოჯახების ტრადიციები მიიღოს. როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს ყველაფერი ადვილად გვარდება. ჩვენ სულ ვკამათობთ, თუმცა ეს ჩხუბში არ გადადის. გაბუტულები არასდროს ვყოფილვართ. თუ რამე მწყინს ხოლმე, ხუთ წუთში ნეკა თითით მივდივარ შევრიგდეთ-მეთქი.
– როგორც მივხვდი ეჭვიანებიც არ ხართ.
მარი:
– მე ოდნავ ეჭვიანი ვარ. ირაკლი თუ ვინმეს მოსწონს ვღიზიანდები და მე თუ ვინმეს მოვწონვარ მას უხარია. ისეთ ადამიანს ვერ ავიტანდი გვერდით, ვინც ჩემს თავისუფლებას ოდნავ მაინც შეზღუდავდა. ბედნიერი ვარ იმით, ჩემს მეგობარს შუაღამისას რამე რომ უჭირდეს უპრობლემოდ წავალ მის დასახმარებლად და ამას ირაკლი არ დამიშლის. პირიქით, მხარს დამიჭერს.
რჩევებს მაძლევს ყოველთვის, მე ვცდილობ გავითვალისწინო. თუ არ გავითვალისწინე ესეც არ იქნება პრობლემა.
– ირაკლი:
– ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ლამაზი ცოლი მყავს და მსიამოვნებს, როცა მარი ხალხს მოსწონს.
– გყავთ ოთხი თვის გოგონა ლეა. უცხო სახელი ჰქვია, როგორ შეურჩიეთ?image

მარი:
– საფრანგეთში გავრცელებული სახელია. მე ძველი აღთქმიდან ვიცოდი. იაკობის ცოლის დას ჰქვია ლეა, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა. შვიდი თვის განმავლობაში სხვა სახელზე ვფიქრობდით. ფილმის ვუყურებდით და ერთ გოგონას ერქვა ეს სახელი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. თანაც ორივე ბებიას ლია ჰქვია.
შვილმა მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალა. საერთოდ არ გვაბრაზებს, წყნარი და მშვიდია. დიდი ადამიანივით სძინავს ღამე. ერთად ვიძინებთ და ერთად ვიღვიძებთ. არ ტირის თუ რამე არ აწუხებს. პატარა ადამიანია. ჩვენ გვეგონა, რომ ბავშვი რომ გაჩნდებოდა მისი გაზრდა დიდ დროსა და ენერგიას წაიღებდა. ვფიქრობდით, რომ ღამეები არ გვეძინებოდა. თუმცა პირიქით აღმოჩნდა, ყველაფერი ძალიან ლაღად და თავისუფალად მიდის.
ირაკლი:
– ძალიან ბედნიერი ვარ იმდენად კარგი შვილი და ცოლი მყავს. მჯერა ღმერთი არ გაგვწირავს და ასეთ ბედნიერებას არასდროს წაგვართმევს. ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. თუ რამე პრობლმები გვაქვს ერთმანეთის სიყვარულით ვაგვარებთ.
გეტყვით იმასაც, რომ მარის ბიჭი უნდოდა, მე კიდევ _ გოგო. სულ მინდა ყველას ჩემს შვილზე ველაპარაკო თუ რა კარგი მყავს.
– მარი ირაკლი ჩართულია ლეას აღზრდაში?
მარი:
– ძალიან კარგი მამაა. რასაც მე ვაკეთებ ლეასთავის იმავეს აკეთებს ირაკლი. აჭმევს, უცვლის, აბანავებს.
ირაკლი:
– ერთი კვირის გამოსულები იყვნენ სამშობიაროდან, მარიმ რაღაც კონკურსში გაიმარჯვა და პრიზის მისაღებად უნდა წასულიყო. ლეა დავიტოვე და დავბანე. გახარებული ვიყავი, ეს რომ შევძელი (იღიმება). სამი დისშვილი მყავს და მათ გაზრდაში სულ ვმონაწილეობდი. მარის კი ბავშვი მგონი ხელშიც არ ჰყავდა მანამდე აყვანილი. ერთი კვირის მერე ისეთ დედად იქცა, გეგონებოდათ სამი შვილი ჰყავდა გაზრდილი.
– კარგი მზარეულია?
– მთელი ცხოვრება ინტელექტუალურად იზრდებოდა და თავს არ იწუხებდა საჭმელების კეთებით. თავიდან ყავის მოდუღება, რომ ვთხოვე დედამისთან გადარეკა და ისწავლა. ძალიან მალე აითვისა ეს საქმეც. ნებისმიერი კერძი შეუძლია მოამზადოს და თანაც უგემრიელესად. მეზობლები უკვე რეცეპტებს სთხოვენ.
– ახლა ბათუმში გადახვედით საცხოვრებლად, რას საქმიანობთ? არ გიჭირთ სიარული ბათუმსა და თბილისს შორის?
მარი:
– საოცარი ქალაქია. გაბედნიერდები იქ ცხოვრებით. გასართობიც არის, სუფთა ჰაერიც, სასეირნო ადგილებიც. `რა? სად? როდის?~-ში თამაშს ბათუმში ვაგრძელებთ, ჩაწერებზე კი თბილისში ჩამოვდივართ. ერთი ორჯერ ლეაც უკვე წავიყვანეთ. სიარული ნამდვილად არ გვიჭირს.
ბათუმში გადასვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ წიგნის მაღაზიას ვხსნით, რომელიც იქნება, ისეთი საქართველოში ანალოგი, რომ არ არის. გვგონია, რომ ეს პროექტი ბათუმშო უფრო გაამართლებს. ცოცხალი სივრცეა და უამრავი ტურისტია. მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პოეზიისა და პროზის საღამოები. მოკლედ უამრავი გეგმა გვაქვს. ზაფხულის დასაწყისში პრეზენტაცია გვექნება. ვეცდებით, რომ მკითხველმა თავი მყუდროდ იგრძნოს. მოკლედ უბრალოდ მაღაზია არ იქნება.
ირაკლი:
– ტურისტების სიმრავლის გამო გვექნება რუსული და ინგლისური ლიტერატურაც. ასევე ბუკინისტური განყოფილებაც. ამ ყველაფერს ისეთი დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვაკეთებთ, არ შეიძლება არ გაამართლოს. მინდა გითხრათ, რომ `პალიტრა ელის~ გამომცემლობაზე შეყვარებულები ვართ. ორივეს გვიყვარს ლიტერატურა.
მარი:
– მიხარია, რომ მყავს მეუღლე, რომელიც არ გამიბრაზდება თუ ბოლო 50 ლარით სახლში წიგნებს მივზიდავ. პირიქით გაუხარდება. თუ ვკითხავ ხვალ რა ვქნათ?! მპასუხობს რაღაცას ვიზავთო (იღიმება).
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– მე კლუბებში სიარული და ცეკვა მიყვარს. ირაკლის _ არა. დღეს კლუბში მივდივართ, ირაკლი იძულებით მომყვება. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობით.







0
199
6-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0