x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ნაცმოძრაობა" პარტია კი არა, სექტაა!"
მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"

imageპოლიტიკური გაერთიანება «თეთრების» ლიდერი თემურ შაშიაშვილი «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას აცხადებს, რომ «ნაცმოძრაობა» პარტია კი არა, პოლიტიკური სექტა და ბანდაა. ამასთან, შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი ახალი პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დააყენებს, ქვეყანაში მოვლენები, შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს.
– ბატონო თემურ, ქვეყნის მომავალს მუქ ფერებში ხატავთ და ირწმუნებით, რომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?


– საერთოდ, არჩევნების შემდეგ ასეა: გამარჯვებული ანგარიშსწორებაზე და დამარცხებული კი, რევანშზე ფიქრობს. დღეს საქართველოში ეიფორიაა და რევანშის ჩანასახიც სახეზეა. მართალია, გადატრიალებაზე განცხადება გავაკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოხდება. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე გვმართებს, რადგან დღეს სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა, ჩასაფრებაშია, ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, დამანგრეველია. ვისაც ივანიშვილის პროგრამა კარგად აქვს გააზრებული, დამეთანხმება, რომ ეს დიდი ქართული პროგრამაა და არ მინახავს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი პროგრამით რომელიმე ხელისუფლება მოსულიყო, თუმცა, ჩასაფრებული «ოპოზიციის» პირობებში, რომელიც ჯერჯერობით მთელ რიგ სტრუქტურებს აკონტროლებს, შესრულება არ უწერია.

ამას რატომ ამბობთ?
– იმიტომ, რომ სააკაშვილი, რომელმაც «ფულისუფლების» ქვეყანა შექმნა და კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, ადამიანების მოსყიდვას აპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს! მართალია, ეს არ გამოუვა, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დარჩენილი ერთი წელი დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიციების მოზიდვისთვის დაკარგულია... სხვათა შორის, სააკაშვილი მხოლოდ ყოფილი მინისტრებისთვის, მათი მოადგილეებისთვის, პარლამენტარებისთვის, მოქმედი გუბერნატორების, მერებისა და გამგებლებისათვის დიპლომატიური პასპორტების ვადის გაგრძელებას არ დასჯერდა და, არჩევნების შემდეგ, ყველაზე უფუნქციო და უსაქმურ ადამიანებს ხელფასები გაუზარდა. ეს ადამიანი, ადვილად არ აპირებს წასვლას, რადგან უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და იცის, რომ პასუხი მოეთხოვება. ბოლო წლებია, საქართველო სახელმწიფო კი არა, ჰოლდინგია, რომლის პოლიტიკასაც ამერიკა, ეკონომიკას კი, რუსეთი განაგებს.

ბატონო თემურ, მართალია, გადატრიალებას არ გამორიცხავთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მთელ ძალოვან უწყებებს «ოცნება» აკონტროლებს...
– გადატრიალებას სულაც არ სჭირდება ჯარი და პოლიცია. სააკაშვილი ყველა გამოსვლაში ილაპარაკებს, რომ მასა და ივანიშვილს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა «ნაცმოძრაობამ» საკუთარი პროგრამა, არც მეტი, არც ნაკლები, კოალიციის პროგრამაზე ააგო და, უბრალოდ, ციფრები შეცვალა. მოკლედ, სააკაშვილი, თავის სექტასთან ერთად, ივანიშვილის მთავრობას დანაპირების შესრულებაში ყველანაირი ბერკეტით ხელს შეუშლის, ექვსი თვის მერე კი, იტყვის, აი, ხომ გავდექი გვერდზე, მაგრამ დანაპირები ვერ შეასრულაო. სააკაშვილის იდეოლოგები უკვე ცდილობენ, ახალი მთავრობის მიმართ ხალხი ნეგატიურად განაწყონ...

1997 წლიდან მოყოლებული, ხომ არ იცით, რამდენჯერ მითხრა სააკაშვილმა, ერთად ჩამოვაყალიბოთ პარტიაო, მაგრამ მაგას როგორ გავეკარებოდი? _ ვიცოდი, ვინც იყო, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ცოლთან სწავლობდა, «შატალოზე» რომ არ წავა და მერე, ბავშვების ადგილსამყოფელს დირექტორს ეტყვის, ასეთი ადამიანისგან რას უნდა ელოდე? ცნობისათვის: ყველა ბიჭი, ვინც მასთან სწავლობდა და ბავშვობაში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია, ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. სააკაშვილის პრეზიდენტობა კატასტროფაა და ახლა უყურადღებოდ რომ დავტოვოთ, უფრო საშიში გახდება!

სააკაშვილს «ოცნებისთვის» რომ ეთქვა, ვაღიარებ, ხალხმა მხარი თქვენ დაგიჭირათ, კარგი პროგრამა გაქვთ და თქვენს გვერდით მიგულეთო, მის გულწრფელობას დავიჯერებდი, მაგრამ «იმედისა» და «რუსთავი-2»-ის კიდევ უფრო დასაკუთრება დაიწყო. ამას დაემატა ტელეკომპანია «საქართველო», რომელიც ბოკერიას ცოლის განკარგულებაში იქნება. ბოკერიას ცოლს გვერდით უდგას ბენდუქიძე. ეს საშიში ხალხია... სააკაშვილმა, ასევე, უარი თქვა თავისი ფულის ხარჯვის კონტროლზე, ანუ გამოდის, რომ ფულის ხარჯვის მაკონტროლებელი ისევ სააკაშვილი უნდა იყოს.

რა უნდა მოიმოქმედოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა და მთავრობამ, რომ არასასიამოვნო შედეგები თავიდან ავიცილოთ?
– აუცილებელია პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. სააკაშვილი მთელ მსოფლიოს გასაგონად გაიძახის, ქვეყანა ავაყვავეო, მაგრამ ჩვენი მეცნიერები და სპეციალისტები საპირისპიროს აცხადებენ. ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გაანალიზონ, თუ ვინაა მართალი... ამასთან ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს. არ გასამართლდნენ კომუნისტური პარტია, «მოქალაქეთა კავშირი», «აღორძინება» და ხედავთ, სადამდეც მივედით. უდიდესი შეცდომა იქნება, რომ ის, რაც ამათ ჩაიდინეს, შევარჩინოთ. ეს ანგარიშსწორება არაა. სააკაშვილის იმპიჩმენტისთვის გაფლანგული და შეჭმული მილიარდებიც საკმარისია. «თეთრების» ანალიტიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტის ახირებულ პროექტებზე დახარჯული თანხები დათვალა და გაირკვა, რომ 12 მილიარდამდეა არამიზნობრივად დახარჯული. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა დღეში ჩააგდო ადამიანები _ ქვეყნიდან მილიონნახევარი ადამიანია გასული და რა გინდა პრეზიდენტად, თუკი ამდენი ადამიანი სარჩოსა და თავშესაფარს ეძებს?! ბიუჯეტის არამიზნობრივად დახარჯვა დანაშაული არაა? შეაფასონ საერთაშორისო ექსპერტებმა და განსაზღვრონ, საჭირო იყო თუ არა პარლამენტის ახალ შენობაზე 300 მილიონი დახარჯულიყო მაშინ, როცა ქვეყანაში ხალხი შიმშილით კვდება?! 200 მილიონი მიზნობრივად რომ დახარჯულიყო, მთელი ქუთაისი დასაქმდებოდა. ასი მილიონით კი, ნორმალური ხელისუფალი ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქად გადააქცევდა _ იქ ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაიტანდა.

მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ვერ ნახავთ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც 6-7 რეზიდენცია აქვს. მოვიდნენ უფულოები მმართველობაში და ნახეთ, რაც ქნეს _ მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა აჯდა ბიუჯეტს. მაგალითად, ლადო ვარძელაშვილმა ცოლი რომ შეირთო, შვებულებაში წავიდა და პრემია 3 500 ლარი მისცეს. რკინიგზის ხელმძღვანელი კი, თვეში 50 ათასს იღებს და ამას ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის დედა, მამა და ძმა ჩართულნი არიან უამრავ ბიზნესში. ცივილიზებულ ქვეყანაში ამას ვინმე აიტანს და არ მოსთხოვს პასუხს?

დიდი იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი შექმნის ნიჭის ძალაუფლების ქვეყანას.

– პრეზიდენტის იმპიჩმენტს და, მით უმეტეს, მის გასამართლებას მწვავედ არ შეხვდება საერთაშორისო საზოგადოება?
– საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მაკკეინი და ლიბერმანი არაა. მაკკეინს ხალხი ამერიკაშიც არ უსმენს. ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის დემოკრატია და ნუ გვასწავლიან, ვინაა შუქურა. მაკკეინის ქვეყანაში აპატიებდნენ ამდენ დანაშაულს და თავზეხელაღებულობას პრეზიდენტს? ამერიკაში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებიდან იმის გამო მოხსნეს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე სატელეფონო საუბრები განახორციელა. სააკაშვილი კი, ბოლშევიკი პროპაგანდისტივით დაჰქროდა, წანასაარჩევნოდ პრეზიდენტის სკამი, პრაქტიკულად, მიატოვა და სოფელ-სოფელ აგიტატორობა დაიწყო. ბიუჯეტიდან მილიონები დახარჯა და ამაზე უნდა ტეხდეს საქართველოს მოყვარული ადამიანი ერთ ამბავს.
სხვათა შორის, ამერიკა უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ არიან ყველაზე მდიდრები საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრები _ ოქრუაშვილი, ბარამიძე, კეზერაშვილი და სხვები? ყველაზე მეტი ფული ხომ ამ სფეროში ჩადო ამერიკამ და სწორედ მის ინტერესში უნდა შედიოდეს ექსპერტების გამოგზავნა საქართველოში და მოძიება, თუ სად მიდიოდა ამერიკის მიერ გადმორიცხული მილიონები. მაკკეინი და ლიბერმანი სააკაშვილზე ფიქრობენ და არა _ საქართველოზე. პირდაპირ ვამბობ, რომ აქ ფინანსური ინტერესებია. ერთ რამეს მოგიყვებით: 1993 წელს ამერიკაში ვიმყოფებოდი, გასაკვირია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ «ევრაზიის ფონდიდან» შემომთავაზეს თანამშრომლობა, ანუ მითხრეს, რომ მომცემდნენ იმდენ ფულს, რამდენიც მინდოდა, გავატარებდი მათ ინტერესებს საქართველოში, მაგრამ «ქეშად» 30% ითხოვეს. ასე რომ, ეს სენატორებიც არ ირჯებიან ტყუილად. სხვათა შორის, რუსეთიდანაც იყო პირდაპირ შემოთავაზება, რომ გამხდიდნენ ქვეყნის პირველ პირს, თუ წავიდოდი კომპრომისზე.

ეს როდისღა იყო?
– 1993 წელს. რუსებმა მითხრეს, რამდენიც გინდათ, იძახეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელია, ოღონდ საგარეო პოლიტიკა, სამხედრო ინტერესები და საბაჟო სისტემა ერთიანი გვექნებაო. ამაზე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რადგან ეს შემოთავაზება საბჭოთა კავშირის მმართველობას არ სჯობდა. მე სკამი კი არა, ქვეყანა მიყვარს. ამიტომ, არ შევასრულე ამ ქვეყნების ბრძანებები. სააკაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და «რესპუბლიკელების» გამარჯვებას ელოდება. ამერიკა კი, _ ივანიშვილის ნაბიჯებს. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებდეს ბოკერიასთან შეხვედრა, მაგრამ იძულებულია, შეხვდეს, რადგან მას სერიოზულად პატრონობენ ამერიკაში. სხვათა შორის, ბოკერია სწორედ ამერიკის ელჩის ვიზიტის შემდეგ მივიდა ბიზნეს-ცენტრში. ბოკერია ის ადამიანია, რომელსაც პირდაპირ დაადო ხელი სულხან მოლაშვილმა, რომ მონაწილეობდა მის წამებაში. თუ ლიბერმანს საქართველო უყვარს, მაშინ უნდა დაინტერესდეს მოლაშვილის ბრალდებით, მხარს არ უნდა უჭერდეს მწამებლებს, მაგრამ მას ბოკერია და სააკაშვილი უყვარს და არა _ საქართველო. ამერიკელების გარკვეული ჯგუფი ამერიკის მიმართ კეთილგანწყობას აკარგვინებს ქართველ ხალხს.

– ...ბატონო თემურ, რას ელით ბიძინა ივანიშვილისგან?
– ჩემთვის და, ალბათ, მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ბატონი ბიძინას მიმართვა მთავრობის ფორმირების შემდეგ. პროგრამიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდი მოლოდინია. ამიტომ, პირველივე გამოსვლაში ხაზი უნდა გაუსვას ტარიფების, საწვავის, წამლების გაიაფებას და ამით ხალხის კეთილგანწყობას შეინარჩუნებს. ივანიშვილისგან, ასევე, ველი ისეთ სამართლიანობას, როგორიც მაშინ იყო, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა... ეჭვი არ მეპარება, რომ თავისი გუნდის წევრების მიმართ მომთხოვნი და დაუნდობელი იქნება და არაა გამორიცხული, ზოგიერთი მინისტრი, თუ ვერ შეძლო საქმისთვის თავის გართმევა, მალევე გამოცვალოს. ვიცი, რომ ივანიშვილი მიზანდასახული, ჭკვიანი ადამიანია და სახუმარო საქმე ხომ არაა, ერთ წელში დაამარცხო ისეთი სასტიკი სისტემა, როგორიც სააკაშვილმა შექმნა? ყველაფერი ეს იმედს მაძლევს, რომ ბოლომდე მიიყვანს ბრძოლას, არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა და საქმე ჩემს პროგნოზამდე არ მივა, თუმცა ვალდებული ვიყავი, ამ საფრთხეზე ხმამაღლა მესაუბრა, რადგან მოდუნება დაუშვებელია

– დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პრაქტიკულად, ორი პარტია დარჩა. თქვენს ადგილს სად ხედავთ, ბატონო თემურ?
– «სახალხო კრება» აპირებს, საზოგადოებრივი პარლამენტის ფუნქცია შეასრულოს. გული ძალიან მწყდება, რომ ნინო ბურჯანაძე «სახალხო კრებასთანაა» გაიგივებული და ამის გამო ჩვენს მოღვაწეობას ბევრი სკეპტიკურად უყურებს!.. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და «ნაცმოძრაობას» თავის წამოწევის საშუალებას არ მივცემთ. ამასთან, ვიქნებით ივანიშვილის მხარდამჭერები პარლამენტს გარეთ, მაგრამ თუ გარკვეული ნაბიჯები მიუღებელი იქნება, ჩვენს აზრს კორექტულად გამოვთქვამთ. პარლამენტში განხილულ საკითხებს საზოგადოებრივ პარლამენტშიც განვიხილავთ. მოკლედ, ნამდვილად არ ვაპირებთ მოდუნებას. როცა პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებას დაასრულებს, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან, ალბათ, ღია შეხვედრას, გამართავს...

http://www.for.ge


http://www.tetrebi.org/

5
175
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
175
  
2012, 4 ნოემბერი, 22:57
უპატრონო ნაცისტებს ამერიკამ რა ჯანდაბა გაუკეთა ისეთი, რომ საქართველო შეაძულა და რობოტებივით მართავს. აი რატომ არ უნდათ სააკაშვილის დათმობა ამერიკას , რასაც უნდა იმას აკეთებინებს. ამას ხომ სამშობლო არ უყვარს.სატანები..
2012, 4 ნოემბერი, 22:53
ამათ ისე ფესვები გადგმული რომ თუ დროზე არ დაიწყეს ციხეების შევსება. უარესს უნდა ველოდოთ. უკვე ნიშნებიც არის
2012, 24 ოქტომბერი, 23:33
კიიი
2012, 24 ოქტომბერი, 11:10
მართალს ლაპარაკობს თემური
2012, 23 ოქტომბერი, 22:55
+++++++++++++
0 1 5