x
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო
შესავალი

image
რეგიონების როლის ზრდა თანამედროვე მსოფლიოში ნათელია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ არსებობს
ჯოზეფ შვარცბეგის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში ხმების აწონვის განახლების შესახებ, რომელიც მსოფლიოს რეგიონებად დაყოფას ეფუძნება. მისი მიხედვით, რეგიონებმა უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში, სადაც თითოეული მათგანი ძალის ცალკეულ პოლუსს წარმოადგენს. ჩამოყალიბებულია კრიტერიუმები, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანდნენ სახელმწიფოები ერთ რეგიონად - კულტურული, ენობრივი, რელიგიური მსგავსება, ისტორიული გამოცდილება და ა.შ. თუმცა, რთული გასარკვევია რომელი გაერთიანება შეიძლება ჩაითვალოს რეგიონად, რადგან ამ ტერმინის აბსოლუტურად გაზიარებული დეფინიცია არ არსებობს. ქვემომდებარე სტატიის განხილვის თემაა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საბჭო. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ზემოთხსენებული ორგანიზაციის სივრცე რეგიონად?
ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვეცდები განვიხილო რა მოვლენებმა და თავისებურებებმა განაპირობა მისი ჩამოყალიბება. სტატიის მეორე ნაწილში კი ვეცდები დავსაბუთო ჩემი ჰიპოთეზა, რომელიც ნეორეალიზმის თეორიული ჩარჩოს ეფუძნება და მდებარეობს შემდეგში: რეგიონული ინტეგრაცია იყო პასუხი გარე საფრთხეებზე.


ტერმინების განმარტება

რეგიონი - როგორც აღვნიშნე, არ არსებობს ყველას მიერ გაზიარებული დეფინიცია რეგიონისა. პირველ რიგში, ეს ტერმინი უნდა მხოლოდ გეოგრაფიულ კონტექსტში არ უნდა გვესმოდეს - მაგალითისთვის, ნორვეგია გეოგრაფიული რეგიონის - ევროპის ტერიტორიაზეა, თუმცა არ შედის ყველაზე წარმატებით
განხორციელებულ რეგიონში, ევროკავშირში. რეგიონალიზმის ერთ-ერთი გავლენიანი მკვლევრის - ჯილბერტის ტიპოლოგიით რეგიონის 3 პერსპექტივით განხილვაა შესაძლებელი - (1) სოციალური პროცესების სივრცული ორგანიზება (სადაც კაპიტალის ცირკულაცია უმთავრესია), (2) სოციალური ინტერაქცია, და (3) რეგიონული იდენტიფიკაცია. ანსი პაასის მიხედვით კი რეგიონი, როგორც
ინსტიტუციონალიზაციის შედეგი, ისე განვიხილოთ და გვთავაზობს მის 4 საფეხურს: 1)ტერიტორიის ფორმირება, 2)სიმბოლური ფორმირება, 3)ინსტიტუციური ფორმირება და 4)რეგიონის ჩამოყალიბება და რეგიონული ცნობნიერების შექმნა.[1]

მონაცემები/მოკლე მიმოხილვა


სპარსეთის ყურის არაბული მონარქიების თანამშრომლობის საბჭო (შემოკლებით GCC – Gulf Cooperation Council)
imageფართობი: 2 423 300 კმ²
მოსახლეობა: 45.9 მლნ
მთლიანი შიდა პროდუქტი $ 1.37 ტრილიონი
ერთ სულზე შემოსავალი (per capita): $ 29 900
(სპარსეთის) ყურის თანამშრომლობის საბჭო 1981 წლის 25 მაისს შეიქმნა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. მისი დამფუძნებელი წევრები არიან 6 არაბული მონარქია: საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, ომანის სულთანატი, ბაჰრეინის სამეფო და ქუვეიტი. წევრთა რაოდენობა დღემდე არ შეცვლილა. დამფუძნებელი ხელშეკრულების მეოთხე თავში გადმოცემულია ამ ორგანიზაციის მიზნები: წევრ სახელმწიფდოებს შორის ერთიანობის მიღწევის მიზნით ორგანიზაციამ გავლენა უნდა მოახდინოს მათ შორის თანამშრომლობაზე, ინტეგრაციასა და ურთიერთკავშირზე ყველა სფეროში. ეს სფეროებია: ეკონომიკა და ფინანსები; საბაჟო საქმიანობა, ვაჭრობა და კომუნიკაციები; განათლება და კულტურა. ორგანიზაციის მიზნებშივე მოხსენებულია რომ უნდა მოახდინოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლის სტიმულირება წიაღისეულის მოპოვების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის რესურსების მენეჯმენტის სფეროებში.[2] ამ მიზნების მისაღწევად საბჭოს ორი მნიშვნელოვანი ორგანო აქვს: მინისტრთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს კოორდინირებულ პოლიტიკას სხვადასხვა სფეროებში და უმაღლესი საბჭო, რომელსაც
ევალება გადახედოს მინისტრთა საბჭოს პროექტებს, სურვილისამებრ შეიტანოს ცვლილებები და შემდეგ მინისტრთა საბჭოს დაუბრუნოს იმპლემენტაციისთვის.



2003 წელს ძალაში შევიდა საბაჟო გაერთიანება, რომლის მიხედვით დაწესდა ერთიანი ტარიფები გარეშე ქვეყნებისთვის და წევრ ქვეყნებს შორის გაუქმდა ისინი.

2009 წლის დეკემბერში გამართულ დოჰას სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ შექმნილიყო ერთიანი ბაზარი, მონეტარული სისტემა და საერთო ვალუტა. ამ შეთანხმების მიხედვით, GCC-ს წევრი ქვეყნების ნებისმიერ მოქალაქეს GCC-ს ნებისმიერი ქვეყნის ტეროტორიაზე ენიჭება სრული თავისუფლება დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების და რაც მთავარია ეკონომიკური საქმიანობის.[3]

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ 1984 წელს ორგანიზაციამ შექმნა ”ნახევარკუნძულის ფარის ძალები” (The Peninsula Shield Force - PSF) რომელშიც ექვსივე ქვეყნის სამხედრო ნაწილები შედიოდნენ,
ხოლო 2011 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, PSF-ს რაოდენობის 30 000 ჯარისკაცამდე გაზრდის შესახებ[4]. წევრ
ქვეყნებს შორის ასევე დადებულია ხელშეკრულება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესახებ (2004)[5]. (შედარებისთვის: 1984 წელს ევროგაერთიანებას საერთო საგარეო პოლიტიკა ჩანასახში თუ ჰქონდა, ხოლო საერთო თავდაცვის პოლიტიკაზე სერიოზულად არც ფიქრობდნენ)

2012 წლის მარტში ცნობილი გახდა ერ-რიადის სამიტის შეთანხმების შესახებ, სადაც ლიდერებმა მიღეს გადაწყვეტილება რეგიონული ბლოკი GCC კონფედერაციად (GC – Gulf Confederation) ექციათ, თუმცა ექვსივე წვეყანა იქნებოდა დამოუკიდებელი და სუვერენული. GCC -ს ექნება საელჩო სხვა ქვეყნებში, რომელიც ჩაანაცვლებს წევრი ქვეყნების დანარჩენს საელჩოებს და ანალოგიურად უცხო ქვეყნებსაც ეყოლებათ საელჩოები ყურის კონფედერაციაში.[6]

არის თუ არა GCC რეგიონი

არის თუ არა GCC რეგიონი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ანსი პაასის რეგიონული ინსტიტუციონალიზაციის თეორია დაგვეხმარება. თუმცა ჯერ უმჯობესი იქნება ვეძებოთ საერთო მახასიათებლები წევრ-სახელმწიფოებს შორის. პირველ რიგში მათ საერთო აქვთ რელიგია - ისლამი; ასევე სასაუბრო ენაც - არაბული; კოლონიური წარსული - ყველა მათგანი ბრიტანეთის კოლონიას ან პროტექტორატს წარმოადგენდა[7]. მათ აერთიანებთ პრობლემები მტკნარი წყლის რესურსებთან დაკავშირებით. ყველა წევრი სახელმწიფოს მმართველობის სისტემა მემკვიდრეობითი მონარქიაა; ამ ქვეყნებში ძირითადი სამაუწყებლო არხი ალ-ჯაზირაა. 6 წევრიდან 4 - საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეიტი, კატარი, არაბთა
გაერთიანებული საემიროები - უმსხვილესი ნავთობკარტელის - “ოპეკის’’ წევრები არიან; ახლა მივყვეთ პაასის რეგიონის ინსტიტუცონალიზაციის საფეხურებს:


ტერიტორიის ფორმირება - რეგიონის საზღვრები გამოკვეთილია - საბაჟო გაერთიანებამ და ერთიანი ბაზრის შექმნამ აშკარა გახადა დემარკაცია რეგიონს შიგნით და მის გარეთ.
სიმბოლური ფორმირება - როგორც ვიცით, ისლამი ეროვნებას არ ცნობს. ხოლო GCC-ს ექვსივე წევრის რელიგია ისლამია. საუდის არაბეთში მდებარეობს მექა და მედინა, მუსლიმთა წმინდა ადგილები. ისლამი კი იმდენად ყოვლისმომცველი რელიგიაა, რომ კულტურისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს თამაშობს.

ინსტიტუციური ფორმირება - რეგიონს ჰყავს ინსტიტუციური მმარველობის ორგანო GCC-ს Supreme Council, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები და წარმართავს საერთორეგიონულ პოლიტიკას, რომელიც, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების
კოორდინირებული მუშაობის შედეგია. ეს ორგანო ზრუნავს რეგიონული ერთობის შენარჩუნებაზე.

რეგიონის ჩამოყალიბება და რეგიონული ცნობიერების შექმნა - ის
ფაქტი, რომ (სპარსეთის) ყურის თანამშრომლობის საბჭო უნდა გადაკეთდეს ყურის კონფედერაციად ამის კარგი მაჩვენებელია, კერძოდ იმაზე მიუთითებს რომ იგი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე იმოქმედებს როგორც ერთიანი აქტორი. რეგიონული
ცნობიერების ჩამოყალიბებას და მის აღქმას რეგიონად ასევე ხელშემყობი ფაქტორია, რომ საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში გაიხსენება არა როგორც ცალკეული ქუვეიტის, არაბთა საემიროები,
ან საუდის არაბეთის, არამედ როგორც ყურის კონფედერაციის საელჩო. მნიშვნელოვანი ფაქტია საერთო ბაზარი და საბაჟო სისტემის გამარტივება. გადაადგილება თავისუფალი იქნება რეგიონულ ერთეულს შიგნით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მოსახლეობაში რეგიონული ერთობის შეგრძნებას.


ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ რომ GCC უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რეგიონი.

ჩამოყალიბების მიზეზები

შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს უკვე განსხვავებული თემაა, თუმცა არ იქნება ლოგიკას მოკლებული ამავე სტატიაში იქნას განხილული ის მიზეზები და წინაპირობები რამაც ხელი შეუწყო რეგიონული ორგანიზაციის და შემდეგ უკვე მის რეგიონად ჩამოყალიბებას. ამაში ცოტაოდენი ისტორია და ნეორეალიზმის თეორიული სკოლა დაგვეხმარება. მოგეხსენებათ, 1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, ხოლო ქვეყანამ საგარეო პოლიტიკურ კურსად გამოაცხადა ისლამური რევოლუციის ექსპორტი და ამ მიმართულებით აქტიური ქმედებები წამოიწყო ლიბანში[8].
ამ დროისთვის კი სპარსეთის ყურის უმრავლეს ქვეყნებში გვაქვს მემკვიდრეობითი მონარქიები (გარდა სეკულარული ერაყისა და რადიკალური ისლამური ირანისა).


ნეორეალიზმი რეგიონულ ინტეგრაციას განიხილავს როგორც რეაქციას გარე ფაქტორებზე (გარედან შიგნით). ყურადღებას ამახვილებს სისტემის შეზღუდულობასა და ძალისმიერი პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ამ ხედვით, რეგიონი არის ალიანსის შექმნის მცდელობა საერთო გარე საფრთხის წინააღმდეგ. სწორედ ეს მოხდა
GCC-ს შემთხვევაში - ყურის მონარქიულმა სახელმწიფოებმა უზარმაზარი და რევოლუციონისტურად განწყობილი ირანი აღიქვეს საფრთხედ - შეიძლება ითქვას რომ ადგილი ჰქონდა მონარქიულ-ავტორიტარულ სოლიდარობას - მსგავსი რეჟიმები გაერთიანდნენ
საერთო საფრთხის წინააღდმეგ და შექმნეს GCC ირანისგან მომავალი რევოლუციური საფრთხის აღსაკვეთად.

რაც შეეხება შემდგომ ინტეგრაციას, აქ უკვე ნეორეალიზმი აღარ გამოდგება, რადგან იგი სისტემური დონის თეორიაა. უფრო რომ დავაზუსტოთ, დროთა განმავლობაში ისლამური რევოლუციის საფრთხე განელდა და ინტეგრაცია სხვადასხვა სფეროებში უფრო გაღრმავდა, რაზეც საბაჟო გაერთიანება, საერთო ბაზარი, ერთიანი მონეტარული სისტემის პროექტი და კონფედერაციის ინიციატივა აგვირგვინებს.

ასკვნა

შესავალში დასმულ კითხვებზე დადებითი პასუხი მივიღე. რომ შევაჯამოთ, დღეისათვის GCC გვაქვს რეგიონი, რომლის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი იყო საერთო საგარეო საფრთხეზე რეაგირება. ხოლო თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სპარსეთის ყურის რეგიონული ფედერაცია საერთაშორისო არენაზე, ამას დრო გვიჩვენებს.


[1]
Ansi Paasi, Deconstructing Regions: Notes on the
Scales of Spatial Life, Environment and Planning vol.
23, issue 2

[2] http://www.gcc-sg.org/eng/indexfc7a.html?action=Sec-Show&ID=1
(მოძიებულია 10.11.12)

[3] http://www.arabianbusiness.com/gcc-common-market-comes-into-effect-122387.html
(მოძიებულია 10.11.12)

[4] http://www.worldtribune.com/2012/05/29/gulf-states-agree-to-expand-regional-force-of-30000-troops/
(მოძიებულია 10.11.12)

[5] http://www.britannica.com/EBchecked/topic/249154/Gulf-Cooperation-Council-GCC
(მოძიებულია 10.11.12)

[6] http://pakobserver.net/detailnews.asp?id=86942
(მოძიებულია 10.11.12)

[7]
Julie
Gauthier PROSPECTS FOR DEMOCRATIZATION IN THE OIL MONARCHIES OF THE PERSIAN GULF, Louisiana
State University, 2007

[8]
http://www.worldpoliticsreview.com/articles/3457/understanding-iranian-foreign-policy

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ჯიქია
გიორგი ჯიქია
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0