x
,,მარტოხელა მგლის’’ ტერორიზმის ფენომენი

imageსახელმწიფოთათვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დიდ თავისტკივილად იქცა ტერორიზმი, თავდაპირველად ლოკალური ხასიათის, ხოლო XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გლობალურიც დაემატა. ტერორიზმის მრავალნაირი ტიპოლოგია არსებობს მისი ხასიათის მიხედვით - კატასტროფული, სახელმწიფო, სუიციდური, განურჩეველი, “მარტოხელა მგლის’’ (Lone Wolf Terrorism) და ა.შ. განსახილველ თემად სწორედ ეს უკანასკნელი შევარჩიე. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული “მარტოხელა მგელი’’ ნორვეგიელი ანდრეს ბრეივიკია, რომლის თავდასხმებს 2011 წელს 77 ადამიანი[1],
მათ შორის ჩვენი თანამემამულე სტუდენტი გოგონაც ემსხვერპლა. ამ სტატიაში ვაპირებ განვიხილო “მარტოხელა მგლის’’ ფენომენი, მისი დეფინიცია, მოტივები, მიზნები, ისტორიული განვითარება,
სისუსტეებ და უპირატესობები (ჯგუფურ ტერორიზმთან შედარებით), მოვიყვან რამდენიმე გახმაურებულ ქეისს და ტიპოლოგიას. საკითხი რომ აქტუალურია, ეს ჩანს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებში, რომ ასეთი ტიპის ტერორისტები უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენენ.
მაგალითად, ბრეივიკის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებაში ა.შ.შ.-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ “მარტოხელა მგლები’’ უფრო დიდ საფრთხედ მოიხსენია, ვიდრე
ტერორისტული ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ოპერაციები.[2]
მსგავსი განცხადებები ისმის დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში.
დეფინიცია

აუცილებელია კარგად გავერკვეთ ტერმინებში, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა მათთან დაკავშირებით. თავდაპიველად განვმარტოთ ტერორიზმი; მართალია, საყოველთაოდ გაზიარებული დეფინიცია არ გვაქვს, მაგრამ
არსებობს რამდენიმე მათგანი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სიმართლესთან. პირველი განორისეული განმარტებაა - ტერორიზმი შეიძლება განიმარტოს, როგორც მოქალაქეების ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ განზრახ განხორციელებული ძალადობა, რათა მიღწეულ იქნას პოლიტიკური მიზნები.[3] მეორე მეტ-ნაკლებად სრული განმარტება ევროპული საბჭოსია: წინასწარ განზრახული ძალადობრივი ქმედება, რომელიც მოსახლეობისადმიაიმართული იმ მიზნით რომ
აიძულოს მთავრობა ან საერთაშორისო ორგანიზაცია გაატაროს ან არ გაატაროს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება; ან მოახდინოს
სერიოზული დესტაბილიზაცია და დაანგრიოს ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური
სტრუქტურები.[4]
ამ განმარტებებიდან გამომდინარე, “მარტოხელა მგელი’’ არის ინდივიდი, რომელიც ახორციელებს ასეთ წინასწარგანზრახულ ტერაქტებს. მარტოხელა მგლებს ახასიათებს 4 თავისებურება:
(1) მოქმედებენ ინდივიდუალურად, (2) არ მიეკუთვნებიან რომელიმე ტერორისტულ ჯგუფს ან ორგანიზაციას, (3) მოქმედებენ ლიდერის ან იერარქიის პირდაპირი გავლენის გარეშე, და
(4) მათი მეთოდები და ტაქტიკები გამომდინარეობს მხოლოდ ინდივიდისგან და არა გარე ბრძანების ან დირექტივისგან.[5] ეს
განმარტება შეიძლება მივაკუთვნოთ “მარტოხელა მგლის’’ ვიწრო დეფინიციას - მისი მიხედვით მარტოხელა ტერორისტს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან. უფრო ფართო დეფინიციით მარტოხელა ტერორისტს შეიძლება ჰქონდა ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირები რომელიმე ორგანიზაციასთან.[6]
ტერმინ “მარტოხელა მგელთან’’ ხშირად აკავშირებენ “ულიდერო წინააღმდეგობის’’ კონცეფციას. მაგალითად, ჯეფრი კაპლანი მას განმარტავს როგორც “მარტოხელა მგლის’’ მოქმედებას რომელშიც
ინდივიდი, ან ძალიან პატარა მტკიცე ჯგუფი ახორციელებს ანტისახელმწიფოებრიობრივ ძალადობას დამოუკიდებელად რომელიმე მოძრაობისგან, ლიდერისგან ან ქსელისგან.[7]
ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოსაზრებას ახასიათებს სიმართლე. ვეცდები მათგან ჩამოვაყალიბო ჩემეული დეფინიცია “მარტოხელა მგლის” ტერორიზმის - ეს არის წინასწარ
განზრახული ძალადობრივი ქმედება, რომელსაც ახორციელებს ინდივიდი სამოქალაქო სამიზნეების მიმართულებით, რომელიმე მოძრაობის, ჯგუფის ან იდეოლოგიის მხარდასაჭერად და/ან სამთავრობო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, თუმცა მოქმედებს მარტო, არ სარგებლობს მატერიალური მხარდაჭერით და არ ასრულებს რომელიმე სტრუქტურის ან იერარქიის ბრძანებას. ამ დეფინიციის თავისებურებები შემდეგია: მოქმედება არის ინდივიდის დამოუკიდებელი ნების შედეგი (ე.წ. Freelancer-ია), რომელიც მოქმედებს მარტო (ან უმთავრეს სამუშაოს მარტო ასრულებს), თუმცა შესაძლოა გააჩნდეს სიმპათიები რომელიმე ორგანიზაციისადმი და იდეოლოგიისადმი და ტერაქტებს მიმართავდეს მათ მხარდასაჭერადაც. მე მოვიყვან იმ ქეისებს, რომლებიც ამ დეფინიციაში ჯდება.

ისტორიული ფონი და განვითარება


“მარტოხელა მგელი’’ არაა ახალი ფენომენი. მისი საფუძვლები შეიძლება ვეძიოთ მე-19 საუკუნის ანარქიზმში, ანარქისტები ხშირად აწყობდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს, რათა შეეცვალათ ისტორიის მდინარება და ასევე მოქმედებდნენ მარტო. ეს ანარქისტები იყვნენ რუსი ანარქისტი თეორიტიკოსის მიხაილ
ბაკუნინის გავლენის ქვეშ. ამის მაგალითებია ჩარლზ გიტო (Charles Guiteau), ანარქისტი, რომელმაც მოკლა ა.შ.შ.-ის მე- 20 პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი[8]; გაეტანო ბრეში (Gaetano Bresci) – ანარქისტი, მოკლა იტალიის მეფე უმბერტო I[9]; ლეონ
ციოლგოსცი (Leon Czolgosz) – 1901 წელს მოკლა ა.შ.შ.-ს 25-ე პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი.[10] თუმცა მეოცე საკუნეში ანარქისტ-ტერორისტებმა უშედეგო სტრატეგია მიიჩნიეს და შეწყვიტეს მსგავსი პრაქტიკა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან
“მარტოხელა მგლის’’ ტერორიზმის ასოცირდება “უპირატეს თეთრ რასისტებთან’’ (white supremacism - მიმდინარეობა, რომელიც ერთადერთ აღმატებულ რასად თეთრკანიანებს მიიჩნევს, უახლოვდება არიანიზმს) და ანტისამთავრობო ექსტრემისტებთან,
რომლებიც შეერთებულ შტატებში მოქმედებდნენ. ისინი ხელმძღვანელობდნენ “ულიდერო წინააღმდეგობის’’ სტრატეგიით, რომელიც “უპირატეს თეთრ რასისტს’’(white supremacist), “კუ კლუქს კლანის’’ და “არიული ერების’’ ყოფილ წევრს ლუის ბიმის მიერ იყო შემუშავებული. მისი ხედვით, ყველა ინდივიდს და ჯგუფს უნდა ემოქმედა ერთმანეთისგან და შტაბისგან დამოუკიდებლად.[11] რაც შეეხება თავად ტერმინს “მარტოხელა მგელი’’, იგი 1990-იანი წლების ბოლოს დაამკვიდრეს
ტომ მეცგერმა და ალექს კურტისმა, რომლების ასევე “უპირატესი თეთრი რასი-სტები’’ იყვნენ. ისინი აქეზებდნენ ახალგაზრდა რასისტებს მარტო განეხორციელებინათ ძალადობრივი ტერაქტები.[12]

ალკეული ქეისები

ახლა მოვიყვან “მარტოხელა მგლის’’ რამდენიმე ქეისს, რომლებიც ყველაზე რეზონანსული, მასშტაბური და სისხლიანი გამოდგა. ამ ქეისების განხილვა დაგვეხმარება მოვახდინოთ მათი კლასიფიკაცია
მოტივების მიხედვით. მივყვები ქრონოლოგიურად.

ქრონოლოგიურად ყველაზე ძველი (ვგულისხმობ მეოცე საუკუნეს) “მარტოხელა მგლის’’ მაგალითი, თუმცა ნაკლებად ცნობილი, ჯოზეფ პოლ ფრანკლინია, ამერიკელი ნეონაცისტი,
რომელიც მოქმედებდა 1977-80 წლებში. მის სამიზნეებს ხშირად წარმოადგენდა შერეული რასის წყვილები. ფრანკლინს უნდოდა რასებშორისი ომის მოწყობა ა.შ.შ.-ში. მის თავდასხმებს
20 ადამიანი შეეწირა.[13] (მის სამიზნეთა შორის მოხვდა ამერიკის პორნომაგნატი ლარი ფლინტი).
“მარტოხელა მგელი’’, რომელიც ლამის ლეგენდად იყო ქცეული ა.შ.შ.-ში, 1978-96 წლებში, მთელი 17 წლის განმავლობაში ისე ატერორებდა მთელ ქვეყანას, რომ აღმოსავლეთის შტატებში ჩვეულებრივ ადამიანებს ზოგჯერ წერილის გახსნისაც კი ეშინოდათ. ეს ადამიანი იყო თეოდორ კაჩინსკი (Theodore Kaczynski) - რომელსაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კოდური სახელწოდებაც კი - The Unabomber მიანიჭა. ამ დროის განმავლობაში მის გაგზავნილ წერილებს, რომლებშიც თვითნაკეთი ბომბები იყო ჩამონტაჟებული, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა. ბოლოს მან FBI-ის გაუგზავნა 35 000 სიტყვიანი ესსე - “ანტიინდუსტრიული მანიფესტი’’ და მოითხოვა, რომ ის დაებეჭდათ The Washington Post-სა და The New York Times-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ტერაქტების გაგრძელებით. ბიურო ამას დათანხმდა, იმ იმედით რომ იქნებ რომელიმე მკითხველს ამოეცნო, რაც გამართლდა კიდე. 1996 წლის 3 აპრილს “უნაბომბერი’’ დააკავეს, მის ბინაში აღმოჩნდა 40 000 ხელნაწერი
გვერდი და ერთი გასაგზავნად გამზადებული წერილი-ბომბი. ასე დასრულდა მისი, როგორც “მარტოხელა მგლის’’ “კარიერა’’. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. FBI-ის რაპორტებში იგი მოხსენიებულია როგორც შეშლილი გენიოსი.[14] ჩვენ შეგვიძლია იგი “მარტოხელა მგლის’’ კლასიკურ მაგალითად მივიჩნიოთ. კაჩინსკი იყო რადიკალი ევირომენტალისტი და ინდუსტრიულ განვითარებას და ტექნოლოგიურ წისვლას მიიჩნევდა ყოველგვარი
უბედურების სათავედ. კიდევ ერთი მოტივი იყო ის, რომ საზოგადოებაში მას უგულებელყოფდნენ; ზოგიერთი მისი ქცევის მიზეზად იმასაც ასახელებს რომ მას ქალთან ურთიერთობა არ შეეძლო.[15]
1993-96 წლებში ავსტრიასა და გერმანიაში მოქმედებდა კაჩინსკის ავსტრიელი“ვერსია’’ ფრანც ფუხსი (Franz Fuchs) - ისიც, კაჩინსკის მსგავსად, წერილებით აგზავნიდა თვითნაკეთ ასაფეთქებლებს,
საბოლოოდ დაიღუპა 4 და დაშავდა 15 ადამიანი, ზოგიერთიმათგანი მძიმედ. მის სამიზნეებს წარმოადგენდნენ იმიგრანტები და ის ადამიანები, რომლებიც ფუხსი უცხოელებისადმი მეგობრულად
განწყობილს მიიჩნევდა. ის იყო რადიკალი მემარჯვენე - ქსენოფობი და რასისტი. თავის წერილებში, ფუხსი ყურადღებას ამახვილებდა გერმანელი ავსტრიელების დისკრიმინაციაზე და სახელმწიფოსგან
მოითხოვდა იმიგრანტული პოლიტიკის შეცვლას. ფუხსს ახასიათებდა საკუთარი თავისადმი და გარშემო სამყაროსადმი სიძულვილი, რაც ფსიქიური გადახრაა, თუმცა რადგან იგი თავის თავდასხმებს პოლიტიკური მოტივებით ხსნიდა (თუმცა ბევრი რამ მაინც გაუგებარი რჩებოდა), მაინც მიიჩნევა “მარტოხელა მგლად’’.[16]
1994 წლის 24 თებერვალს, ებრაელი, დოქტორი ბარუხ გოლდსტაინი ჰებრონში თავს დაესხა მეჩეთს, სადაც 800-მდე მლოცველი რამადანს აღნიშნავდა და ცეცხლი გაუხსნა ავტომატური
იარაღიდან. რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასამდე დაშავდა. ტერაქტის შემდეგ გოლდსტაინმა თავი მოიკლა. იგი იყო ებრაელთა თავდავის ლიგის (Jewish Defence League) ყოფილი წევრი და კაჰანისტური (Kahanist) მოძრაობის მიმდევარი, რაც უკიდურესი ნაციონალიზმით ხასიათდება.[17]. მისი
მოტივები უცნობია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს თავდასხმა მიმართული იყო ოსლოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასაშლელად, რომელიც ისრაელსა და პალესტინას
შორის მიმდინარეობდა.
1995 წლის 19 აპრილს ა.შ.შ.-ში განხორციელდა მანამდე არნახული ტერაქტი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასაფეთქებელი ნივთიერებით
სავსე სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა მიურას ფედერალურ შენობასთან (რომელშიც სამი ფედერალური სააგენტო იყო განთავსებული). ტერაქტის შედეგად დაიღუპა 168 ადამიანი, მათ შორის 19 6 წელზე მცირე ასაკის ბავშვი, დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, 16 კვარტლის რადიუსში დაინგრა და დაზიანდა 324 შენობა, განადგურდა 82 ავტომობილი, მთლიანად ზარალმა $652 მილიონს მიაღწია. ტერაქტი ჩაიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა (ერთი ის იყო, ასაფეთქებლების შეზავებაში მეგობარი დაეხმარა) სპარსეთის ყურის ომის ვეტერანმა ტიმოთი მაკვეიმ. იგი იყო სურვაივალისტი (მოძღვრება, რომლის მიმდევრები
ემზადებიან საგანგებო სიტუაციებისთვის), თანაუგრძნობდა ანტისამთავრობო, რასისტულ და Militia-ს (ყოფილი სამხედროების მოძრაობა) ჯგუფებს, თუმცა არცერთი მათგანის წევრი არ ყოფილა. სასიკვდილო ინექციით დასაჯეს 2001 წლის 11 ივნისს (ზუსტად სამ თვეში 9/11 მოხდა(!)). ის მიჩნეულია “მარტოხელა მგლის’’ კლასიკურ მაგალითად.[18]
1999 წლის აპრილში დევიდ კოუპლენდმა ლონდონში ლურსმნებიანი ბომბების სამკვირიანი კამპანია მოაწყო (London
nailbomber-ად მოიხსენეიბენ). მის სამიზნეებს წარმოადგენდნენ
აზიელები, შავკანიანები და გეები. სამკვირიანი დაბობვების შედეგად დაიღუპა 3 (მათ შორის ფეხმძიმე ქალი) და დაშავდა 128 ადამიანი. მიუხედავად იმისა რომ ორმა ბრიტანულმა ნეო-ნაცისტურმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტებზე, კოუპლენდმა განაცხადა, რომ ის მარტო მუშაობდა და არავისთან არ განუხილავს თავისი გეგმები. მან ასევე განაცხადა, რომ ნეონაცისტი იყო და უნდა გაეწმინდა ბრიტანეთი სხვა რასებისგან და მოეხდინა რასათა შორისი ომის პროვოცირება (ისევე, როგორც ჯოზეფ ფრანკლინს ჯერ კიდევ შორეულ 70-იანებში), ასევე ხაზი გაუსვა რომ ძლიერი ჰომოფობი იყო (ჰომოსექსუალებს “გარყვნილ გადაგვარებულებად’’ მიიჩნევდა). აგრეთვე ამართლებდა მოტივებს რელიგიური თვალსაზრისით - ღმერთი კრძალავს ჰომოსექსუალიზმს. ის იმაშიც კი გამოტყდა რომ სურდა ტოპ-ნიუსებშიც მოხვედრილიყო...[19]
2002 წლის 6 მაისს, არჩევნებამდე 9 დღით ადრე ვოლკერ ვან დერ გრააფმა (Volkert van der Graaf) მოკლა ჰოლანდიელი პოლიტიკოსი პიმ ფორტუინი. გრააფი იყო უკიდურესი ენვირომენტალისტი
და ფორტუინს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად მოიხსენიებდა, რომ იგი მოქმედებდა ძალაუფლების გაზრდისთვის. გრააფი მოითხოვდა რომ ცხოველებს ისეთივე უფლებები ჰქონოდათ, როგორიც ადამიანებს. ფორტუინი კი აპირებდა ნატურალური ბეწვის სამოსზე შეზღუდვების მოხსნას. შესაჩერებლად გრააფმა მოკლა იგი. [20]
2009 წლის ნოემბერში, ტეხასში
განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ფსიქიატრმა მაირომა ნიდალ მალიქ ჰასანმა ცეცხლი გახსნა, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაიჭრა. ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი
ყველაზე სისხლიანი ინციდენტი, რაც კი ოდესმე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარა.[21] მოტივები
უცნობია.
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი თავდასხმა განხორციელდა. ჯერ დედაქალაქ ოსლოში დაახლოებით
950 კგ თვითნაკეთი ასაფეთქებლებით დატვირთული მიკროავტობუსი აფეთქდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და ნორვეგიის ნავთობისა და ენერგიის დეპარტამენტის შენობებთან, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ ოსლოდან 32 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ უტოიაზე, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი იყო მოწყობილი მმართველი ლეიბორისტული პარტიის მიერ, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ნახევრადავტომატური იარაღიდან და ჩვეულებრივი პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა, რასაც 68 ადამიანი
ადგილზევე ემსხვერპლა, ხოლო 60 დაიჭრა. ეს ჯოჯოხეთი მანამ გრძელდებოდა, სანამ პოლიცია კუნძულამდე მოაღწევდა, რასაც საათნახევარი დასჭირდა. დაკავებული აღმოჩნდა ვინმე ანდრეს
ბრეივიკი, რომელმაც მოგვიანებით აღიარა ჩადენილი. გაირკვა, რომ მან თავდასხმებამდე ინტერნეტში საკუთარი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის რასისტი, ულტრამემარჯვენე, ულტრანაციონალი და “მარტოხელა მგელია’’, თუცა იმუქრებოდა, რომ მისნაირი ბევრი იყო და თავდასხმები ამით არ დათავრდებოდა. მისი კრიტიკის ობიექტი ნორვეგიის ლეიბორისტი მთავრობაა, რომელიც მხარს უჭერ მულტიკულტურალიზმს, მუსლიმთა იმიგრაციას ნორვეგიაში და ამით სხვა ევროპული მთავრობების მსგავსად ანგრევს დიდ ევროპულ კულტურას.[22]

არტოხელა მგლების კლასიფიკაციის მცდელობები

“მარტოხელა მგლების’’ კლასიფიცირება მათი რაიმე მახასიათებლის მიხედვით ბევრჯერ სცადეს, მაგრამ დეფინიციაზე შეუთანხმებლობის გამო თითქმის არცერთი მათგანი არაა გაზიარებული. დაჯგუფება შეიძლება იდეოლოგიების მიხედვით. Instituut Voor Veiligheids-en Crisismanagement-ის
მონაცემები, 2007.
image“მარტოხელა მგლების’’ კლასიფიცირება შეიძლება მოხდეს
მათი “მოღვაწეობის’’ ხანგრძლივობის მიხედვითაც. აქ ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა: “ქაოტური მარტოხელები’’(როგორებიც იყვნენ მაკვეი და ბრეივიკი) და კარიერული მარტოხელები (ფრანკლინი, კაჩინსკი, ფუხსი).[23] როჯერ ბეიტსი თავის სტატიაში გვთავაზობს “მარტოხელა მგლის’’ ოთხგანზომილებიან გენერალურ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაგვიიოლდება “მგლების’’ კლასიფიკაცია. ამ მოდელის 4 განზომილებაა მოტივაცია, რადიკალიზაცია, ფორმა და რისკი.

imageასე მაგალითად, კაჩინსკი ხასიათდება როგორც ეგოისტური
მოტივაციის, დაბალი რისკის (რომელიც თანდათან, რაც კავშირზე გავიდა, გაიზარდა) ინდივიდუალური რადიკალიზაციით და სერიული ქმედებით ხასიათდება, მაშინ როცა მაკვეი და ბრეივიკი დაახლოებით ერთ რანგში გადიან: ქაოტური, მაღალი რისკფაქტორით, ალტრუისტული მოტივაციითა და ინდივიდუალური რადიკალიზაციით ხასიათდებიან.

ბეიტსი გვთავზობს მარტოხელა მგლების საკუთარ ტიპოლოგიას: მარტოხელა მგელი-შურისმაძიებელი (Avenger), მარტოხელა მგელი-რევანშისტი (Revenger), მარტოხელა მგელი-სამართლიანობისთვის მებრძოლი (Vigilante) და მარტოხელა მგელი-პარტიზანი
(Guerilla).[24]

არტოხელა მგელი - უპირატესობები და სისუსტეები. ახელმწიფოს პასუხი

“მარტოხელა მგლისთვის’’ დამახასიათებელია მიზანდასახულობა,
ძლიერი ნება და იდეოლოგია ან რწმენა, სიტუაციაში ადაპტაციის უნარი, ტექნიკური ცოდნა და რესურსებით უზრუნველყოფა. მარტო მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ ოპერაციის განხორციელებისას
არ გახლავს ზედმეტი ტვირთი, რომლის ჩავარდნაც გაფიქრებს, ასევე ნაკლები შანსია ვინმემ გასცეს ჩანაფიქრი. რაც შეეხება სისუსტეებს, მარტოხელა მგლები ხშირად უჩივიან რესურსების
ნაკლებობას, უწევთ ერთხელ “გატკეპნილი’’ გეგმის მიხედვით მოქმედება, რაც ჩავარდნის საშიშროებას ზრდის, ასევე იოლია ამოცნობა, თუ შეტაკება მოუწევს უმცირესობაში აღმოჩნდება
და დიდი ალბათობით ან დაიღუპება ან დააკავებენ. [25]
იმისათვის რომ სახელმწიფომ თავიდან აიცილოს მსგავსი ტიპის აქტორების გაჩენა, მან უნდა გაამკაცროს კონტროლი იარაღზე, ფეთქებადსაშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე და შექმნას მონაცემთა ბაზები საეჭვო პიროვნებების შესახებ. აუცილებელია ბოროტება დასაწყისშივე აღმოიფხვრას, ვიდრე შემდეგ უკონტროლო გახდეს და ისეთი მასშტაბები მიიღოს, როგორც ეს ოკლაჰომა-სიტიში ან ოსლოში მოხდა.

შეჯამება

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, კარგად დაგეგმილი და მიზანმიმართული “მარტოხელა მგლის’’ ტერორიზმი არანაკლები თავისტკივილი შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა
თუ საეღთაშორისო ორგანიზაციისთვის, ვიდრე “მეინსტრიმული’’ ტერორისტული ორგანიზაცია. თუმცა მათი ტერაქტები ხშირად შეურაცხავთ ავადმყოფი გონების ნაყოფად მათი რადიკალურობის
გამო, რის გამოც ვერცერთმა ზემოთ განხილულმა “მარტოხელა მგელმა’’ ვერ მიაღწია იმ პოლიტიკურ ცვლილებას, რის გამოც ასეთ ქმედებაზე წავიდა.

ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ერთ ჭკვიან თუ შეშლილ ადამიანსაც შეზღუდული რესურსებით თურმე რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა და სახელმწიფოთვის, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტერაქტებში გამოყენებული იარაღის სპექტრი მერყეობს მრავალტონიანი ასაფეთქებლებიდან ერთ პატარა კონვერტამდე და ნახევრადავტომატურ პისტოლეტამდე.

საინტერესო დამთხვევაა თუ ფაქტი ის, რომ ევროპელი “მარტოხელა მგლების’’ აგრესია ძირითადად მიმართულია იმიგრანტების წინააღმდეგ და მოწოდებული თვითმყოფადი კულტურის დაცვისკენ.

ვეცადე შემემუშავებინა მარტოხელა მგლის უნივერსალური
დეფინიცია, რომელიც ასე ჟღერს: ეს არის წინასწარ განზრახული ძალადობრივი ქმედება,
რომელსაც ახორციელებს ინდივიდი სამოქალაქო
სამიზნეების მიმართულებით, რომელიმე მოძრაობის, ჯგუფის ან იდეოლოგიის მხარდასაჭერად და/ან სამთავრობო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, თუმცა მოქმედებს მარტო, არ სარგებლობს მატერიალური მხარდაჭერით და არ ასრულებს რომელიმე სტრუქტურის ან იერარქიის ბრძანებას. ასევე განვიხილე
“მარტოხელების’’ ის ქეისები, რომლებიც ყველაზე რეზონანსული, მსხვერპლიანი და თავისებური ხასიათისაა. ასევე მოვიყვანე მარტოხელა მგლების კლასიფიკაციის მაგალითები და ერთ-ერთი
მათგანის მიხედვით რამდენიმე განხილული ქეისის “გმირის’’ იდენტიფიკაცია მოვახდინე.




[1]
http://www.bbc.co.uk/news/world-europe-14259989 (მოძიებულია
09.01.12)

[2] http://www.reuters.com/article/2011/08/16/us-usa-obama-security-idUSTRE77F6XI20110816 (მოძიებულია 09.01.12)

[3] http://ebookbrowse.com/defining-terrorism-by-dr-boaz-ganor-pdf-d42904904 Ganor, Defining Terrorism. (მოძიებულია
09.01.12)

[4] http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2002:164:0003:0007:EN:PDF ევროპული საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილება, 2002. (მოძიებულია 09.01.12)

[5]
Instituut Voor Veiligheids-en
Crisismanagement, Lone Wolf Terrorism,
2007

[6]
Chermak, Freilich, and Simone, Surveying American State Police Agencies About Lone Wolves, Far-Right Criminality,
and Far-Right and Islamic Jihadist Criminal Collaboration, Studies in Conflict &
Terrorism, 2010

[7]
Jeffrey Kaplan, Leaderless resistance, Terrorism and
Political Violence, Volume 9, Issue 3,
1997. გვ 86

[8] http://www.bookrags.com/biography/charles-guiteau-cri/ Charles Guiteau (მოძიებულია
09.01.12)

[9]
http://libcom.org/history/bresci-gaetano-1869-1901 Gaetano Bresci (მოძიებულია 09.01.12)

[10]
http://www.stratfor.com/weekly/20110921-cutting-through-lone-wolf-hype
(მოძიებულია 09.01.12)

[11]
Instituut Voor Veiligheids-en
Crisismanagement, Lone Wolf Terrorism,
2007, გვ. 13

[12] Ibid.

[13] http://www.stratfor.com/challenge_lone_wolf
(მოძიებულია 10.01.12)

[14] http://www.fbi.gov/news/stories/2008/april/unabomber_042408
(მოძიებულია 10.01.12)

[15]
Instituut Voor Veiligheids-en Crisismanagement,
Lone Wolf Terrorism, 2007,
გვ. 29

[16] http://www.spiegel.de/spiegel/print/d-9447224.html DER SPIEGEL, 8/1999, (მოძიებულია 10.01.12)

[17] http://news.bbc.co.uk/onthisday/hi/dates/stories/february/25/newsid_4167000/4167929.stm
(მოძიებულია 10.01.12)

[18] http://news.bbc.co.uk/2/hi/1321244.stm
(მოძიებულია 10.01.12)

[19]
Instituut Voor Veiligheids-en
Crisismanagement, Lone Wolf Terrorism,
2007, გვ. 21-23

[20]
Instituut Voor Veiligheids-en
Crisismanagement, Lone Wolf Terrorism,
2007, გვ.
23-26

[21] http://topics.nytimes.com/top/reference/timestopics/people/h/nidal_malik_hasan/index.html
(მოძიებულია 10.01.12)

[22] http://www.stratfor.com/weekly/20110727-norway-lessons-successful-lone-wolf-attacker
(მოძიებულია 10.01.12)

[23]Rodger
A. Bates, Dancing With The Wolves:
Today’s Lone Wolf Terrorists. The Journal of
Public and Professional Sociology, Volume 4, Issue 1, Clayton State University,
2012. გვ.
5

[24]
Rodger A. Bates, Dancing With The Wolves:
Today’s Lone Wolf Terrorists. The Journal of
Public and Professional Sociology, Volume 4, Issue 1, Clayton State University,
2012, გვ. 11-12

[25]
http://www.stratfor.com/weekly/20110921-cutting-through-lone-wolf-hype
(მოძიებულია 10.01.13)

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ჯიქია
გიორგი ჯიქია
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0