x
image
worldsport.ge
იურგენ კლოპი: “როგორც ჩანს, გერმანული ფინალი გველის”

imageდორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის “რეალთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ, ფიქრობს, რომ წელს გერმანული ფინალი შედგება.
დორტმუნდელებს ესპანეთში განმეორებითი მატჩი 30 ივნისს ელით და მადრიდში სამბურთიანი უპირატესობით ჩადიან. მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში, კიდევ ერთმა გერმანულმა გრანდმა მიუნხენის “ბაიერნმა” ესპანური “ბარსელონა” უფრო დიდი სხვაობით - 4:0 გაანადგურა 1-ელ მაისს კატალონიაში აშკარა ფავორიტის რანგში ჩადის.
ნამატჩევს განვლილი შეხვედრა იურგენ კლოპმა უეფას ოფიციალურ საიტთან შეაფასა:
“დღეს ჩემმა გუნდმა წარმოუდგენელი ფეხბურთი აჩვენა. “რეალი” ძლიერი გუნდია და ეს თამაში იოლი რომ არ იქნებოდა, ეს წინასწარ ვიცოდით. საწყისი 25 წუთი თითქმის იდეალურად ვმოქმედებდით. მერე ოდნავ დავმშვიდდით და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით. შესვენებისას შეგირდებს ვთხოვე, რომ ისე ეთამაშათ, როგორც საწყის წუთებში, როდესაც მეტოქეს აშკარად ვჯაბნიდით. ამ საუბარმა გაჭრა და მეორე ტაიმში უბრალოდ ვბრწყინავდით.
საფინალო სასტვენის შემდეგ, ყველა ფეხბურთელს სათითაოდ გადავეხვიე. მათ ეს დაიმსახურეს. დღეს ნამდვილი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შეუჩერებლები ვიყავით. ერთადერთი, პირველი ტაიმის შუაში ავირიეთ, რამაც საპასუხო გოლი გამოიწვია. მაგრამ გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ არაფერი საშინელი არ ხდებოდა და ახლა მადრიდშიც მოგვიწევდა გოლის გატანა, რასაც, პრინციპში ისედაც ვგეგმავდით.
მერე იყო საოცარი მეორე ტაიმი. არასდროს მინახია ლევანდოვსკის მიერ გატანილი მესამე გოლის მსგავსი. მან წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ახლა, როგორც ჩანს, გერმანული ფინალი გველის. ვფიქრობ, მოვლენების დაჩქარება მაინც არ ივარგებს. წინ რთული განმეორებითი შეხვედრა გველის ესპანეთის დედაქალაქში. რაც არ უნდა მოხდეს განმეორებით შეხვედრაში, დღევანდელი თამაში ყველა მონაწილის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.
სამწუხაროდ, წინ კიდევ ერთი დუელი გველის მადრიდში და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ და ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვების ფონზე, მეშვიდე ცაზე არ უნდა ვიფრინოთ. განმეორებითი მატჩი იოლი გასეირნება არ იქნება. მარიო გიოტცემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა. გაშვებულმა გოლმა გარკვეული დროით კი შეგვარყია, მაგრამ რომ არა ეს ბურთი, მეორე ტაიმში ერთბაშად სამი გოლის გატანას ვერ მოვახერხებდით. შესვენების შემდეგ ტემპს ვუმატეთ, რისთვისაც მოწინააღმდეგე მზად არ აღმოჩნდა”.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0