x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გიორგი შავგულიძის სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია
image

1959 წლის 13 აპრილს ქალაქ თბილისში ელვისებურად გავრცელდა თავზარდამცემი ამბავი, პლეხანოვზე ჟორა შავგულიძე ტროლეიბუსმა გაიტანაო, უმალ ხალხი მიესია თურმე, ხელში აიტაცა უსაყვარლესი მსახიობი და იქვე ცხარე ცრემლით დაიტირა... ტროლეიბუსის მძღოლი თავს იკლავდა, როდესაც გაიგო შავგულიძე მოვკალიო, ტროლეიბუსის სალონში სწორედ მისი სურათები ჰქონია გაკრული;ასე ტრაგიკულად დასრულდა შესანიშნავი მსახიობის, გიორგი შავგულიძის სიცოცხლე, იგი 48 წლის იყო.სულ სხვა არაფერი, რომ ეთამაშა, თეატრსა თუ კინოში, მარტო ერთი ნიკოს როლით დაიმკვიდრებდა სამუდამოდ თავს ქართული კინოს ისტორიაში "ქეთო და კოტედან", სადაც ვასო გოძიაშვილთან ერთად თამაშობს დუეტში.

image

მსახიობი წინასწარ რომ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს, ამაზე მისი მეუღლის, ლიზა ვაჩნაძის მოგონებაც მეტყველებს:



„ჟორას ძალიან უყვარდა ეკლესიაში შესვლა, ხშირად დადიოდა დიდუბის პანთეონში, საფლავებს ათვალიერებდა და ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. ნუკრი ჯერ კიდევ სამხატვრო ტექნიკუმის სტუდენტი იყო, როდესაც პლასტელინისგან სხვადასხვა ფიგურას ძერწავდა. ერთხელ, მუშაობის დროს ჟორამ შეაჩერა, მისი ნახელავი ხელისგულზე დაიდო და აღტაცებით წამოიძახა: ამას ხელი აღარ ახლო, შესანიშნავია ძეგლად, ჩემი ძეგლი ეს უნდა იყოსო. ნუკრიმ გაიცინა და შეხუმრებულმა უთხრა: მოიცა, მამა, სანამ ტექნიკუმსა და აკადემიას დავამთავრებ, რამდენი რამ მოგეწონება, მერე აირჩიე ძეგლიო. მაგრამ ჟორა არ მოეშვა – რა მასალა მოუხდება, რით უნდა გამიკეთოო. ჩვენ ვიცინოდით, ვხუმრობდით, ის კი სრული სერიოზულობით ირჩევდა მასალას. არჩევანი თაბაშირზე შეაჩერა. ესკიზს მოესიყვარულა, შეახვია და კარადის თავზე შეინახა."

image


1958 წელს დეკადაზე ვიყავით. იქიდან რომ დავბრუნდით, თითქოს კარგ გუნებაზე უნდა ვყოფილიყავით: ჟორამ მეორე შრომის ორდენი მიიღო, მე კი – რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება, მაგრამ ჟორა ძალიან მოუსვენრად გრძნობდა თავს, სულ რაღაც აწუხებდა. ერთ დილას მითხრა, შიშით ვეღარ დამიძინია, ისეთი სიზმრები მესიზმრებაო.


1959 წლის ორ აპრილს მოულოდნელად მოიკითხა, სად არის ჩემი ძეგლიო. არ დამიჯერა, რომ არავის გახსენებია. კარადის თავიდან ჩამომაღებინა და დიდხანს ატრიალა ხელში. კარგა ხანს ესიყვარულა იმ ესკიზს, რომლითაც შვილმა მალევე შეუსრულა სურვილი და ნაადრევად დაადგა ტრაგიკული, ჩაღვენთილი, მწუხარების გამომხატველი ფიგურა.


იმ საშინელ დღეს, ცამეტ აპრილს კი, კინოფილმ „განაჩენში“ ჰქონდა გადაღებები და კინოსტუდიაში წასასვლელად ემზადებოდა. რაღაცნაირად გაშტერებული საუზმობდა, მე შევუტიე: ცოტა ჩქარა, მეც მაგვიანდება რეპეტიციაზე-მეთქი. ამ შენიშვნაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ შემეკითხა: „რამდენი ხანი გავიდა, რაც ავად ვიყავი?“ (1952 წელს ორი თვე ფუძის მოტეხილობით იწვა საავადმყოფოში). უჰ, შვიდი წელი, ახლა გამოტირებული გვეყოლებოდი-მეთქი, – ვუპასუხე. საუზმე აღარ დაამთავრა, ადგა და ჩაცმა დაიწყო. მივხვდი, რომ უხეში პასუხი გამომივიდა და მოფერებით შევაქე: შენი ჯანის პატრონს რა მოკლავს-მეთქი.

მამა-შვილი წასასვლელად მოვამზადე და მეც ჩაცმა დავიწყე. დიდ სარკეს ვერ მივუახლოვდი, ისე იყვნენ ნუკრი და ჟორა ზედ აფარებულები. ორივე აქეთ-იქეთ გავწიე, სარკეში ჩამახედეთ-მეთქი. იმ დროს, ჟორა რომ შემოვაბრუნე, შევამჩნიე, პიჯაკის ქვეშ ის ცისფერი „გონდოლკა“ ეცვა, მოკლე სახელოიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვუყიდე. ეს რომ დავინახე, წყრომით ვუთხარი: რა დროს ეს გულმოღეღილი, საზაფხულო „გონდოლკაა“, პერანგი ჩაიცვი და ყელსაბამი გაიკეთე-მეთქი. მოიცა ერთი! აბა, კუბოში ხომ არ ჩამაცმევო, ვითომ იხუმრა. ასე წავიდა დილის ათ საათზე კინოსტუდიაში გადაღებაზე. როდესაც სახლში დავბრუნდი, დამირეკა: ექვსი საათისთვის კინოს ბილეთები შეეძინა და წასვლა შემომთავაზა (ფრანგული ფილმების დეკადა იყო). საღამოს მე ა. აღლაძის პიესაში („შავთვალა გოგონა“) ვთამაშობდი, ამიტომ ვუთხარი, თვითონ წასულიყო, თანაც სპექტაკლის შემდეგ თერთმეტსაათიან სეანსზე უკვე მქონდა ბილეთი – მე და მედეა ჯაფარიძე შევთანხმდით, რომ სურათის სანახავად ერთად წავიდოდით.


სპექტაკლში მე მხოლოდ პირველ მოქმედებაში ვიყავი დაკავებული, მედეა – მეორეში. ვთამაშობდი უარყოფითი გმირის (ერთ-ერთი თანამდებობის პირის) მეუღლეს, რომლის ერთადერთ ქალიშვილს სწავლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ მშენებლობაზე ერთ-ერთ რაიონში ანაწილებდნენ. ამ „საშინელი“ ამბით იყო გამოწვეული მისი ხმამაღალი, მოთქმით ტირილი: „რა უბედური ვყოფილვარ!“… ამ დროს პარტერში ყოველთვის სიცილ-ხარხარი იყო, ხოლო როდესაც სცენიდან მოთქმით გავდიოდი, ტაში კარგა ხანს არ წყდებოდა. იმ დღეს ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, მხოლოდ ბოლოში შეწყდა თანდათან სიცილი და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს პარტერი დაცარიელდაო. ძალიან შეწუხებული და თითქმის შერცხვენილიც გავედი სცენიდან. ვერ გამეგო, რა გავაფუჭე, რა შევცვალე, რომ მაყურებელი ასეთი დადუმებული დავტოვე…


ასე შეწუხებულმა გრიმი მოვიცილე და მედეას ველოდებოდი, როდის გათავისუფლდებოდა. საგრიმიოროში ვიჯექი და ამხანაგს ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებით წავიდოდი ფილმის საყურებლად, რადგან ჟორაც ნახავდა და ნუკრისაც ნანახი ჰქონდა ეს სურათი, მაგრამ მედეა ისეთი სახით შემოვიდა ოთახში, რომ სიტყვა პირზე შემაშრა. უკან ქალები მოჰყვებოდნენ. „ჟორაო“, წაიბურტყუნა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდათ, რომ მეტი აღარაფერი გამიგია. როგორ მოვწყდი ადგილიდან, არ ვიცი. ის კი მახსოვს, თეატრის წინ ვიღაცამ მანქანა გამიჩერა: „ვიცი, სადაც მიბრძანდებით, ქალბატონო“. თურმე ეს საზარელი ამბავი ჩემი სცენაზე ყოფნის დროს მომხდარა და მაყურებელმა სწრაფად შეიტყო, – ქალაქში ჩემი და ნუკრის გარდა უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა“.



იხსენებს ლეილა აბაშიძე :


„მეორე დღეს ისევ კინოსტუდიაში ვიყავი (იმ პერიოდში იღებდნენ ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“), უცებ დიდი წივილ-კივილი რომ ატყდა: ამბავი მოიტანეს, გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა პლეხანოვზეო… დღემდე საშინლად მოქმედებს ჩემზე ამ ყველაფრის გახსენება. როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა რაღაცას, თითქოს თავადვე იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული“,

image


დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, ქუჩაში რომ აღარ ეტეოდნენ, ხეებზე ადიოდნენ და იქიდან უყურებდნენ პროცესიას. განცალკევებით იდგა სპარტაკ ბაღაშვილი. აღელვებული ბოლთას სცემდა და თავისი გამორჩეული ხმით ბუბუნებდა: - დაგრჩათ, მაიმუნებო, თეატრი?! გიორგი შავგულიძეს ასაფლავებდნენ. კაცს, რომელიც ასე უყვარდა ხალხს... მაინც რა უიღბლო იყო გიორგი... იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტრამვაის ქვეშ რომ ჩავარდა და ასე ტრაგიკულად დაიღუპა, ცხოვრებამაც ბევრი სიმწარე არგუნა.



მარჯანიშვილის თეატრიდან რომ გამოასვენეს, ერთ ცნობილ მსახიობს სთხოვეს, სიტყვა თქვენ თქვითო. იუარა - ყბები მტკივა და ვერ ვიტყვიო. დიდუბის პანთეონში არ კრძალავდნენ, საზოგადოებრივ საქმეში არ მონაწილეობდა და პანთეონში რა უნდაო. ერთადერთს ქალაქკომის მდივანს გიორგი გეგეშიძეს უთქვამს: - არა გრცხვენიათ, ასეთი ხალასი ნიჭის ადამიანი თუ არა, აბა, ვინ უნდა იყოს პანთეონშიო... მედეა ჯაფარიძე რომ არა, არც დაკრძალავდნენ. მან შეაწუხა დეპუტატები, ქვეყანა შეძრა და, როგორც იქნა, თანხმობა ათქმევინა.


image

0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0