x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, უშველეთ რამე სანამ დროა…“ - სპარტაკ ბაღაშვილის სტალინთან შეხვედრის დეტალები
image

7 დეკემბერს დაიბადა ქართველი კინომსახიობი, გამორჩეული გარეგნობით და გამორჩეული ხმის ტემბრით, სპარტაკ ბაღაშვილი, რომელმაც დაგვამახსოვრა ისეთი როლებით თავი, როგორიცაა არსენა ოძელაშვილის გმირი ფილმში "არსენა"(1937წ.);ლუარსაბ მეფე („გიორგი სააკაძე“, 1942), ერთდროულად სამი როლი — მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა („აკაკის აკვანი“, 1963) და სხვა.


დღეს შემოგთავაზებთ ერთ ეპიზოდს მსახიობის ცხოვრებიდან, კერძოდ სტალინთან შეხვედრის დეტალებს:



"1946 წლის ოქტომბერში სტალინი სპარტაკ ბაღაშვილს, აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს, თავის სიყრმის მეგობრებთან ერთად, სოჭში თავის აგარაკზე პატიჟებს…



აკაკი ვასაძე თავის მემუარებში დეტალურად გაიხსენებს სტალინის მასპინძლობის ამბებს… პირველსავე ვახშამზე სტალინი შემწვარი ბატკნის აქნისას იტყვის: „ისე არავინ მომწონს ჩვენს კინოში, როგორც ეს კაცი და აი, კიდევ ესა“. იტყვის და ხელს ჯერ ხორავასკენ გაიშვერს, შედეგ სპარტაკ ბაღაშვილისკენ. ხორავა თვალზე ცრემლმომდგარი ძლივს იტყვის სამადლობლოდ ორიოდ სიტყვას…


სპარტაკმა, ცოტა პათეტიკურად, მაგრამ გულწრფელად და ლამაზად მიმართა: „ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი თქვენა ბრძანდებით, ჩვენ კი კენწეროები ვართ და იმიტომ ვყელყელაობთ და მაღლა-მაღლა ვჩანვართ“… (აკაკი ვასაძის მემუარებიდან). სტალინს ჩაეცინება – „აი, კიდევ ბატონოს მეძახის“… სტალინი მეორე დღესაც მიიწვევს სიყრმის მეგობრებს და მსახიობებს სტუმრად. (აკაკი ხორავა ვეღარ ესტუმრება _ იმ დილით წავა სესიაზე მოსკოვში, არ იცოდნენ, სტალინი თუ კვლავ მიიწვევდა). სტალინი სტუმრებს რიწის ტბაზე წაიყვანს. შემდეგ კვლავ აგარაკი, კვლავ სუფრა, კვლავ უშუალო გულითადი მასპინძლობა და სტალინის საყვარელი, სრულიად ახალგაზრდა – 32 წლის სპარტაკ ბაღაშვილი სტალინს შებედავს: „ნება მიბოძეთ „ოტელოდან“ რამდენიმე ნაწყვეტი წავიკითხო“.




აკაკი ვასაძის მოგონებიდან: „ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის კითხვას ვუსმენდი. ეს კითხვა არ იყო, ეს რაღაც საოცარი დემონსტრირება გახლდათ გულწრფელობისა და განცდის უშუალობისა… რომ დაასრულა კითხვა, ჩემდაუნებურად წამომცდა: „აფსუს, რომ ადრე არ შემხვედრიხარ სპარტაკ!“ ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე წამომცდა ეს სიტყვები, მაგრამ სტალინს, ალბათ, მაინც სხვანაირად ჩაესმა, რომ ასე ჰკითხა:


– ეგებ დრამაში არ გღებულობენ, ბიჭო? ხელს ხომ არავინ გიშლის?


-არა, ბატონო, მე თავად არ მიფიქრია დრამაში მისვლა, კინოშიც შემთხვევით ამიყვანეს და ვეღარ მოვცილდი, შემიყვარდა კინოცა და მსახიობობაც.


– რატომ არ გიფიქრია მერე? – დასძინა სტალინმა და აქეთ გადმოგვხედა, – ჩვენი ცნობილი ტრაგიკოსი მესხიშვილი მომაგონა ამ დალოცვილმა.


ეჰ, მართლა ადრე რომ შემხვედროდა სპარტაკი და ჩემს სტუდიაში მიმეყვანა, მერე თეატრში რომ ემუშავა, ეგებ ნაკლები დავიდარაბა შეხვედროდა შემოქმედებითს გზაზე. თუმცა, თეატრში მეტი თუ არა ნაკლები ინტრიგნები არ არიან და სპარტაკის სათუთ ნერვულ სისტემას, მის საოცარ მგრძნობელობას იქაც მოარღვევდნენ. კაცი კი არა, რკინა უნდა იყო, შემოქმედებითს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ათას დავიდარაბას რომ გაუძლო თეატრსა და კინოშიც“!


საუბარი მესხიშვილზე გაგრძელდება და… სტალინი იკითხავს: „არ შეიძლება, რომ სპარტაკმა თეატრში ოტელო ითამაშოს“?


image

სტალინი იკითხავს, მაგრამ ახალგაზრდა არტისტის წინ ისევ ქართული სცენის კოლოსია აზიდული – განთქმული ოტელო – აკაკი ხორავა… ვასაძეს გააციებს სტალინის წინადადებაზე, ისედაც დაძაბული აქვს ხორავასთან ურთიერთობა და… „ვაი, შენ ჩემო თავო, აკაკი მაინც აქ იყოს… ზუსტად ასევე რომ გადასცენ სტალინის ნათქვამი, მაინც რაღაცას მე მომაწერს და გამინაწყენდება. რა ვუპასუხო ახლა“? (ვასაძის მოგონებიდან). ღონეს მოიკრებს და სტალინს მოახსენებს – „რატომაც არ შეიძლება“ და… იქვე მოახსენებს, რომ თეატრს ამ როლზე გამორჩეული მსახიობი ჰყავს, რომ მისი ოტელო საქვეყნოდ არის აღიარებული… „ეგ ვიცი, ვიცი, აკაკი ხორავა. მაგრამ ის ხომ სულ სხვაა და ეს კიდე სულ სხვა იქნება. უსცენოდაც შეატყობს კაცი, რომ დიდად განსხვავდებიან. ამას თავისებურება ეტყობა და რატომ არ შეიძლება, თქვენებურად რომ გამოვთქვა, სპარტაკმა თავისი „ტრაქტოვკით“ ითამაშოს…“ – შეაწყვეტინებს სტალინი. – მართალს ბრძანებთ, ერთ თეატრშიც შეიძლება ერთი და იგივე როლის სხვადასხვაგვარი განხორციელება. მართლაც, კარგი პატრონის ხელში… წამიერად საკუთარ ფიქრებში წასულმა და სპარტაკის სასცენო შემოქმედებით შესაძლებლობებზე დაყურადებულმა უნებურად ჩავილაპარაკე ეს ბოლო სიტყვები. – მერედა შენ უპატრონე. – მოკლედ მომიჭრა. – მესმის, ამხანაგო სტალინ! სტალინმა თავისი „სათითე“ ასწია და სპარტაკი ადღეგრძელა, წინსვლა და შემოქმედებითი გამარჯვებები უსურვა.


სტალინის ყურადღება საყვარელი მსახიობის მიმართ სადღეგრძელოთი არ იწურება: „შენ, ჩემო კარგო, დასვენება გჭირდება, აბა მითხარი, რამდენი წელიწადია რაც არ დაგისვენია?“ ახალგაზრდა მსახიობი გამოტყდება, რომ სპეციალურად დასასვენებლად არასოდეს წასულა. „ჰოდა უნდა დაისვენო“ – არის სტალინის პასუხი, შეთავაზებს ამოირჩიოს ნებისმიერი აგარაკი და ვისთან ერთადაც სურს დაისვენოს, მაგრამ ვარსკვლავი ჯიუტობს: „დასვენება რას მიქვიან, მუშაობა მინდა, რაც შეიძლება მეტი მუშაობა“… ბელადს ეტყვის, რომ „აკაკის აკვანში“ უნდა ითამაშოს. „ბიჭო, „აკაკის აკვანი“ არსად გაგექცევა, ჯანმრთელობას კი სწორედ მუშაობისთვის უნდა გაუფრთხილდე. შენ ჯერ დაისვენე და მერე უკეთ დაარწევ იმ „აკვანს“. – ეტყვის სტალინი. მსახიობი ისევ ცივ უარზე დგას… მუშაობა უნდა…



ვასაძის მოგონებიდან: „სტალინი ერთხანს დუმდა, მიაჩერდა სპარტაკს; თან მოალერსე, თან რაღაც უცნაურად შთამნერგავი მზერით და უფრო დინჯად, თითქმის დამარცვლით წარმოთქვა: „გაიგე, რომ შენ „აკვანზე“ მეტი გაქვს გასაკეთებელი; რომ მაგ შენს ნიჭს გამოვლენის ძალა, გამძლეობა სჭირდება და ამისთვის უნდა დაისვენო“. ამას რომ ეუბნებოდა სტალინი და თვალებში მისჩერებოდა, სპარტაკმა თვალები დახარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „თუ თქვენ აგრე მიგაჩნიათ საჭიროდ, დავისვენებ“… მე მაშინ გამიკვირდა სპარტაკის ქცევა, მერე მასზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანს, მოიარებით მიმანიშნა, შიზოფრენია ემუქრებაო და გულწრფელად შევწუხდი, ამ ნიჭიერი, ჯერ ახალგაზრდა კაცის საშინელი ავადმყოფობის გამო…“


იმ ღამეს გამთენიისას აიშლება სუფრა. სტალინი თავის სიყრმის მეგობრებს, აკაკი ვასაძეს და სპარტაკ ბაღაშვილს ეტყვის: „თქვენ ჩემთან უნდა დაგტოვოთ და დაგაძინოთ, ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს და ეს ერთი ღამეც ახლობლურად ერთ ჭერქვეშ მოვისვენოთ“. უარს ვინ შებედავდა სტალინს… მაგრამ შებედა… სპარტაკ ბაღაშვილმა… „კადნიერებად ნუ ჩამითვლით, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს თხოვნას, ბატონო იოსებ, თქვენს გვერდით, ერთ ჭერქვეშ სუნთქვაც კი მიჭირს და გამიშვით, წავალ, თორემ ვგრძნობ მთელი ღამე ვერ მოვისვენებ, ძილი არ მომეკარება“. იტყვის და რამდენჯერმე მოიბოდიშებს თავაზიანად. სტალინი არ დააძალებს დარჩენას, გაუშვებს, მეორე დილით მოიკითხავს სპარტაკ ბაღაშვილს. „შეუძლოდ არის, ვეღარ გეახლათ“ – მოახსენებს კანდიდ ჩარკვიანი. „ეს ბიჭი, როგორც ჩანს, სერიოზულადაა ავად, უშველეთ რამე სანამ დროა…“ – იტყვის სტალინი…


მთავარ ფოტოზე:კადრები ფილმებიდან "არსენა"(1937), "გიორგი სააკაძე"(1942) და "თეთრი ქარავანი"(1963)

0
585
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0