x
image
worldsport.ge
დვალიშვილი: "მსურს, რომ დროგბასავით ვითამაშო"

image"საქართველო ძალიან ლამაზი და უსაფრთხო ქვეყანაა. გირჩევთ, თუ საშუალება გექნებათ, ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში ჩამოხვიდეთ", - უთხრა ლადო დვალიშვილმა პოლონელ ჟურნალისტებს.
ვარშავის "ლეგიას" ფორვარდმა ფაკტ.პლ-სთან ინტერვიუს დაწყებამდე ჟურნალისტებს თავისი პასპორტი აჩვენა. რატომ? დვალიშვილმა მათ უთხრა, რომ პოლონეთში შეცდომით ეძახიან ვლადიმირსდა მისი სახელია ვლადიმერი, რაც პასპორტში უწერია.
ლადომ ვარშავაში მდებარე ქართულ რესტორანში ("გაუმარჯოს") დაპატიჟა პოლონელი ჟურნალისტები. ინტერვიუც იქ შედგა:
"ჩვენი გუნდი საუკეთესოა პოლონეთში. ამაში ეჭვი არ მეპარება. მოხარული ვარ, რომ "ლეგიაში" გადმოვედი. "პოლონიას" ქომაგების უმრავლესობამ გამიგო. მათთვის ყველაფერი გავაკეთე, მინდორზე თავს არ ვზოგავდი. უბრალოდ, არ მესმის, რატომ იყიდა "პოლონია" ირენეუშ კროლმა, თუ მუდამ ასეთი ფინანსური პრობლემები ექნებოდა? "პოლონიას" ფეხბურთელებთან ურთიერთობას ვინარჩუნებ".
დვალიშვილი ვარშავაში მარტო ცხოვრობს, თუმცა არ მალავს, რომ გულისსწორი სურს:
"ჯერ თავისუფალი ვარ, მაგრამ ოჯახი ჩემთვის წმინდა რამაა. და თუ ვნახავ ისეთ გოგონას, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდება, ქორწილიც არ დააყოვნებს".
ლადომ აღნიშნა, რომ ვარშავა მოსწონს და ბედნიერად გრძნობს თავს.
"მადლობა ღმერთს, აქ ყველაფერი კარგადაა. თავს კომფორტულად ვგრძნობ. "ლეგია" ჩემი სამსახურია, ამიტომაც სამშობლოში წელიწადში რამდენჯერმე მიწევს ჩასვლა. როგორც წესი, ეს 3-4 დღით ხდება. საქართველო ძალიან ლამაზი და უსაფრთხო ქვეყანაა. გირჩევთ, ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში ჩამოხვიდეთ".
ქართველმა ფორვარდმა ქართულ კერძებზე და ზოგადად, ტრადიციებზე ისაუბრა:
"ჩვენი სამზარეულო უმაღლესი დონისაა, ისევე, როგორც ქართული ღვინო. უკეთესი უბრალოდ წარმოუდგენელია. საყვარელი საჭმელი? ვერ გამოვარჩევ, ყველაფერი გემრიელია. სჯობს, თავად პოლონელებმა გასინჯონ და შეაფასონ, მართალი ვარ თუ არა".
ლადომ ხაჭაპური შეუკვეთა და საუბარი გააგრძელა:
"ქართველებს გვიყვარს სუფრაზე დიდხანს ჯდომა. გემრიელი საჭმელებითა და რაიმე მძიმე სასმელით... მიშლის თუ არა ეს ხელს, როგორც ფეხბურთელს? არა, პრობლემას ვერ ვხედავ. კარგია, როცა მოგების შემდეგ ქალაქგარეთ გადიხარ მეგობრებთან ერთად და ერთობი. მაგრამ თუ წავაგე, სახლში ვზივარ".
კითხვაზე, თუ რომელი თავდამსხმელის თამაში მოსწონს, დვალიშვილმა უპასუხა:
"მსურს, რომ დიდიე დროგბასავით ვითამაშო".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0