x
image
worldsport.ge
მოსკოვის “დინამოს” გენდირექტორმა თბილისის ნახვით ოცნება აისრულა

imageგალინა დანილკინა მოსკოვის, უფრო სწორად, მისი გარეუბან შჩოლკოვოს “დინამოს” გენერალური დირექტორია. მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფუტსალის გუნდისა, რომელმაც კვირას ზედიზედ მეორედ წააგო უეფას ფუტსალის თასის ფინალში. შარშან მოსკოველები ესპანურმა “ბარსელონამ” დაამარცხა, წლეულს კი ყაზახურმა “ქაირათმა”. მე-3 ადგილისთვის მატჩისას, სადაც “იბერია სტარი” “ბარსელონას” ხვდებოდა, დანილკინა სპორტის სასახლის ვიპ-ლოჟაში იჯდა და ერთობ ემოციურად ქომაგობდა ჩვენიანებს. ხან ტაშს შემოჰკრავდა, ხან წამოიყვირებდა. მოკლედ, მთლიანად თამაშში იყო ჩართული. მისდამი ჩვენი ინტერესი კი უმთავრესად იმან გამოიწვია, რომ ის ლეგენდარული მოთამაშის, XX საუკუნის საუკეთესო ფუტსალელის, კონსტანტინ ერიომენკოს მეუღლეა. გულშემატკივრებს ერიომენკო კარგად ეხსომებათ მოსკოვის “დინადან”, მათი ისტორიაც მელოდრამატულია, ერთად უძღვებოდნენ საქმეს, თუმცა 3 წლის წინათ, 39 წლის ერიომენკო უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა. ახლა კი მის საქმეს მეუღლე აგრძელებს და გამარჯვებებს, როგორც თავად ამბობს, კოსტიას უძღვნის. დანილკინას სპორტის სასახლეში “ქაირათთან” მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ.
- ისევ დამარცხდით ფინალში...
- რა გაეწყობა. პირველად უეფას ფუტსალის თასი 2007 წელს კონსტანტინ ერიომენკოსთან ერთად მოვიგეთ და ახლაც რომ გაგვემარჯვა, მას მივუძღვნიდით. მაგრამ რახან წავაგეთ, გამოდის, მომზადებისას რაღაც გამოგვეპარა ან არასწორად გავაკეთეთ. თუ სწორად მუშაობ, აუცილებლად პირველი იქნები.
- ტურნირის ორგანიზაციის შესახებ რას გვეტყოდით?
- მიუხედავად იმისა, რომ თბილისი პირველად მასპინძლობდა მსგავსი დონის შეჯიბრს, საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. მე მომეწონა.
- თქვენ ლეგენდარული მოთამაშის, კონსტანტინ ერიომენკოს მეუღლე ბრძანდებით და დღემდე რჩებით ფუტსალში. რა არის ეს, სპორტის ამ სახეობის სიყვარული თუ ქმრის ხსოვნის პატივისცემა?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით. კონსტანტინ ერიომენკო 1998 წელს გავიცანი. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, რა არის ფუტსალი. მეგონა, რომ ეს რაღაც “მხიარული სტარტების” მაგვარი გასართობი შეჯიბრი იყო. თუმცა, კოსტიას გაცნობის შემდეგ ნელ-ნელა დამაინტერესა. ეს წლები ერიომენკოს კარიერის პიკს დაემთხვა, ცხადია, მოხიბლული ვიყავი. როცა თამაში დაამთავრა, მისი მომავლის საკითხი დადგა. რა უნდა ექნა? მისი ტალანტისა და გამოცდილების კაცი ბიზნესში წასულიყო? გადაწყვიტეთ, ერთად შეგვექმნა კლუბი. ამ დროს მან რუსეთის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბორის გრიზლოვი გაიცნო და რადგან მინისაფეხბურთო ბრენდი “დინამო” არ არსებობდა, გრიზლოვმა ერიომენკოს შესთავაზა ეს საქმე საკუთარ თავზე აეღო. 2002 წელს კოსტია კლუბის პრეზიდენტი გახდა და რახან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობდა (იცინის), მე დამნიშნეს.
- რამდენ ხანს იცხოვრეთ თქვენ და ერიომენკომ ერთად?
- სამწუხაროდ, მხოლოდ 8 წელიწადს. საერთო შვილი არ გვყავდა და სწორედ “დინამო” გახდა ჩვენი შვილობილი. კოსტიას დაღუპვა არა მარტო ჩემთვის, მთელი კლუბისთვის დიდი ტრაგედია იყო. მერე პრეზიდენტის ფუნქცია მისმა უახლოესმა მეგობარმა ანდრეი გუბერნსკიმ იტვირთა, მე კი გენერალურ დირექტორად დავრჩი და შვილობილის მოვლას ვაგრძელებ. ჩვენი გამარჯვებებით გვინდა პატივი ვცეთ იმ დიდ საქმეს, რომელსაც კოსტიამ გვაზიარა. სხვათა შორის, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა ერიომენკოზე დამისვით კითხვა. მეგონა, საქართველოში არავინ იცოდა და მით უმეტეს, არავის ახსოვდა.
- ქალი-საფეხბურთო ფუნქციონერი - ცოტა ეგზოტიკურად ჟღერს. ასე არ არის?
- თავიდან ძალიან რთული იყო. ეს ახლა გამოჩნდნენ ნელ-ნელა ქალები ფეხბურთში, 10 წლის წინათ კი ეს მკაცრად განსაზღვრული კაცების ტერიტორია გახლდათ. თუმცა არც მე მაქვს რბილი ხასიათი. ამბიციური გახლავართ, კარგი გაგებით და გადავწყვიტე დამემტკიცებინა, რომ მხოლოდ ერიომენკოს მოყვანილი კი არ ვარ, არამედ მეც წარმოვადგენ რაღაცას და შემიძლია საქმის კეთება. მაშინ ბევრი ქილიკობდა და ზურგს უკან დამცინოდა, მაგრამ ახლა, ამდენი თასებისა და მედლების მოგების შემდეგ, კაცები სხვაგვარად მიყურებენ და ხშირად რჩევებსაც მეკითხებიან საფეხბურთო მენეჯმენტთან დაკავშირებით.
- თბილისში პირველად ხართ?
- დიახ. და მინდა გითხრათ, რომ ოცნება ავისრულე. ბავშვობაში ჟურნალებში ხშირად მინახავს თბილისის სტანდარტული ფოტო – მტკვრის სანაპირო და კლდეზე შეფენილი ულამაზესი სახლები. რაღაც ზღაპარს მაგონებდა ეს ყველაფერი და აი, როგორც იქნა, მეღირსა ამ მშვენიერების საკუთარი თვალით ხილვა. ძალიან ბედნირი ვარ. დიდი ხანია, მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა, “იბერიას” ადრეც ვეთამაშეთ, მაგრამ ეს პოლონეთში იყო. იქ დავმეგობრდით და შემდეგ ურთიერთობა არ გაგვიწყვიტავს. მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს, საჩუქრებს ვუგზავნიდით და ასე შემდეგ. ახლა კი ცოცხლად ვნახე ეს ზღაპრული მშვენიერება.
- ახლანდელ “იბერიაზე” რას იტყვით?
- წინანდელთან შედარებით უფრო გაძლიერებული მომეჩვენა. ფინალურ სტადიაზე პირველად თამაშობდა და გამოცდილება დააკლდათ. კარგი იქნებოდა ფინალში შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ განგებამ ნახევარფინალში დაგვაჯახა.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
401
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0