x
image
worldsport.ge
გამოხმაურება “სიონი”-“ტორპედოს” მატჩზე მომხდარ ფაქტზე

image10 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში, ბოლნისის “სიონსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” მიმდინარეობდა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა.
მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ღობეს შეეჯახა და გონება დაკარგა.
ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია გუშინ ღამე გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საბედნიეროდ, ამჟამად, მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებისა და მედიის ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ორივე კლუბის ხელმძღვანელთა პოზიციებს,
“სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მომხდართან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა:
“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მატჩის ბოლო წუთებზე, როცა გიორგი ონიანსა და ირაკლი კლიმიაშვილს შორის ორთაბრძოლა მიმდინარეობდა და იყო სათამაშო მომენტი, გიორგი მოედნის ხაზს იქეთ გადავარდა და დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა. იქ მყოფებმა ეს დავინახეთ. ვიდეოჩანაწერი ჯერ არ მინახავს, რომ მომენტი კარგად აღვიქვა. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე... გიორგის უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჩვენ ვმეგობრობთ, ერთადაც გვითამაშია... ჩვენი ბიჭები უკვე იყვნენ მის სანახავად და დღეს მეც აუცილებლად მოვინახულებ. მთავარია, რომ გადარჩა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადად მე მივმართე ფეხბურთის ფედერაციას წერილით. რადგან ბოლნისის სტადიონზე მიმდინარეობს მოედნის საფართან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეთამაშა ნეიტრალურ სტადიონზე. თავდაპირველად, “მიხეილ მესხზე” თამაში გვინდოდა, მაგრამ სტადიონი უკვე დაკავებული ჰქონდა ცხინვალის “სპარტაკს”, რომელმაც, როგორც იცით, იმავე დღეს ითამაშა მეოთხედფინალური მატჩი “მეტალურგთან”. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ ფედერაციას, დაეთმო ნაკრების საწვრთნელი ბაზა. ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატისა და თასის არაერთი მატჩი ჩატარებულა. ასევე, იქ გაიმართა უეფას 17-წლამდე ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩებიც. აქედან გამომდინარე, რადგანაც მატჩის ჩატარება შესაძლებელი იყო, ფედერაციას ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ. ფედერაციაში გვითხრეს, რომ “ტორპედოს” თანხმობაც აუცილებელი იყო. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობას და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, რადგან ბოლნისის სტადიონზე ჯერ არასახარბიელო მდგომარეობაა და კარგ მინდორზე თამაში ორივე მხარეს გვაწყობდა. “ტორპედომაც” ძალიან მალე აცნობა თანხმობა ფედერაციას ოფიციალური წერილით. სწორედ, ამის შემდეგ მოგვეცა ნება, რომ ბაზაზე გვეთამაშა”.
გიორგი პაპიაშვილი („ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი): “ღმერთის წყალობით გადავრჩით... ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურია და დღეს უკვე კიდურების ამოძრავება შეძლო. რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა, მთავარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართოს.
სამწუხაროდ, მე თამაშზე არ ვყოფილვარ და მხოლოდ მონაყოლი ვიცი. ეს ერთადერთი თამაში იყო სადაც არ ვიყავი და ... მოკლედ, მე როგორც ამიხსნეს, ორთაბრძოლის ეპიზოდი იყო და ამის შემდეგ გადავარდა გიორგი და შეეჯახა დამცავი მესერის ბოძს. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვიდეოჩანაწერიც არ მინახავს, რადგან სულ საავადმყოფოში ვიყავი და ახლახანს დავბრუნდი ქუთაისში. ჩვენი კლუბის საიტზე დავდეთ ინფორმაცია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯერ არავისთან მისაუბრია და არც გავცნობივარ რა დაიწერა ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, კლუბის ოფიციალური პოზიცია არსად გაჟღერებულა.“
ახლა, კლუბების გამოგზავნილი წერილების შინაარსსაც გაგაცნობთ.
ამა წლის 5 აპრილს, ბოლნისის “სიონის” მიერ სფფ-ში გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ ბოლნისის თ.სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შეტანილ იქნა სასუქი მინდვრის საფარის მთლიან მონაკვეთზე ბალახის უკეთ ამოსვლის ხელშეწყობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხდება მინდვრის საფარზე ბალახის ამოსვლა.
გთხოვთ, სტადიონზე მინდვრის საფარის ოპტიმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი სიონი-ტორპედო ბოლნისური გუნდის მასპინძლის სტატუსით გაიმართოს ქ. თბილისში, ნაკრების ბაზა “ბასაზე”, 15 საათზე”.
ამის შემდეგ, კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 8 აპრილს სფფ-ში შემოვიდა “ტორპედოს” წერილიც, სადაც კლუბის აღმასრულებელი დირექტორი წერს: „საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ქუთაისი ინფორმირებულია და თანახმაა ითამაშოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი ბოლნისის “სიონთან”, ქ. თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე.“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოჯანმრთელებას უსურვებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს და ვიმედოვნებთ, რომ გიორგი ონიანი შეძლებს მალე დაუბრუნდეს თავის საყვარელ საქმეს.


სფფ-ის პრესსამსახური

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0